Accessibility links

პროკურატურა: იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა


მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით. მას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. გამოძიება არ აკონკრეტებს, თუ ვინ იყო დეკანოზის განზრახვის სამიზნე, თუმცა 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ რამდენჯერმე განმარტა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის, ჩატანას აპირებდა გერმანიაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი მკურნალობს და სადაც მასთან ერთად იმყოფება არაერთი სასულიერო პირი. ილია მეორეს 13 თებერვალს ბერლინში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. თეოლოგები საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლაზე ლაპარაკობენ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი მთავარმა პროკურატურამ სამი დღის დაგვიანებით გაახმაურა. როგორც 13 თებერვალს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ბრალდებული სამართალდამცველებმა 2017 წლის 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული მომწამვლელი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“. ირაკლი შოთაძის განმარტებით, გამოძიებას აქვს რამდენიმე ვერსია და, ამავე დროს, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მზადდებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა და იდენტიფიცირებულია სავარაუდო მსხვერპლიც. პროკურატურა არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ დანაშაულის სამიზნე, შესაძლოა, თავად კათოლიკოს-პატრიარქი იყო, თუმცა საგანგებო პრესკონფერენციაზე არაერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სწორედ იქ აპირებდა ჩასვლას, სადაც ილია მეორე მკურნალობდა:

„როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე. როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც, ამავდროულად, იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა“.

ილია მეორე
ილია მეორე

აწ უკვე დაკავებულ დეკანოზს სამართალდამცველები 2 თებერვლიდან ადევნებდნენ თვალყურს, ანუ მას შემდეგ, რაც პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდა იმ მოქალაქემ, რომელსაც გიორგი მამალაძე ციანიდის მოპოვებაში სთხოვდა დახმარებას. ირაკლი შოთაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა „კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა“.

ვიდრე ინფორმაციას პროკურატურა გაახმაურებდა, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი ჟურნალისტებთან ბერლინში დაადასტურა სახელმწიფო დაცვის პრეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ. მისი თქმით, პატრიარქის დაცვის გაძლიერების საჭიროება არ არსებობდა, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, მან მაინც გადაწყვიტა, რომ გერმანიაში უსაფრთხოების მდგომარეობა პირადად შეემოწმებინა:

„მე გერმანიაში ჩამოსვლას მაინც ვგეგმავდი პრემიერის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩემი ჩამოსვლა შემთხვევითი არ იყო და გადავწყვიტე, აქაც მოვსულიყავი და ჩემი თვალით მენახა მდგომარეობა“.

დიდი ხნის განმავლობაში ვიცით, რომ იბრძვის საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ძმისშვილი გახლავთ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თავად პატრიარქიც ნათესაობით ხაზით უჭერს მხარს თავის მემკვიდრეს...
ბექა მინდიაშვილი

როგორც ანზორ ჩუბინიძის, ასევე ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, გამოძიებასთან ითანამშრომლა პატრიარქის დაცვის უფროსმა, მისმა სიძემიოსებ ოხანაშვილმა და მასთან ამ ეტაპზე არანაირი შეკითხვა არ არსებობს.

ინფორმაციამ გიორგი მამალაძის მიერ, სავარაუდოდ, პატრიარქის მოწამვლის მცდელობასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია სასულიერო პირებს შორის. მაგალითად, თუკი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, რომელიც ბერლინში ახლავს პატრიარქს, ამ ამბავს ყოვლად დაუჯერებლად მიიჩნევს, დამკვეთების გამოვლენას ითხოვს თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი. „სიმართლე ითქვას, ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია, ვინ დაავალა მამალაძეს. გეყოთ მკვლელები ეკლესიაში“, - წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

მიმდინარეობს ბრძოლა საპარტიარქოს მემკვიდრეობისთვის, პატრიარქის ტახტისთვის და სწორედ ეს განაპირობებს მწვავე დაპირისპირებას დაინტერესებულ ჯგუფებს შორის, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, რომლისთვისაც დაუჯერებლად გამოიყურება პროკურატურის მიერ 13 თებერვალს გახმაურებული დანაშაულის ვერსია. მისი განმარტებით, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაში ერთ მხარეს არის სახელმწიფო, ხოლო მეორე მხარეს არიან დიმიტრი შიოლაშვილის მომხრეები:

„დიდი ხნის განმავლობაში ვიცით, რომ იბრძვის საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ძმისშვილი გახლავთ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თავად პატრიარქიც ნათესაობით ხაზით უჭერს მხარს თავის მემკვიდრეს. ამავდროულად, ითვლება, რომ დიმიტრი არის მფარველი ყველაზე რეაქციონერული ძალისა ეკლესიაში, როგორიც არის „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“, და ამ ძალას იყენებს საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად... დეკანოზი გიორგი მამალაძე მიიჩნევა, რომ არის მიტროპოლიტ დიმიტრის წრიდან“.

ბექა მინდიაშვილის ინფორმაციით, ასევე მიტროპოლიტ დიმიტრის წრეში მოიაზრება პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი, მისი სიძე, საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამსახურის უფროსი, იოსებ ოხანაშვილი. ის ილია მეორის ძმისშვილის, მიტროპოლიტ დიმიტრის ქალიშვილის მეუღლეა და მას ბოლო პერიოდში ღიად დაუპირისპირდა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი).

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერ ასახელებს პატრიარქის ტახტისთვის გამიზნულ სახელისუფლებო კანდიდატს, თუმცა ის ამბობს, რომ კანდიდატი აუცილებლად მორჩილი უნდა იყოს. ამასთან, რადიო თავისუფლებასთან ის ლაპარაკობს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციაზე, რომლის მიხედვითაც, - საუკუნეების მანძილზე, მცირედი გამონაკლისის გარდა, - პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაში ძირითადად ამა თუ იმ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები იმარჯვებდნენ.

რაც შეეხება კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ილია მეორეს 13 თებერვალს ბერლინის კლინიკაში ჩაუტარდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით და, ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაციამ ძალიან წარმატებით ჩაიარა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG