Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე პარლამენტი კენჭს უყრის თამარ ალფაიძის კანდიდატურასაც


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატი, თამარ ალფაიძე საკომიტეტო მოსმენაზე. 2022 წლის 11 თებერვალი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატი, თამარ ალფაიძე საკომიტეტო მოსმენაზე. 2022 წლის 11 თებერვალი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატ თამარ ალფაიძის თქმით, ის „ასე მტკივნეულად“ არ უყურებს ხმაურიან პროცესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ორი ახალი უწყების - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნასთან დაკავშირებით.

თუმცა, ასევე მისთვის „რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რაც მოხდა, ოღონდ კონკრეტულად პერსონიფიცირებული ინსპექტორის წინაშე“.

11 თებერვალს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც ნდობას არ უცხადებენ შერჩევის პროცესს, ალფაიძეს არაერთი შეკითხვა დაუსვეს სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მიერ ამ ფაქტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.

„მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა იმის იმედი უფრო მაქვს, რომ ინსტიტუციურ საკითხს უფრო დავალაგებთ მომავალში და გაზაფხულდება პირველი მარტიდან... მე იმედი მაქვს, რომ გაზაფხულდება პირველი მარტიდან მთელ საქართველოში, აღარ იქნება სიძულვილის ენა, იქნება ბევრი სიყვარული... ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ საქართველო ვართ და უნდა ვაჩვენოთ მთელ ევროპას თუ როგორ შეგვიძლია, თუნდაც GDPR-თან [General Data Protection Regulation - მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულირება ევროკავშირისთვის] დაკავშირებით ისეთი გამოწვევები შევასრულოთ, რომ ჩვენ ვიყოთ მაგალითები მათთვის“, - ამბობს თამარ ალფაიძე.

11 თებერვალს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ შერჩეულ ორ კანდიდატს - ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს უსმენდნენ.

ორივე კანდიდატმა განაცხადა, რომ თავიდანვე გაუმართლებლად მიიჩნევდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოქცევას სახელმწიფო ინსპექტორის დაქვემდებარებაში და შესაბამისად, 2021 წლის მიწურულს "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ დაჩქარებული წესით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მათთვის შეკითხვებს არ იწვევს.

„არ მინდა, რომ პოლიტიკურ პროცესად რამე აღქმადობა დაინახოთ ჩემგან. მე ამ პროცესს ვუყურებ აბსოლუტურად სხვა თვალიდან. ეს არის ინსტიტუციური პროცესი ჩემთვის და არა პერსონიფიცირებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ მოხდა ალბათ იმიტომ, რომ საჭირო გახდა ინსტიტუციურად ამ ორი რგოლის ერთმანეთისგან განცალკევება. ასევე იყო თავიდანვე მოაზრებული, მაგრამ მე თვითონ ვსვამ კითხვას - რატომ შეერთდა თავის დროზე?!“, - ასეთია თამარ ალფაიძის პოზიცია.

კანდიდატმა სხდომაზე გამოხატა გარკვეული უკმაყოფილება მედიის მუშაობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ „მედიას აქვს მანიპულაციის ფუნქცია“.

„თქვენთან ერთად, უბრალოდ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ჟურნალისტებს, რომ უფრო გაძლიერდნენ, უფრო კარგად გააცნობიერონ ის, რასაც აკეთებენ და წინასწარ გაითვალისწინონ, რა შედეგები რა შედეგებს მოჰყვება“, - თქვა თამარ ალფაიძემ. გამოსვლის დასაწყისში მან აღნიშნა ისიც, რომ გარკვეულ ეტაპზე ის ჟურნალისტური საქმიანობითაც იყო დაკავებული.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არაერთხელ დასვეს დამაზუსტებელი შეკითხვები იმ მიზეზით, რომ კანდიდატებმა მათ თავდაპირველ შეკითხვებს პასუხები ნაწილობრივ, ანდა საერთოდ არ გასცეს.

საბოლოოდ, კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის შვიდმა დეპუტატმა - ლელა ჯანაშვილს, ხოლო ორმა დეპუტატმა თამარ ალფაიძეს დაუჭირა მხარი.

კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად სწორედ პარლამენტის სხდომაზე გადაწყდება, თუ ვინ დაიკავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევად, ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევანი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან გააკეთა.

საკონკურსო კომისია პრემიერის ბრძანებით იანვარში შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარე იყო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ილია დარჩიაშვილი.

2021 წლის 30 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, 1 მარტიდან გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სანაცვლოდ იქმნება ორი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

პროცესს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა.

თამარ ალფაიძის ბიოგრაფიული მონაცემები:

სამართლის დოქტორმა, პროფესორმა თამარ ალფაიძემ დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ასპირანტურა კონსტიტუციური სამართლის სპეციალობით. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები”. 2008 წელს გამოსცა სახელმძღვანელო “მედია სამართალი”, ხოლო 2009 წელს - “შესავალი სამართალმცოდნეობაში”. 2013 წელს გაიარა The Universite Catholique de Louvain დისტანციური სასწავლო კურსი “ადამიანის საერთაშორისო უფლებები”, ხოლო 2014 წელს - Harvard University-ის იურისპრუდენციის სპეციალური კურსი. 2001 წლიდან ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას და ლექციებს კითხულობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2019 წლის შუალედურ არჩევნებში თამარ ალფაიძე მთაწმინდის ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. 2021 წლის ზაფხულში კი, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში იღებდა მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG