Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტიცია პანკისიდან - მოსახლეობამ საკრებულოს ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა


ჯოყოლო
ჯოყოლო

ახლახან პანკისის ხეობის ქისტურ და ქართულ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა „პანკისის სათემო ორგანიზაცია“ დააფუძნეს.

ხეობაში შემავალი 15 სოფლის მოსახლეობის სახელით, ორგანიზაციამ პეტიცია მოამზადა მოთხოვნით, დაინიშნოს მუნიციპალური „იაფი ტრანსპორტი“, რომელიც სოფლებს რაიონულ ცენტრთან დააკავშირებს.

მოსახლეობას ტრანსპორტის არარსებობის გამო უჭირს სხვადასხვა სერვისების მიღება. ახმეტაში ჩასვლაც პრობლემაა - იქ, სადაც თავმოყრილია თთქმის ყველა საჭირო უწყება...
რამაზ გიორგიშვილი

პეტიციას 358 ამომრჩევლის ხელმოწერა აქვს და ის ახმეტის საკრებულოს უკვე გაეგზავნა. პანკისის სათემო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რამზან გორგიშვილი, გვაცნობს მიზეზებს, რის გამოც წარმომადგენლობით ორგანოს პეტიციით მიმართეს. გორგიშვილის თქმით, მართალია, ხეობაში მგზავრთა გადაყვანა კერძო ე.წ „მარშრუტკებით“ ხდება, მაგრამ განრიგი მოუხერხებელი და ცვალებადია. მისივე თქმით, თუკი მგზავრთა საკმარისი რაოდენობა არ მოგროვდება, შესაძლოა, კონკრეტული მარშრუტი საერთოდ გაუქმდეს.

პანკისის სათემო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დუისისგან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებით უჭირს ადგილობრივი სერვისებით სარგებლობა, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა. შეზღუდული აქვთ ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი სამედიცინო სერვისებზე, საყოფაცხოვრებო მომსახურებასა და პროფესიულ განათლებაზე.

„მოსახლეობას ტრანსპორტის არარსებობის გამო უჭირს სხვადასხვა სერვისების მიღება. ახმეტაში ჩასვლაც პრობლემაა - იქ, სადაც თავმოყრილია თთქმის ყველა საჭირო უწყება. ტრანსპორტის არარსებობის გამო გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემურია საღამოს, როდესაც საერთოდ არაფერი აღარ მოძრაობს. დღესდღეობით მხოლოდ სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ, თუმცა მათი განრიგი ცვალებადია: ვერ გაიგებ, როდის გამოდის, ან როდის იქნება კონკრეტულ სოფელში. უცნობია, საერთოდ, სად უნდა დახვდე მიკროავტობუსს. ეს დიდი პრობლემაა“.

პანკისის სათემო ორგანიზაციის ინფორმაციით, რომელიც, თავის მხრივ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის 2019 წლის კვლევას უფუძნება, მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ მუნიციპალური ტრანსპორტის არქონა დაასახელა. პანკისის ხეობაში 7 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. სათემო ორგანიზაციის მოკვლევით, ხეობის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას იღებს. სწორედ ამიტომ, პეტიციის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუკი მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება, ის უნდა იყოს იაფი, რათა სარგებლობა ყველამ შეძლოს.

„პეტიციაში მგზავრობის ღირებულებაზეც წერია. არსებული პრობლემებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, იგივე სოციალურად დაუცველთა დიდი რადენობის გამო, კარგი იქნება, თუ ფასის რეგულირებაც მოხდება. მაგალითად, პანკისიდან ახმეტამდე სამარშრუტო ტაქსი თუ დღეს ღირს 2 ლარი, კარგი იქნება, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის შემთხვევაში ეღირება 1 ლარი. ეს ადგილობრივებისთვის დიდი შეღავათი იქნება“.

პანდემიის გამო აქამდე ტრანსპორტის პრობლემა იყო, მაგრამ ორშაბათს, 8 რიცხვში, შიდა ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს.
ვანო ნასყიდაშვილი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თამარ ყეინიშვილი, ამბობს, რომ მოქალაქეების აქტიურობა და ამ შემთხვევაში პანკისის ხეობის მოსახლეობის მოთხოვნა მნიშვნელოვანია. მისი განცხადებით, პეტიცია ბიუროს სხდომაზე უკვე განიხილეს და რადგან საკითხი აღმასრულებელი ორგანოს მოსაგვარებელია, დოკუმენტი მერიას გადაუგზავნეს.

გაითვალისწინებს თუ არა ახმეტის მერია პანკისის ხეობაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს? მერის მოადგილე, ვანო ნასყიდაშვილი, ამბობს, რომ უახლოეს მომავალში პეტიციის ავტორებსა და ხელმომწერთა ნაწილს შეხვდება და საკითხზე მსჯელობა დაიწყება, თუმცა ნასყიდაშვილი წინასწარ ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ხოებაში გადაადგილების პრობლემა არ დგას:

„პანდემიის გამო აქამდე ტრანსპორტის პრობლემა იყო, მაგრამ ორშაბათს, 8 რიცხვში, შიდა ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს. მინდა აღვნიშნო: პანკისის ხეობაში ტრანსპორტი რომ მოძრაობს, ისე დანარჩენ სოფლებში არ მოძრაობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევხვდეთ პეტიციის მომზადების ინიციატორებს და ხელმომწერებს. ასევე მოვიწვევ იმ მძღოლებს, რომლებიც პანკისში შიდა რეისებს ასრულებენ“.

პანკისის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და მოსახლეობის შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება, სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, გაითვალისწინებს თუ არა მერია მოსახლეობის მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დრომდე არ მუშაობს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG