Accessibility links

site logo site logo

პრაიდი იწყება - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 ივლისს


ვინ იცავს და ვინ ეწინააღმდეგება ღირსების მარშს

დღეს, 1 ივლისს თბილისში პრაიდის კვირეული იხსნება. ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები ამბობენ, რომ კვირეულს ხელს შეუშლიან. მათი მთავარი სამიზნე 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშია, რომლის დროსაც ჰომოფობიური ჯგუფები კონტრაქციასა და კარვების გაშლას აანონსებენ. როგორ აპირებს პოლიცია წესრიგის დაცვას, ამის შესახებ ამ დრომდე არაფერი ვიცით.

მდგომარეობა რომ მარტივი არ არის, ამაზე საერთაშორისო პარტნიორების მოხშირებული განცხადებებიც მითითებს. „დაიცავით შეკრების თავისუფლების უფლება თბილისში 2021 წლის პრაიდის კვირეულზე", - ასე ჰქვია განცხადებას, რომელსაც ავრცელებენ გაერო და დიპლომატიური მისიები. მას გაეროს გარდა ხელს აწერენ ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

„მხარს ვუჭერთ რა ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებებს დაცვას, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ “მიზანშეწონილად არ მიიჩნევს” ღირსების მარშის ჩატარებას “სრული კონტექსტის გათვალისწინებით.” მკაფიოდ ლგბტქ პირების მხარდაჭერას ერიდება ოპოზიციის ნაწილიც: ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ პრაიდი “ზიზღის ტალღის აგორების” გარდა არაფერს ემსახურება, მამუკა ხაზარაძე კი უსაფრთხოების საფრთხეს ხედავს გამოხატვის უფლების რეალიზებაში.

პოლიტიკოსების ნაწილი ოპოზიციიდან ფიქრობს, რომ ღირსების მარშის უსაფრთხოებისთვის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ღია მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება.

უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის ფონზე კი პრაიდის მონაწილეები სახელმწიფოსგან ითხოვენ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიებას და რაც ყველაზე მთავარია საკუთარი მოქალაქეების დაცვას მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

რას უნდა ველოდეთ მომდევნო 5 დღის განმავლობაში თბილისში და ვინ დაიცავს ღირსების მარშზე ქვიარ ადამიანების უსაფრთხოებას? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ცესკოს პრესსპიკერი: თამარ ჟვანია გადადგომის გადაწყვეტილების მისაღებად საკანონმდებლო ცვლილებებს ელოდებოდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს უკავშირებს. კერძოდ, საგანგებო ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა თქვა, რომ ერთი კვირის წინ თამარ ჟვანიამ განაცხადა, დაელოდებოდა ახალი კანონის ძალაში შესვლას და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას:

„ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ის იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში, სწორედ ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არის აქ ადგილზე, ელოდება ახალ საკანონმდებლო სიახლეებს. ზუსტად გუშინ შევიდა განახლებული საარჩევნო კოდექსი ძალაში. სწორედ აქედან გამომდინარე, კომპოზიციურად არჩევის წესი იცვლება. 2/3 სჭირდება ახალ თავმჯდომარეს იმისათვის, რომ ის იქნას არჩეული. ჩვენ ველოდებით ახალ თავმჯდომარეს და ასევე შემომატებულ კომისიის წევრებს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა. მისი თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე შეასრულებს.

თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. მისი თქმით, ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს და მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელებს, ცესკოს თავმჯდომარე კი 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ იქნება.

როგორ უნდა იქნეს არჩეული ცესკოს ახალი თავმჯდომარე? წაიკითხე ვრცლად აქ.

ომბუდსმენი უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში

სახალხო დამცველი მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებული იქნა სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით და გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის მიერ სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო სახალხო დამცველის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და არასამთავრობო სექტორის ყველაზე პრინციპული მოსაზრებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას შეეხებოდა. მისი თქმით, 2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სწორედ ხარვეზიანი კანონმდებლობის საფუძველზე აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე, რომელთა ნაწილი, სახალხო დამცველის შეფასებებით, ვერ აკმაყოფილებდა კომპეტენციის მინიმალურ ზღვარსაც კი.

ომბუდსმენს პროცესისგან განდგომა გუშინ ხელისუფლებამ გააკრიტიკა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „გამაოგნებელი ფაქტი“ უწოდა სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას.

"ყველა ასეთი განმცხადებელი პირის პროფესიულ საქმიანობაზე აისახება ნეგატიურად. ვწუხვარ, რომ ქალბატონი ნინო, რომელიც ვალდებულია, ჩემი აზრით, უფლებამოსილი კი არ არის, ვალდებულია ჩაერთოს პროცესში, [უარს ამბობს]..." - თქვა ოხანაშვილმა.

წაიკითხე მეტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

პირველ ივლისს იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით ყველა საგამოცდო ცენტრში. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. წელს გამოცდისთვის რეგისტრაცია 38 ათასზე მეტმა სკოლადამთავრებულმა გაიარა.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაციაა დაცული და ისინი აბიტურიენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაში არიან.

წელს კორონავირუსით ინფიცირების მიზეზით არცერთი გამოსაცდელი პირი, აბიტურიენტი, სტუდენტი, მაგისტრანტობის მაძიებელი თუ მასწავლებელი არ დარჩება გამოცდების მიღმა. კერძოდ, მისი თქმით, მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით ჩაუტარებს გამოცდას შესაბამის საგანში.

საგამოცდო ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინო სივრცეებს იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კოვიდ-19.

ივლისი გამოცდებით დატვირთული თვე იქნება სამინისტროსთვის. 14 ივლისიდან დაიწყება მასწავლებლების გამოცდა. 27-30 ივლისს კი საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩატარდება.

წაიკითხე მეტი.

შსს-მ გამოძიება დაიწყო „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე

„TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ „ფეისბუკზე" დაწერა, რომ ტელეარხის გადამღებ ჯგუფს წალკაში თავს დაესხნენ.

„სრული განუკითხაობა ქვეყანაში - თავდასხმა მოხდა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, რომელიც წალკაში ქუჩაში გამოსული ხალხის პრობლემების გასაშუქებლად ჩავიდა. გამგებელი და მისი ბიძინა, რომელიც არაფორმალური მმართველია, ფიზიკურად გაუსწორდა ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორს, დააზიანეს სამაუწყებლო აპარატურა", - აცხადებს ნოდარ მელაძე.

„TV პირველის" გადამღები ჯგუფის საკითხზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მისი ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

რადიო თავისუფლება ელაპარაკა სოფელ წინწყაროში წალკის მერის წარმომადგენელს გიორგი აფრასიძეს, რომელიც ნოდარ მელაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. „მე არავისზე არ მიძალადია, ხელი არ ამიწევია, მიკროფონი არ წამირთმევია. რაზეც მკითხეს, ყველაფერზე პასუხი გავეცი", - თქვა აფრასიძემ.

საპირისპიროს ასახავს „TV პირველის" მიერ გადაღებული კადრები, მასში ჩანს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.

წაიკითხე და ნახე მეტი.

პუტინი „პირდაპირ ხაზზე“ გავიდა

კორონავირუსის პანდემიის, მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხების გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 30 ივნისს თავის ყოველწლიურ სატელევიზიო პროგრამა „პირდაპირ ხაზში“ დიდი ადგილი დაუთმო უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული სამხედრო გემის ამასწინანდელ ინციდენტს, რომელსაც რუსეთის ლიდერმა „ამერიკულ-ბრიტანული პროვოკაცია“ უწოდა.

მოსკოვი იტყობინებოდა, რომ მისმა სამხედრო გემმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა, ხოლო სამხედრო თვითმფრინავმა ბომბები ჩამოყარა ბრიტანეთის სამხედრო ხომალდ HMS Defender-ის გზაზე, რათა მას კურსი შეეცვალა ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის მახლობლად.

მრავალსაათიან პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსეთის ყველა სახელმწიფო ტელე- და რადიოკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რუსეთის ლიდერმა, ტრადიციულად, ვრცლად ილაპარაკა უკრაინაზე. ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მიმართ „არამეგობრულად“ განწყობილი უწოდა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საკუთარი ქვეყანა „საერთაშორისო „იატაკქვეშა მმართველობას“ დაუქვემდებარა.

უკრაინაში ეს განცხადება შეაფასეს როგორც გაღმა შედავების მცდელობა იმ ქვეყნის ლიდერისგან, რომელსაც ანექსირებული აქვს მეზობელი სუვერენული ქვეყნის ტერიტორია და დაუფარავად ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი უპირობო გავლენის აღდგენას.

რატომ ახსენა პუტინმა მესამე მსოფლიო ომი და რას ამბობს ის უკრაინასთან ურთიერთობებზე? ეს და სხვა აქცენტები „პირდაპირი ხაზიდან“ წაიკითხე კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

ოკუპირებული მემკვიდრეობა - რა მოსდის ძეგლებს ომის შემდეგ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს საკულტო დანიშნულების 151 ნაგებობა დგას. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში - ასეთი დაახლოებით, 556 ტაძარია.

ომების შემდეგ, დადგენილი პირობითი საზღვრების მიღმა დარჩენილი ტაძრების (მათ შორის მრავალი ძეგლის სტატუსს ატარებს) დიდი ნაწილი ან უკვე დაინგრა, ან ახლა ინგრევა და სავალალო მდგომარეობაშია, ან რუსული ყაიდის ტაძრების სტილშია გადაღებილ- „რესტავრირებული“.

ამ ტაძრების ძველი და ახალი ფოტოები (მათ შორის ნაწილი პირველად გამოქვეყნდა) ერთ წიგნად გაერთიანდა, რომლის სათაურია „ოკუპირებული მემკვიდრეობა“. ალბომზე მუშაობა და ძეგლებზე ინფორმაციის მოძიება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო და როგორც სააგენტოს დირექტორი, ზაზა ვაშაყმაძე შენიშნავს, ასე ეცადნენ საქართველოს ოკუპაცია და ანექსიის შედეგები ამ კუთხითაც ეჩვენებინათ.

ალბომში პირველად დაიბეჭდა ოკუპაციის შემდგომი პერიოდის ფოტომასალა, სადაც მრავალი საკულტო ნაგებობის დღევანდელი მდგომარეობაა ასახული. მათ გვერდითაა საარქივო ფოტოებიც, რაც შედარების საშუალებას იძლევა.

რა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა დარჩა საოკუპაციო ხაზს მიღმა და როგორ გამოიყურება ისინი? წაიკითხე და ნახე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ტურიზმის სფეროს სრული გახსნა პანდემიის დროს მთლიანად დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებელზე, რომელიც მთელ მსოფლიოში განუწყვეტლივ იცვლება. ხელისუფლება ამბობს, რომ დღესდღეობით საქართველოში ტურისტული ნაკადები გამუდმებით იზრდება. რის ხარჯზე ხდება ეს? ვეკითხებით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, მედეა ჯანიაშვილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG