Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარესი, უკეთესი თუ გადამწყვეტი? - პროგნოზები 2026 წლისთვის


გადამწყვეტი წელი? - რას ამბობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ახალი წლის მოლოდინებზე
გადამწყვეტი წელი? - რას ამბობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ახალი წლის მოლოდინებზე

რადიო თავისუფლებამ 2026 წლის პროგნოზები შეაგროვა - თითქმის ყველა რესპონდენტი თანხმდება, რომ ეს გადამწყვეტი წელი იქნება.

საშინაო პოლიტიკა

გიგა ზედანია
გიგა ზედანია

გიგა ზედანია, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი: 2026 წელი იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, შესაძლოა საბოლოო წელიც, იმის გასაგებად, ჩამოყალიბდება ავტორიტარიზმი საქართველოში თუ საზოგადოება მოახერხებს თავისუფალი სივრცეების დაცვას. ამის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება, განადგურდება უნივერსიტეტები თუ არა.

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი, პოლიტოლოგი: 2026 წელი საქართველოსთვის ძალიან რთული იქნება. „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ, რომ ლეგალური ავტორიტარიზმი დაამყარონ.

იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ თავისით ჩამოიშლება, არასწორია. შესაძლოა კლანური დაპირისპირების შედეგად, გამარჯვებული ფრთა უფრო გაძლიერდეს კიდეც.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოა და ცვლილებები უნდა, მაგრამ ამის მაკოორდინირებელი ძალები ძალიან დასუსტებულია. ქუჩის პროტესტი სუსტდება, რადგან „ქართულ ოცნებას“ მისი შეზღუდვის ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს. მოსახლეობა, ალბათ, მაინც არ შეეგუება ამას და დაპირისპირდება გაგრძელდება, ამიტომ წინ ძალიან რთული პერიოდი გველის.

რუსთაველის პროტესტი

ზვიად კვარაცხელია
ზვიად კვარაცხელია

ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი, რუსთაველის პროტესტის მონაწილე: დარწმუნებული ვარ, მას მეტი და მეტი ადამიანი შეემატება.ეს პროტესტი უკვე გამოიცადა დროში. მას ასულდგმულებს უსამართლობა და თვითრწმენა, რომ გამარჯვების გზაზე ვდგავართ, ასევე იმის გააზრებაც, რომ ეს ყველაფერი ადვილი არ არის. ამ პროტესტში არანაკლები არის პროცესი, ვიდრე ხილული შედეგი. პროცესი ბევრ რამეს განსაზღვრავს, იდეებისადმი ერთგულებას, სოლიდარობის განცდას... ოლიგარქიული რეჟიმი ხალხის გაღატაკებას და ემიგრაციის განდევნას ცდილობს. ამიტომ, ვფიქრობ, პროტესტში სოციალურ-ეროვნული თემები გაძლიერდება. ვისურვებდი, რუსთაველის პროტესტის მონაწილეები მხოლოდ მოპასუხეები კი არ ვიყოთ ამ რეპრესიული კანონების, დღის წესრიგსაც ვქმნიდეთ. ვფიქრობ, ეს 2026 წელს შეიცვლება.

ადამიანის უფლებები

ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი: ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ანადგურებს. რუსული სცენარით მოქმედებენ და ამიტომ ადვილია იმის პროგნოზირება, 2026 წელს რა მოხდება. ის პროექტები, რომლებიც ორგანიზაციებს ჰქონდათ „ფარას“ და კიდევ რამდენიმე რუსული კანონის მიღებამდე, დასრულდება. ახალ პროექტებს ვეღარ დაიწყებენ. იძულებული გახდებიან სხვა სამსახურები იპოვონ და პარალელურად ენთუზიაზმზე გააგრძელონ მუშაობა უფლებადამცველად.

ადამიანის უფლებები ბევრად გაუარესდება. შემზღუდავი კანონები კიდევ უფრო დამძიმდება. ყველა ხვრელი ამოივსება, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა. აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოები გაგრძელდება და პოლიტპატიმრების რაოდენობაც გაიზრდება.

მაგრამ სამოქალაქო აქტივისტები ბრძოლას მაინც გააგრძელებენ.

მედია

ნათია კუპრაშვილი
ნათია კუპრაშვილი

ნათია კუპრაშვილი, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი: აღმოჩნდა, რომ ეს სექტორი რთულად ნებდება, რაც იმედის მომცემია. არც ერთი მედიასაშუალება არ დარეგისტრირდა ე.წ. აგენტების რეესტრში. 2025 წელს რაღაც მატერიალური წყაროები არსებობდა, ენთუზიაზმიც.

ჩემი აზრით, 2026 წელს ეს ინერცია ვეღარ შენარჩუნდება. ბევრი ჟურნალისტი უკვე ველზე გასვლასაც ვერ ახერხებს, რომ იმუშაოს. ეს სიტუაცია მედიაორგანიზაციებს აიძულებს ახალი, ინოვაციური გზები იპოვონ. ამ ტენდენციას უკვე ვხედავ. მგონია, 2026 წელი პატარ-პატარა სასწაულების წელი იქნება, როდესაც მედიაორგანიზაციები მოძებნიან ახალ, ლეგალურ ფორმატებს, ხერხებს, რომ მუშაობა გააგრძელონ.

ოკუპირებული ტერიტორიები

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი: ის, რაც ახლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ხდება, უკვე ოკუპაციაც არაა, არამედ ანექსია რუსეთის მხრიდან. ამაში თბილისი რუსეთს არც ხელს უშლის და არც ეხმარება. ახლა რუსეთის კურატორი აფხაზეთში სერგეი კირიენკო წელიწადში 6-7-ჯერ ჩადის აფხაზეთში. უნდათ, რომ აფხაზეთი რუსმა ოლიგარქებმა აითვისონ. მათ ფული აქვთ, რომელსაც ვერ აბანდებენ. ევროპა მათთვის ჩაკეტილია.

ჩემი აზრით, 2026 წელი სანქცირებული ტვირთების „გაფორმების“ წელი იქნება. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ინტენსიურად წავა ტვირთები თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. აფხაზეთში უფრო არის ამის ნიშნები. სოხუმში აეროპორტი გაიხსნა. გალში დიდი ტერმინალი ამუშავდება მალე, ოჩამჩირის პორტიც იქვეა. შევა ტვირთი, დაფასოვდება, როგორც რუსული პროდუქტი და გააგრძელებს გზას რუსეთისკენ. დიდი ფული იტრიალებს, უკანონო ფული, რომელიც არა ბიუჯეტში, არამედ ჯიბეში წავა.

არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ტერიტორიების დაბრუნების თემას წამოწევს. არაფერში სჭირდება. პირიქით, რუსეთს ახლა სურს, აფხაზები როგორმე გააბრუოს, მოადუნოს. თუ იმაზე ლაპარაკი დაიწყო, რომ აფხაზეთს რამე ფორმით საქართველოს შემადგენლობაში აბრუნებენ, მაშინვე ახმაურდებიან.

საგარეო პოლიტიკა

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი, პოლიტოლოგი: ევროკავშირმა გააცნობიერა, რომ მას სჭირდება ავტონომიური შესაძლებლობების გაძლიერება, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური. სჭირდება, ევროპის კონტინენტზე თავისი გავლენა გაზარდოს. ამ ფონზე, უკრაინის ბედი შესაძლოა ისე გადაწყდეს, რომ დემოკრატიული ძალები მნიშვნელოვნად გამარჯვებულები გამოვიდნენ. ამ შემთხვევაში შესაძლოა უკვე „ქართული ოცნების“ ბანაკშიც გაიზარდოს დაძაბულობა, ზეწოლა მათზე და ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები, სხვაგვარად ყველა მიმართულებით ხელ-ფეხი ექნებათ შეკრული და ვერც საერთაშორისო, დიდ პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას.

თუ ტრამპმა შიდა ზეწოლის გამო პოლიტიკა შეცვალა - ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს აშშ-ის შუალედური არჩევნები - შესაძლოა მცირედით რაღაც შეიცვალოს, მანამდე კი საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა მაინც ევროპაზე უნდა დაამყარონ იმედი.

განათლება

სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია

სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი: „ქართული ოცნება“ შეეცდება 2026 წელს იმ ინსტრუმენტებით, რომელთაც თავად რეფორმას უწოდებს, სახელმწიფო უნივერსიტეტები გააკონტროლოს. შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე კერძო უნივერსიტეტების დამორჩილებაზე იზრუნებს. სკოლაში პოპულისტური რეფორმების გატარება უნდა: ფორმები, ტელეფონების აკრძალვა. 2026 წელს ეს ყველაფერი ბევრ უკმაყოფილებას გამოიწვევს პროფესორებში, მოსწავლეებში, სტუდენტებში. ქაოსი იქნება. საზოგადოებრივი ჯგუფები ხვდებიან, რასთან გვაქვს საქმე და ვფიქრობ, თებერვლიდან მობილიზებას დაიწყებენ, რომ უნივერსიტეტების შენონები არ გაიყიდოს და სკოლა თერთმეტწლიან სწავლებაზე არ გადავიდეს.

კულტურა

დეა მეტრეველი
დეა მეტრეველი

დეა მეტრეველი, ქართული ლიტერატურული ინიციატივას დამფუძნებელი: ძალიან ბევრ კულტურის ძეგლს კიდევ უფრო მეტად შეექმნება საფრთხე. სახელოვნებო სფეროში ყველა პროექტი, სადაც სახელმწიფო მონაწილეობდა, ხარისხს დაკარგავს.

მაინც იმედი მაქვს იმ გამომცემლების, მწერლების, კინოსა და თეატრის წარმომადგენლების, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებენ რეჟიმის მხარდაჭერის გარეშე იმუშაონ. ვფიქრობ, 2026 წელს ამ კუთხით ისევ იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები, მაგრამ მაინც ფრაგმენტულად.

ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი, რუსთაველის პროტესტის მონაწილე:

კულტურა არის პროტესტში. უამრავი ორგანიზაცია, რომელიც უწყვეტ პროტესტს მხარს უჭერს. ისინი ოლიგარქიულ რეჟიმს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც. ამიტომ, ამ მხრივაც, 2026 წელი გამოცდა იქნება.

მე, როგორც გამომცემელი, ვგრძნობ მკითხველის მხარდაჭერას და სოლიდარობას. მკითხველი აფასებს ჩვენს პოზიციას, ბრძოლას. ქართული კულტურა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა კოლონიალურ პოლიტიკას და არც ახლა ვაპირებთ მოთვინიერებას. ვფიქრობთ, ახალი გზები გამოვნახოთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი მკითხველის და ჩვენი მაყურებლის.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG