რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ენათმეცნიერი მარინე ბერიძე 2025 წელს სიტყვებით აჯამებს.
რადიო თავისუფლება: 2025 წლის საქართველოს აღწერა რომ მოვინდომოთ იმ სიტყვებით და ფრაზებით, რაც მთელი წლის განმავლობაში გვესმოდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან, პროტესტის მონაწილეების მხრიდან თუ უბრალოდ, გარშემო, ხალხში, რას გამოარჩევდით, რა გახსენდებათ?
მარინე ბერიძე: 2025 წლის რიტორიკა, იქიდან თუ აქედან, ფაქტობრივად, დიალოგი იყო - მოკლე ფრაზებით, სლოგანებით, სიტყვებით და ცნებებით. 2025 წელი იყო გადაწყვეტილება ერთი სიტყვით: “ბოლომდე”. თუმცა ამ წელს, ცხადია, წინა წლების რიტორიკა უსწრებდა წინ და ეს იყო სიტყვებით ომი - “აბა, ომი გინდათი” დაწყებული - დიქტატორული რეჟიმებისთვის პროპაგანდისტული ენა უცხო არ არის და ამას მეცნიერები სპეციალურად სწავლობენ ხოლმე. სიტყვები, ასეთ დროს, მნიშვნელობებს იცვლიან ხოლმე, განდევნიან სხვა სიტყვებს, რომლებიც ამ მნიშვნელობებისთვის არსებობდა. ჩვენთანაც ასე მოხდა.
რადიო თავისუფლება: მაგალითად?
მარინე ბერიძე: აი, მაგალითად, საინტერესოა, ჯერ კიდევ საბჭოთა პროპაგანდის დროს, როგორ დამკვიდრდა ყველა სფეროში სიტყვა “ბრძოლა” - ეს სიტყვა ყოველთვის ნიშნავდა მართლა ბრძოლას, საომარი მოქმედების დროს თუ სპორტული შეჯიბრებისას. მაგრამ თანდათან, ეს სიტყვა გაჩნდა სწავლასთან, შრომასთან, სისუფთავის დამყარებასთან მიმართებით და ამ სიტყვამ წაშალა და გარიყა ყველა სხვა სიტყვა, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა ჩამოთვლილ კონტექსტებში. მაგალითად, ისეთი სიტყვები, როგორიც იყო სწრაფვა, სურვილი, ლტოლვა... ასე ხდება ასეთ რეჟიმებში - სიტყვებით ომი და ადამიანის ტვინების სიტყვებით დაპყრობა.
ლექსიკონი რომ წარმოიდგინოთ, იქ ერთ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ სწორედ იმ ერთის საგანგებოდ ამორჩევით, გააქტიურებით და წინ გადმოტანით იცვლება მათი მნიშვნელობები - ძალიან დიდი დრო დასჭირდება ქართულ ენას, რომ სიტყვებს - “ოცნებას” და “იმედს” საკუთარი, ძველი მნიშვნელობა დაუბრუნოს.
რადიო თავისუფლება: თქვენი დაკვირვებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ რა სიტყვებს შეუცვალა მნიშვნელობა, ან რომელ სიტყვებს იყენებდა ხშირად და მიზანმიმართულად მისთვის სასურველი მნიშვნელობით?
მარინე ბერიძე: ერთია, რომ ხელისუფლება იყენებს ამა თუ იმ სიტყვას, მაგრამ ზოგჯერ, მთავარი, სიტყვის გამოყენება კი არ არის, მთავარი ის კონტექსტია, რომლითაც მას იყენებს. მაგალითად, უცხო ქვეყნის აგენტების კანონზე როცა მიდიოდა საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობა და თავად ამ სიტყვის “უცხოს” დატვირთვაზე ვლაპარაკობდი, თუ გახსოვთ, პარლამენტის იურისტებმა ასეთი არგუმენტი წამომიყენეს მაშინ - “უცხო სუნელიც” ხომ არსებობსო… რას უწუნებთო.
განმარტებით ლექსიკონში რომ ჩაიხედოთ, “უცხოს” პირველი მნიშვნელობაა - უცნობი, ის, ვისაც არ იცნობენ. მეორე მნიშვნელობით, ეს ადგილია, სადაც არ ყოფილან, რაც არ გაუცნიათ, ხოლო მესამე მნიშვნელობა არის - გარეშე, ზედმეტი, მიუღებელი, უცხო ელემენტი, უცხო იდეოლოგია… ამიტომ, რაც არ უნდა ეცადო, რომ გააკეთილშობილო ეს სიტყვა - “უცხო”, თან მაშინ, როცა ამბობ “უცხო ქვეყნის აგენტს”, გასაგებია, რომ გულისხმობ რაღაც უარყოფითს.
მე და ჩემი კოლეგები, ლინგვისტები, მაშინაც ვცდილობდით ამოგვეკითხა კანონში ჩაწერილ ამ სიტყვაში რაიმე ნეიტრალური მნიშვნელობა, თუმცა ამის გაკეთება შეუძლებელი იყო…
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, როგორ მკვიდრდება, თუ სულაც, როგორ იქმნება ასეთი სიტყვები, როგორ შემოდის ისინი რიტორიკაში? ეს პროპაგანდის ენაა?
მარინე ბერიძე: თავიდან მეგონა, რომ ეს სტიქიური მოვლენა იყო. საკმაოდ დიდი ხანია ვაკვირდები ჯერ ხელისუფლების პირით გავრცელებულ და შემდეგ უკვე სოციალურ ქსელში, ტროლურ ქსელებში უსწრაფესად ასახულ ამ შინაარსს, რომელსაც უცვლელად იმეორებენ… ვფიქრობდი, რომ ეს სიტყვები თუ ფრაზები გუნდში, ჯგუფში მოფიქრებული იყო, მაგრამ ამის დაგეგმვა დღეს უკვე თანამედროვე ენობრივი ტექნოლოგიებით არის შესაძლებელი.
ეს ფრაზებიც, “აბა, ომი გინდათ” და სხვებიც, დიდი ტექსტური მონაცემების ანალიზით არის გამოვლენილი და გამოყენებულიც მათ მიერ. და ამ ტექნოლოგიას შეიძლება დავარქვათ სიტყვების მიტაცების პოლიტიკა, რადგან მაგალითად, სიტყვა “მშვიდობაც”, რომელიც შეუძლებელია იმ ფასეულობების გათვალისწინების გარეშე, რასაც ახლა პროტესტი ითხოვს (დემოკრატია, ევროპული ორიენტაცია, კონსტიტუციის დაცვა და ასე შემდეგ), ეს არის ყველაფერი მიმართული იმისთვის, რომ პირველ რიგში, სწორედ მშვიდობა იყოს მოპოვებული.
“მშვიდობაც”, “სუვერენიტეტიც”, “სტაბილურობაც”, რომელსაც იყენებს ხშირად “ქართული ოცნების” ხელისუფლება, ჩემი პრიორიტეტიცაა. დამოუკიდებლობა ჩემი პრიორიტეტია, საზღვრების აღდგენა და საზღვრების დაცვა ჩემი პრიორიტეტია. ისევე როგორც განათლების სისტემის ადეკვატურად განვითარება. მაგრამ დღეს ყველა ამ სიტყვას გვართმევენ.
რადიო თავისუფლება: თქვენი დაკვირვებით, როგორ ვრცელდება ხოლმე ეს სიტყვები, რომლებსაც შემდეგ პროპაგანდის გავლენს ქვეშ მყოფი ადამიანებიც სიტყვა-სიტყვით იმეორებენ?
მარინე ბერიძე: როგორც წესი, რომელიღაც ხელისუფალი “გააჟღერებს” (როგორც ახლა ამბობენ) ხოლმე და მერე ეს “ჟღარუნი” იმ წუთში აისახება იმ ადამიანების გვერდებზე, ვინც ამ ე.წ. მესიჯბოქსებს იღებენ. რამდენიმე წუთში ჩნდება ხოლმე იმ ადამიანებთან ეს სიტყვები.
რადიო თავისუფლება: რაც უფრო ხშირად ესმით ეს სიტყვები, მით უფრო მეტად მოქმედებს ადამიანებზე?
მარინე ბერიძე: რასაკვირველია. სიტყვას ძალიან სერიოზული ძალა აქვს, მაგრამ მისი სიყალბეც და უადგილობაც ადვილი ამოსაცნობია. თუმცა, როგორც წესი, რეჟიმები არ დაგიდევენ იმას, რომ შენ ხვდები სიყალბეს. პირიქით, ზოგიერთი რეჟიმი, და ეს რეჟიმიც ზუსტად ასეთია, არ მალავს, რომ ცრუობს, პირდაპირ თვალებში გიყურებს და გეუბნება, შენ იცი, რომ მე ვცრუობ, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, რომ შენ ეს იცი. ეს პოლიტიკური ზეწოლაც არის და ლინგვისტურიც.
რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ რაიმე ასეთი ფრაზა გაიხსენოთ?
მარინე ბერიძე: ეს ეხება ხოლმე არა მხოლოდ ერთ ცალკეულ სიტყვას ან გამოთქმას, არამედ ფრაზას, რომელიც გარკვეულ იდეას შემოიყოლებს. მაგალითად, სრულიად მისაღები და დადებითია ფრაზა, რომ “ყველამ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს”. მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ადამიანი, ვინც შემჩნეულია ხელისუფლების მესიჯბოქსების გამეორებაში, უცებ დაწერს ხოლმე, “იცით რა, მთავარია, ყველამ თავისი საქმე აკეთოსო” და ამ ფრაზას მერე მოსდევს გულწრფელობის ძალიან დიდი შლეიფი.
მართლაც, ვინ შეიძლება თქვას, რომ არ არის დიდი ბედნიერება, როცა ადამიანს შეუძლია თავისი საქმე აკეთოს? ამის შემდეგ, სადღაც, უცებ ჩნდება ე.წ. ქარდი, რომელზეც ილია ჭავჭავაძის სრულიად გაუგონარი და უცნობი, ვერავინ რომ ვერ იხსენებს ისეთი ციტატით, რაღაც ასეთი შინაარსით: “მოეშვით სამშობლოზე წუწუნს და თუ სამშობლო გიყვართ, ყველამ თავისი საქმე აკეთეთ”…
და როცა ამ ქარდის გამზიარებელს დაეჭვებული ვეკითხები, სად წერს ამას ილია, ის მპასუხობს, რომ რა მნიშვნელობა აქვს, განა ცუდი სიტყვებიაო? მერე ტრიალებს ეს სიტყვები, ათასჯერ ზიარდება, არადა, სინამდვილეში “ფეიკია”, ყალბია, ვიღაცის მიერ არის შექმნილი.
“ქართული ოცნების” მთავრობისგან ხშირად მოსმენილი სიტყვები/ფრაზები: “გლობალური ომის პარტია”, “დიპსტეიტი”, „ეროვნული ინტერესები“, “ლგბტ პროპაგანდა”, „სახელმწიფო სტაბილურობა“, "აკაცუკები", „რადიკალური ჯგუფები“, „დესტაბილიზაციის მცდელობა“, „უცხოური ჩარევა“, "უსამშობლო", „სუვერენიტეტი“, "კოლექტიური ნაცმოძრაობა".
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ის სიტყვები, რასაც “ქართული ოცნება” ძალიან ხშირად იყენებს ოპონენტების მიმართ, როგორ ახასიათებს თავად სისტემას?
მარინე ბერიძე: ჯერ ერთი, ის ვინც ამ სიტყვებს ქმნის, ზუსტად იცის, რომ ეს არის იარაღი. ქარხანა რომ წარმოიდგინოთ, სადაც ავტომატებს და ტანკებს ამზადებენ, იქ ხომ ზუსტად იციან, რისთვის არის ეს იარაღი, რომ მან უნდა მოკლას, დაანგრიოს. ზუსტად ასეა სიტყვების შემთხვევაშიც - ასეთი სიტყვების წარმოება არის ჩვეულებრივი საბრძოლო მასალების წარმოება.
რადიო თავისუფლება: მაგალითად “დიპსტეიტიც” ასეთი სიტყვაა?
მარინე ბერიძე: რაც შეეხება ე.წ. “დიპსტეიტს” (რომელიც თავისთავად უნიკალურია იმიტომ, რომ ამ სიტყვას არა აქვს შესაბამისი ცნება) და მსგავს სიტყვებს, მათი შექმნა იმაზე მიუთითებს, რომ ისეთი უცოდინარი, ისეთი დაბალი დონის, უკვე დამონებული ან ნაყიდი ჰგონიხარ, რომ ფიქრობს, შენ ამაზე არ გექნება არანაირი რეაქცია… ისინი საგანგებოდ ქმნიან ამ იარაღს თავისივე ხალხის წინააღმდეგ. არცერთი ეს სიტყვა არ შეიცავს ელემენტარულ პატივისცემას და აქ, პროტესტში მყოფ ადამიანებს არ ვგულისხმობ, არამედ მთლიანად ხალხს, რომლისგანაც მოითხოვენ ამ ცრუ სიტყვების გამეორებას და დაჯერებას.
რადიო თავისუფლება: ანუ, ეს არის სწორედ ის რეალობა, როცა სიტყვამ, შეიძლება დაკარგოს ლექსიკონში თავისი მნიშვნელობა პოლიტიკური კონტექსტის გამო და ნეიტრალურიდან იდეოლოგიურად დატვირთულად იქცეს?
მარინე ბერიძე: დიახ, ან სულაც სხვა დატვირთა მიიღოს. ან ახალი სიტყვა შექმნან… შეიძლება სრულიად ნეიტრალური სიტყვა სალანძღავ სიტყვად აქციონ, როგორც, მაგალითად, სიტყვა “აიქიუ” (IQ), რომელსაც ირაკლი კობახიძე ახსენებდა ხოლმე. კიდევ, ხშირად იმეორებენ ფრაზებს გამოგონებული სიტყვებით, მაგალითად, “მამაკაცების გათხოვება”… თუმცა საინტერესოა, რომ ერთია სიტყვის გამოგონება ან მისთვის მნიშვნელობის შეცვლა და მეორეა ამ სიტყვის საერთოდ არხსენება - მაგალითად, “რუსეთი”, “ოკუპაცია”… ამასწინათ გამოვიდა ერთი პარლამენტარი, რომელიც თავად ჰყავდათ რუსებს დატყვევებული, რომლის მშობლიური კუთხეა დღეს მიტაცებული რუსეთის მიერ და თქვა ფრაზა: “ჩორჩანას საგუშაგოს გამო რამდენი ახალგაზრდა გოგო დაიღუპა “ჩრდილოეთთან” ბრძოლაშიო” - "რუსეთი" ჩაანაცვლა სიტყვა "ჩრდილოეთით", რომ არ ახსენებინა. ეს მაგალითი ქრესტომათიებში შევა, როგორ გაურბის ხელისუფლება მისთვის უსიამოვნო, რუსეთთან დაკავშირებული ნებისმიერი სიტყვის გამოყენებას.
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, ენა ისევე სწრაფად იცვლება როგორც პოლიტიკური რეალობა?
მარინე ბერიძე: ენას ასე ადვილად ვერ შეცვლით. ენის ცვლილება არ არის მასში რამდენიმე სიტყვის ცვლილება, დამატება ან გამოკლება. თუმცა, საბედნიეროდ, ენა ადვილადაც ივიწყებს რაღაცებს და სიტყვებიც, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, ლინგვისტურ კარიკატურებად დარჩება.
პროტესტში გაჩენილი სიტყვები, რომლებიც ხშირად ისმოდა დემონსტრანტებისგან, ეწერა მათ პლაკატებზე: „რუსული კანონი“ „თავისუფლება“, „ევროპული მომავალი“. „რეპრესიები“, „ოლიგარქიული მმართველობა“, “ბოლომდე”, “აჯანყდი”, “სინდისის პატიმრები”, “აგენტების კანონი”, “უსამართლო სასამართლო”, „არალეგიტიმური“.
რადიო თავისუფლება: მეორე მხრივ, პროტესტშიც გაჩნდა სიტყვები, რაც დაუპირისპირდა პროპაგანდის ენას. თქვენი აზრით, რა განასხვავებს ხელისუფლების და პროტესტის ენას ლექსიკური თვალსაზრისით ერთმანეთისგან?
მარინე ბერიძე: გახსოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარში რომ მოდიოდა ხოლმე, მაშინ შეიქმნა არაერთი სლოგანი და ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, იმიტომ, რომ ენა არის ადამიანების ურთიერთობის საშუალება, ერთგვარი სიტყვიერიც პაექრობაც და ცხადია, რომ ამ პროცესში იბადება საპასუხო რეაქციებიც. მე არ მახსენდება რაიმე გამოგონებული სიტყვა, რაც ქუჩის პროტესტის მხარეს გაჩნდა. თან, ეს პროტესტი იყო აბსოლუტურად თვითორგანიზებული და ეს ტექსტებიც, რაც იქმნებოდა, იყო ასეთივე - იქ გაჩენილი. ეს სიტყვები იცვლებოდა იმის მიხედვით, ხელისუფლება როგორ იქცეოდა, რაღაც ემატებოდა, რაღაც სიტყვები, რაღაც დროის შემდეგ საერთოდ გაქრა (მაგალითად, “ხიხო” ან “ოლე-ოლა”), რაღაც - პირიქით ემატებოდა და ხშირად ეს იყო პასუხები.
მე მგონია, რომ ოპოზიციაშიც მეტი ერთობა რომ ყოფილიყო, ძალიან ბევრი ეფექტური სიტყვა და სლოგანი, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა, შეიძლება არ დაგვეთმო. “სუვერენიტეტი” როგორ უნდა დაგვეთმო ან “მშვიდობა”? თუმცა, ამ სიტყვიერი ბრძოლის მოედანზე, მგონი, მაინც დავთმეთ რაღაც სიტყვები.
თუმცა ეს ყველა, რაც ჩამოვთვალეთ, ერთი ენაა. ჩვენ ამ ენის შესაძლებლობებს ვცდით ახლა, როგორც ჩვენი პოლემიკის საშუალებებს. ეს ენა თვითონ გადაწყვეტს, ისევე როგორც ეს ქვეყანა, რა გზით ივლის და დარწმუნებული ვარ, ენა გაიწმინდება ისე, როგორც მტკვარი იწმინდება ხოლმე ზამთრის პირზე.