Accessibility links

პუტინისადმი ნდობა ახალ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე, 32%-მდე დაეცა. ამაზე მეტყველებს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა 20 თებერვალს ფედერალური კრების წინაშე პუტინის გამოსვლის შემდეგ. კრემლი გეგმავდა რეიტინგის ვარდნის შეჩერებას პუტინის პოზიტიური მიმართვით დეპუტატებისადმი, წერდა ადრე გაზეთი „ვედომოსტი“.

თებერვალში პუტინისადმი ნდობის რეიტინგის დაცემის ფონზე გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ფედერალური კრებისადმი მიმართვის ჩატარება სურდათ მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტეს მისი გადატანა. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს „რეიტინგების ვარდნის შეჩერების სურვილთან“.

ტელეარხი „დოჟდი“ პრეზიდენტის გამოსვლის წინ იტყობინებოდა, რომ კრემლში ცდილობდნენ პოზიტიური თემები გამოენახათ პუტინის მიმართვისთვის. ეს ხდებოდა ხელისუფლების დაბალი რეიტინგების ფონზე, იუწყებოდა „დოჟდი“. „ხალხი დაიღალა რაკეტებისგან“, მოჰყავს ტელეარხს ერთ-ერთი წყაროს ციტატა.

  • იანვარში რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა უკვე დააფიქსირა პრეზიდენტ პუტინისადმი ნდობის რეიტინგის ისტორიული ვარდნა: მაშინ ის 32,8%-მდე დაეცა. სხვა სააგენტოს, ფონდ „ობშესტვენნოე მნენიეს“ მიერ იანვარში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ უკანასკნელი თვის განმავლობაში ხელისუფლების მოქმედებები რუსეთის მოსახლეობის 54%-ში იწვევდა „უკმაყოფილებასა და აღშფოთებას“.
  • ეს ხდება დღგ-ს გაზრდის, საპენსიო ასაკის გაზრდისა და მოსახელობის რეალური შემოსავლების კლების ფონზე. ივლისში პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ავსტრიის ტელეარხ ORF-ს, რომელშიც განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება ხალხი დადებითი დღის წესრიგით, რომლებმაც საქმეში ერკვევიან „და არა მხოლოდ აღნიშნავენ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ საკმარისად მოგვეპოვება“.
  • 20 თებერვალს ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვა ყველაზე ნაკლებად პოპულარული იყო უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. მის მაყურებელთა რიცხვი 2013 წლის დონეზე იყო. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება Mediascope-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG