ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა რუსეთმა გაავრცელა (მათ შორის გაეროს ტრიბუნიდანაც) სრულმასშტაბიანი ომის საწყის ეტაპზე. სოციალური ქსლების რუსულ, უკრაინულ და ინგლისურენოვან სეგმენტებში უკიდურესად გაიზარდა "ფეიკების" რაოდენობა „დაინფიცირებული ფრინველების“, „დაინფიცირებული კოღოებისა“ და „საბრძოლო მტრედების“ შესახებ.
2014 წლის შემდეგ ამგვარი დეზინფორმაციული ნაკადი კიდევ უფრო გაძლიერდა. მსგავსი სიუჟეტები უკრაინული მედიის იმ ნაწილშიც კი ჩნდებოდა, რომელზეც გარკვეული გავლენა ჰქონდა პრორუს ოლიგარქს, ვიქტორ მედვედჩუკს. ამ სიუჟეტების მიმოხილვასა და გავრცელებული თეზისების უარყოფას ახდენდა რესურსი StopFake.
უკრაინაში ამ თემაზე ბევრს ხუმრობდნენ, თუმცა, როგორც თანამედროვე ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა, კრემლის ერთ-ერთი დამკვიდრებული პრაქტიკაა სხვების დადანაშაულება იმაში, რასაც თავად რუსეთი აკეთებს.
2025 წლის ბოლოს რუსულმა კომპანია Neiry Group-მა, რომელიც ნეიროტექნოლოგიებისა და ნეიროპროდუქტების განვითარებისა და გამოყენების სფეროში ლიდერია რუსეთში და ერთობლივი პროექტებით დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქალიშვილთან, კატერინა ტიხონოვასთან, განაცხადა, რომ მტრედების ტვინში ნერგავს ჩიპებს, რათა ცოცხალი ფრინველები დისტანციურად მართვად ბიოდრონებად აქციოს.
ციტატები მაღალი ტრიბუნებიდან
რუსი თანამდებობის პირები ხშირად მაღალი ტრიბუნებიდან ადანაშაულებდნენ უკრაინას ე.წ. ბიოდრონების შექმნაში. ამის შესახებ ინფორმაცია შეაგროვა რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებულმა სატელევიზიო და ონლაინ ქსელმა The CurrentTime-მა.
აი, რამდენიმე თეზისი, რომლებიც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა რუსულ და საერთაშორისო აუდიტორიას გააცნეს:
- იგორ კონაშენკოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი (2022 წლის 10 მარტი)
ბრიფინგის დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, თითქოს უკრაინაში არსებობდა პროექტი „გადამფრენი ფრინველების მეშვეობით დაავადებების გავრცელების შესახებ“:
„დოკუმენტების მიხედვით, ამერიკული მხარე გეგმავდა 2022 წელს უკრაინაში მუშაობის ჩატარებას ფრინველების, ღამურებისა და რეპტილიების პათოგენებთან დაკავშირებით, შემდგომში კი მათ მიერ აფრიკული ღორის ჭირისა და ციმბირული წყლულის გადატანის შესაძლებლობის შესწავლაზე გადასვლას... განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დეტალურმა ინფორმაციამ აშშ-ის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე პროექტის განხორციელების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა იმ გარეული გადამფრენი ფრინველების მიერ პათოგენების გადატანის შესწავლას, რომლებიც მიგრირებენ უკრაინასა და რუსეთს შორის, ასევე სხვა მეზობელ ქვეყნებში.“
წყარო: საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი
ვასილი ნებენზია, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში (2022 წლის 11 მარტი)
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებიდან უკვე მეორე დღეს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა ნებენზიამ გააჟღერა „ამ კვლევების დეტალები“ და კონკრეტული ფრინველების სახეობებიც ახსენა:
„არსებული მონაცემებით, უკრაინულ ლაბორატორიებში ტარდებოდა ექსპერიმენტები გადამფრენი ფრინველების მეშვეობით საშიში ინფექციების გავრცელების შესაძლებლობის შესასწავლად... შესწავლილი იყო ღამურების ექტოპარაზიტებით — რწყილებითა და ტკიპებით — სავსე 140-ზე მეტი კონტეინერი... ასევე იკვლევდნენ პირობებს, რომლებშიც დაავადებების გავრცელება იღებდა უკონტროლო ხასიათს და იწვევდა მაქსიმალურ ეკონომიკურ ზიანს.“
წყაროები: გაეროს სხდომის ოფიციალური პროტოკოლი (დოკუმენტი S/PV.8991), გამოსვლის ვიდეო გაეროს (UN) ოფიციალურ არხზე Web TV (რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლა იწყება 00:08:30-დან), სტენოგრამა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის ვებსაიტზე.
მოგვიანებით რუსულ პროსამთავრობო მედიასა და სოციალურ ქსელებში ნარატივი „მიგრირებადი ფრინველების“ შესახებ ტრანსფორმირდა ტერმინად „საბრძოლო მტრედები“.
იგორ კირილოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების სარდალი (2022 წლის 17 მარტი)
სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც ეძღვნებოდა „აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობას უკრაინაში“, კირილოვმა წარმოადგინა „მტკიცებულებები“, რომელთა თანახმადაც, თითქოს იგეგმებოდა ფრინველების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მისატანად:
„პროექტ UP-4-ის მიზანი იყო განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების შესაძლებლობის შესწავლა მიგრირებადი ფრინველების მეშვეობით... დავადგინეთ ხერსონის ოლქში მდებარე ნაკრძალ „ასკანია-ნოვადან” აფრენილ ფრინველთა მასობრივი დაჭერის ფაქტები... ჩვენი შეფასებით, ამ კვლევების მიზანი იყო სასიკვდილო პათოგენების გავრცელების მეთოდისა და საშუალების შექმნა.“
წყაროები: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პუბლიკაცია, პრეზენტაციის დაარქივებული ასლი „ფრინველთა მიგრაციის რუკებით“.
სწორედ ეს განცხადებები გახდა „ბიოლაბორატორიების“ შესახებ ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ და გაერომ ოფიციალურად ცნეს უსაფუძვლოდ.
- გაეროს განიარაღების საკითხებში წარმომადგენელმა და აშშ-ის ელჩმა გაეროში უარყვეს რუსეთის მიმართვა უშიშროების საბჭოსადმი, რომ დაწყებულიყო გამოძიება „უკრაინაში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის“ შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2022 წლის 27 ოქტომბერს წამოყენებული ბრალდება „სრული გამოგონებაა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე“, — განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა, რომ არც უკრაინას და არც აშშ-ს არ აქვთ ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროგრამები.
- გაეროს განიარაღების საკითხებში წარმომადგენელმა იძუმი ნაკამიცუმ იმავე სხდომაზე აღნიშნა, რომ „გაეროსთვის უცნობია უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის რაიმე პროგრამის არსებობა“.
- მსოფლიოს არაერთმა მეცნიერმა განმარტა, რომ ფრინველთა მიგრაციის შესწავლის პროექტები სტანდარტული ეკოლოგიური კვლევებია (მაგალითად, ფრინველის გრიპის მონიტორინგისთვის), რომლებიც ტარდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის თავად რუსეთშიც.
თუმცა 2025 წლის ბოლოს რუსეთში გამოჩნდება ცნობები, რომ რუსული კომპანიები მუშაობენ მტრედების დრონებად გარდაქმნაზე და რომ თითქოს უკვე ნოემბერში ჩატარდა პირველი გამოცდები.
პუტინის ქალიშვილი და „საბრძოლო მტრედები“
რუსული სტარტაპი მტრედებს ტვინში ჩიპებს უნერგავს, რათა ისინი დისტანციურად მართვად ბიოდრონებად აქციოს. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს რუსული კომპანია Neiry Group-ი, რომლის მტკიცებით, მტრედი-დრონები პირველად გასული წლის 25 ნოემბერს გამოცადეს: ნეიროინტერფეისით იმპლანტირებულმა ფრინველებმა ლაბორატორიიდან სატესტო ფრენა შეასრულეს და უკან დაბრუნდნენ.
პრესრელიზების მიხედვით, სტარტაპმა უკვე რამდენიმე ათეული ასეთი ფრინველი შექმნა, ოფიციალურად ვითომ სამრეწველო და ეკოლოგიური ობიექტების მონიტორინგისთვის ან სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ჩასართავად. მტრედებს, რომლებსაც ტვინში ჩიპი აქვთ ჩანერგილი, ოპერატორი მართავს. სწორედ ის „ტვირთავს“ ფრენის დავალებას, როგორც ჩვეულებრივ უპილოტო აპარატებში (დრონებში) ხდება. კომპანიის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ ტვინის კონკრეტული ზონების ნეიროსტიმულაციის წყალობით, ფრინველს თავად „უჩნდება სურვილი“ იმ მიმართულებით გადაადგილდეს, რომელიც საჭიროა.
მტრედების გარდა, კომპანია ექსპერიმენტებს ატარებს ვირთხებსა და ძროხებზე: პირველებზე ტვინში ჩიპის მეშვეობით ცხოველების მართვას ამუშავებდნენ, ხოლო ძროხებს ჩიპები წველადობის გაზრდის მიზნით ჩაუყენეს.
სამეცნიერო-პოპულარული გამოცემის, T–Invariant-ის მონაცემებით, არსებობის განმავლობაში კომპანიამ დაახლოებით ერთი მილიარდი რუბლის (13 მლნ აშშ დოლარი) ინვესტიცია მოიზიდა.
- კომპანიაში 360 მილიონი რუბლი (4,7 მლნ დოლარი) ჩადო რუსეთის „ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივის“ ფონდმა — ეს არის რუსული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დმიტრი მედვედევის დადგენილებით და ვლადიმირ პუტინის დავალებით შეიქმნა.
- კომპანიის შექმნაში მონაწილეობდა ასევე „რუსეთის სტრატეგიული ინიციატივების სააგენტო“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმირ პუტინია.
- Neiry-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია ფონდი „ვოსხოდი“, რომელიც შექმნა ოლიგარქ ვლადიმირ პოტანინის კომპანია „ინტერროსმა“.
კატერინა ტიხონოვა
სტარტაპი ერთობლივი პროექტებით ასევე დაკავშირებულია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტთან, რომელსაც პუტინის უმცროსი ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვა, ხელმძღვანელობს. ინსტიტუტში ოთხი ლაბორატორია მოქმედებს, რომელთაგან ერთ-ერთი — „ინვაზიური ნეიროინტერფეისების შემუშავება“ — ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე მუშაობს.
ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობ, შეეხება სახელმწიფოსთვის ადამიანების მიყიდვას", -ალექსანდრ პანოვი
ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ვასილი პოპკოვი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო Neiry-ს მიერ ვირთხებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში.
კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრ პანოვი საკუთარ ტელეგრამ-ბლოგში წუხს, რომ ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას (ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინასთან ომს) რუსეთი „ზედმეტად ნაზად“ აწარმოებს და თავის აუდიტორიას უზიარებს მოსაზრებებს ადამიანების ბიოდრონებად გადაქცევის შესახებ:
„ჩემი ერთ-ერთი შემდეგი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობ, შეეხება სახელმწიფოსთვის ადამიანების მიყიდვას. დეტალებს პილოტური პროექტის შემდეგ გავამჟღავნებ, თუმცა წინასწარ ვამბობ, რომ ყველაფერი ეკოლოგიური, სოციალური, მართლმადიდებლური და ჰუმანურია — ყოველგვარი კლონების გარეშე! ამ სტარტაპის საბაზისო თეზისი მარტივია — შობადობის შემცირების პირობებში ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდება ადამიანები. ჩვენსას - განსაკუთრებით“.
რატომ გამოყოფს რუსეთის ხელისუფლება ამისთვის თანხებს? შეიძლება თუ არა ნამდვილად ითქვას, რომ კომპანია შეუდგა „საბრძოლო მტრედების“ შექმნას? - ამ კითხვებით მიმართა რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებულმა The CurrentTime-მა გამოცემა T–invariant-ის რედაქტორს, ალექსანდრ სერგეევს:
— ოფიციალურად - არა, რადგან კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაფერი მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის კეთდება და ა. შ. მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, რამდენად დიდი საბრძოლო აღჭურვილობის ტარება შეუძლია მტრედს? დაახლოებით 30 გრამი, იმ მოწყობილობასთან ერთად, რომელიც მას მართავს. ამიტომ მაინც და მაინც „საბრძოლო მტრედებზე“ საუბარი ალბათ არასწორია. თუმცა სადაზვერვო მიზნებისთვის მათი გამოყენება შესაძლებელია. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაათვალიერებს — ელექტროგადამცემ ხაზს თუ ფრონტის ხაზს. სხვა საკითხია, რომ რეალურ გამოყენებამდე, დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ შორია. პრობლემა ისიცაა, რომ მართვის სისტემა ჯერ მხოლოდ დამუშავების ეტაპზეა. და მთავარი — საბოლოოდ ეს შესაძლოა არც ისეთი მოსახერხებელი აღმოჩნდეს.
შესაძლოა, ცოცხალ ორგანიზმს ოდნავ მეტი უნარი აქვს დაბრკოლებებისათვის გვერდის ავლისა და მოძრაობის გაგრძელებისა მაშინაც კი, როცა, მაგალითად, კავშირი დაკარგულია. თუმცა პრაქტიკაში საჭიროა, რომ ეს მტრედები სადღაც ინახებოდნენ, რომ მათზე ზრუნავდნენ და ვინმემ იცოდეს მათთან ურთიერთობა. ზოგჯერ შეიძლება ყურადღება გაეფანტოთ ან გარკვეულ სიგნალებს არ დაემორჩილონ. ეს ყველაფერი არც ისე მარტივია.
არ ვფიქრობ, რომ ეს მართლა რეალური გარღვევაა სამხედრო ტექნოლოგიებში. სხვათა შორის, მტრედების მართვის პირველი ექსპერიმენტები დაახლოებით 20 წლის წინ ჩინეთში ჩატარდა. სხვა ცხოველების, ვირთხების მართვა კი გაცილებით ადრე ისწავლეს.
ცნობილია ექსპერიმენტები, როდესაც ვირთხებს ტვინში ელექტროდებს უნერგავდნენ, რომლებითაც ისინი საკუთარ სიამოვნების ცენტრს ასტიმულირებდნენ. ამის შემდეგ ისინი საათში ასჯერ აჭერდნენ პედალს, უარს ამბობდნენ საკვებზე და შიმშილით იღუპებოდნენ. ეს ექსპერიმენტები საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩატარდა და ექსპერიმენტის იქით არ წასულა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათწლეულები გავიდა.
ამ შემთხვევაში უფრო მეტად თავს იჩენს ეთიკის საკითხი, ვიდრე წმინდად ნეიროტექნიკური მხარე (თუმცა ნეიროტექნიკური ნაწილიც, რა თქმა უნდა, არსებობს — იქ კვალიფიციური ადამიანები მუშაობენ, რაღაცას აუცილებლად შექმნიან, სავარაუდოდ, უკვე აქვთ კიდეც გარკვეული საინტერესო შედეგები. მაგალითად, არსებობს ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ ჯდება მტრედი მარჯვნივ ან მარცხნივ, როდესაც მას ღილაკის მეშვეობით ბრძანებას აძლევენ).
აქ უფრო მეტი ეთიკური საკითხია, ვიდრე ტექნიკური. პირველ რიგში, როგორც თავად პანოვი ამბობს, რომელიც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს, მან შეძლო ნეიროტექნიკისა და ნეირომეცნიერების სფეროში რუსეთში აქამდე არნახული თანხების მოზიდვა. მართლაც, ამ სამეცნიერო დარგის მასშტაბით ეს უზარმაზარი რესურსებია.
— თავად ასე ამბობს თუ ეს მართლაც ფაქტია და მისი კომპანია რეალურად იღებს დაფინანსებას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტისგან, რომელსაც კატერინა ტიხონოვა ხელმძღვანელობს?
— ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტისგან ისინი, სავარაუდოდ, დიდ თანხებს ვერ მიიღებდნენ. იქიდან უფრო სამეცნიერო მხარდაჭერას იღებენ - სპეციალისტებს, შესაძლოა აღჭურვილობას. ხოლო თანხებს იღებენ პოტანინის ფონდიდან - „ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივიდან“ და სხვა წყაროებიდან. დიახ, საუბარია დიდ თანხებზე - ასობით მილიონ რუბლზე, შესაძლოა რამდენიმე ასეულ მილიონზე, რომელიც მილიარდს უახლოვდება. ბოლომდე გასაგები არაა, ზუსტად ამ კონკრეტულ კომპანიაზე, Neiry-ზე მოდის ეს თანხა თუ არა, რადგან რეალურად პროექტში კომპანიების მთელი ჯგუფია ჩართული.
რა ნაწილი ხვდება უშუალოდ იმ კომპანიას, რომელიც ამ ექსპერიმენტებს ატარებს?
არსებობს ინფორმაცია, რომ 2024 წლის ხარჯებმა დაახლოებით 150 მილიონი რუბლი შეადგინა. ეს ყველაფერი ხომ ერთ წელს არ გრძელდება. ასე რომ, ბრუნვაში დიდი თანხებია. და რა ხდება, როდესაც დიდი ფული ხვდება დარგში, სადაც ადრე დიდი ფული არასოდეს ყოფილა? ეს ყოველთვის კითხვებს აჩენს, რადგან სამეცნიერო კვლევების სწრაფად და მრავალჯერადი მასშტაბით გაფართოება ძალიან რთულია.
სავარაუდოდ, არსებობს თანმდევი მიმართულებებიც — Neiry-ს ჯგუფის კომპანიები ჩვეულებრივ სამედიცინო აღჭურვილობასაც აწარმოებენ. ანუ, მართლაც უნდა აღინიშნოს: ეს დიდი თანხებია, რომლებიც ამ სფეროში საკმაოდ მოულოდნელად გაჩნდა.
მეორე საკითხი კი უშუალოდ ამ კვლევების ეთიკას ეხება.
სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე მიმდინარეობს ფართო დისკუსია იმის შესახებ, რამდენად ეთიკურია საერთოდ ცხოველების მართვა, მათთვის გარკვეული მოძრაობების თავსმოხვევა და საერთოდ, სად გადის ჰუმანური მოპყრობის ზღვარი: თითქოს ადამიანი უბრალოდ „ურჩევს“ მტრედს და მასაც „მოსწონს“ იქით ფრენა, საითაც უთხრეს.
და სად იწყება პირდაპირი ზემოქმედება ტვინის მოტორულ ზონებზე — როცა მას თითქოს არ სურს იქ ფრენა, მაგრამ არ შეუძლია არ გაფრინდეს?
— თუ ეს სამხედრო სფეროს არ ეხება, მაშინ როგორ ახსნით ასეთ ინტერესს - რატომ უნდა გამოყოს ან რუსეთის ხელისუფლებამ, ან პოტანინმა ასეთი თანხები?
— საჭიროა შეიქმნას მეცნიერების ექსტრემალური, არნახული განვითარების შთაბეჭდილება. ამ სფეროში არსებობს გარკვეული ფანტაზიები; არის ადამიანი, რომელიც ასეთი არაადამიანური ფანტაზიებით შემოიჭრება ამ სფეროში და ამბობს, რომ ჩვენ ვმუშაობთ დიადი იდეისთვის — ანუ პუტინისთვის, რომელიც, როგორც ის საკუთარ პოსტში წერს, 200 წელს იცოცხლებს. და ამ იდეის ქვეშ - დიდი მეცნიერება. და აქ მართლაც მუშაობენ სერიოზული მეცნიერები.
შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ნამდვილი დიდი მეცნიერებისა და დიდი ფულის ქვეშ რაღაც ზეადამიანური იდეები მოძრაობს, ზოგადად სრულად ჯდება თანამედროვე რუსეთის ხელმძღვანელობის სულისკვეთებაში. ეს მოსწონთ. ეს ეფექტურია. ცხოვრება როგორც თამაში. ერთგვარი „მოძრაობა“, როგორც პუტინმა თქვა, “დვიჟუხა”. გვაქვს ასეთი “მოძრაობა” ფრონტზე და გვაქვს „მოძრაობა“ მეცნიერებაში. მთავარია ეს “მოძრაობა”, რომელიც ლოზუნგივითაა, როგორც „დიდება პუტინს!“
2022 წლის 11 მარტს, სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:
„რუსი პროპაგანდისტები დღეს საგრძნობლად გააქტიურდნენ. ძალიან მოწადინებული არიან. ალბათ იმის გამო, რომ თავიანთი არმიის დანაშაულები დაეფარათ. დანაშაულები მარიუპოლის წინაშე. დონბასის წინაშე. ხარკოვის წინაშე. ათობით სხვა ქალაქის წინაშე. დაეფარათ ახალი ბრალდებებით. ახალი-ძველი ფეიკებით. ისინი გვადანაშაულებენ ჩვენ, ისევ ჩვენ, თითქოს ბიოლოგიურ იარაღს ვქმნიდეთ, თითქოს ქიმიურ შეტევას ვამზადებთ. ეს ძალიან მაწუხებს, რადგან არაერთხელ დავრწმუნდით: თუ გინდა გაიგო რუსეთის გეგმები, შეხედე, რაში ადანაშაულებს რუსეთი სხვებს. რუსულ მედიაში ასეთი ბრალდებების გაძლიერება უკვე თავისთავად აჩვენებს, რომ სწორედ ისინი აპირებენ რაღაც მსგავსის გაკეთებას. რუსი სამხედროები, რუსული სპეცსამსახურები იმას აბრალებენ მოწინააღმდეგეს და იმას აჩვენებენ, რის გაკეთებასაც თავად აპირებენ. ასეთი რამ მათ უკვე გააკეთეს სხვა ქვეყნებში.“
ფორუმი