Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად არის უკრაინა და რა ახარებს "ბერიკაცს"? - პუტინი, მოსამართლე  და XVII საუკუნის ისტორიული რუკა


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ზორკინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ზორკინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ლუი XIV-ის, საფრანგეთის იმპერატორის დროს შექმნილი რუკა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალერი ზორკინმა მიუტანა და თითქოს ახარა: რუკაზე „არ არის უკრაინაო" 

"ორ ადგილას არის „მხარე“, - რეჩ-პოსპოლიტის მხარე, სამხრეთი და კაზაკების მხარე. და რუსეთის დიდი სამეფო“, - ეუბნება პუტინს ზორკინი.

პუტინი კვერს უკრავს რუსეთის მთავარ მოსამართლეს: „ეს მიწები რეჩ-პოსპოლიტას ეკუთვნოდა და შემდეგ მათ ითხოვეს მოსკოვის სამეფოში გაერთიანება. უკვე შემდგომ, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ წარმოიშვა სხვადასხვა კვაზისახელმწიფოები, ხოლო საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა საბჭოთა უკრაინა, მანამდე არავითარი უკრაინა არ არსებობდაო კაცობრიობის ისტორიაში“- იმეორებს იგი.

დიალოგის ჩვენებას რუსულ არხებზე სოციალურ ქსელებში მოჰყვა უამრავი გამოხმაურება - ბევრი სერიოზული და ბევრიც სერიოზულად დამცინავი.

იმ რუკაზე არც პუტინის მშობლიური პეტერბურგი არის - იქ ინგრიაა, რომელიც შვედეთის ტერიტორიას წარმოადგენს, ყირიმი - ყირიმის სახანოს ტერიტორია - შენიშნა ბევრმა.

მარია სნეგოვაია, ბლოგერი, დაფიქრებისკენ მოუწოდებს ყველას, ვინც ამ რუკის გარშემო არგუმენტებს ეძებს:

„მე მგონია, წინა საუკუნეების რუკების მოშველიება კი არაა საჭირო, რომლებზეც რუსეთი არაა დატანილი, არამედ დაფიქრება იმაზე, რა აქვს თავში ამ ხალხს? როგორ ცდილობენ ისინი კეთილგანწყობის მოპოვებას და ამ დროს უგულებელყოფენ ყოველგვარ ზნეობასა და ცივილიზებულ ნორმებს.

კომენტარების ავტორებმა იოლად მიაკვლიეს რუკაზე უკრაინას. აი, რას წერს მაქსიმ მიროვიჩი:

იცით, რა არის ყველაზე სასაცილო? რუკაზე, რომელიც შეშლილ პუტინს უჩვენეს და რომელზეც ვითომ „არ არის უკრაინა“, ის სინამდვილეში არის და მონიშნულია როგორც „უკრაინა, კაზაკების ქვეყანა“.

ასე რომ, ბერიკაცმა ტყუილად გაიხარა. ყველაფერში ასე არიან...

ნიკოლაი ტრავკინი რუსებს აფრთხილებს:

როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მიდის რუსეთის პრეზიდენტთან რუკით, რომელიც ლუი XIV-ის დროს შექმნეს ფრანგებმა, ეს მაგარი ამბავია. მაგრამ მთავარია, არ გაგიტაცოთ ასეთმა ქცევამ, თორემ გამოჩნდება მონღოლი იურისტი, რომელიც გადაგიშლით ბათო ყაენის დროის „ოქროს ურდოს“ (მონღოლთა სახელმწიფო XII-XV სს.) რუკას და ჯარიმას მოითხოვს 500 წელზე მეტი ხნის მანძილზე ხარკის გადაუხდელობის გამო...

პუტინისა და ზორკინის შეხვედრის ფრაგმენტები რუსეთის ყველა სახელმწიფო არხზე აჩვენეს.

სიუჟეტი გადაიცა 22 მაისს, როცა რუსეთში, უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის ოლქში შეჭრილ დივერსანტებთან ბრძოლის ოპერაცია მიმდინარეობდა. მაგრამ პრეზიდენტს იმ დღეს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

რისთვის დასჭირდა რუსულ მედიას ასეთი სიუჟეტი და რატომ ურჩევნია პუტინს განიხილოს ის რუკა, რომელზეც უკრაინა "არ არის“, იმის ნაცვლად, რომ კომენტარი გააკეთოს ბელგოროდში არსებულ ვითარებაზე? რადიო თავისუფლების ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტმა ამის შესახებ პოლიტოლოგ ალექსანდრ მოროზოვს ჰკითხა.

- ეს მაინც არის ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხები. როცა პუტინი ამბობს, რომ უკრაინა არ არსებობს ისტორიაში, მას, ფაქტობრივად, ამით იმის თქმა სურს, რომ უკრაინა არ არსებობს ახლა და არც მომავალში იქნება. ის ასეთნაირად გარკვეული პოლიტიკური მოლოდინის, პოლიტიკური მიზნის ფორმულირებას ახდენს. მისი ისტორიისადმი მიმართვა უბრალოდ ისტორიული კვლევა კი არ არის, არამედ პოლიტიკური განზრახვის გამოხატულებაა.

ბელგოროდს რაც შეეხება, ცხადია, რომ პუტინი მსგავს მოვლენებზე ასე სწრაფად არ აკეთებს კომენტარს. ის ამ საქმეს ყოველთვის თავის წარმომადგენლებს ანდობს და მხოლოდ მას მერე აკეთებს კომენტარს, როცა ვითარება რაღაც ცხად სახეს იღებს.

და უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი დღე-ღამების განმავლობაში, ვითარება ბელგოროდის ოლქში რუსული მედიისთვის და მოსახლეობისთვის ზოგადად, სრულიად არ იყო ცხადი: რა ხდება, რომელი რუსული ძალები უზრუნველყოფენ დაცვას, სად არის ყველა ის ინსტრუმენტი, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ მსგავსი თავდასხმის თავიდან აცილება? ამიტომ პუტინს აქ არაფერი ჰქონდა სათქმელი. ვფიქრობ, რომ ის მოგვიანებით იტყვის ამის შესახებ.

- ანუ, იმის მიუხედავადაც კი, რომ გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოახსენა ამ ფორმირებების, მათი ლექსიკით რომ ვთქვათ, წარმატებული ლიკვიდაციის შესახებ, პუტინმა ეს მაინც არ გააკეთა?

ალექსანდრ მოროზოვი: დიახ. მაგრამ ამასთან, პესკოვმა გააკეთა საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება. მართალია, არა როგორც რეაქცია ბელგოროდის მოვლენებზე, არამედ როგორც რეაქცია გერმანიის კანცლერ შოლცის განცხადებაზე.

ეს განცხადება შეეხება იმას, რომ რუსეთის ფედერაციას ასევე არ მიაჩნია, რომ ეს კონფლიქტი უნდა გაყინოს. ის არ უნდა გაიყინოს და კრემლი განახორციელებს სამხედრო მოქმედებებს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების სრულ რეალიზაციამდე.

ჩვენ ვიცით, რომ ეს მიზნები იცვლება, მუდმივად ხდება სხვადასხვაგვარად ფორმულირება, მაგრამ ამის მიუხედავად, აქ მთავარი იყო ის, რომ არანაირ გაყინვას და გაყინვის შესახებ მოლაპარაკებებს კრემლი არ განიხილავს და არ მიაჩნია საჭიროდ მათი ჩატარება.

- თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ სწორედ კრემლი ვერ ხედავს გაყინვის გზებს? კრემლს უბრალოდ სხვა არაფერი რჩება, იმიტომ რომ უკრაინა არ აპირებს მოლაპარაკებების გამართვას პუტინთან.

ალექსანდრ მოროზოვი: თავისთავად. რა თქმა უნდა. კიევის პოზიცია აქ ცხადია, ხისტია, მას ზურგს უმაგრებს ძალიან დიდი გლობალური ალიანსი. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნების ალიანსი - რომელთა შორისაა სამხრეთი აფრიკა, ინდონეზია ან ბრაზილია, და შესაძლოა, აფრიკის ქვეყნების ზოგიერთი ჯგუფიც - აცხადებდა იმის შესახებ, რომ ის თანახმაა შესთავაზოს თავისი დახმარება კონფლიქტის მოგვარებაში. ასე რომ, აქ იყო ასეთი საინფორმაციო ტალღა.

- თქვენი აზრით, ეს რუკისა და ზორკინის ამბავი დადგმულია? თუ არსებობს რაღაც მოტივები, მაგალითად, იქნებ ზორკინს აქვს რამე მოტივი?

ალექსანდრ მოროზოვი: დიახ, მე მგონია, რომ ეს ზორკინის ინიციატივაა. რა თქმა უნდა, ის მოწონებულია ყველას მიერ. მან უთუოდ წინასწარ აცნობა მათ იმის შესახებ, რომ რუკა ექნებოდა პუტინთან შეხვედრაზე.

მაგრამ აქ აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს სხვა რამეზე. კრემლმა ახლახან მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უნდა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება არჩევნების ჩატარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ეს კი კონსტიტუციურად უკანონოა.

და ახლა მედია ავრცელებს სხვადასხვა არგუმენტს იმაზე, რატომ უნდა ჩატარდეს სექტემბერში არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევე, როგორც რუსეთის ტერიტორიებზე.

შესაბამისად, ამ რუკის დემონსტრირება არის მედიაგეგმის ნაწილი, რომლის მიზანია რუსეთის მოსახლეობის შეგუება იმასთან, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები ახლა რუსული ტერიტორიებია. ისინი გასული წლის სექტემბერში იქნა „მიერთებული“ რუსეთთან და რუსეთის თვალსაზრისით, რუსულია, ამიტომაც არჩევნები იქ იქნება ჩვეულებრივი და რეგულარული.

- ამ ვიდეოს რომ ვუყურებდი, სადაც ზორკინია, მომეჩვენა, რომ ზორკინი პუტინთან იმიტომ მივიდა, რომ კვლავაც დაარწმუნოს იმაში, რომ უკრაინა მართლა არ არსებობდა. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინმა ეჭვის შეტანა დაიწყო იმ მსოფლმხედველობაში, რომელშიც ლენინმა უკრაინა შექმნა?

ალექსანდრ მოროზოვი: არ ვიცი. ჩემი აზრით, ჩვენ ზორკინს და პუტინთან მის შეხვედრას მხოლოდ იმ მიზნით გვაჩვენებენ, რომ ყველამ გავიგოთ, რომ კონსტიტუციის შემდგომი რღვევა გარდაუვალია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სრულიად არ ძალუძს წინააღმდეგობა და არც აპირებს ამას კონსტიტუციის რღვევის პროცესში.

მოსკოვში დადის ხმები იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ ზოგიერთი მუხლია შესაცვლელი, რომლებიც იდეოლოგიას ეხება, არამედ უნდა დაიწყოს ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესი, კონსტიტუციისა, რომელიც უფრო შეესაბამება მთელ პოლიტიკურ სისტემას.

რა თქმა უნდა, აქ არსებობს უკრაინის თემა, იმიტომ რომ ამ ახალ კონსტიტუციაში, თუ მას მიიღებენ, იქნება ოკუპირებული ტერიტორიების ფიქსაცია და ა.შ. ეს არის ამ შეხვედრის მთავარი აზრი.

მაგრამ თქვენ სწორად აქცევთ ყურადღებას იმას, რომ რუკა, რა თქმა უნდა, ერთობ ორაზროვანია. ვფიქრობ, რომ ჩვენს ინგერმანლანდიის მოძრაობას დღეს ზეიმი აქვს, იმიტომ რომ პუტინი ამ რუკაზე ხედავს ინგრიას და მართლაც, ხედავს ყირიმს, რომელიც არ ეკუთვნის რუსეთს.

ამ მხრივ, ის ორაზროვან მდგომარეობაშია, როცა რაღაც ასეთს ამტკიცებს ყველა ამ მიწის შესახებ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. და ყველა მისი სპეკულაცია, რა თქმა უნდა, ჰაერში ეკიდება.

- თქვენ თქვით, რომ ზორკინის იდეა ყველას მოეწონა. რატომ მოეწონათ, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი, რაც პუტინმა თქვა ამ პატარა, ერთწუთიან ჩანაწერში, ადვილი უარსაყოფია: არც პეტერბურგი არ არის - იქ ინგრიაა, რომელიც შვედეთის ტერიტორიას წარმოადგენს, არც ყირიმი - ეს ყირიმის სახანოს ტერიტორიაა? ჰო, იქ უკრაინა რეჩ-პოსპოლიტის შემადგენლობაშია. ძალიან ადვილი მოსაყოლია, როგორ არის სინამდვილეში.

ალექსანდრ მოროზოვი: საქმე ისაა, რომ კრემლი საერთოდ საკმაოდ უხეშ რიტორიკასა და იდეოლოგიას იყენებს. პუტინის სტატიაც სამი მოძმე ხალხის შესახებ, რომელიც ასაბუთებს მოსკოვის პრეტენზიებს უკრაინის რაღაც ტერიტორიებზე - ეს ყველაფერი ძალიან მერყევია. და ბევრმა რუსმა ისტორიკოსმა, მათ შორის მათაც, ვინც ოფიციალურად უკრაინას ისტორიას სწავლობს, ამ სტატიის შესახებ საკმაოდ კრიტიკული შეხედულება გამოთქვეს.

პუტინის ამგვარი იდეოლოგიური სვლების უმეტესობა ხომ პროპაგანდისტულია და საზოგადოებაზეა გათვლილი. ისინი ხომ თითქმის ყველა ანეკდოტურია. ძალიან ძნელია, ისინი სერიოზულად აღიქვა. ეს მხოლოდ უკრაინის ისტორიას არ ეხება.

კრემლს ზუსტად ასეთივე ინტერპრეტაცია აქვს თავისი ურთიერთობების პოლონეთთან, ჩეხეთთან - წარსულში ჩეხოსლოვაკიასთან - და ა.შ. ამ ანეკდოტური ფორმულირებებისა და ისტორიის დამახინჯებული ეპიზოდების სია, გულწრფელად რომ ვთქვათ, უკვე უსასრულოა. და აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე ყველა დაიღალა მათი მხილებით და იმის ჩვენებით, რომ ეს ყველა ისტორიული „ფეიკებია“.

კვლავ ერთი-ორი კომენტარი პუტინისთვის რუკის ჩვენების ამბის გარშემო სოციალური მედიიდან:

ალფრედ კოხის ვრცელ კომენტარს მთლიანად არ გითარგმნით. ერთი ორი ფრაგმენტი მისი შენიშვნებიდან:

„ნუ, არ იყო უკრაინა! რა იცვლება? ახლა ხომ არის! რა არგუმენტია ეს: 350 წლის წინ ეს სახელმწიფო არ არსებობდა და ამიტომ ახლაც არ უნდა არსებობდეს? რომელ საგიჟეთში ასწავლიან ასეთ ლოგიკას? 350 წლის წინ არ იყო გერმანია, იტალია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდოეთი, პაკისტანი, მექსიკა, ბრაზილია და სამხრეთ ამერიკის თითქმის არცერთი ქვეყანა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და აფრიკის თითქმის არცერთი სახელმწიფო... რატომ აქვს ძალა პუტინის ამ სულელურ არგუმენტს უკრაინის შემთხვევაში და არ მუშაობს ისრაელის, ერაყის, სირიის, იორდანიის, საუდის არაბეთის შემთხვევაში?

ერთი მოკლე კომენტარის ავტორი წერს:

კოლეგებო, ასეთი ვითარებაა. აღმოჩენილია 1702 წლის რუკა, რომელზეც უკრაინა არის, მაგრამ ქალაქი, სადაც პუტინი დაიბადა, არ არის.

ანატოლი ნესმიანი პუტინისთვის ზორკინის მიერ მიტანილი რუკის ამბავს ეხმიანება და ხაზს უსვამს, რომ კარგი, უკრაინა მართალია არ არის ამ რუკაზე, მაგრამ ყირიმი თათრების ხელშია, აზოვის ზღვის მთელი ჩრდილოეთის სანაპიროთი. „ასტრახანიც არ არის, ყველაფერი, რაც ვოლგის იქითაა, არ არის რუსეთი, თათრეთია. ლიეტუვა იწყება ბალტიისზღვისპირეთში მთავრდება ზუსტად დღევანდელ ოჩოკოვოსთან, ოდნავ იქით. აი, თვითონ რუსეთი კი რაღაც ძალიან მცირეა...

სხვა თამამ კომენტარებთან ერთად არის ამგვარი წინადადებები ისტორიული რუკების გარშემო: კონსტანტინ ბელსკი სთავაზობს საკონსტიტუცო სასამართლოს თავმჯდომარეს: უნდა იმოგზაუროს, ბელარუსს, აზერბაიჯანსა და შუა აზიას ეწვიოს, რათა ლუკაშენკას, ალიევთან, თურქმენ-ბაშსა და პუტინის სხვა სააღლუმე მეგობრებთან ერთად ითამაშოს ეს მიმზიდველი თამაში - „მოძებნეთ თქვენი ქვეყანა XVII საუკუნის რუკაზე“.

კვლავ მივუბრუნდეთ ინტერვიუს პოლიტოლოგ ალექსანდრ მოროზოვთან, რომელიც „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტთან საუბრობს.

- ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინიციატივა იმის შესახებ, რომ ისეთი რუკების დემონსტრირება, რომლებზეც რუსეთი არ არის მონიშნული იმ საზღვრებში, რომელთაც ახლა აღიარებს რუსეთის სახელმწიფო, შეიძლება ექსტრემიზმთან გაიგივდეს. ალბათ, ამ მუხლით უკვე ვალერი ზორკინის პასუხისგებაში მიცემაც იქნებოდა შესაძლებელი?

ალექსანდრ მოროზოვი: დიახ. სხვა თემაზე გადავალ. ზოგადად რომ ვთქვათ, გუშინდელი ცნობები ეფ-ეს-ბეს თანამშრომლების მიერ საზღვარზე პასპორტების ჩამორთმევის შესახებ, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია საზღვრის თემასთან.

ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა იმიტომ, რომ პასპორტების ჩამორთმევის უფლებამოსილება ძალიან შეაჩერებს ზოგადად გადაადგილებას. მით უფრო, რომ ეფ-ეს-ბეს ყოველგვარი მიზეზის გარეშეც შეუძლია მათი ჩამორთმევა, უბრალოდ გეტყვიან: „გავარკვევთ, მოდით“.

და ეს შეაჩერებს არა მხოლოდ ბრძოლის უნარიანი კაცების გადაადგილებას, არამედ ასეთ ვითარებაში, როცა ეფ-ეს-ბეს მიერ პასპორტების ჩამორთმევა იქნება შესაძლებელი, საზღვრის გადაკვეთის შიში ექნებათ ქალებსაც - მათ შორის უფროსი ასაკის პირებსაც და ბავშვებსაც.

ბოლოს ორი საგულისხმო კომენტარი:

ლევ შლოსბერგი გაფრთხილებით გამოდის:

„პოლიტიკური რუკები ნარკოტიკივით არის, თუ მათ არა ისტორიულ არტეფაქტად, არამედ სამყაროს ახლებურად მოწყობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ მივიჩნევთ. მსოფლიოში არ არსებობს სამართლიანი სახელმწიფო საზღვრები. თითქმის ყველა სახელმწიფოს ჰქონდა წარსულში უფრო მეტი მიწები, ბევრს კი, მეტი მოსახლეობითაც,“ წერს თავის კომენტარში შლოსბერგი და გამოთქვამს აზრს, რომ „წარსული რუკები იზიდავს ან მკვლევრებს, არ თავგადასავლების მაძიებლებს, ან ავანტიურისტებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, „რუკა სინამდვილედ აქციონ.“

სვეტლანა ჩუნიხინა კი ფიქრობს, რომ საკითხავი ის კი არ არის, არსებობდა თუ არა XVII საუკუნეში უკრაინა, არამედ ის, იქნება თუ არა XXI საუკუნეში რუსეთის სახელმწიფო“.

XS
SM
MD
LG