რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება რუსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართავს საჩივრით იმის გამო, რომ ივლისში დაეკისრა ჯარიმა,100 000 რუბლის (1140 ამერიკული დოლარი) ოდენობით. ჯარიმა განისაზღვრა „უცხოეთის აგენტის“ შესახებ სადავო კანონის საფუძველზე.
რუსეთის უზენაესი სასამართლო არის მორიგი ინსტანცია, რომელსაც რთე/რთ ჯარიმის გამო მიმართავს: მანამდე, 13 დეკემბერს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უარყო საჩივარი, რომელიც ეხებოდა საოლქო სასამართლოს 21 აგვისტოს ვერდიქტს ჯარიმის ძალაში დატოვების შესახებ.
მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის რუსეთის ხელისუფლების მორიგი ძალისხმევა, მოახდინოს ჩვენი კომპანიის და, განსაკუთრებით, რუსეთში ჩვენი ჟურნალისტების მუშაობის პარალიზება.დეიზი სინდელარი
სასამართლოების გადაწყვეტილების თანახმად, მედიაორგანიზაციას ჯარიმა შეეფარდა იმის გამო, რომ მან არ შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულებები: არ წარმოადგინა ინფორმაცია რუსეთში მაუწყებლობის თაობაზე მას მერე, რაც ის და მისი რამდენიმე განყოფილება 2017 წლის დეკემბერში „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადდნენ.
ერთი თვით ადრე - 2017 წლის ნოემბერში - ამოქმედებული კანონი „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კრემლს საშუალებას აძლევს გამოარჩიოს მედიაორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. მათზე ვრცელდება იგივე ვალდებულებები, რაც ეკისრება არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან და პოლიტიკურად აქტიურად მიიჩნევიან „უცხოეთის აგენტის“ შესახებ 2012 წელს მიღებული თავდაპირველი კანონით.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ გადაიხადა ჯარიმა, მაგრამ აპროტესტებს იმას, რომ არ მისცემია შესაძლებლობა კანონის მოთხოვნის შესასრულებლად - რუსეთში მაუწყებლობის თაობაზე ინფორმაციის 15 აპრილამდე წარსადგენად. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ 16 აპრილს გამოაქვენა შესაბამისი ინსტრუქციები.
რუსეთის ხელისუფლება „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის მედიასაშუალებებზე გავრცელებას წარმოსახავს „სიმეტრიულ პასუხად“ ზომაზე, რომელსაც აშშ-მა მიმართა რუსეთის ტელეკომპანია ერტე-ს (RT) შემთხვევაში.
„უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონი ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ უფლებადამცველებსა და დასავლეთის მთავრობებს, რადგან, მათი შეფასებით, კრემლი კანონს იყენებს ოპონენტების ხმის ჩასახშობად.
„მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის რუსეთის ხელისუფლების მორიგი ძალისხმევა, მოახდინოს ჩვენი კომპანიის და, განსაკუთრებით, რუსეთში ჩვენი ჟურნალისტების მუშაობის პარალიზება“, განაცხადა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დეიზი სინდელარმა. ის აღნიშნავს, რომ რთე/რთ დაბალანსებულად და ობიექტურად აშუქებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და არასწორია მისი ჟურნალისტების რომელიმე მთავრობის „აგენტებად“ მიჩნევა.
რუსეთის ხელისუფლება „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის მედიასაშუალებებზე გავრცელებას წარმოსახავს „სიმეტრიულ პასუხად“ ზომაზე, რომელსაც აშშ-მა მიმართა რუსეთის ტელეკომპანია ერტე-ს (RT) შემთხვევაში: კერძოდ, ვაშინგტონმა ერტე პროპაგანდის გამავრცელებლად გამოაცხადა და მას „უცხოეთის აგენტად“ რეგისტრირება მოსთხოვა, თუმცა აშშ-ისა და რუსეთის კანონები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან: რუსეთი, ჩვეულებრივ, ოპონენტების გასაჩუმებლად და იდეების გაცვლის ჩასახშობად იყენებს „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც აშშ-ის კონგრესის გრანტით ფინანსდება. აშშ-ის კანონები უზრუნველყოფს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სარედაქციო დამოუკიდებლობას ამ ორგანიზაციასა და აშშ-ის მთავრობას შორის საინფორმაციო დამცავი სისტემის არსებობით.