Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ასწავლის უნგრეთის მაგალითი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას საქართველოში?

მადიარს “ორბანი 2-ად” აცხადებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში.
მადიარს “ორბანი 2-ად” აცხადებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში.

გამარჯვება საკონსტიტუციო უმრავლესობით, უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრის 16-წლიან მმართველობას მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ევროპარლამენტარმა პეტერ მადიარმა დაუსვა წერტილი. ოპოზიციის გამარჯვება დიდი შვებაა ევროკავშირისთვის, რომელსაც ხშირად აფერხებდა ორბანის ვეტო.

ყველა ხედავს, რომ 45 წლის პეტერ მადიარმა ამომრჩევლებთან მიზანმიმართულად და დაუღალავად იმუშავა; მოიარა ქალაქები, სოფლები.

ორბანის მარცხმა განსაკუთრებული ინტერესი გააჩინა საქართველოში. სოციალურ ქსელებში გაჩაღდა დისკუსიები - საქართველოში ოპოზიციის გეგმებისა და ნაბიჯების შესახებ.

“ქართული ოცნებისგან” გამარჯვებულს - მილოცვა; ხოლო დამარცხებულს მადლიერება ერგო. ექსპერტებისთვის ცხადია, რომ “ოცნებამ” ევროკავშირში მთავარი საყრდენი და ინტერესების მთავარი დამცველი დაკარგა.

  • რას ეუბნება უნგრეთის მაგალითი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას საქართველოში?


“ქართული ოცნების” ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიარს გამარჯვება „ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით” 13 აპრილს მიულოცა; ხოლო დამარცხებულ ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა: “საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის”.

ორბანის მარცხის გამო მმართველი პარტიის რიგებში იმედგაცრუება და სინანული საჯაროდ არავის გამოუხატავს. პარტიაში მეორე დღეა აცხადებენ, რომ უნგრეთში მართლაც სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და პეტერ მადიარის გამარჯვება “ქართული ოცნების”ოპონენტებს სულ ტყუილად უხარიათ.

“რეალურად მშვენიერი ჯიგარი ბიჭია ესეც”, - უთხრა 14 აპრილს ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

მადიარს “ორბანი 2-ად” აცხადებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში. ამ მესიჯმა ჩაანაცვლა მადიარის “სოროსელობასა” და “დიპ სტეიტის პროტეჟეობაზე” მანამდე დასმული აქცენტები პროსახელისუფლებო მედიის დახმარებით. მესიჯების ცვლილება სწრაფად მოხდა მას შემდეგ, რაც პეტერ მადიარმა, 13 აპრილს ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა, “რუსთავი 2-ის" წარმომადგენლის შეკითხვის საპასუხოდ - „დიახ, ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობებს საქართველოსთან“.

მადიარმა თქვა, რომ ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა სურთ და მისი მთავრობისთვის შეფასების საზომი არ იქნება “ვიქტორ ორბანის მთავრობასთან მჭიდრო კავშირი”. ზოგადი მსჯელობისას ახსენა ბალკანეთის ქვეყნებიც და ცალკე ჩრდილოეთი მაკედონიაც.

მოხარული ვიქნები, გეწვიოთ თბილისში თუ სხვაგან და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას“.

იქვე, უნგრეთის მომავალმა პრემიერმა წითელი ხაზიც გაავლო:

“ჩვენ არ ვცდილობთ ზეგავლენა მოვახდინოთ არჩევნებზე თქვენს ქვეყანაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა თუ სხვა ქვეყანაში - ეს არ არის ჩვენი სტილი და ეს არ არის ევროპის რომელიმე მთავრობის საქმე. ყველა [მთავრობა] არჩეულია იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს და წარმოადგინოს იმ ქვეყნის ამომრჩეველი [ოფიციალური თარგმანი იყო უნგრულიდან ინგლისურად]”.

გაკვეთილი “ქართული ოცნებისთვის”

“[უნგრეთში] არჩევნების შედეგები მიიღო ყველამ - გამარჯვებულმაც და დამარცხებულმაც. ნორმალურ ქვეყნებში სწორედ ასე ხდება, როცა დამარცხებული შედეგებს აღიარებს, წლების განმავლობაში ბოიკოტს არ უცხადებს პარლამენტს და ქვეყანას და საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო ქვეყანას არ აჯანჯღარებს.

ჩვენი ადგილობრივი წყალწაღებული ოპოზიცია ისეთი გაკოტრებული აღმოჩნდა, რომ სიხარულის მიზეზს და შვებას ორბანის წაგებაში ეძებდა, თითქოს ბუდაპეშტში მიღებული შედეგები აქ მათ პოლიტიკურ არსებობას და სუნთქვას ხელოვნურად შეუნარჩუნებდა”, - თქვა პარლამენტის სხდომაზე “ქართული ოცნების” უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლევან მახაშვილმა; ერთ-ერთმა დეპუტატმა დელეგაციიდან, რომელიც უნგრეთის არჩევნებზე დამკვირვებლად იყო ჩასული.

პოლიტოლოგი გია ნოდია ვარაუდობს, რომ ორბანის მარცხი [“ცალსახად კარგი, მისალოცი ამბავი”] - “ქართულ ოცნებისთვის” იქნება დამატებითი სიგნალი - “რომ დემოკრატია სახიფათოა მათთვის” და შესაძლოა, ჩათვალონ, რომ “კიდევ უფრო რეპრესიულები უნდა გახდნენ, რათა ასეთი რამ არ მოხდეს საქართველოში”.

“უკვე იმდენად რეპრესიულები არიან, რომ თითქოს - უფრო მეტიც აღარ შეიძლება კიდევ, მაგრამ მოველი, რომ ისინი ასეთ გაკვეთილს გამოიტანენ - რომ საჭიროა ძალიან მკაცრი პოლიტიკა და რომ, ალბათ, ორბანს არ ჰქონდა საკმარისად მკაცრი პოლიტიკა”, - უნგრეთის მაგალითის საქართველოში განმეორება ნოდიას საკმაოდ რთულ ამოცანად ესახება, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრ უნგრეთში ორბანს “დემოკრატიის ფუნდამენტი არ ჰქონდა განადგურებული”, რამაც სამართლიანი არჩევნების ჩატარება გახადა შესაძლებელი. მოტყუვდა ყველა, ვისაც ეგონა, რომ - ორბანი არჩევნების გაყალბებას შეეცდებოდა.

ამ დღეებში სოციალურ ქსელებში ბევრმა დაწერა, რომ პარალელების გავლება საერთოდ არ ღირს, რადგან საქართველოში, უნგრეთისგან განსხვავებით:

  • არ არის ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ,
  • სასამართლო არ არის თავისუფალი,
  • რეპრესიები ბოჭავს და აშინებს ამომრჩეველს,
  • ფიზიკურად უსწორდებიან აქტივისტებს, საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს,
  • ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამოც აპატიმრებენ,
  • ასამართლებენ და აპატიმრებენ ოპოზიციონერ ლიდერებს,
  • ოპოზიციურ პარტიებს გაუქმებას უპირებენ,
  • აუქმებენ სამოქალაქო საზოგადოებას.


ორბანმა მადიარს არჩევნებში გამარჯვება სწრაფად მიულოცა - მანამდე, ვიდრე საარჩევნო კომისია ხმებს ბოლომდე დათვლიდა.

“ვურჩევ მათ ["ქართულ ოცნებას" - რ.თ.], ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ მისგან - ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება”, - დაწერა ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, 12 აპრილს, ფეისბუკზე.

16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის ”სასტიკი წაგება” ექსპერტებისთვის კიდევ ერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა - რუსეთს აღარ აქვს საკმარისი რესურსი ევროპის ქვეყნებში არჩევნების გასაყალბებლად; ხოლო ორბანის მიმართ აშშ-ის გამოკვეთილი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა შიდა პრობლემებზე ორიენტირებული უნგრელებისთვის.

მთავარი კი თავად პეტერ მადიარის ძალისხმევაა.

რა გაკვეთილია ოპოზიციისთვის?

“მადიარის გამარჯვება ჩვენთვის არის იმის მაჩვენებელი, რომ სწორ გზაზე ვართ - ჩვენ ვქმნით სწორედ ისეთ პარტიას, რომელიც არის - სახალხო, დემოკრატიული, მჭიდრო კავშირში ხალხთან”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ოპოზიციური პარტიის - “თავისუფლების მოედნის” თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე.

რეგიონებში ხალხთან შეხვედრის პროცესი პარტიამ იმერეთით დაიწყო და აპრილის ბოლოდან აჭარაში აპირებენ ჩასვლას. ცუცქირიძე ამბობს, რომ ხარჯების დაფარვას შემომწირველების ფულით ახერხებენ.

“რომელ რეგიონშიც ვმუშაობთ, ოფისიც იქ გადაგვაქვს და იქ ვცხოვრობთ. ძალიან კეთილგანწყობილი შეხვედრები გვქონდა. შიშის ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, და ამიტომ ვერ ვახდენთ ყველაფრის გადაღებას და დოკუმენტირებას, ადამიანები საფრთხის ქვეშ რომ არ დავაყენოთ… რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი განსხვავება ევროკავშირის წევრ ქვეყანასა [უნგრეთსა] და საქართველოს შორის. იქ არ არის ბოლომდე გარყვნილი ყველა ის ინსტიტუტი, რაც აუცილებელია დემოკრატიისთვის”, - გვეუბნება ლევან ცუცქირიძე და ამატებს:

“ხალხი პირველი რასაც გვეუბნება - აი, მიტოვებულები ვართო. ყველა ლაპარაკობს კორუფციაზე და უკიდურეს გაჭირვებაზე“.

“თავისუფლების მოედანი” ცხრა ოპოზიციური პარტიის ალიანსის შემადგენლობაშია, თუმცა როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს - რეგიონებში გასვლის ეს კამპანია პარტიის ინიციატივას წარმოადგენს.

თუმცა ოპოზიციური ალიანსი მთავარ მისიად თვლის, რომ "საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას ცვლილებაში საკუთარი სასიცოცხლო ინტერესი" დაანახოს და მოქმედების აუცილებლობაში დაარწმუნოს.

ოპოზიციური ალიანსი შეთანხმებულია, რომ:

  • "ავტოკრატიული რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა დაინახავს, რომ არსებობს ძლიერი, პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ალტერნატივა, რომელსაც შესწევს ძალა, რომ მშვიდობიანი და ძლიერი საპროტესტო ენერგია, აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებად გარდაქმნას და ქართული დემოკრატია და საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი გადაარჩინოს";
  • ასევე - "ავტოკრატიული რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა ირწმუნებს, რომ მშვიდობიან სახალხო პროტესტს ალტერნატივა არ გააჩნია და წინააღმდეგობაში ჩაერთვება".


ალიანსი ერთიანი სტრატეგიით მოქმედებს "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მისაღწევად". ალიანსში არ შედის "ლელო - ძლიერი საქართველო", "გახარია საქართველოსთვის", "გირჩი".

უნგრეთში გამარჯვებული Tisza-ს ლიდერის, პეტერ მადიარის მთავარ კოზირად ბევრი ექსპერტი სწორედ ხალხთან უშუალო კავშირსა და დარწმუნებას თვლის; მათთან ლაპარაკს - ყოველდღიურ პრობლემებზე, კორუფციაზე თუ ევროკავშირის სიკეთეების დაკარგვაზე ორბანის ხელისუფლების მხრიდან.

მადიარი დადიოდა დიდ და პატარა ქალაქებში, დაბებში, სოფლებში - უნგრეთში მან ბოლო წლებში ათასობით კილომეტრი გაიარა - დიდი ნაწილი ფეხითაც. შექმნა მხარდამჭერების ძლიერი ქსელი, საკომუნიკაციო პლატფორმები.

საქართველოში ფიქრობენ, რომ ოპოზიციას ბევრი რამის დახვეწა უშუალოდ მადიარის გზის უკეთ შესწავლითაც შეუძლია; ზოგი კი ითხოვს ერთ და ისეთივე ლიდერს, როგორიც პეტერ მადიარია - ქარუზმატულს, გულწრფელსა და სუფთა წარსულის მქონეს. ბევრს ავიწყდება, ბევრმა კი არ იცის, რომ საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი პეტერ მადიარი ვიქტორ ორბანის ყოფილი თანაგუნდელია.

მადიარის TISZA ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ოჯახის წევრია.

პარტიებმა “ლელო - ძლიერი საქართველო” და “გახარია - საქართველოსთვის”, - რომლებმაც, სხვა არაერთი პროდასავლური ოპოზიციური ძალისგან განსხვავებით, მონაწილეობა მიიღეს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ხოლო ექსპრემიერ გახარიას პარტია პარლამენტშიც შევიდა, - განაცხადეს, რომ ნებისმიერი რეჟიმი და ავტოკრატიული მმართველობა შესაძლებელია დამარცხდეს არჩევნების გზით.

ეს პოზიციაც განსჯის საგანი გახდა. ბევრი თვლის, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჯერ შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას და მადიარის მაგალითი ზოგადი მიდგომებისთვის არ გამოდგება.

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რომ უნგრელ ხალხს ავტორიტარული რეჟიმის შეცვლაში თავად რეჟიმის შექმნილი საარჩევნო სისტემა დაეხმარა, რადგან მახეში თავად აღმოჩნდა.

“ავტორიტარული რეჟიმები თამაშობენ ერთადერთ თამაშს: “გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი”, მაგრამ ამ თამაშს მეორე მხარეც ყავს - წაგებული. “წაგებული კი აგებს ყველაფერს” - ერთხელაც დამარცხებულის ადგილას რეჟიმი აღმოჩნდება. 2026 წელს მაგიარმა უფრო დიდი სარგებელი ნახა ამ სისტემით, ვიდრე თავად ორბანმა 2022 წელს”, - აღნიშნავს მენაბდე ფეისბუკპოსტში, სადაც დეტალურად ხსნის უნგრეთში ორბანის მიერ დამკვიდრებული სისტემის არითმეტიკას.

რა შეიძლება შეიცვალოს

ვიქტორ ორბანი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო - ახმოვანებდა თბილისის პოზიციებს და აქტიურად ბლოკავდა თბილისისთვის მიუღებელ საკითხებს.

  • 2022 წლის ივნისში, როცა ევროკომისიამ, შეუსრულებელი რეფორმების გამო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, რაც თბილისმა უსამართლობად შეაფასა და „ომში ჩათრევის“ სცენარს დაუკავშირა - ორბანი ბრიუსელის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულსა” და “მორალურად გაუმართლებელს” უწოდებდა;
  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს, ორბანი ცესკოს შედეგების შეჯამებას არ დაელოდა, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, სწრაფადვე მოულოცა, ხოლო 28 ოქტომბერს თბილისშიც ჩამოვიდა.
  • 2024-2025 წლებში ორბანის ხელისუფლება ბლოკავდა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების საწინააღმდეგო ინდივიდუალურ სანქციებს.


რადგან ორბანი ბლოკავდა, ევროკავშირი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირებას ვერ ახერხებდა, ბრიუსელის დღის წესრიგში დადგა უვიზო რეჟიმის შეზღუდვის გადაწყვეტილება, როგორც ალტერნატიული ზომა [ეს არ საჭიროებს საერთო კონსენსუსს]. ახალი წესების საფუძველზე, ეს ზომა უკვე გავრცელდა დიპლომატიურ პასპორტებზე და ითქვა ისიც, რომ, ადრე თუ გვიან, საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდება.

ორბანის დამარცხების შემდეგ, საქართველოშიც გამოხატეს იმედი, რომ შესაძლოა, სავიზო ლიბერალიზაცია გადარჩეს, რადგან ორბანი „ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სანქციებს ვეღარ დაბლოკავს. Tisza-ს მმართველობის დროს ამ საკითხის გადაწყვეტას არც რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი გამორიცხავს; თუმცა ასევე შესაძლებლად თვლის, რომ ვეტოს უფლება ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა, მაგალითად, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა ანდა იტალიამ გამოიყენონ.

ბოლო წლებში, “ქართული ოცნებისთვის” მისაბაძი იყო ორბანის უნგრეთი.

თბილისს მოსწონდა ბუდაპეშტის რეფორმები, რომელთა გამოც თავად უნგრეთს ევროკავშირში მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებოდა - ადამიანის უფლებების დარღვევის, ცუდი მმართველობისა თუ მძლავრი კორუფციის გამო. ეს და სხვა პრობლემები არაერთხელ გახდა უნგრეთისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი.

ორბანისა და მადიარის პოზიციებს შორის განსხვავებები მკაფიოა არაერთ საკითხში:

  • თუკი ორბანის ხელისუფლების რიტორიკაში უკრაინა აგრესორი იყო, 13 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე მადიარმა თქვა, რომ - „უკრაინა ამ ომის მსხვერპლია” და “არავის შეუძლია მიუთითოს მათ [უკრაინელებს], რა პირობებით მიიღონ მშვიდობა“. აღნიშნა ასევე, რომ უკრაინას უნდა მიეცეს “უსაფრთხოების გარანტიები", "ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები”.
  • მართალია, მადიარი არ უჭერს მხარს უკრაინის დაჩქარებული ტემპით [2027 წლის ბოლომდე] გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან ომში მყოფი ქვეყანა ამ გაერთიანების წევრად არ წარმოუდგენია; თუმცა მან უკვე თქვა, რომ, ორბანის ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას.


ორბანისგან განსხვავებით, მადიარი აქტიურად ითანამშრომლებს ევროკავშირთან, მათ შორის - იმ 20 მილიარდი ევროს დასაბრუნებლად, რაც უნგრეთს ორბანის პოლიტიკის გამო დაუბლოკეს.

მადიარის გამარჯვებას ზეიმობენ ევროკავშირში.

„დღეს ევროპა უნგრელია. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. უფრო ერთიანები. უნგრელ ხალხს - თქვენ ეს კიდევ ერთხელ შეძელით. თქვენი სიტყვა თქვით. თქვენ აირჩიეთ ევროპა. ეს ფუნდამენტური თავისუფლებების გამარჯვებაა“, - დაწერა ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 13 აპრილს. გადატვირთვისა და პრობლემების დაძლევის იმედით, მადიართან თანამშრომლობა ეჩქარებათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებსაც.

“ქართული ოცნების” ყოფილ მტკიცე მოკავშირეს - ორბანის ხელისუფლებას პეტერ მადიარი გასამართლებას უპირებს - კორუფციისთვის თუ წარსულში ჩადენილი ყველა კანონდარღვევისთვის. 13 აპრილს, 3-საათიან პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ გამოქვეყნდება ყველა ინფორმაცია და ყოფილ მთავრობას დოკუმენტების განადგურება არ უშველით.

ჩეხი პოლიტიკური ანალიტიკოსი, პაველ ჰავლიჩეკი რადიო თავისუფლებასთან ვარაუდობს, რომ უნგრეთში ბევრი გამოძიება დაიწყება და ხალხს დააპატიმრებენ; "ასევე სავსებით წარმომიდგენია მისთვის, რომ სიიარტომ [ორბანის საგარეო საქმეთა მინისტრი] ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანა დატოვოს და მოსკოვში გაიქცეს”, - ამბობს ის. ასახელებს სხვა შესაძლო მარშრუტებსაც ბელარუსისკენ ან სპარსეთის ყურის რომელიმე სახელმწიფოსკენ.

პეტერ მადიარმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი მმართველობის პირობებში ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია" (CPAC), რომელშიც, ორბანის მიწვევით, მუდმივად მონაწილეობდნენ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრები.

2023 წლის CPAC-ზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად ფულის გათეთრებისთვის 5 წლით დაჭერილი ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლა და სიტყვით გამოსვლა “ქართულ ოცნებას” „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ (PES)] ოჯახის დატოვებად დაუჯდა. მაშინ პრემიერმა არ გაითვალისწინა PES-ის გაფრთხილება არ მიეღო მონაწილეობა კონფერენციაში „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა“, რომელიც ჰომოფობიური მესიჯებით გამოირჩეოდა.

PES-მა განაცხადა, რომ გადახედავდა პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ საკითხს; თუმცა „ოცნებამ“ ევროპელ პარტნიორებს დაასწრო და გაერთიანებას გამოეთიშა.

2026 წლის მარტში, უნგრეთის არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, სწორედ ამ კონფერენციის ტრიბუნიდან, ორბანს ღიად და დაუფარავად დაუჭირა მხარი ირაკლი კობახიძემ:

„ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არა მარტო უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე”.

კობახიძემ ასევე თქვა, რომ, “ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ” ორბანის გაბედული ბრძოლის გარეშე, “საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა”.

  • „უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს“, - ესეც ირაკლი კობახიძის სიტყვებია CPAC-ის 2024 წლის კონფერენციაზე გამოსვლიდან.
  • თბილისი ორბანის სულ უფრო მკაფიო თანამოაზრე გახდა, მათ შორის ბრიუსელის წინააღმდეგ სიტყვიერ შეტევაში.


ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან ერთად წინანდლის მამულში
ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან ერთად წინანდლის მამულში

ვიქტორ ორბანს "ქართული ოცნება" განსაკუთრებით ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაუახლოვდა. მათ “მონათესავე სულებსაც” კი უწოდებდნენ.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG