Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას განიხილავენ პირველი შეხვედრის დროს ბლინკენი და ლავროვი?


20 მაისს საერთაშორისო ყურადღება მიმართული იქნება რეიკიავიკისკენ, სადაც არქტიკული საბჭოს ფარგლებში აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი, პირველად შეხვდებიან ერთმანეთს „ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკვანძო საკითხების“ გარშემო სასაუბროდ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ბლინკენ-ლავროვის შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას, იმსჯელონ ორ ქვეყანას შორის „უფრო პროგნოზირებადი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე“.

ზესახელმწიფოსთან სტაბილური ურთიერთობა სურს რუსეთსაც. ორი დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარში სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვსაც სურს მიაღწიოს ვაშინგტონთან დაბალანსებულ ურთიერთობას, რაც შესაძლებელია, თუ აშშ სიტყვიდან საქმეზე გადავა.

„მათ გადაწყვიტეს, რომ უნდა გამოვიდნენ რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის მხარდაჭერით, მაგრამ თუ ეს ნიშნავს სტაბილურად პროგნოზირებად სანქციებს, მაშინ ეს, ალბათ, ვერ იქნება ის, რაც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

უთანხმოება არქტიკის გარშემო

რაკი ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის პირველი შეხვედრა „არქტიკული საბჭოს“ მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართება, მოსალოდნელია, რომ აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების მოლაპარაკებაში დიდ ადგილს დაიკავებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არქტიკის უსაფრთხოება რუსეთის მიერ არქტიკაში სამხედრო პოზიციების სულ უფრო და უფრო გაძლიერების ფონზე.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ არქტიკაში სამხედრო ხასიათის საქმიანობის გააქტიურებით, რაც ზრდის ინციდენტების ალბათობას... და ძირს უთხრის საერთო მიზანს რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის თაობაზე“, განაცხადა ბლინკენმა 18 მაისს რეიკიავიკში, სადაც ოთხშაბათს რვა ქვეყნის მონაწილეობით დაიწყებს მუშაობას ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა. „ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ რეგიონის მილიტარიზაცია“, დასძინა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ადრე აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობა არქტიკის რეგიონში ნაყოფიერად ვითარდებოდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაცია, დაკარგულთა მოძებნა-შველა და გარემოს დაბინძურების პრობლემის გადაწყვეტა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გააკრიტიკა რუსეთის უკანონო საზღვაო პრეტენზიები განსაკუთრებით ჩრდილოეთის ზღვის გზით უცხოეთის გემების გატარებაზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

რუსეთი, რომელიც როტაციის პრინციპით ორი წლით უხელმძღვანელებს „არქტიკულ საბჭოს“, უარყოფს არქტიკის მილიტარიზებას და, თავის მხრივ, ნატოს ადანაშაულებს აგრესიულ ზრახვებში.

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

„ვხედავთ მოთქმას იმის შესახებ, რომ რუსეთი ავითარებს სამხედრო აქტიურობას არქტიკაში. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორია, ჩვენი მიწა. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ აქტიკის სანაპირო იყოს უსაფრთხო. ყველაფერი, რასაც იქ რუსეთი აკეთებს, აბსოლუტურად კანონიერი და ლეგიტიმურია. როცა ნატო ცდილობს არქტიკაში თავისი „შემოჭრის“ გამართლებას, ეს უკვე ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. ჩვენ კითხვები გვიჩნდება ისეთი მეზობლების მიმართ, როგორიც არის ნორვეგია, რომელიც ყველანაირად ცდილობს გაამართლოს არქტიკაში ნატოს შემოსვლა. რეიკიავიკში არქტიკული შეხვედრის დროს ამაზე ჩვენ ღიად ვილაპარაკებთ,“ - განაცხადა 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა.

არქტიკის ათვისება რუსეთში არაერთ ასწლეულს ითვლის, დაწყებული ივანე მრისხანიდან, რომლის განკარგულებითაც დაიწყო გასასვლელის მოძებნა ე.წ. ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტზე. საბჭოთა კავშირის დროს არქტიკულ ზონაში აშენდა მსხვილი ქალაქები მურმანსკი და ნორილსკი, თავიანთი გაუყინავი პორტებითა და მსოფლიოში ცნობილი ნიკელის პროდუქციით.

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად რუსეთმა არქტიკაში დაკარგა პოზიციები. მკვეთრად შემცირდა მისი სამხედრო ბაზები, რომლებიც მანამდე პრაქტიკულად ყველა კუნუძლზე იყო მოფენილი. შემცირდა ასევე პოლარული სადგურების რაოდენობა, მაგრამ ბოლო ხანს რუსეთში კვლავ გაიზარდა ინტერესი არქტიკისადმი იქ არსებული ამოუწურავი ბუნებრივი სიმდიდრის გამო. არქტიკული შელფი მდიდარია ნახშირწყალბადის მარაგებით, ხოლი მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვება ყველა ქიმიური ელემენტი, რაც კი „მენდელეევის ცხრილშია“..

ორი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდება არქტიკაში ახალი ნავსადგურებისა და სხვა ობიექტების აშენებით, ყინულმჭრელთა ფლოტის გაზრდით, რის ფონსაც ქმნის რეგიონში ბუნებრივი რესურსებისათვის კონკურენციის გააქტიურება.

იმავე წელს აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის შეიარაღების საკითხების კომიტეტმა პენტაგონს დაავალა გამოძებნოს ადგილები არქტიკაში ერთი ან რამდენიმე ახალი სტრატეგიული პორტის მშენებლობისთვის. ეს ნაბიჯი, აცხადებდნენ სენატორები, პასუხი იქნება რეგიონში რუსეთის მზარდ სამხედრო ყოფნაზე.

არქტიკული საბჭო - სამთავრობათაშორისო ფორუმი - 1996 წლის 19 სექტემბერს დაარსდა ოტავაში (კანადა) 8 არქტიკული სახელმწიფოს - აშშ-ის, დანიის, ისლანდიის, კანადის, ნორვეგიის, რუსეთის, ფინეთისა და შვედეთის მიერ. ამ საბჭოს ამჟამად, როტაციის წესით, ისლანდია ხელმძღვანელობს და ამ როლს ორი წლით, როგორც ზემოთ ითქვა, რუსეთი ჩაიბარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, მიიჩნევს, რომ არქტიკაში სამხედრო ხასიათის რისკების შესამცირებლად ორგანიზაციის წევრები უნდა დაუბრუნდნენ წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსთა რეგულარულ შეხვედრას, რომელიც 7 წელია აღარ გამართულა.

არქტიკული საბჭოდან ივნისის სამიტამდე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ბლინკენ-ლავროვის რეიკიავიკის შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას განიხილონ ორ ქვეყანას შორის „უფრო პროგნოზირებადი ურთიერთობის ჩამოყალიბება“. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნმა, რომელიც ბლინკენს ტურნეში ახლავს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიაღწია პროგრესს რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ შეთანხმების, New START-ის (რუსულად СНВ-3), გაგრძელების შესახებ.

„ჩვენ შევძელით ერთბაშად ხუთი წლით გაგვეგრძელებინა მნიშვნელოვანი ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების (СНВ-3) შესახებ, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი იქცეოდა აგრესიულად და მიმართავდა ბოროტად განზრახულ ძალისხმევას, რისთვისაც, როგორც პრეზიდენტმა (ბაიდენმა) თქვა, იგი ფასს გადაიხდის“, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის საგარეო უწყების ანონიმმა მაღალჩინოსანმა.

მაგრამ ვაშინგტონი აწყდება დაბრკოლებებს სხვა საკითხებში.

ბოლო ხანს აშშ-სა და რუსეთს შორის უთანხმოება მოჰყვა კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლისა და შემდეგ მისი დაპატიმრების, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალის გაზრდისა და აშშ-ის უმსხვილეს საწვავის მილსადენზე სავარაუდო რუსი ჰაკერების მიერ მოწყობილი თავდასხმის გამო.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაშ აშშ-მა რამდენჯერმე დაუწესა სანქციები რუსეთს. სულ ბოლოს, 15 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინაღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე.

15 აპრილს აშშ-მა რუსეთის 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო.

ბაიდენის თანახმად, სანქციები პასუხია რუსეთის მიერ უკვე ჩადენილ ქმედებებზე, რადგან აშშ არავის მისცემს არჩევნებსა და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის უფლებას.

ვაშინგტონის პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 16 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთი გააძევებს ათ ამერიკელ დიპლომატს.

სამშაბათს რეიკიავიკში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მისცა შეფასება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობაში არსებულ რთულ პერიოდს და მკაცრად გააფრთხილა მოსკოვი შემდგომი აგრესიული ქმედების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთი განახორციელებს უპასუხისმგებლო და აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ინტერესების, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესების წინააღმდეგ, ამას ჩვენ უპასუხოდ არ დავტოვებთ - არა კონფლიქტისა და ესკალაციის გაღვივების მიზნით, არამედ, უბრალოდ, იმისთვის, რომ ამგვარი ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი“, - განაცხადა რეიკიავიკში ენტონი ბლინკენმა.

ერთი კვირის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, იგივე უთხრა სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, როდესაც დაადასტურა პრეზიდენტ ბაიდენის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ გადაჭრით დაიცავს აშშ-ის მოქალაქეებისა და აშშ-ის ინტერესებს რუსეთის იმ ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს აშშ-ს ან მის მოკავშირეებს.

რადიო სადგურ „ამერიკის ხმის“ თანახმად, რეიკიავიკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 20 მაისის შეხვედრამ საფუძველი უნდა ჩაუყაროს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველ შეხვედრას, რომლის ზუსტი ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია.

რუსული წყროების თანახმად, ბაიდენ-პუტინის შეხვედრა ივნისში შესაძლოა შვეიცარიაში გაიმართოს.

თუმცა აშშ-ისა და რუსეთის სამიტის ადგილად ასევე სახელდება ვენა და რეიკიავიკი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG