Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს ავღანეთის ორი პარალელური სამშვიდობო პროცესი?


ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი (ცენტრში) მოსკოვში ჩადის "შიდა ავღანურ" მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.
ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი (ცენტრში) მოსკოვში ჩადის "შიდა ავღანურ" მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.

აშშ და რუსეთი მხარს უჭერენ თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ორ სხვადასხვა პროცესს, რომლებიც ავღანეთში ომის დასრულებისკენაა მიმართული. რატომ ორი პროცესი და რას ნიშნავს ეს ავღანეთისთვის?

მაშინ, როცა სულ უფრო რეალური ხდება ავღანეთში ომის დასრულება მოლაპარაკებების შედეგად, თალიბებთან სამშვიდობო პროცესი შეიძლება გზას ასცდეს ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი დღის წესრიგების გამო.

დიდი ხნის მეტოქეები, რუსეთი და აშშ, მხარს უჭერენ სხვადასხვა მოლაპარაკებებს სხვადასხვა მონაწილეებით, რაც კიდევ უფრო ართულებს ისედაც რთულ პროცესს.

თალიბანი ჯერ გასულ კვირაში ყატარში ამერიკელებთან ერთად მიუჯდა მოლაპარაკებების მაგიდას. რამდენიმე დღის შემდეგ კი მოსკოვში შეხვდა გავლენიან ავღანურ დელეგაციას ე.წ. „შიდა ავღანურ“ მოლაპარაკებებზე.

რას ნიშნავს მოლაპარაკებების ორი ერთდროული პროცესი?

21-26 იანვარს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა პირდაპირი მოლაპარაკებების სერია სამშვიდობო პროცესში აშშ-ის წარმომადგენელს, ზალმან ხალილზადსა და თალიბების წარმომადგენლებს შორის, რის კულმინაციაც იყო შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ძირითად ჩარჩო პირობებზე მოლაპარაკება.

ამასობაში მოსკოვმა მოაწყო ორი სამშვიდობო კონფერენცია, - უკანასკნელი მათგანი 5-6 თებერვალს, - რომლებშიც მონაწილეობდნენ ავღანეთის მეზობლები, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და თალიბების იგივე წარმომადგენლები, რომლებიც ამერიკელებს შეხვდნენ დოჰაში.

ორივე პროცესი მიმდინარეობს ავღანეთის მთავრობის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან თალიბანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოფიციალურ ქაბულთან პირდაპირ შეხვედრებს. მათი აზრით, ავღანეთის ხელისუფლება არის დასავლეთის მარიონეტი და ისინი პირდაპირ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს ამჯობინებენ.

ანალიტიკოსთა აზრით, მოსკოვი ცდილობს თავი წარმოაჩინოს სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვან მედიატორად, რათა კონკურენცია გაუწიოს სამშვიდობო პროცესს, რომელსაც აშშ უჭერს მხარს.

როგორც Afghanistan Analysts Network-ის თანადირექტორი თომას რუტიგი ამბობს, რუსული სამშვიდობო პროცესის მთავარი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატებია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ ცდილობს „მონოპოლიზაცია“ უყოს თალიბანთან სამშვიდობო პროცესს და საიდუმლოდ აწარმოებს მოლაპარაკებებს რეგიონის ქვეყნებთან.

ქაბულში მცხოვრები პოლიტიკური მიმომხილველის, ჰარუნ მირის თქმით, თალიბანის სტრატეგია სწორედ ორი პარალელური მოლაპარაკებების წარმოებას გულისხმობს.

„თალიბანი მოითხოვდა ჯერ მოლაპარაკებების წარმოებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შემდეგ, ავღანეთის მთავრობის გვერდის ავლით, დიალოგის დაწყებას ავღანეთის სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. ჯერჯერობით ისინი წარმატებით ახერხებენ, გახლიჩონ ავღანეთის პოლიტიკური ელიტა, რომელიც მხარს უჭერდა კონსტიტუციურ პროცესს უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში.“

რა შედეგი მოჰყვება ორ პარალელურ პროცესს?

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მთავარი შედეგია ავღანეთის შიგნით დაპირისპირების გაღრმავება პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობასა და მძლავრი ოპოზიციური ძალების ლაშქარს შორის, რომელშიც შედის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი.

იმათ შორის, ვინც დაესწრო მოსკოვის შეხვედრას, იყვნენ მნიშვნელოვანი მედიატორები, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში მეტოქეობას გაუწევენ ღანის.

რუტიგის თქმით, ის, რომ მოსკოვმა არ მიიწვია ავღანეთის მთავრობა, ქაბულისთვის შეურაცხმყოფელი ნაბიჯი იყო და აშკარაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთი მხარედ გამოდის.

„გაერთიანებული ‘ქაბულის ბანაკი’ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს შეიძლება ილუზიაა,“ ამბობს რუტიგი. „მაგრამ [ერთიანობა] აშკარად არ არის ის, რაც რუსეთს სურს. პირიქით, ესაა გაყოფა და ჩარევა.“

როგორც იტყობინებიან, ღანი განრისხებულია იმის გამო, რომ მისი მთავრობა არ მიიწვიეს არც აშშ-ის და არც რუსეთის მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებებში.

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი.
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი.

პრეზიდენტის ოფისმა გააკრიტიკა მოსკოვის შეხვედრა და განაცხადა, რომ მოსკოვში პოლიტიკოსები იმისთვის შეიკრიბნენ, რათა „ძალაუფლება მოიპოვონ“. ამასობაში ქაბულში შიშობენ, რომ ვაშინგტონმა შეიძლება მის ზურგსუკან მიაღწიოს თალიბანთან შეთანხმებას.

ანალიტიკოსი ჰარუნ მირი ამბობს, რომ ქაბულის მთავრობის განზე დატოვებით თალიბანს სურს „ავღანეთის მთავრობის ლეგიტიმურობა მინიმუმამდე შეამციროს და, ამგვარად, გააძლიეროს საკუთარი პოზიცია აშშ-სთან მოლაპარაკებებში და მაქსიმალურ მოგებას მიაღწიოს.“

ვინ არიან სავარაუდო გამარჯვებულები და დამარცხებულები?

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსის, გრემი სმითის თქმით, ჯერჯერობით არ არიან მოგებულები და წაგებულები.

„თუკი ამ მოლაპარაკებებიდან იშვება შიდა ავღანური ინკლუზიური პროცესი, ავღანელმა ხალხმა საბოლოოდ შეიძლება შვება იგრძნოს მსოფლიოს ყველაზე სისხლიანი ომიდან,“ ამბობს სმითი. „თუკი მოლაპარაკებებში ვერ მოხერხდება ყველა მხარის ჩართვა და ვერ იქნება მიღწეული მყარი მშვიდობა, ხალხი შეიძლება ახალ სამოქალაქო ომში აღმოჩნდეს.“

ყველაზე წაგებულად ჯერჯერობით ალბათ ავღანეთის სუსტი, ძალიან არაპოპულარული მთავრობა უნდა გრძნობდეს თავს.

მირი ფიქრობს, რომ დამარცხდება არა მხოლოდ მთავრობა, არამედ „ყველა, ვინც იცავდა კონსტიტუციურ პროცესს უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში.“

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოლაპარაკებებმა რუსეთს საშუალება მისცა, სული შთაბეროს აზრს მოსკოვის გლობალური მნიშვნელობის შესახებ და, ამავე დროს, დარტყმა მიაყენოს დასავლეთის გავლენას.

რუტიგის თქმით, მოსკოვის როლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის „სტრატეგიულ თამაშში დაბრუნდა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG