Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი მოხალისეები და ინსტრუქტორები - ვინ უჭერს მხარს რეკრუტირებას უკრაინაში?


„ქართული ლეგიონი“ უკრაინაში
„ქართული ლეგიონი“ უკრაინაში

ვიდრე დაძაბულობა და რუსეთის მორიგი ინტერვენციის საფრთხე იზრდებოდა, უკრაინას დასაცავად არაერთი ქვეყნის მოქალაქემ მიაშურა. 

მოხალისეები სხვადასხვა პროგრამაში გადაანაწილეს, სადაც უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, ან თავად ასწავლიან და ან გამოცდილ, ასევე მოხალისე ინსტრუქტორებთან ერთად პირველადი სამედიცინო დახმარების, სამოქალაქო თავდაცვისა და საცეცხლე მომზადების საფუძვლებს გადიან.

ერთ-ერთ ასეთ პროგრამას „ქართული ლეგიონი“ უძღვება, მოხალისეთა ქვედანაყოფი, რომლის ზურგს უკანაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გატარებული 7 წელია.

„ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, მექსიკიდან... პარალელურად მიმდინარეობს ამ ჩამოსული ჯგუფების წვრთნები. სამხედროების გარდა, მიმდინარეობს ასევე მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფების წვრთნა. მთლიანობაში მოგვამაგრეს დაახლოებით 3000 კაცი, და სწორედ ამ ჯგუფებს გავრწვნით და, ესკალაციის შემთხვევაში ჩვენ ვუხელმძღვანელებთ“, - უთხრა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

მოხალისეთა ქვედანაყოფი „ქართული ლეგიონი“
please wait

No media source currently available

0:00 0:01:17 0:00
  • რა ამოძრავებთ უკრაინის დასაცავად ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნებიდან ჩასულ მოხალისეებს?
  • რამდენად ან როგორ ზრუნავს მათზე უკრაინის ხელისუფლება?
  • რას ფიქრობენ უკრაინის დასაცავად ჩასული მოხალისეები იმაზე, რომ ასეთი ნაბიჯის გამო ისინი რუსეთის სამიზნეები ხდებიან?

ამ და სხვა შეკითხვებზე რადიო თავისუფლება ესაუბრა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ საწვრთნელ ბაზაზე მყოფ სამ მოხალისეს, რომელთაგან მხოლოდ ერთმა, ალბანელმა ინსტუქტორმა, პარამედიკოსმა, ემანუელ ბაზანმა, არ დამალა სახელი და გვარი. სხვების ვინაობას, მათივე თხოვნით, არ გავამჟღავნებთ. მოხალისეებს პრაღიდან ტელეფონით ვესაუბრეთ.

„გვამოძრავებს სურვილი, წინ აღვუდგეთ რუსეთს“

როგორც სამხედრო გამოცდილების მქონე, პარამედიკოსი, ემანუელ ბაზანი ბევრჯერ არის ნამყოფი მოხალისედ აღმოსავლეთი უკრაინის ფრონტის ხაზზე, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად კვლავ იღუპებიან და იჭრებიან უკრაინელი ჯარისკაცები თუ მშვიდობიანი მოსახლეობა.

გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი დევნილად იქცა.

„ფრონტის ხაზზე განსხვავებული დღეებია. ზოგჯერ მისიის შესრულება შეუძლებელია, ზოგჯერ კი ეს იოლია. ყველაფერი დამოკიდებულია პოზიციაზე, იმაზე, შორსმსროლელ არტილერიას იყენებს მოწინააღმდეგე თუ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის“, - ამბობს ემანუელ ბაზანი.

„ომის ველზე დაჭრილების ევაკუაცია მეტწილად სწორედ პარამედიკოსების მოვალეობაა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ შევუნარჩუნოთ დაჭრილ მებრძოლებს სიცოცხლე და გავგზავნოთ ისინი ჰოსპიტლებსა თუ ევაკუაციის ცენტრებში. თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაიწყება, მე, რა თქმა უნდა, ფრონტის ხაზზე ვიქნები, ისევე როგორც ბევრი პარამედიკოსი“.

ალბანეთი შორსაა უკრაინიდან, ამ სახელმწიფოებს არ აქვთ საერთო საზღვარი და არც კულტურული, თუ რელიგიური კავშირები. რამ გადააწყვეტინა ემანუილ ბაზანს წასულიყო მოხალისედ უკრაინაში, სადაც რუსეთის მასშტაბური ინტერვენცია ყოველდღიური საფრთხეა?

„კარგი კითხვაა. დიახ, ფიზიკურად ალბანეთსა და უკრაინას არ აქვთ საზღვარი, ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით არიან დაშორებული. ისევე, როგორც საქართველოს, რომელსაც უკრაინისგან თითქმის იგივე მანძილი აშორებს. მაგრამ საქართველოს აქვს საზღვარი რუსეთთან, ხოლო ალბანეთს - სერბეთთან და ყოფილი იუგოსლავიის სხვა რესპუბლიკებთან, რომლებიც რუსეთის გავლენას კვლავაც განიცდიან... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს არ აქვთ საერთო საზღვარი უკრაინასთან, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ერთმანეთის თავისუფლებისთვის და არ დავუშვათ, რომ რუსეთმა ჩაკლას ეს თავისუფლება. ამიტომ დისტანციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც რუსეთი ათასობით კილომეტრის სიშორეზე გზავნის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლითაც შეუძლია გაანადგუროს შენი ქვეყანა. ამიტომ მეც და ყველა სხვა ეროვნების წარმომადგენელს, რომლებიც უკრაინაში ჩამოდიან და „ლეგიონის“ [ქართული ლეგიონის] ნაწილი ხდებიან, გვამოძრავებს თავისუფლების სიყვარული და სურვილი, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთს“, - ამბობს ალბანელი ემანუელ ბაზანი.

„რუსეთიდან მომდინარე საფრთხე მაღელვებს“

„ქართული ლეგიონის“ ბაზაზე მიმდინარე რეკრუტირების პროგრამაში მონაწილე ინსტრუქტორებს შორისაა კიდევ ერთი პარამედიკოსი დიდი ბრიტანეთიდან. ემანუელ ბაზანისგან განსხვავებით, მან ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. როგორც გამოცდილ საველე მედიკოსს, მას ბევრი მებრძოლი იცნობს ფრონტის ხაზზე.

„ჩემი ამოცანაა, დავეხმარო „ლეგიონის“ მებრძოლებსა და სხვადასხვა სამოქალაქო პირს გარკვეული საველე სამედიცინო გამოცდილების შეძენაში, იმ შემთხვევაში, თუ ვითარება გართულდა და საქმე საომარ დაპირისპირებამდე მივიდა. უკრაინაში ჩამოსვლამდე ახლო აღმოსავლეთში ვიყავი მივლინებული როგორც სამხედრო ინსტრუქტორი და ჩემს ბიოგრაფიაშია ასევე ბრიტანეთის არმიაში გატარებული რამდენიმე წელი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბრიტანელი მოხალისე, რომელიც რუსეთის შეჭრის შემთხვევაში თავის თავს ფრონტის ხაზზე ხედავს.

შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს იმ საფრთხეზე, რაც უკრაინაში მოხალისედ წასულ ყველა უცხოელს, როგორც "რუსეთის მტერს", შეიძლება დაემუქროს რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან, - ბრიტანელი მოხალისე ამბობს, რომ ამას დიდად არ განიცდის.

„რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად მაღელვებს, მაგრამ მე ამას ბევრს ვერაფერს მოვუხერხებ. რადგან თავში მიტრიალებს ფიქრი იმ საქმეზე, რაც ჩემი გასაკეთებელია და რომელსაც ვემსახურები“, - ამბობს ბრიტანელი მოხალისე.

„ქართულ ლეგიონს“ სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა ინდოეთის მოქალაქე აკრომი, რომელიც ასევე მონაწილეობს რეკრუტების მომზადების პროგრამაში. იგი ამბობს, რომ თანამებრძოლებში იპოვა ახალი ოჯახი, რომელთან ერთადაც მზად არის ნამდვილ ომში მონაწილეობისთვისაც.

„სამხედრო საქმე ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ ვერ მოვხვდი ინდოეთის არმიაში ჩემი სიმაღლისა და სხვა სამედიცინო შეზღუდვების გამო. ამის შემდეგ აქ, უკრაინაში ჩამოვედი და მოხალისედ ჩავეწერე“, - ამბობს „ქართული ლეგიონის“ ინდოელი მოხალისე.

„ჩვენი ძმობა ომში იშვა და გაიზარდა“

„ქართული ლეგიონის“ უცხოელი მოხალისეები ხშირად უწოდებენ ერთმანეთს ძმებს, ხოლო ბაზას, სადაც ისინი ერთად არიან მოსალოდნელი ომის სამზადისში - ოჯახს.

„მე არ ვუწოდებ მათ მეგობრებს, მე მათ ვეძახი ძმებს. ეს არ არის სამხედრო სამსახური, სადაც 8-საათიანი სამუშაო დღის შემდეგ სახლში მიდიხარ. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული. მამუკადან დაწყებული, და მასზე რანგით უფრო ქვემოთ მდგარ მრავალ ჯარისკაცს საბრძოლო გამოცდილება მიღებული აქვს ავღანეთში, კოსოვოში, აფხაზეთში, საქართველო-რუსეთის ბოლო ომში, ბოსნიასა და სხვა ცხელ წერტილებში. ჩვენი ძმობა ომში დაიბადა და გაიზარდა. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ, სინამდვილეში მე მათ გამოცდილებაში ეჭვი არ მეპარება. როდესაც აქ ჩამოვედი, მათგან ბევრი რამ ვისწავლე, ისეთი ცოდნა შევიძინე, რასაც სხვაგან ვერ შევიძენდი“, - ამბობს ალბანელი მოხალისე, ემანუელ ბაზანი.

მისი და მისი მეგობრების ასეთი პათოსი შესაძლოა გადაჭარბებულად ან მათი მეთაურების საამებლად ნათქვამ სიტყვებად ჟღერდეს, მაგრამ უკრაინაში მყოფი მოხალისეები არ მალავენ არც პრობლემებს და არც იმას, რომ შესაძლოა ვეღარც კი მოახერხონ უკან, სამშობლოში დაბრუნება.

„მე მაქვს პრობლემა საკუთარ სამშობლოში“

საქმე ისაა, რომ ბევრი ქვეყანა საკანონმდებლო შეზღუდვებს აწესებს იმ მოხალისეებისთვის, რომლებიც უცხოეთის ტერიტორიაზე მიდიან სამხედრო ამოცანის შესასრულებლად, თუნდაც ეს არ უკავშირდებოდეს ანაზღაურებას ან სხვა მატერიალური ჯილდოს მიღებას.

„ყველას არა, მაგრამ ზოგიერთ მებრძოლს თავიანთ სამშობლოში ამის გამო მართლაც შეექმნათ პრობლემა. ამიტომ რამდენადაც მე ვიცი, ბევრ მოხალისეს, რომელიც აქ ჩამოვიდა საწვრთნელი პროგრამის გასავლელად, არ სურს უკან დაბრუნება. პირადად მე რაც შემეხება, დიახ, ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას არ მოსწონს, რომ აქ ვარ... ქართველებსაც აქვთ იგივე პრობლემა, როგორც მე მაქვს საკუთარ სამშობლოში, სადაც დაიწყეს გამოძიება და გამუდმებით რაღაცას მითვლიან. მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ახალი ცხოვრება დავიწყო და დავიცვა უკრაინის თავისუფლება...“, - ამბობს ემანუელ ბაზანი.

უკრაინელების დიდი ნაწილი პატივს სცემს უცხოელ მოხალისეებს. მაგრამ გრძნობენ თუ არა უცხოელები იგივეს უკრაინის ხელისუფლებისგან?

„მე რამდენადაც ვიცი, ერთადერთი, რითაც უკრაინის ხელისუფლება ჩვენზე ზრუნვას ამჟღავნებს, ეს არის მათ მიერ გადმოცემული მედლები. რაც ასევე არის ჩვენი საქმიანობის აღიარება. ჩვენ თავიდან ბოლომდე მოხალისეები ვართ, რაც ნიშნავს, რომ ამას ვაკეთებთ არა იმისთვის, რომ ამ ომში მივიღოთ ფული ან სხვა რაიმე მატერიალური სიკეთე, რადგან ასეთ შემთხვევაში დავკარგავდით საკუთარ მიზანს“, - ამბობს ბაზანი.

2014 წლიდან, საკუთარი მოქალაქეების გარდა, უკრაინას რუსეთის აგრესიისგან სხვა ქვეყნებიდან მოხალისეებად წასული ყოფილი პროფესიონალი სამხედროები იცავენ. მათ შორისაა „ქართული ლეგიონიც“, რომელმაც წლების განმავლობაში უკრაინის დაცვისთვის ბრძოლებში რამდენიმე წევრიც დაკარგა.

„უკრაინის ხელისუფლების დახმარება არ გვაქვს“

რეკრუტირების იმ პროგრამაში, რომლის ნაწილია „ქართული ლეგიონი“, უკრაინის ხელისუფლება არ არის ჩართული - პროგრამას მხარს ცალკეული სამოქალაქო პირები და ორგანიზაციები უჭერენ.

მამუკა მამულაშვილი
მამუკა მამულაშვილი

„უკრაინის ხელისუფლების დახმარება არ გვაქვს და სიმართლე ითქვას, არც არასდროს გვქონია. თუმცა სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და სახელმწიფოს პრეროგატივა უნდა იყოს ის, რომ პროფესიონალების ეს მასა არ დაიკარგოს. სამწუხაროდ, ამ მასას ამდენი წელია მე ვაგროვებ და ვახმარ უკრაინას. ეს ადამიანები, რომლებსაც უკრაინაში მოხალისეებად ჩამოსვლა და ქვეყნის გვერდში დადგომა სურთ, ამაში ისინი პრაქტიკულად კაპიკსაც არ იღებენ. ანუ ისინი აქ იდეოლოგიური მოსაზრებებით არიან ჩამოსულები. და აქედან გამომდინარე სწორედ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი ლოგისტიკა“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი, „ქართული ლეგიონის“ მეთაური.

რეკრუტირების პროცესი სხვადასხვა ორგანიზაციისა და კერძო პირების მხარდაჭერით გრძელდება. ბოლო დღეევში შეფერხება იმან გამოიწვია, რომ უცხოელმა მოხალისე ინსტრუქტორებმა, მათ შორის საქართველოს 15-მა მოქალაქემ, მამულაშვილის სიტყვებით, ვერ შეძლო უკრაინაში ჩასვლა მრავალი საერთაშორისო რეისის გაურკვეველი ვადით გადადების გამო.

„დღეს მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს 30 ორგანიზაციასთან, რომელთა წევრთა საერთო რაოდენობა 100 000 კაცია... ჩვენ მათთვის ასეთი მარტივი კურსები გვაქვს. ეს მოიცავს ძირითადად გაცნობას იარაღთან და მის დეტალებთან, რათა სამოქალაქო პირებს ჰქონდეთ ცოდნა, თუ რას წარმოადგენს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. შევასწავლით ელემენტარულ წესებს, თუ როგორ და სად შეიძლება შეაფარონ თავი ავიადარტყმებს და საარტილერიო იერიშებს, რომ ნაკლები მსხვერპლი იყოს. ასევე გვექნება ფსიქოლოგიური ტრენინგები, რომ არ იყოს ის ერთგვარი დაბნეულობა, რაც ასეთ დროს არსებობს“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

მისივე ინფორმაციით, 16 თებერვალს კიევის მერის ინიციატივით ჩატარდება უკრაინის დედაქალაქის ტერიტორიული თავდაცვის რაზმების საერთო შეკრება, რომელშიც სხვადასხვა გასამხედროებული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად „ქართული ლეგიონის“ ინსტრუქტორებიც არიან დაპატიჟებული.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
„ამ დღეს ჩვენ გამოვფენთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახვებთ“, - ნათქვამია ზელენსკის მიმართვაში.
წინა დღით ზოგიერთმა დასავლურმა საინფორმაციო საშუალებამ, მათ შორის, გერმანულმა „შპიგელმა“, 16 თებერვალი დაასახელა რუსეთის უკრაინაზე სავარაუდო თავდასხმის თარიღად.
შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ კვირაში სავარაუდოა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ამავე დროს, ჯერ კიდევ არ არსებობს მყარი რწმენა, რომ რუსეთი ნამდვილად გადაწყვეტს თავდასხმას.
დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ დიპლომატიის რესურსები ჯერ არ ამოწურულა. რუსეთი შეჭრის გეგმებს უარყოფს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ორშაბათს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს მასშტაბური წვრთნები, რომელთა უმრავლესობა მალე დასრულდება.
რუსეთმა განაცხადა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ ჯარები მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG