Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კაცს ცოლის გარდა სხვა ქალები სჭირდება?“ - რას ფიქრობენ საჯარო უწყებებში გენდერულ საკითხებზე?


კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საჯარო სტრუქტურებში კაცების 58% და ქალების თითქმის ნახევარი (44%) მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა საქართველოში უკვე თითქმის მიღწეულია, არადა, მხოლოდ ბოლო ორ თვეში გენდერული ნიშნით სამი ქალი მოკლეს (საილუსტრაციო ფოტო)
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საჯარო სტრუქტურებში კაცების 58% და ქალების თითქმის ნახევარი (44%) მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა საქართველოში უკვე თითქმის მიღწეულია, არადა, მხოლოდ ბოლო ორ თვეში გენდერული ნიშნით სამი ქალი მოკლეს (საილუსტრაციო ფოტო)

„ქალები, რომლებიც თან პრეზერვატივებს ატარებენ, ადვილად მისაწვდომები არიან?“, „ქალმა ქმარს სექსზე უარი უნდა უთხრას?“... რას ფიქრობენ ადამიანის უფლებებსა და გენდერულ საკითხებზე უშუალოდ სამინისტროებსა თუ მათ ქვესტრუქტურებში?

გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP) 1162 საჯარო მოხელე გამოკითხა. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტები ყველაზე დაუცველ ჯგუფებად მიიჩნევენ ლგბტქ+ თემს (45%), ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაოზე დასაქმებულებს (44%) და მარტოხელა დედებს (32%).

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საჯარო სტრუქტურებში კაცების 58% და ქალების თითქმის ნახევარი (44%) მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა საქართველოში უკვე თითქმის მიღწეულია, არადა, მხოლოდ ბოლო ორ თვეში გენდერული ნიშნით სამი ქალი მოკლეს.

კვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა:

  • კაცების 30% და ქალების 16% მიიჩნევს, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები.
  • ქალების 66%-ისა და კაცების 43%-ის აზრით, ქალებს, კაცებთან შედარებით, მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ კარიერული წინსვლისთვის.
  • კაცების მხოლოდ 36%, ხოლო ქალების 83% მიიჩნევს, რომ მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის.
  • ათიდან ოთხი გამოკითხული (41%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საქართველოში შშმ პირთა დისკრიმინაცია გავრცელებული პრობლემაა“.
  • 56% ფიქრობს, რომ ყოვლისმომცველი განათლება სექსუალობის შესახებ სასკოლო პროგრამის ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ამ იდეას თბილისში მცხოვრებ რესპონდენტთა 87% ეთანხმება.

საჯარო მოხელეებს თავიანთი სამსახური მოსწონთ

გამოკითხულები თავიანთი სამსახურებით (პირობები, ხელფასი…) კმაყოფილები არიან, თუმცა უფრო კაცები.

გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტმა აღნიშნა, რომ მას ოჯახი ხელს უწყობს კარიერულ წინსვლაში. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხელშეწყობაში ქალი და კაცი სხვადასხვა რამეს გულისხმობდნენ, მაგალითად, ქალისთვის ისიც ხელშეწყობაა, როცა ქმარი „არ გამოთქვამს პრეტენზიას დაულაგებელი სახლის ან გაუკეთებელი სადილის გამო“.

აქ საინტერესო ისაა, რომ კაცები დახმარებაში [კარიერულ წინსვლაში - რ.თ.] გულისხმობენ იმას, რომ ჩამოშორებულები არიან საოჯახო საქმეებს, მაშინ როცა ქალებს სხვა ქალი წევრები ეხმარებიან, მშობლები და ასე შემდეგ, - ამბობს გენდერის მკვლევარი ლიკა ჯალაღანია, - კიდევ ქალები ამბობდნენ, რომ მათთვის დახმარება და წახალისება ის არის, როდესაც ქმარი არ უშლის ხელს მუშაობაში. ანუ ხელს რომ არ უშლიან, ის მიაჩნდათ დახმარებად“.

რამდენად სტერეოტიპულად აზროვნებენ გენდერულ როლებთან დაკავშირებით საჯარო სექტორში დასაქმებულები? გამოკითხულები ეთანხმებიან, რომ:

  • საბოლოო სიტყვა ოჯახში გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კაცს უნდა ეკუთვნოდეს - ქალი 5.9%, კაცი 25.0%
  • კარგი ქალი არასდროს დააყენებს ქმრის აზრებსა და გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ, იმ შემთხვევაშიც, თუ არ ეთანხმება მას - ქალი 7.7%, კაცი 17.3%
  • კაცს სჭირდება სხვა ქალები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცოლთან კარგი ურთიერთობა აქვს - ქალი 4.2%, კაცი 11.0%
  • ქალია პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ დაორსულდეს - ქალი 11.6%, კაცი 12.8%
  • ქალები, რომლებიც თან პრეზერვატივებს ატარებენ, ადვილად მისაწვდომები არიან - ქალი 5.9%, კაცი 13.8%
  • მიუღებელია, რომ ქალმა ქმარს პრეზერვატივის გამოყენება სთხოვოს - ქალი 4.6%, კაცი 10.5%
  • ქალმა არ უნდა უთხრას ქმარს უარი სექსზე - ქალი 3.4%, კაცი 12.0%
  • მარტოხელობას ცუდ ქორწინებაში ყოფნა სჯობია - ქალი 5.6%, კაცი 9.7%
  • იმისათვის, რომ იყო კაცი, შენ გჭირდება, იყო ფიზიკურად ძლიერი - ქალი 15.1%, კაცი 20.2%

უფროსად ქალი სჯობს თუ კაცი?

აღმოჩნდა, რომ ქალებს ურჩევნიათ, მათი ხელმძღვანელი კაცი იყოს, რადგან კაცები ქალების მიმართ უფრო ლოიალურები არიან, უმნიშვნელო შეცდომებსაც ადვილად აპატიებენ და ოჯახურ პირობებსაც მეტად ითვალისწინებენ.

გარდა ამისა, კაცი ხელმძღვანელები თვითდაჯერებულობით გამოირჩევიან, მათ არ სჭირდებათ ამტკიცონ, რომ ნამდვილად შეეფერებიან დაკავებულ პოზიციას. ქალებს, პირიქით, საკუთარი კვალიფიციურობის მტკიცება უწევთ, ამიტომ, ხშირად მკაცრად რეაგირებენ დარღვევაზე და ისეთ დეტალებსაც უკირკიტებენ, რასაც კაცი ყურადღებას არ მიაქცევდა.

რაც შეეხება კაც საჯარო მოხელეებს, აღმოჩნდა, რომ უფროსის სქესს მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ადამიანი და საჯარო სექტორი

გაირკვა, რომ საჯარო მოხელეები ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებისას ძირითადად გახმაურებულ საქმეებს, პირად და ახლობელთა გამოცდილებას ეყრდნობიან. ნაკლებად ითვალისწინებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებს, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიღებულ ინფორმაციას - კიდევ უფრო ნაკლებად.

გამოკითხულთა 61.8% ვერ იხსენებს ბოლო 6 თვის მანძილზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს. დასახელებული დარღვევების ხუთეულში კი მოხვდა:

UNDP - მონაცემები კვლევიდან
UNDP - მონაცემები კვლევიდან

კიდევ უფრო მეტ რესპონდენტს (86.9%) გაუჭირდა დაესახელებინა იმავე პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის წარმატებული შემთხვევები.

რაც შეეხება ლგბტქ+ თემს, გამოკითხულები თანხმდებოდნენ, რომ მათი ჩაგვრა მიუღებელია. თუმცა, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, გამოკითხულთა დიდი ნაწილი არ იწონებს იმას, რომ მათ მსვლელობები მოაწყონ.

UNDP - მონაცემები კვლევიდან
UNDP - მონაცემები კვლევიდან

გამოკითხულები ასევე თანხმდებიან, რომ საჯარო სამსახურები და სხვა სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, გარემო - ადაპტირებული. თუმცა, ნაწილს მაინც აქვს გარკვეული უხერხულობა, როგორც შშმ პირების, ისე ლგბტ+ თემის მიმართ.

UNDP - მონაცემები კვლევიდან
UNDP - მონაცემები კვლევიდან

UNDP-ის პროექტის მენეჯერი ლელა აქიაშვილი ამბობს, რომ კვლევის ნაწილი იმეორებდა კითხვებს იმ კვლევიდან, რომელიც მანამდე მოსახლეობის დამოკიდებულებების გამოსავლენად ჩაატარეს.

„ამ ორ კვლევას თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ მოსახლეობისა და საჯარო პირების დამოკიდებულებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს“, - ამბობს ლელა აქიაშვილი.

მისი თქმით, კვლევა UNDP-საც და სახელმწიფო სტრუქტურებსაც შესაძლებლობას მისცემს, უკეთ დაგეგმონ პრობლემების გადაჭრის გზები.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG