Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის „პუტინის კონსტიტუცია“ რუსეთში?


ერთკვირიანი კენჭისყრა 1 ივლისს, 21:00 საათზე დასრულდება.
ერთკვირიანი კენჭისყრა 1 ივლისს, 21:00 საათზე დასრულდება.

სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო კენჭისყრის ერთკვირიანი კამპანიის მიწურულს, 30 ივნისს, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ესწრაფვის ქვეყნის სათავეში კიდევ ორი ვადით დარჩენას, საგანგებო სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა.

ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობას მოუწოდა გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ჩვენ ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ მკაფიო სამართლებრივ ნორმებად ჩამოყალიბებულ შესწორებებს, ჩვენ ხმას ვაძლევთ ქვეყანას, რომელშიც გვსურს ცხოვრება, თანამედროვე განათლებითა და ჯანდაცვით, მოქალაქეთა საიმედო სოციალური დაცვით, ეფექტიანი, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებული ხელისუფლებით. ჩვენ ხმას ვაძლევთ ქვეყანას, რომლისთვისაც ვიღვწით და რომელიც გვინდა გადავცეთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც მან ფსკოვში, საბჭოთა ჯარისკაცის ახლად გახსნილი მონუმენტის წინ, გააკეთა.

თავის სამწუთიან სიტყვაში პუტინმა ორჯერ გაიმეორა, რომ კონსტიტუციის განახლებული ტექსტი და ყველა შემოთავაზებული ცვლილება ძალაში შევა მხოლოდ მოსახლეობის მოწონებისა და მხარდაჭერის შემდეგ. ამასთან, პუტინს არ უხსენებია სადავო პუნქტი, ე.წ. საპრეზიდენტო ვადის განულება, რაც მას უფლებას მისცემს კენჭი იყაროს მომდევნო ორი ვადით და, გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების სათავეში დარჩეს 2036 წლამდე.

ერთკვირიანი კენჭისყრა ხელისუფლების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტზე, უფრო ხშირად „პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებად“ რომ მოიხსენიებენ, 1 ივლისის მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდება.

მოსკოვი
მოსკოვი

კრიტიკოსები კენჭისყრის პროცესს უწოდებენ ხელისუფლების „უსინდისო უზურპაციის“ მცდელობას და ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, ხოლო კონსტიტუციის სპეციალისტები ცვლილებებს მიიჩნევენ წინააღმდეგობრივად.

„საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება პუტინის მოკლევადიან მიზნებს, რომელმაც მას თავიდან უნდა ააცილოს „კოჭლი იხვის“ სტატუსი. შორეული ისტორიიდან ცნობილი ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემისგან განსხვავებით, მას ამოძრავებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი“,- უთხრა უილიამ პომერანცმა, ვაშინგტონის ვილსონის ცენტრის თანამშრომელმა, რადიო თავისუფლებას.

კონსტიტუციის საკუთარი ვერსიის დაწინაურებით, ვლადიმირ პუტინი, რომელიც ხელისუფლებაში 1999 წლიდან იმყოფება ხან როგორც პრემიერ-მინისტრი და ხან როგორც პრეზიდენტი, იმეორებს თავისი წინამორბედების ტრადიციას. საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ლიდერებმა - ვლადიმირ ლენინმა, იოსებ სტალინმა, ლეონიდ ბრეჟნევმა და ბორის ელცინმა - თავიანთი შეხედულებისამებრ შეცვალეს ქვეყნის კონსტიტუცია.

„თვისებრივად ახალი კონსტიტუციის შექმნა მას [პუტინს] თავისებურ ერის დამფუძნებელ მამად აქცევს“, - ამბობს მოსკოველი პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი პუტინზე, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ, 2018 წელს, სიამაყით ამბობდა, რომ კონსტიტუცია არც ერთხელ არ შეუცვლია.

ქვეყნის ძირითად კანონში შესატანი ცვლილების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ უფრო კონსერვატიული გახდეს 1993 წელს, ელიცინის დროს, მიღებული პირველი პოსტსაბჭოთა კონსტიტუცია.

თავის მესამე საპრეზიდენტო ვადაში, 2012 წელს, პუტინი უკვე მკაფიოდ წარმოჩნდა როგორც რუსეთის „ტრადიცული ფასეულობების“ მტკიცე დამცველი, რაც გამოიხატება ერთი და იმავე სქესის ქორწინების უარყოფით, რუსეთის მართლმადიდებლური რწმენის დაცვითა და საზოგადოების განვითარების დასავლური, ლიბერალური მოდელის მიუღებლობით.

„დაბნეულობის შენარჩუნება“

ეს კონსერვატიული მიდგომები აისახა 200-მდე საკონსტიტუციო ცვლილებაში, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ და სულ ბოლოს თავად რუსეთის პრეზიდენტმა შეიტანა 1993 წლის კონსტიტუციის ტექსტში.

თებერვლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა დოკუმენტში კიდევ რამდენიმე დამატება შეიტანა. მათ შორის არის ცვლილება ღმერთის ხსენების, რუსული ენის, როგორც „სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის“ ენისა, და „ისტორიის ფალსიფიკაციის“ დაუშვებლობის შესახებ.

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კონსტიტუციის 67-ე მუხლი: „რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გასხვისებისკენ მიმართული მოქმედება ან ასეთი მოქმედებებისკენ მიმართული მოწოდებები“, - ნათქვამია რუსეთის კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესწორებულ ვარიანტში, რომლის მიღების შემთხვევაში რუსეთის შიგნით ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი საუბარს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინისათვის დაბრუნების შესახებ.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ვიქცევით, როცა ვიღებთ მოქმედი კონსტიტუციის შესწორებებს“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინმა, როდესაც იგი საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად „რუსეთის ისტორიული მიწების“ ყოფილი მოკავშირე ქვეყნების შემადგენლობაში გადასვლაზე საუბრობდა.

ამ სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრას, რომელიც 25 ივნისს დაიწყო, წინ უძღოდა პროპაგანდისტული კამპანია, დაწყებული აშკარად ჰომოფობიური სატელევიზო კლიპებითა და დამთავრებული ქუჩის ბანერებით, რომელზეც სლავური გარეგნობის წყვილი და მისი შვილები „ოჯახური ფასეულობების“ დაცვას განასახიერებენ.

საკმაოდ ბევრი იდეა, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში მარგინალურად და ექსტრემისტულადაც კი გამოიყურებოდა, ახლა უკვე ოფიციალურ მეინსტრიმად იქცა.

გარდა ამ კონსერვატიული კურსისა, ცვლილებები საშუალებას აძლევს პუტინს დაბნეულობაში ამყოფოს ადამიანები მისი სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ და გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, რაც არსებული კონსტიტუციით შეზღუდული იყო.

წარმოდგენილი ცვლილებები მას უფლებას მისცემს ორი ვადით დარჩეს ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ძალაუფლებით, მაშინ როცა მისი პოტენციური მემკვიდრის უფლებები საკმაოდ შეზღუდული იქნება.

პუტინი, ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში, არათუ სრულიად თავისუფალი იქნება სამართლებრივი დევნისგან, არამედ მერეც მას დარჩება გზები, რომ კვლავ იგდოს ხელთ ძალაუფლება. იგულისხმება ე.წ. სახელმწიფო საბჭო, ერთგვარი ზემდგომი ორგანო, რომელიც ამჟამად ძირითადად ცერემონიულ დატვირთვას ატარებს, მაგრამ ახალ იმპულსს შეიძენს წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით და, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი უფლებებით აღიჭურვოს შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებებით.

„იდეა მდგომარეობს არა ვითარებაში სიცხადის შეტანაში, არამედ გაურკვევლობის შენარჩუნებაში“, - ამბობს შულმანი.

საპროტესტო აქცია მოსკოვში
საპროტესტო აქცია მოსკოვში

ბუნდოვანი მომავალი

სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლისთვის საჭიროა საყოველთაო კენჭისყრაში მონაწილე უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა.

ოპონენტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი აქვს რეფერენდუმის ფალსიფიცირებისთვის, და მოსახლეობას მოუწოდებენ კენჭისყრის ბოიკოტისკენ. სხვები კი მიიჩნევენ, რომ საჭიროა საარჩევნო უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა ცვლილებების წინააღმდეგ.

იმისათვის, რომ უზრუნველეყო მხარდამჭერების მობილიზება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრაზე, რუსეთის ხელისუფლებამ წლის დასაწყისში მუშაობა დაიწყო სოციალური შეღავათების გაზრდის შესაბამის პაკეტზე.

ქვეყანაში მძვინვარე კორონავირუსთან დაკავშირებით, პუტინის ბრძანებით 1 ივნისიდან მთელი რუსეთის მასშტაბით დაიწყო მშობლებისათვის 3-დან 15-წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ერთჯერადი 10 000 რუბლის დახმარების გაცემა.

მართალია, მკაფიო წესების არარსებობა კრემლს აძლევს საშუალებას იყოს პროცესის შემოქმედი და აკონტროლოს მისი შედეგი, მაგრამ ვლადიმირ პუტინს ძალიან გაუჭირდება წარმოადგინოს რეფერენდუმის რეზულტატი, როგორც ხალხის ნების გამოხატულება.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

პუტინის რეიტინგის ვარდნა, რომელიც 2018 წელს მისი მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ დაიწყო, შემდგომშიც გაგრძელდა არაპოპულარული საპენსიო რეფორმისა და რეალური ანაზღაურების შემცირების კვალობაზე.

იმ ქვეყნების ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძალიან დიდი დარტმა მიაყენა კორონავირუსმა, ვლადიმირ პუტინი ვერ იქცა იმ დროშად, რომლის გარშემოც ჟამიანობის დროს ერი დაირაზმებოდა.

პუტინი, რომელიც თავდაპირველად თავდაჯერებული ამტკიცებდა, რომ რუსეთი შეძლებდა სერიოზული შედეგების თავიდან აცილებას, COVID 19-ის პანდემიის შემდეგ განცალკევდა მოსკოვის გარეთ მდებარე თავის რეზიდენციაში და კარგა ხანს არ ჩანდა საზოგადოების წინაშე, რომელიც პანდემიის დროს უფრო მეტ პატივს რუსეთის რეგიონალურ ლიდერებს მიაგებდა.

შესაბამისად, 1 ივლისის კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა შესაძლოა პუტინისათვის „პიროსის გამარჯვება“ აღმოჩნდეს, ამბობს შულმანი, რომელიც ვარაუდობს, რომ ვლადიმირ პუტინის პოპულარობის ვარდნა ამის შემდეგაც გაგრძელდება.

25 ივნისს, როდესაც რუსეთში დაიწყო ხმის მიცემის კვირეული, სოციალურ ქსელებში ვრცლდებოდა უამრავი ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანდა, რომ ხმის მისაცემად „უბანი“ გახსნილი იყო ავტომანქანის საბარგულში.

ხმის მიცემა ორჯერ უპრობლემოდ შეძლო ტელეკომპანია „დოჟდის“ წამყვანმა პაველ ლობკოვმა - ერთხელ საარჩევნო უბანზე და მეორედ ელექტრონულად.

ხოლო რუსმა ქალმა, რომელიც იზრაელში ცხოვრობს, განაცხადა, რომ მან სამჯერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა: ჯერ ტელ-ავივში, შემდეგ ხაიფაში და, ბოლოს, ინტერნეტით.

მოსკოვის ერთ-ერთ უბანზე კი კაცს უთხრეს, რომ მან და მთელმა მისმა ოჯახმა უკვე მისცეს ხმა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს არჩევანი გაკეთებული არ ჰქონია.

ვრცელდებოდა ასევე ცნობები, რომ დამსაქმებლები და უშუალო ხელმძღვანელები აიძულებენ ხელქვეითებს მხარი დაუჭირონ პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებს და სხვებსაც მოუწოდონ ამისკენ. ამ ცნობებს „ფეიკი“ უწოდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პანფილოვამ.

და როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დასრულებამდე სულ რამდენიმე საათი რჩებოდა, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონი დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კენჭისყრის წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვამდე გამოაცხადა.

ბიულეტენების 0,79 %-ის დათვლის შემდეგ შესწორებებს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 72,92 %-მაო, აცხადებს კომისია.

რუსეთის კანონმდებლობით, ფედერალური დონის არჩევნებში კენჭისყრის დასრულებამდე შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია, რათა შედეგებმა გავლენა არ მოახდინოს კენჭისყრის მონაწილეებზე.

„ადამიანები ფიქრობენ, რომ დე ფაქტო ყველაფერი უკვე დასრულდა, ყველაფერი გადაწყვეტილია. ეს კი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია ხალხის სამართავად - დაარწმუნო ისინი, რომ არაფრის შეცვლა რა შეუძლიათ“, - ამბობს მოსკოველი პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG