Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ/შეიძლება „ოცნებასთან“ დებატები? - 5 არგუმენტი ორივე მხრიდან

დებატები „რუსთავი2“-ის ეთერში
დებატები „რუსთავი2“-ის ეთერში

22 იანვარს „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო დებატების აუცილებლობაზე წამოიწყო საუბარი. „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად იყო ოპონენტებთან ნებისმიერ თემაზე ეპაექრა.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულმა ტელეარხებმა, მაშინვე შესთავაზეს ეთერი „ქართულ ოცნებას“, ისევე, როგორც მანამდე სთავაზობდნენ. მაგრამ დებატებისთვის მმართველმა პარტიამ „რუსთავი 2“ და „იმედი“ აირჩია. „რუსთავი 2“-მა პრემიერ-მინისტრის მოწოდების პასუხად ახალი სტუდიაც კი მოაწყო დებატებისთვის.

პირველი ორი გადაცემა საკანონმდებლო ცვლილებებსა და გაზრდილ ფასებს დაეთმო. მესამე დებატები, 14 თებერვალს არის დანიშნული „იმედზე“. თემა განათლების რეფორმაა.

დისკუსიაში მონაწილეობას დათანხმდა „თავისუფლების მოედნის“ წევრი, განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია. მასთან ერთად „იმედზე“ კიდევ სამი ექსპერტი მიდის. ისინი „ქართული ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძისა და განათლების მინისტრის გივი მიქანაძის ოპონენტი იქნებიან.

ხელისუფლებასთან დებატების იდეას თავის მხრივ ახალი დებატები მოჰყვა - ზოგისთვის ის მისაღებია, ზოგისთვის კი - კატეგორიულად არა. „რადიო თავისუფლებამ“ შეგროვა არგუმენტები ორივე მხრიდან.

დებატებში მონაწილეობის მომხრეთა 5 არგუმენტი:

  • სიმართლის სათქმელად ყველანაირი სივრცის გამოყენება შეიძლება, მათ შორის პროპაგანდისტული ტელევიზიის.
  • პროსახელისუფლებო არხებით, პროტესტის მონაწილეები ხმას მიაწვდიან „ოცნების“ მომხრეებსა და პოლიტიკურად „მერყევებს“.
  • „ოცნებასთან“ დებატებში მონაწილეობა „რეჟიმის აღიარებას“ არ ნიშნავს.
  • ეს არის საშუალება ხელისუფლებას, რომელიც კრიტიკულ კითხვებს გაურბის, სიმართლე პირდაპირ ეთერში უთხრა.
  • დებატებში მონაწილეობა პოლარიაზაიცას შეამცირებს.

გოტა ჭანტურია, “საზმაუს მარშების“ ორგანიზატორი, საპროტესტო მოძრაობის წევრი:

„შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ეთერების გახსნა იყო. დიახ, მთავარი მოთხოვნა „ეთერი ხალხს“ იყო, მაგრამ არც დისკუსიებზე და დებატებზე გვითქვამს ოდესმე უარი“.

თინათინ მოსიაშვილი, აქციის მონაწილე: „მე მომხრე ვარ დებატების. დღეს ჩვენ მაინც პარარელურ სიბრტყეებზე ვცხოვრობთ. ერთი ნაწილი ერთ საინფორმაციო საშუალებას უყურებს, მეორე - მეორეს და ჩვენ შორის დიალოგი არ არის. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ეს სფერო, განათლების სფეროს ვგულისხმობ, დასხდებიან ეთერში და „იმედის“ მაყურებელს განსხვავებულ აზრს მოასმენინებენ“.

სიკო ჯანაშია, „თავისუფლების მოედნის“ წევრი, განათლების ექსპერტი, საპროტესტო აქციებისა და ახლა უკვე დებატების მონაწილე: „ჩემი მიზანი არ არის, კობახიძე დავარწმუნო რამეში. ჩემი მიზანია გავარღვიო ის პატარა სივრცე, რომელშიც მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ. „იმედს“ ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს საქართველოში და მისი არგამოყენება არ შეიძლება.

ველოდებოდი პროტესტის მონაწილეების ასეთ [კრიტიკულ - რ.თ.] რეაქციას, რადგან აქამდე წინააღმდეგობის სტრატეგია არაღიარებას ეფუძნებოდა. დასაშვებად მიაჩნიათ, რეჟიმს ელაპარაკონ, მაგ: აეროპორტში, ქუჩაში, მაგრამ არა დებატებში, რადგან ფიქრობენ, რომ ეს რეჟიმის აღიარებად აღიქმება. ასე სულაც არ არის. მინახავს, როგორ ელაპარაკებოდა ზვიად გამსახურდია რუს სამხედროებს 9 აპრილის შემდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამსახურდია საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმურობას აღიარებდა საქართველოში“.

დებატებში მონაწილეობის მოწინააღმდეგეების 5 არგუმენტი:

  • მაშინ, როდესაც დებატების ავტორი და ორგანიზატორი „ქართული ოცნებაა“, მონაწილეობა მათთვის მცირე, მაგრამ მაინც ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავს.
  • „ქართული ოცნებასთან“ დებატებს აზრი არა აქვს.
  • ვერ გაიმარჯვებ, როცა მოწინააღმდეგის მოედანზე თამაშობ, მივისე წესებით.
  • თუ „ქართული ოცნების“ მომხრეებმა აქამდე ვერაფერი გაიგეს, ვერც ახლა გაიგებენ.
  • დებატებში მოანწილეობა ფარისევლობაში მონაწილეობის ტოლფასია - სწორედ ხელისუფლების მიღებულმა კანონებმა შეზღუდა დამოუკიდებელი მედია და დებატები საქართველოში.


თამუნა გიორგაძე, რუსთველის აქციის მონაწილე: „როცა ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ ადამიანებს და ფურცლების დახევისთვის პატარა გოგონას 2 წლით პატიმრობით ემუქრებიან, ძალიან უადგილოა, ხელისუფლების შემოგდებულ დებატებში ჩართვა და ამით მისთვის მცირედი, მაგრამ მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება. ამას ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს“.

თეა პაიჭაძე, რუსთაველის აქციის მონაწილე: „არ ვემხრობი, მარტივი ლოგიკის გამო, თუ იმას აწყობს, შენ არ უნდა გაწყობდეს. ილუზიას შექმნის, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა. არადა, არ არის. რაზე უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ოთხას დღეზე მეტია გირტყამს. მაგრამ ჩვენ ერთ ბრძოლაში ვართ და ამიტომ იმ ადამიანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაინც ვგულშემატკივრობ“.

ლევან სამადაშვილი, რუსთაველის აქციის მონაწილე: „ყველამ ყველაფერი იცის. თუ ვინმეს მაინც ჰგონია, რომ ამ დებატებით რაღაცას გააგებინებს ხალხს… ჰა, ილაპარაკონ“.

ზვიად კვარაცხელია, აქციის მონაწილე: „არ მიმაჩნია მიზანშეწონილად შულერების, ხალხის გადამგდებების, სახელმწიფო გადატრიალების მომწყობების ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა… სხვა ტიპის შეხვედრის ადგილები უნდა მოიძებნოს“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG