Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის გახანგრძლივებული სამიტი - რატომ გართულდა შეთანხმება ბიუჯეტისა და დახმარების ფონდის გარშემო


ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი
ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი

ევროკავშირის სამიტი, რომელიც, გეგმით, ორდღიანი უნდა ყოფილიყო და 27 სახელმწიფოს ლიდერების პირველი უშუალო შეხვედრა იყო კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბრიუსელში 17 ივლისს დაიწყო და 20 ივლისსაც გაგრძელდა. ქვეყნები ამტკიცებენ 2021-2027 წლების ბიუჯეტსა და კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის პაკეტს.

როგორია ბიუჯეტის მოცულობა

ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ცოტა ხნის წინ 1074 მილიარდი ევროს ოდენობის ბიუჯეტი წარადგინა. ეს ოდნავ უფრო ნაკლებია, ვიდრე გასული შვიდი წლის ბიუჯეტი, რომელიც 1093 მილიარდ ევროს შეადგენდა, ძირითადად იმის გამო, რომ ერთ-ერთმა უმსხვილესმა შემომტანმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირი დატოვა.

იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ჩავარდნას სულ უფრო და უფრო ნეგატიური შედეგები მოაქვს და კონტინენტი ყველაზე უარესი რეცესიის წინაშე დგას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროკავშირი შეთანხმდა იმაზე, რომ შემდგომმა მრავალწლიანმა ბიუჯეტმა საკმარისი მუხტი უნდა იქონიოს საიმისოდ, რომ ევროკავშირი კვლავ ამოქმედდეს. სწორედ ამიტომ, ევროპის კომისიამ მაისში წამოაყენა წინადადება, რეგულარული ბიუჯეტის გარდა შექმნილიყო აღდგენა-დახმარების ფონდი 750 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა იმ ქვეყნებისა და სექტორებისთვის, რომლებსაც ვირუსმა სერიოზული ზიანი მიაყენა. ამ დახმარების ორი მთავარი მიმღები იტალია და ესპანეთი იქნება.

რეგულარული ბიუჯეტისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ფინანსდება წევრი სახელმწიფოების მიერ თავიანთი საერთო ეროვნულ შემოსავლის შესაბამისად შეტანილი თანხებით, აღდგენის ფონდი ჩამოყალიბდება კომისიის მიერ საფინანსო ბაზრებზე აღებული სესხით. ამდენად, ევროკავშირს დღემდე არნახული ოდენობის ვალი დაუგროვდება.

რა არის მთავარი დაბრკოლებები?


თავისთავად ცხადია, მთავარი დაბრკოლებაა აღდგენის ფონდი, ხოლო უფრო კონკრეტულად, მასში კრედიტებისა და გრანტების წილის განსაზღვრა. როგორც კომისიას, ასევე საბჭოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ 750 მილიარდიდან 500 გრანტებს უნდა მოხმარდეს, ხოლო დანარჩენი -კრედიტებს. ამ აზრს ეთანხმება საფრანგეთი და, რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, გერმანიაც.

რამდენიმე წლის წინ, ფინანსური კრიზისის დროს, ბერლინი საერთოდ ვალის აღების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ამჟამად კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეს არის ერთჯერადი პასუხი უპრეცედენტო ვითარებაში.

ბევრი მიიჩნევს, რომ მერკელი, რომელიც გადადგომას აპირებს მომავალ წელს, გერმანიის არჩევნებამდე, თავის მემკვიდრეობაზე ფიქრობს, მაგრამ სხვები ასე გულუხვები არ არიან. "მომჭირნე ოთხეულში" შედიან ავსტრია, ფინეთი, ნიდერლანდი და შვედეთი. თუმცა, საერთოდ, ყველა უფრთხის ვალის აღებას ევროკავშირის სხვა ქვეყნების სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად, განსაკუთრებით, გრანტის ფორმით.

ამ ოთხიდან ყველაზე მომჭირნეა მარკ რუტე, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაზაფხულზე არჩევნებს მოელის. ბოლო კვირების განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა ლიდერები ჩადიოდნენ ჰააგაში და ცდილობდნენ მის გადარწმუნებას, მაგრამ ის უპირატესობას კრედიტების გაცემას ანიჭებს, გრანტებთან შედარებით.

ესპანეთისა და იტალიის ლიდერები არ დაობენ იმაზე, რომ კრედიტები უფრო მეტად გაზრდის მათ დავალიანებას და მორიგ ფინანსურ კრიზისს მოიტანს. ერთსულოვნება საჭიროა როგორც ბიუჯეტის, ასევე აღდგენის ფონდის მხრივ.

სად არის შესაძლო გამოსავალი?

„მომჭირნეთა ოთხეულის“ წინააღმდეგობის გადასალახად გამოსავალი ნახეს. მიშელმა პირობა დადო, რომ კვარტეტს შეუძლია შეინარჩუნოს თავისი შეღავათები, ბიუჯეტში მათი სრული გადასახადის ერთგვარი კომპენსაცია.

მიშელი ასევე აცხადებს, რომ კრედიტების დაბრუნება უნდა დაიწყოს 2026 წლიდან, ანუ ორი წლით ადრე, ვიდრე ეს კომისიამ თავიდან მოითხოვა.

მაგრამ ბევრი რამ იქნება განპირობებული იმით, მიენიჭებათ თუ არა დედაქალაქებს მკაცრი ზედამხედველობის უფლება აღდგენის ფონდის თანხების გამოყენებაზე, როცა დახმარება ეკონომიკური რეფორმების გატარების შესაბამისად გაიცემა.

ჰააგას სურს, რომ ერთსულოვნება იყოს, როცა საქმე რომელიმე ქვეყნისთვის თანხის გამოყოფას შეეხება. ეს ნიშნავს უკმაყოფილების შემთხვევაში ნიდერლანდის ვეტოს უფლებას. ევროკავშირის სამხრეთელ წევრებს ამგვარი ზედამხედველობა ხელს არ აძლევთ. გამოსავალი, ალბათ, კრედიტებისა და გრანტების გონივრულ კომბინაციაში იქნება და იმაშიც, თუ რა წონა ექნება ამ „მომჭირნეების“ სიტყვას.

არის თუ არა სხვა საკითხები, რომლებსაც ასევე სჭირდება მოგვარება?

არის, ცხადია. არსებობს კანონის უზენაესობის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის წევრების მხრიდან კანონის უზენაესობის პატივისცემას უკავშირებს ევროკავშირის ფონდების ხარჯვას.

როგორც უწინ, ევროკავშირის ბიუჯეტის ორი დიდი ნაწილი ხმარდება სოფლის მეურნეობას და ერთობის იმ პრინციპს, რომ თანხები ერიცხება ბლოკის ღარიბ ქვეყნებს. ამ შემთხვევაში ორივე ამ ფაქტორით ხეირობენ უნგრეთი და პოლონეთი. ამ დროს ეს ორივე ქვეყანა ბრიუსელის ყურადღების ცენტრშია ბევრი რამის გამო - სხვათა შორის, ამ ქვეყნებში მედიის თავისუფლებაზე თავდასხმის თუ იმის გამოც, რომ იქ სასამართლო არ არის სრულიად დამოუკიდებელი. ეს კი ევროკავშირის ბევრ წევრს უფრო მეტი კონტროლის სურვილს უჩენს .

თუმცა მექანიზმი შუაევროპელ წყვილს არ ახსენებს. ბუდაპეშტი და ვარშავა იმუქრებიან, რომ ვეტოს დაადებენ მთლიან ბიუჯეტს, თუ მასში მექანიზმის ელემენტს ჩართავენ.

მაგრამ საქმე დაიძრა: სანქციების უფრო ავტომატური რეჟიმი, რომელიც კომისიამ წარმოადგინა, შეიცვალა მიშელის წინადადებით. მის თანახმად, ევროკაშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას მოეთხოვება მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ფონდების შეჩერებას, რაც ქვეყნებს გაუადვილებს შექმნან უმცირესობა, რომელსაც დაბლოკვა შეეძლება. მერკელმაც გააკეთა მინიშნება, რომ უფრო იოლი იქნებოდა ჯერ ბიუჯეტის შესახებ შეთანხმება და შემდეგ - კანონის უზენაესობის მექანიზმის როლის განსაზღვრა. ამით გამოჩნდა, რომ უნგრეთი და პოლონეთი თავისას მიაღწევენ.

როგორ დაფინანსდება ევროკავშირის გაფართოებისა და საგარეო პოლიტიკა?

ევროკომისიას შეუძლია თავს უწოდოს „გეოპოლიტიკური“ და მოინდომოს, რომ ბრიუსელმა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ბიუჯეტში ეს არ აისახება.

საგარეო პოლიტიკისთვის მომავალ შვიდ წელიწადში გამოყოფილი იქნება 114 მილიარდი ევრო. წინა ბიუჯეტში ამავე მიმართულებით 108 მილიარდი ევრო დაიხარჯა. არ არის ცხადი, როგორ განაწილდება ეს თანხა კონკრეტულ მესამე ქვეყნებს შორის.

ჩანს, რომ 12,6 მილიარდი (2014-2020 წლებში 11,7 მილიარდი) გაიცემა გაწევრიანებისწინა დახმარების სახით დასავლეთის ბალკანეთის ქვეყნებზე, რადგან თურქეთი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, ევროკავშირთან დაპირისპირების კურსს ადგას.

დაახლოებით 10 მილიარდი გამოიყოფა ჰუმანიტარული დახმარებებისთვის, მაშინ როცა მთელი თანხის დიდი ნაწილი, 86,3 მილიარდი ევრო, ბოლო შეთავაზების თანახმად, ჩაიდება დიდ პაკეტში და განაწილდება სხვადასხვა ქვეყნებს შორის მათი საჭიროების შესაბამისად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG