Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაჩნდა კითხვები ფონდ “ქართუს” მიერ განულებულ სესხებთან დაკავშირებით


ადვოკატი ამბობს, რომ მას მოქალაქეები მიმართავენ და სთხოვენ დახმარებას „განულებულ“ სესხებთან დაკავშირებით, რომელიც განულებული არ აღმოჩნდა. ფონდი „ქართუ“, რომელიც 2018 წლის დეკემბერში, წინასაარჩევნო პერიოდში, ჭარბვალიანობასთან ბრძოლის მიზნით მოქალაქეებს ვადაგადაცილებული სესხების გაუქმებას ჰპირდებოდა, ამბობს, რომ ყველა პირობა შეასრულა და ყველა ის ვალი, რომელიც საფინანსო ორგანიზაციებმა შესასყიდად გადასცეს, განულებულია. ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ ის ამ პროცესში ჩართული არ იყო და ამ პროცესს ორი მხარე ჰყავდა: ფინანსური ორგანიზაციები და ფონდი „ქართუ“.

რამდენად შესრულდა პირობა ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის შესახებ, რა რისკებს შეიცავდა ეს პროგრამა?

„მოკლედ, აქ რაღაცაშია საქმე: ან „ქართუ“ ფონდი ბლეფაობს (უკიდურესად დაბალ ფასად გამოისყიდა სესხები, ხალხს უთხრა, რომ გაგინულეო და, სინამდვილეში, არც არაფერი მომხდარა), ან გამსესხებლებმა, მიუხედავად პორტფელის გაყიდვისა, ხელახლა დაიწყეს განულებული სესხების ამოღება.

ამასობაში vali.ge-ს საიტი აღარ არსებობს და განულების ცნობაც კაციშვილს არ აქვს!!!!“ - დაწერა ადვოკატმა მარიკა არევაძემ 20 თებერვალს ფეისბუკის პირად გვერდზე.


მას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამმა მოქალაქემ მიმართა დახმარებისთვის, სამივემ ერთი და იმავე პრობლემით: ფინანსური ორგანიზაციები მათგან იმ ვადაგადაცილებული სესხების დაფარვას ითხოვენ, რომელიც იცოდნენ, რომ ფონდ „ქართუს“ ინიციატივის ფარგლებში განულებული იყო. არც ერთს იმ სამი მოქალაქიდან ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილ საიტზე, vali.ge, დავალიანება აღარ უჩანდა.

დღეს ეს საიტი აღარ ფუნქციონირებს. მისი შექმნისას უკვე ცნობილი იყო, რომ ის ხანმოკლედ იმუშავებდა და 2019 წლის დასაწყისისთვის არსებობას შეწყვეტდა. დომენის მფლობელი კვლავ „ქართუ“ ფონდია, საიტზე არსებული მონაცემები კი მომხმარებლებისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისთვისაც ვალის დაფარვის ერთადერთი დასტური ამ საიტზე არსებული მონაცემები იყო, ხელმისაწვდომი აღარ არის.

„2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ, ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში, განხორციელდა ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებების შესყიდვა საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან. აღნიშნული სესხების შეძენის მიზანს მისი შემდგომი პატიება წარმოადგენდა, რაც განხორციელდა კიდეც.

შეძენილი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, პატიების პროცესი გრძელდებოდა 2019 წლის განმავლობაში და ეტაპობრივად ხდებოდა შესაბამისი საკრედიტო სტატუსის ასახვა სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ ბაზებში. ფონდი „ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს და ადასტურებს, რომ მიმდინარე ეტაპზე შეძენილი სესხების პატიება განხორციელებულია სრულად იმ ფიზიკური პირებისთვის, ვისი სასესხო ვალდებულება და მონაცემებიც მოწოდებული იქნა ამა თუ იმ ფინანსური თუ საკრედიტო ორგანიზაციისგან, და აღარ არსებობს აღნიშნულ ვალდებულებებზე რაიმე სახის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ქართუ“ გეგმავს ან ახორციელებს აღნიშნული სესხების დაფარვის მოთხოვნას“.

ასეთი განცხადების გამოქვეყნებით უპასუხა ფონდმა „ქართუმ“ გაჩენილ კითხვებს მათი ინიციატივის შესახებ 21 თებერვალს. განცხადების გაკეთებამდე რადიო თავისუფლება ფონდს დაუკავშირდა. მათ გვითხრეს, რომ იმგვარი შემთხვევები, როგორზეც მოქალაქეები და ადვოკატი ლაპარაკობენ, შეიძლება დავუშვათ მხოლოდ ორი პირობით:

  • თუ მოქალაქეს რამდენიმე სესხი ჰქონდა და ფინანსურმა ორგანიზაციამ „ქართუ ბანკს“ გამოსასყიდად ყველას შესახებ არ მიაწოდა ინფორმაცია, „ქართუ“ გამოისყიდდა მხოლოდ იმ სესხს, რომელზეც იქნებოდა ინფორმირებული და სხვა ვალდებულების დაფარვა ისევ მოქალაქეს ეკისრება.
  • მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებდა პროგრამაში მონაწილეობის პირობებს, მაგრამ მისმა მსესხებელმა ფინანსურმა ორგანიზაციამ არ მიაწოდა ფონდ „ქართუს“ მონაცემები მის შესახებ, კვლავ ვალდებული იქნება დაფაროს სესხი.

ფონდ „ქართუში“ გვითხრეს, რომ ორივე ამ ტიპის შემთხვევები პროცესს თან ახლდა და გაიხსენეს ისიც, რომ მაშინ ვალების განულების პროგრამაში ყველა ფინანსური ორგანიზაცია არ ჩაერთო. იყვნენ ისეთები, ვინც უარი თქვა თავისი ვადაგადაცილებული სესხების „ქართუსთვის“ გადაცემაზე გამოსასყიდად.

მათ კი, ვინც პროგრამაში ჩაერთო, მოგვიანებით ჰქონდათ პრეტენზიები ამ პროცესთან დაკავშირებით. მაგალითად, მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის მაისში, პარლამენტში მოსმენისას, თქვა, რომ ფონდმა „ქართუმ“ 120 მილიონის ოდენობის ვალების განულებისთვის „თიბისი ბანკს“ მხოლოდ 3 მილიონი ლარი გადაუხადა.

ამ პროცესში გარკვევას ართულებს რამდენიმე გარემოება:

  • არ არსებობს მონაცემები, რა ოდენობის ვალები განულდა, როგორ განაწილდა ეს თანხა კონკრეტულ ფინანსურ ორგანიზაციებზე და რამდენად ემთხვევა კონკრეტული ფინანსური ორგანიზაციების ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა ფონდ „ქართუს“ მიერ მათთვის გადაცემულ თანხას.
  • არ არსებობს მონაცემები, რამდენ მსესხებელს გაუნულდა ფინანსური ვალდებულება, რამდენი იყო ისეთი, ვინც პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუმცა მათი მონაცემები საფინანსო ორგანიზაციებმა ფონდ „ქართუს“ არ გადასცეს.
  • მათ, ვისაც დავალიანება გაუუქმდა, არ აქვთ ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ, არ ყოფილან მსესხებლებთან არსებული ხელშეკრულებების გასაწყვეტად და იმ შემთხვევაში, თუკი vali.ge-ს არსებობის განმავლობაში დავალიანების არარსებობის შესახებ ე.წ. სქრინშოთი არ აქვთ გადაღებული, სხვა დოკუმენტი არ მოეპოვებათ.
  • რამდენად ნებაყოფლობით იყო ფინანსური ორგანიზაციებისთვის ამ პროცესში მონაწილეობა და შეუძლიათ თუ არა მათ ღიად ისაუბრონ იმ ხარვეზებზე, რომლებიც შესაძლოა თან ახლდა ამ ინიციატივის განხორციელებას?
  • ამ პროცესის განმავლობაში სამმა ძირითადმა აქტორმა, ფონდმა „ქართუმ“, ფინანსურმა ორგანიზაციებმა და სახელმწიფომ (ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრომ) იმგვარი სქემა ააწყვეს, სადაც ბუნდოვანია, ვინ არის ვალდებული მონაცემების შეგროვებასა და პროცესის გამჭვირვალობაზე, ვინ უპასუხებს არსებულ კითხვებს და რამ გამოიწვია ამ კითხვების არსებობა.

ფონდი კერძო ორგანიზაციაა და არ აქვს ვალდებულება გასცეს საჯარო ინფორმაცია, კერძო კომპანიები მომხმარებელთა მონაცემებისა და საკუთარი ფინანსური ინფორმაციის დაცვის არგუმენტით ახერხებენ კითხვებზე პასუხის გაუცემლობას, სახელმწიფო კი ამბობს, რომ ის ამ პროცესში მხარე არ ყოფილა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კომერციულ ბანკებს, რომლებიც, ადვოკატის თქმით, სთხოვენ მომხმარებლებს განულებული სესხების გადახდას, და ეროვნულ ბანკს და შევეცადეთ მათგან მიგვეღო პასუხი არსებულ კითხვებზე. პასუხის მიღების შემდეგ თემას განვაგრძობთ.

მანამდე კი მომხმარებლებისთვის საკუთარი დავალიანებების გადამოწმების ერთადერთ გზად “კრედიტინფო” რჩება, ვებსაიტი, რომელსაც იყენებენ როგორც ფინანსური ორგანიზაციები, ისე მოქალაქეები, და რომელიც წარმოადგენს ბაზას ფინანსური ვალდებულებების შესახებ. ფონდ „ქართუს“ თქმით, მათ ყველა განულებული სესხის შესახებ ინფორმაცია ამ რესურსს მიაწოდეს.

საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 19 ნოემბერს, განაცხადა, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები გაუნულდებოდა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, შავ სიაში მყოფი, დაახლოებით, 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით: ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს 2000 ლარამდე. მინისტრისავე თქმით, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი „ქართუ“ დაფარავდა.

ე.წ. ვალების ჩამოწერის პროგრამა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ "ხმების ყიდვად" შეაფასა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG