Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა (არ) ვიცით რუსული ილ-76-ის კატასტროფის შესახებ?


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ილ-76-ის კატასტროფის ადგილზე
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ილ-76-ის კატასტროფის ადგილზე

36 საათის შემდეგ კვლავ გაურკვეველია რატომ ჩამოვარდა, თუ ჩამოაგდეს, რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 უკრაინის საზღვრის მახლობლად, ბელგოროდის ოლქში და სინამდვილეში რა იყო ბორტზე - საბრძოლო მასალა, თუ ილ-76-ს უკრაინელი სამხედრო ტყვეები გადაჰყავდა.

იმის შესახებ, რომ ილ-76-მა ავარია განიცადა, 24 იანვარს, დილით გახდა ცნობილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა რომ თვითმფრინავში, იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 სამხედრო ტყვე, რომლებიც ბელგოროდის ოლქში მიჰყავდათ გასაცვლელად, ასევე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი. მოსკოვის ცნობით, 74-ვე ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა თვითმფრინავის „მიზანმიმართულად“ ჩამოგდებაში და დაგმო „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტი“.

უკრაინა ბრალდებას უარყოფს და ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს. მომხდარზე საუბრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები ეთამაშებიან უკრაინელი ტყვეების სიცოცხლეს, მათი ნათესავების გრძნობებს და უკრაინის საზოგადოების ემოციებს.

გადაჰქონდა თუ არა ილ-76-ს რაკეტები?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს, დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ილ-76.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით დაარტყეს ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, ლიპცის რაიონიდან. ამ განცხადების თანახმად, საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური საშუალებებით დააფიქსირეს ორი უკრაინული რაკეტის გაშვება.

ავიაკატასტროფიდან მალევე, „უკრაინსკა პრავდა“ და RBC Ukraine წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ ილ-76 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. გამოცემათა თანახმად, თვითმფრინავს S-300 საზენიტო რაკეტები გადაჰქონდა ხარკოვის ოლქის დასაბომბად. მოგვიანებით გამოცემებმა ეს ცნობა შეცვალეს და ამოიღეს ის ნაწილი, რომელშიც საუბარი იყო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების კავშირზე.

მეორე დღეს, 25 იანვარს, უკრაინის დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა გაიმეორა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი ილ-76-ის ბორტზე, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალაც უნდა ყოფილიყო.

"ბორტზე შეიძლებოდა ყოფილიყო სარაკეტო კომპლექს ს-300-ისთვის განკუთვნილი რაკეტები და ასევე ხალხი. ჩვენ ვსაუბრობთ დიდ სამხედრო თვითმფრინავზე, რომელიც, მათივე სიტყვებიდან გამომდინარე, მხოლოდ მესამედით იყო დატვირთული. ჰქონდა თუ არა აზრი, სწორედ ამ თვითმფრინავის გამოყენებას? ამავე დროს, ილ-76-ის გარდა, რომელმაც კატასტროფა განიცადა, საჰაერო სივრცეში ერთდროულად იმყოფებოდა სხვა, AN-26-ი და AN-72-ი თვითმფრინავები. ბევრი გარემოებაა, რომელსაც გამოძიება და მაქსიმალური შესწავლა სჭირდება", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში.

S-300 ეს არის სისტემა, რომელიც აღჭურვილია შორეული რადიუსის მოქმედების მიწა-ჰაერის კლასის რაკეტებით. ამ რაკეტებს იყენებს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის თავდაცვის ძალები.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი აცხადებს, რომ თვითმფრინავ ილ-76-ს 24 იანვარს რამდენიმე მაღალი რანგის რუსი სამხედრო და პოლიტიკური მოხელეც უნდა გადაეყვანა.

"მაგრამ ბოლო მომენტში, ეფესბემ (რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური. რ.თ) მათ უბრძანა, რომ არ ასულიყვნენ ამ თვითმფრინავში და სხვა ტრანსპორტით ესარგებლათ. ეს ინფორმაცია კატასტროფის შემდეგ გახდა ცნობილი", - ამბობს იუსოვი და დასძენს, რომ უკრაინის დაზვერვისათვის ცნობილია ამ რუსი მოხელეების სახელები და ის სხვა მასალებთან ერთად, საერთაშორისო გამოძიებას გადაეცემა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ საკუთარი ძალებით დაიწყო ილ-76-ის კატასტროფის გარემოებათა გამოძიება.

დაიღუპნენ თუ არა ავიაკატასტროფაში უკრაინელი სამხედრო ტყვეები?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 24 იანვარს ჩამოვარდნილ ილ-76-ში იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები.

ცნობები, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა და მასში 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, თავდაპირველად რუსულმა ტელეგრამარხებმა „ბაზამ“ და „112-მა" გაავრცელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა, რომ უკრაინელი სამხედროები გაცვლის მიზნით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით უნდა გადაეყვანათ ბელგოროდის აეროდრომზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების წარმოების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება უსაფრთხო ვერ იქნება და ორივე მხარის მიერ უნდა იყოს განხილული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ტყვეთა გაცვლის პროცესს. შესაბამისად, უკრაინული მხარე არ გამორიცხავს რუსეთის წინასწარ დაგეგმილ, მიზანმიმართულ ქმედებას უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტების მიზნით.

რაც შეეხება სავარაუდო უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც რუსეთის ცნობით ჩამოვარდნილ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, იუსოვმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, მათ უსაფრთხოებაზე როგორც საპატიმროში, ისე ტრანსპორტირების პროცესში, პასუხისმგებელია სწორედ ის სახელმწიფო, რომელმაც ისინი დაატყვევა.

„უკრაინამ შეასრულა ყველა პირობა და ვალდებულება. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ნებისმიერი სცენარი, მათ შორის მიზანმიმართული პროვოკაცია, ასევე უკრაინელი სამხედრო ტყვეების გამოყენება, როგორც ცოცხალი ფარისა იმ სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა და იარაღის ტრანსპორტირების დროს, რომლებიც უკრაინის ქალაქებს ანადგურებენ", - აცხადებს ანდრეი იუსოვი.

უკრაინის მხარის უნდობლობას აძლიერებს ისიც, რომ, მათი წყაროების ცნობით, რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა არ მისცეს უფლება რუს მაშველებს დაეთვალიერებინათ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი და შეედგინათ ოქმი. უკრაინის მხარე ასევე აცხადებს, რომ თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში არ ჩანს სავარაუდოდ დაღუპული ადამიანების სხეულების ნაწილები.

„აგენტურული მონაცემებით ცნობილია, რომ გუშინდელი მდგომარეობით ბელგოროდის მორგში მხოლოდ ხუთი ცხედარი მიიტანეს. სინამდვილეში, ეს რიცხვი შეესაბამება რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების კუთვნილი იმავე ილ-76-ის ეკიპაჟის წვერთა რაოდენობას“, - განაცხადა ანდრეი იუსოვმა

ოფიციალურ სტრუქტურებზე ადრე, სავარაუდო დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეების სია თავის ინსტაგრამის გვერდზე კრემლის პროპაგანდისტმა, ტელეკომპანია RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გამოაქვეყნა.

24 იანვარს ტყვეების გაცვლა რომ უნდა შემდგარიყო, ეს დაადასტურა უკრაინის მხარემაც, რომელსაც ამ მომენტამდე არ მოეპოვება სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ და რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში.


„არც სიმონიანს და არც შარიკოვს ამასთან კავშირი არ აქვთ. ანუ ინფორმაცია ოფიციალურად უნდა იყოს დადასტურებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან სხვა სტრუქტურის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს განიხილება, როგორც მოწინააღმდეგის შეგნებული საინფორმაციო-სადაზვერვო ოპერაცია“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში.

შეიძლებოდა თუ არა, ილ-76 თავად რუსებს ჩამოეგდოთ?

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა კიდევ ერთი ვერსია გაახმოვანა. იუსოვი არ გამორიცხავს იმასაც, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას შეცდომით თავად ჩამოეგდო თავისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76. უკრაინული ვერსიით, ეს შეიძლებოდა მაგალითად მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები სამიზნედ ჩათვლიდნენ უკრაინულ სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც ბელგოროდის მახლობლად საბრძოლო ზონაში ხშირად დაფრინავენ. ასეთ შემთხვევაში საზენიტო დანადგარის თუ ხელით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გათვლას შეიძლებოდა დაეშვა შეცდომა და საკუთარი თვითმფრინავი ჩამოეგდო.

დღეისთვის ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს ფაქტობრივად არის საბრძოლო მოქმედებების ზონა. ხოლო იმ დღეს და იმავე დროს ორივე მხარე აქტიურად გამოიყენებდა უპილოტო თვითმფრინავებს. კერძოდ, საუბარია უკრაინის მიერ სადაზვერვო დრონების გამოყენებაზე, რომლებიც, თავის მხრივ, შესაძლოა გამხდარიყო სამიზნე აგრესორის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის ძალებისთვის. ეს არის, სინამდვილეში, ის სცენარი, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი რუსეთში, როდესაც ე.წ. მეგობრული ცეცხლის შედეგად არაერთი მათი სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავი განადგურებულა. და კიდევ ერთხელ ვამბობთ ხაზგასმით, რომ ამჯერად საქმე ეხება სწორედ სამხედრო თვითმფრინავს, რომელშიც პრინციპში სამხედრო ტყვეები არ უნდა ყოფილიყვნენ", - განაცხადა ანდრეი იუსოვმა

რუსეთში უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის ამ ვერსიაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მოსკოვი და კიევი არ ამხელენ თავიანთ დანაკარგებს ომში, მხოლოდ მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. სამხედრო კონფლიქტების მხარეები აზვიადებენ საკუთარ მიღწევებს და მსუბუქად აღწერენ წარუმატებლობას.

თვითმფრინავ ილ-76-ის ავიაკატასტროფის ადგილზე, სადაც გრძელდება საგამოძიებო მუშაობა, ბელგოროდში, 25 იანვარს მაშველებმა იპოვეს ორივე შავი ყუთი. როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა სააგენტო „რია-ნოვოსტის“, ფრენის პარამეტრების რეგისტრაციის აპარატი და თვითმფრინავის საბორტო თვითჩამწერი ილ-76-ის ბოლოში, კუდის ნაწილში იმყოფებოდა.
მათ ჩაიტანენ მოსკოვში, სადაც საბორტო თვითჩამწერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაშიფრავენ.

ბელგოროდის ოლქში ილ-76-ის ჩამოვარდნის საკითხზე მსჯელობას გეგმავს გაეროს უშიშროების საბჭო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG