Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია ქვეყნის COVID-ვაქცინაციის გეგმა - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 იანვარს


ვინ აიცრება, როდის და რომელი ვაქცინით? - გვაქვს თუ არა COVID-19-ის ვაქცინაციის გეგმა?

გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, თქვა, რომ საქართველოში რისკჯგუფში არმყოფი მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ ინექციებს ზაფხულში ან შემოდგომაზე მიიღებს.

ჯანდაცვის ექსპერტების ცნობისმოყვარეობა ამით არ ამოიწურება. ისინი ხელისუფლებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის წარმოდგენას სთხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ამ გეგმისა და სქემის გამართულობაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ და რამდენ ხანში დაუბრუნდება ქვეყანა, ეკონომიკა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, კვირის დასაწყისში, 11 იანვარს უთხრა, რომ ვაქცინაციის გეგმის შემუშავებაზე ვაქცინაციის სამთავრობო კომიტეტის 15-კაციანი გუნდი, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით მუშაობს. მისივე თქმით, გეგმაზე მუშაობა კვირის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო და დეტალური ინფორმაცია ვაქცინაციის პროტოკოლის შესახებაც სწორედ ამ დროისთვის გვეცოდინებოდა. ვინ, როდის და რომელი ვაქცინით აიცრება? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

დღეს ბუკნარში შერიგების მიზნით შეხვედრა გაიმართება

გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის და სრულიად საქართველოს მუფთის ადამ შანთაძის მონაწილეობით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა. მერიის წინ შეკრებილ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შეხვედრის შემდეგ ახალი წინადადება შესთავაზეს: 15 იანვარს, სოფელ ბუკნარში გაიმართება მუსლიმების ტრადიციული ლოცვა; იმავე დღეს სოფლის ეკლესიაში ილოცებს მართლმადიდებელი მრევლიც. ორივე ლოცვის დასრულების შემდეგ კი გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ვასილ ჩიგოგიძე, ადამ შანთიძე, მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენელი (სასულიერო პირი), გარდა ამისა, ქრისტიანი და მუსლიმი თემის 10-10 წარმომადგენელი. შეხვედრის მიზანი იქნება შერიგება და თანაცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 12 იანვარს, სოფლის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.

რამდენიმე დღეა, ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით მიმდინარეობს ორივე თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება.

წაიკითხე მეტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად უჰანში ჩავიდნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის 13 წევრი 14 იანვარს ჩავიდა ჩინეთში, ქალაქ უჰანში, რათა ჩაატარონ კვლევა კორონავირუსის წარმოშობისა და მისგან გამოწვეული ინფექციის, კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყების შესაძლო მიზეზების შესახებ.

ჯგუფში შედიან ექსპერტები აშშ-დან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, ნიდერლანდიდან, კატარიდან და ვიეტნამიდან.

ახალი ინფექციის შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა უჰანიდან და ეს ქალაქი იყო პირველი, რომელიც დაიხურა ინფექციის შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო. მაგრამ ვირუსი გავრცელდა ჯერ ჩინეთში და შემდეგ უცხოეთის ქვეყნებში.

წაიკითხე მეტი.

ინჯიას "ევროპელი სოციალისტების" პრორუსული, ანტიდასავლური განწყობები

ერთპარტიული პარლამენტის უხერხულ დილემას „ქართული ოცნება“ გადაჭრილად მას შემდეგ თვლის, რაც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიის გავლით შევიდა 4 დეპუტატი. მმართველი პარტია შიდა თუ გარე აუდიტორიის იმაში დარწმუნებასაც ცდილობს, რომ ამ ოთხი ბიზნესმენის მიერ ახლახან დაფუძნებული პარტია - „ევროპელი სოციალისტები“ პროდასავლური ღირებულებების მატარებელია და მას საერთო არაფერი აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ პრორუსულ ფრთასთან. თუმცა მედიის განვითარების ფონდის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრების განცხადებები რუსეთის პროპაგანდისტული, ანტიდასავლური გზავნილებით არის გაჯერებული და იკვეთება კავშირები კრემლის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებთანაც.

ახლად დაფუძნებულ პარტიას უკვე ჰყავს პოლიტსაბჭო. მისი ერთ-ერთი წევრი თამარ კიკნაძე დაკავშირებულია პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან, რომელიც 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. კიკნაძის ციტატები მედიაარქივში ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევა. ის საუბრობდა დასავლეთის მიერ თავს მოხვეულ ღირებულებებზე, აშშ-ის მიერ საქართველოს კოლონიად ქცევასა და სხვა.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

102 წლის გალინა ზაქრაძე სამტრედიის მოხუცთა სახლის უხუცესი ბინადარია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. ვირუსით დაინფიცირდა მოხუცთა სახლის თითოეული მცხოვრები, 5 მოხუცი კი გარდაიცვალა. ახლა სათნოების სახლი მნახველებისთვის დაკეტილია.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG