Accessibility links

logo-print logo-print

ინჯიას "ევროპელი სოციალისტების" პრორუსული, ანტიდასავლური განწყობები


ერთპარტიული პარლამენტის უხერხულ დილემას „ქართული ოცნება“ გადაჭრილად მას შემდეგ თვლის, რაც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიის გავლით შევიდა 4 დეპუტატი. მმართველი პარტია შიდა თუ გარე აუდიტორიის იმაში დარწმუნებასაც ცდილობს, რომ ამ ოთხი ბიზნესმენის მიერ ახლახან დაფუძნებული პარტია - „ევროპელი სოციალისტები“ - პროდასავლური ღირებულებების მატარებელია და საერთო არაფერი აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ პრორუსულ ფრთასთან. თუმცა მედიის განვითარების ფონდის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრების განცხადებები რუსეთის პროპაგანდისტული, ანტიდასავლური გზავნილებით არის გაჯერებული და იკვეთება კავშირები კრემლის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებთანაც.

პროდასავლური სახელი

„ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პარტიის სახელთან დაკავშირებით მათმა ოთხეულმა ბევრი იფიქრა და ბოლოს, პროდასავლური ორიენტაციის ხაზგასასმელად, პარტიას სახელად - „ევროპელი სოციალისტები“ შეურჩიეს.

ზილფიმიანს უკვირს, თუ რატომ გახდა საქილიკო ოთხი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული სოციალისტური ფასეულობების პარტია, რადგან, მისი თქმით, ესეც დასავლეთის წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას ნიშნავს.

„დავსხედით და ბევრი ვიფიქრეთ სახელზე. ნამდვილად ჩვენ ოთხმა მოვიფიქრეთ... დათო ზილფიმიანს ყველა იცნობს, მე მართული ადამიანი რომ არ ვარ, ეს ცხადია... ვიფიქრეთ ბევრი და შევაჯერეთ აზრი. ახლა კონკრეტულად ვინ რა თქვა, ეს გარეთ რომ გამოვიტანოთ, არ იქნება სწორი... მაგრამ როგორც იყო, ბოლოს ერთ აზრზე შევჯერდით, რომ ჩვენი პარტია უნდა ყოფილიყო „ევროპელი სოციალისტები“.

ანტიდასავლურობას მე ვერავინ დამწამებს, ვინც მიცნობს. თავს კი არ ვიქებ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე მაქვს სრულიად დასავლური წარსული... ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილები და შვილიშვილები იტალიელები არიან (იტალიის მოქალაქეები), ყველა ჩემი რძალი იქაურია, იტალიელი. პლუს ამას, ბოლო 15 წელია, რაც მე თვითონ აშშ-ის რეზიდენტი ვარ, ნასასთან ჩემი ურთიერთობებიც ცნობილია.

ზოგადად, ევროსოცები ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ ევროპაში და გადავხედოთ თუნდაც სკანდინავიას. მცდარი გაგებაა, რომ ყველა ბიზნესმენი და შეძლებული ადამიანი აუცილებლად მემარჯვენე უნდა იყოს... ჩვენ გვინდა, რომ დასავლური სტილის სოციალური თანასწორობის ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც აუცილებლად იქნება საშუალო ფენა. დღეს საქართველოში არ არის საშუალო ფენა...

ვინ თუ არა ჩვენ, ჩემისთანებმა და ჩვენისთანებმა უნდა შექმნან საშუალო ფენა ქვეყანაში... ის, რაც მოხდა დასავლეთ და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპაში, ეს არის კარგი მაგალითი და აქედან მოდის ჩვენი პარტიის სახელიც“.

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ 9 იანვარს დაფუძნდა. იმ დროისთვის პარლამენტში უკვე შესული იყო ამ პარტიის დამფუძნებელი ოთხი დეპუტატი - ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე, ავთანდილ ენუქიძე და დავით ზილფიმიანი. ისინი პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიის გავლით მოხვდნენ. ოთხიდან ერთმა უარი არ თქვა სადეპუტატო მანდატზე, ხოლო დანარჩენი სამი პარლამენტში 5 იანვარს - ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ადგილმონაცვლეებად მიიღეს.

ამ ფაქტმა „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცა, მე-10 მოწვევის პარლამენტის ერთპარტიულობის დაძლევაზე ესაუბრა. „როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება - „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის სცენარი“, - განაცხადა 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, დაარწმუნოს ყველა, რომ „პატრიოტთა ალიანსისგან“ გამიჯნულ და ერთ დროს ამ პარტიის დამფინანსებელ ბიზნესმენ დეპუტატებს საერთო არაფერი აქვთ ამ პარტიის პრორუსულ და ანტიდასავლურ განწყობებთან.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა „ქართული ოცნების“ საინფორმაციო ბიულეტენი, სადაც სწორედ ესაა ხაზგასმული და რომლის ადრესატებიც საერთაშორისო პარტნიორები არიან.

პრორუსული კავშირები და ანტიდასავლური განცხადებები

„მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) „მითების დეტექტორმა” გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც თავმოყრილია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრთა მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული პრორუსული, ანტიდასავლური განცხადებები და ასახულია კავშირები რუსეთის პრეზიდენტის დაფინანსებით მოქმედ ორგანიზაციებთან.

ყურადღების ცენტრში მოექცა „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს ცხრიდან ოთხი წევრი:

  • თამარ კიკნაძე,
  • გიორგი მაღლაკელიძე,
  • ვიქტორ ცაავა,
  • ირაკლი უბილავა.

ცესკოს მონაცემების გადამოწმების შედეგად, რადიო თავისუფლებამ დააზუსტა, რომ ვიქტორ ცაავა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის წარდგენილი სიის 59-ე ნომერი იყო.

„მითების დეტექტორის“ თანახმად, თამარ კიკნაძე „დაკავშირებულია პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან, რომელიც 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა” და ის „კრემლთან დაკავშირებულ სხვა აქტორებთან ერთად", აქტიურად მონაწილეობდა ამ ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებებში.

კვლევის მიხედვით, როგორც კიკნაძე, ასევე „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს სხვა წევრები სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობენ კრემლის პროპაგანდისტულ მედიაპლატფორმებთან და ხშირად აღმოჩენილან MDF-ის ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კვლევებში.

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, კვლევის თანაავტორი თამარ კინწურაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ეს ადამიანები წლებია ავრცელებენ ანტიდასავლურ გზავნილებს - განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე“ და „თავის მოტყუებაა საუბარი იმაზე, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რომელიმე ფრთა შესაძლოა იყოს პროდასავლური და თითქოს პარლამენტში პროდასავლური ოპოზიცია გვყავს“.

MDF-ის მიერ თავმოყრილ განცხადებებში, მაგალითად, დაკნინებული არიან ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო საქართველოსთვის საფრთხედ არის გამოცხადებული, ხოლო რუსეთი 2008 წლის ომში მხარედ საერთოდ არ არის აღქმული:

  • „ნატო მე მჭირდება იმისთვის, რომ იყოს ჩემი უსაფრთხოების გარანტი და პირიქით, ნატო გახდა ჩემი საფრთხის გარანტი“ - თამარ კიკნაძე, ტელეკომპანია „ობიექტივი“;
  • „საქართველოსა და რუსეთს შორის ომი არ ყოფილა, ეს იყო ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა და ჩვენ გავიჭყლიტეთ" - თამარ კიკნაძე, „საქართველო და მსოფლიო“;
  • „საქართველოში რო სამხედრო ბაზა გაკეთდეს, ღმერთმა არ ქნას და 1 ჭურვიც რო ჩამოვარდეს, იმდენად ძლიერია უკვე ბირთვული იარაღი… ვფიქრობ, რომ საქართველო არ შეიძლება მუსკულებზე, ჯაველინებზე და რაღაცა ძალის დემონსტრირებაზე, განსაკუთრებით საქართველო, იყურებოდეს ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციიდან” - გიორგი მაღლაკელიძე, ტელეკომპანია „ობიექტივი“;
  • „ჩვენი ხელით ძალდაუტანებლად მოვაწერეთ ხელი (ევროკავშირთან) ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც უფრო მეტად შებოჭა პატარა საქართველო. საქართველომ ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან დადო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ევროპის კი არა, ამერიკის კოლონიაცაა. საქართველო ორი ბატონის მონაა“ - ვიქტორ ცაავა,საქართველო და მსოფლიო“;
  • „საქართველო არის რუსეთის მტერი იმის შემდეგ, რაც ის გახდა რუსეთის მტრის მეგობარი. ჩემი აზრით, დასავლეთი შეეცდება სიტუაციის დესტაბილიზებას ქვეყნის შიგნით და ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ პირით მოახდინა 21 მარტის აქციის ანონსირება” - ირაკლი უბილავა, საქინფორმი.

თამარ კინწურაშვილს, ისევე როგორც ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დიდ ნაწილს, ეჭვი არ ეპარება, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ მოკავშირეა და „ევროპელი სოციალისტებიც“ ამ სიმბიოზური თანამშრომლობის შედეგად, „მაშველი რგოლის“ სახით შექმნილი პოლიტიკური ძალაა. ამ პარტიის შესვლამ პარლამენტში, მათი შეფასებით, არა თუ ვერ აღმოფხვრა ერთპარტიულობის დილემა, არამედ კომიკური სახეც კი შესძინა მას.

ბევრისთვის საყურადღებოა ახალი პარტიის სახელში აქცენტის გაკეთება „სოციალისტურ“ მიმართულებაზე, რადგან თავად „ქართული ოცნება“ პანევროპული პოლიტიკური ძალის - „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ პოლიტიკური ოჯახის წევრია.

ვის ესმის "კარგი მთქმელის"?

საკუთარ პროდასავლურობაში ბოლომდე დარწმუნებულ დავით ზილფიმიანს „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრთა პრორუსული, ანტიდასავლური გზავნილებისა და საეჭვო კავშირების შესახებაც ვკითხეთ.

უქმნის თუ არა მას დისკომფორტსა და უხერხულობას ასეთი იდეების მქონე თანაგუნდელებთან მუშაობა?

ზილფიმიანი თანაგუნდელების გამართლებას შეეცადა:

„იცით, ამას როგორ უნდა შევხედოთ?! ძალიან ბევრი ადამიანი საბჭოთა კავშირში დაიბადა და მათ იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ხედვა ჩამოუყალიბდათ. არ არის სწორი მათი განსჯა. უფრო მეტიც, თავის დროზე, ასეთი ადამიანების და მათ შორის ძალიან ინტელიგენტი ადამიანების ჩარეცხვა მოინდომა მიხეილ სააკაშვილმა...

ის ანაბეჭდი და ის კვალი, რაც საბჭოთა კავშირმა დატოვა თავის მოქალაქეებზე, ასე ადვილად ვერ წაიშლება... მთავარი ის არის, როგორი ხედვა აქვთ ახლა და რა უნდათ თავიანთი შვილების მომავლისთვის... ზოგჯერ კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა... ყველას განცხადებაზე მე პასუხს ვერ ვაგებ, არ ვიცი, რა თქვეს კონკრეტულად, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ლიდერი, მე არ დავუშვებ ამ პარტიის კურსიდან გადახვევას“.

შემდეგ ჩვენ მას რამდენიმე ციტატა წავუკითხეთ და ასე ვცადეთ უფრო კონკრეტული პასუხის მიღება. მაგალითად:

  • ზილფიმიანი არ ეთანხმება თამარ კიკნაძის გამონათქვამს, რომ „საქართველოსა და რუსეთს შორის ომი არ ყოფილა, ეს იყო ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის“. ზილფიმიანი ამბობს, რომ იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, ეს ომი საქართველოს ტერიტორიაზე გაიმართა და ამით ყველაფერი ნათქვამია.
  • ზილფიმიანს განსხვავებული რეაქცია აქვს, მაგალითად, თამარ კიკნაძის მეორე განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ის ნატოს „საფრთხის გარანტად“ მოიხსენიებს. ზილფიმიანმა გვითხრა, რომ აქ კიკნაძე ალბათ მიუღებელს არაფერს გულისხმობდა, რადგან ნატოში გაწევრიანება ძალიან მისასალმებელია, მაგრამ „ის, რომ ნატო ფეხს ითრევს, სიგნალად მიაჩნია რუსეთს და ეს ფაქტი ხდება საფრთხე... კარგ მთქმელს ზოგჯერ კარგი გამგონი უნდა“.

დროის სიმცირის გამო, მისი თანაგუნდელების ყველა განცხადების განხილვა შეუძლებელი იყო. დავით ზილფიმიანმა MDF-ის კვლევის ბმულის მისთვის გაგზავნა გვთხოვა და დაგვპირდა, რომ მიუღებელ განცხადებებს აუცილებლად განიხილავენ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე.

პოლიტსაბჭოს წევრები ფრიდონ ინჯიამ შეარჩია

დავით ზილფიმიანმა გვითხრა, რომ პოლიტსაბჭოს წევრები პარტიის თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას კანდიდატურები და „ძალიან კარგი ადამიანები“ არიან, მაგრამ ნამდვილად არ იცის, სად რა აქვთ ნათქვამი.

ხოლო თავად ფრიდონ ინჯია, ზილფიმიანის შეფასებით, „ახალგაზრდული სულის კეთილსულიერი ადამიანია“ და „მისი ოჯახი სულაც არ არის პრორუსული“.

თავად ფრიდონ ინჯიასთან მისი შერჩეული კანდიდატურების გამონათქვამებზე სასაუბროდ დაკავშირება ვერ მოხერხდა.

"პატრიოტთა ალიანსი" დაფინანსდება

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები პარლამენტში არ შევიდნენ და ისინი ბრაზსაც გამოხატავენ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი სადეპუტატო მანდატები სასწრაფო წესით, 4 იანვარს გააუქმა, სხვა ოპოზიციური პარტიების 51 დეპუტატზე ადრე.


მაგრამ პარტიის ლიდერებს არანაირი პრეტენზია და გულისწყრომა არ გამოუხატავთ უშუალოდ პარლამენტში შესული თავიანთი ყოფილი თანაგუნდელების მისამართით. „პატრიოტთა ალიანსში“ დარჩენილებიც და წასულებიც აცხადებენ, რომ ბიზნესმენებს თავისუფალი არჩევანი ჰქონდათ.

გოჩა თევდორაძემ არაერთხელ გვითხრა, რომ პარტიისთვის დაფინანსების საკითხი მთავარი არ არის, მაგრამ „ევროპელი სოციალისტების“ პარლამენტში შესვლის გამო საპარლამენტო დაფინანსებას, 1 043 120 ლარს, სწორედ „პატრიოტთა ალიანსი“ მიიღებს.

14 იანვარს რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. „არსებული კანონით, დაფინანსება რჩება „პატრიოტთა ალიანსს“, რადგან ეს დეპუტატები ამ პარტიის სიით არიან შესულნი“, - გვითხრა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG