Accessibility links

logo-print logo-print

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 იანვარს


აქტივისტები და მთის კურორტებზე დასაქმებულები აქციას გეგმავენ

დღეს იწურება 48-საათიანი ულტიმატუმის ვადა, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მიზნით სამთო კურორტებზე დასაქმებულებმა მთავრობას მისცეს. თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და შეზღუდვები არ შემსუბუქდება, ისინი პერმანენტულ აქციებსა და სახელმწიფო შენობების პიკეტირებას აპირებენ.

აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი მთის კურორტები“. კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ბოლო ორი დღეა თბილისში სხვადასხვა ჯგუფი აპროტესტებს. გუშინ აქცია გამართეს „ახალგაზრდა მწვანეებმა“.

წაიკითხე მეტი.

NDI-ს კვლევის ძირითადი მიგნებები, საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულებები

გუშინ „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ის 2020 წლის დეკემბრის პერიოდს მოიცავს. პანდემიის გამო, წინა კვლევებისგან განსხვავებით, პირისპირ ინტერვიუების ნაცვლად მონაცემები სატელეფონო ინტერვიუებით შეგროვდა.

კვლევის მიხედვით, თუკი 2019 წლის ბოლოს "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 19% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 31%-მდეა გაზრდილი. "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში მხარდაჭერის მაჩვენებელი 13%-დან 5%-მდეა შემცირებული. ბოლო კვლევაში, ისევე, როგორც სხვა წინა კვლევებშიც, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს პასუხს "არ ვიცი, არცერთი პარტია, უარი პასუხზე".

რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას პოლიტიკური მოვლენების მიმართ, გამოკითხულთა 76% ფიქრობს, რომ "მისნაირი ადამიანების" ინტერესების გასატარებლად მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 13%.

ეროვნული დონის საკითხებიდან პირველ ხუთეულში, სამუშაო ადგილებს მიიჩნევს მთავარ საკითხად გამოკითხულთა 45%, მას სიღარიბე მოსდევს 37%-ით, ფასების ზრდა და ინფლაცია 31%-ს მიაჩნია მთავარ საკითხად, 22%-ს ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო 16%-ს - კორონავირუსი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პარლამენტი დაიწყებს მსჯელობას ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების თაობაზე

ამ კვირაში პარლამენტმა უნდა დაიწყოს მსჯელობა მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა გუშინ თქვა, რომ საკითხზე მსჯელობას კომიტეტები დღეიდან დაიწყებენ.

„პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საკითხზე მსჯელობას პარლამენტი ხვალიდან [26 იანვრიდან] დაიწყებს. თავდაპირველად მას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს და შემდეგ სესიაზე გავა. ამ თემაზე გუნდში საბოლოო შეჯერებული პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის“, - თქვა მან.

ამჟამად პარლამენტში განხილვას ელოდება სხვადასხვა პარტიის 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ დაწერილი განცხადება. მე-10 მოწვევის 150-წევრიან პარლამენტში ჯერჯერობით მხოლოდ „ქართული ოცნების“ 90 და ფრიდონ ინჯიას „ევროპელი სოციალისტების“ 4 დეპუტატია შესული.

Oxfam: მთელი პლანეტის აცრას ეყოფოდა ის თანხა, რამდენითაც პანდემიის პერიოდში 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება გაიზარდა

სიღარიბესთან მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია, Oxfam-ი აცხადებს, რომ მსოფლიოს ათი ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება პანდემიის პერიოდში 540 მილიარდი დოლარით გაიზარდა მაშინ, როცა მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობას კრიზისის დაძლევისას სირთულეები აქვს.

Amazon-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის, Facebook-ის დამაარსებლის, მარკ ზაკერბერგისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მსგავსი მილიარდერების მიერ პანდემიის დროს მოგებული თანხა „საკმარისზე მეტი იქნებოდა“ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ასაცრელად და კრიზისის პერიოდში სიღარიბისგან ადამიანების დასაცავად.

წაიკითხე მეტი.

კოვიდის გართულება ბავშვებში - ექიმები პროტოკოლის დამტკიცებას ითხოვენ

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებში ახალი პედიატრიული დაავადება, MIS-C სინდრომი იშვიათ შემთხვევაში იჩენს თავს და გართულების მაჩვენებელი დაახლოებით 0,66 პროცენტია, ბოლო სამ თვეში, საქართველოში, ამ დიაგნოზით 65-მდე ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. სპეციალისტების თქმით, არ არის საჭირო პანიკის დათესვა, თუმცა, მაჩვენებელი გასათვალისწინებელია“.

ამ ახალ პედიატრიულ დაავადებას ქართველი ექიმები ერთ-ერთ ძვირადღირებულ პედიატრიულ დაავადებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, ჯამში, რამდენიმე ათას ლარს აღწევს. სწორედ ამიტომ, მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტების მიერ დამუშავებული პროტოკოლი დროულად დაამტკიცოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რათა მას მიეცეს ეროვნული პროტოკოლის სახე, რაც უკვე ოფიციალურად განსაზღვრავს დიაგნოზის დაფინანსების საკითხს.

რა წერია პროტოკოლის იმ ვერსიაში, რომელიც სპეციალისტებმა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე წარუდგინეს? რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო და რა იციან პედიატრებმა ქვეყნის მასშტაბით ამ დიაგნოზის შესახებ?

წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

თავიდანვე გაფრთხილებთ, ზუსტ პასუხს ამ შეკითხვაზე აქ ვერ მოისმენთ. სამაგიეროდ, ბევრი, ჩვენი აზრით საინტერესო და ლამაზი ვერსია გვექნება...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG