Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდის გართულება ბავშვებში - ექიმები პროტოკოლის დამტკიცებას ითხოვენ


„ბავშვებში მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომის (MIS-C) დიაგნოსტირებისა და მართვის პროტოკოლის დროული და გადაუდებელი დამტკიცება, პრინციპული და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ციბაძე, ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებში ახალი პედიატრიული დაავადება, MIS-C სინდრომი იშვიათ შემთხვევაში იჩენს თავს და გართულების მაჩვენებელი დაახლოებით 0,66 პროცენტია, ბოლო სამ თვეში, საქართველოში, ამ დიაგნოზით 65-მდე ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. სპეციალისტების თქმით, არ არის საჭირო პანიკის დათესვა, თუმცა, მაჩვენებელი „გასათვალისწინებელია“.

ამ ახალ პედიატრიულ დაავადებას ქართველი ექიმები ერთ-ერთ ძვირადღირებულ პედიატრიულ დაავადებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, ჯამში, რამდენიმე ათას ლარს აღწევს. სწორედ ამიტომ, მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტების მიერ დამუშავებული პროტოკოლი დროულად დაამტკიცოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რათა მას მიეცეს ეროვნული პროტოკოლის სახე, რაც უკვე ოფიციალურად განსაზღვრავს დიაგნოზის დაფინანსების საკითხს.

რადიო თავისუფლება MIS-C სინდრომისა და ამ თვალსაზრისით, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ორი კვირის წინაც წერდა. მაშინ, განსაკუთრებით საყურადღებო იყო იმ კონკრეტული პრეპარატის დეფიციტი და მაღალი ფასი, რომელიც მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტების სამკურნალოდ იყო საჭირო. მასალაზე მუშაობის პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალური კომენტარის მოძიება ვერ მოხერხდა. მაშინ სამინისტროს პრესსამსახური მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა და გვითხრა: „პრეპარატის შემოტანის საკითხები დღის წესრიგში არ დგას, რადგან იმუნოგლობულინით მკურნალობა ყველა პაციენტს არ სჭირდება და ყველა ექიმი არ იყენებს ამ პრეპარატს. რაც შეეხება დაფინანსებას, თუკი ერთეული შემთხვევები იქნება და მოგვმართავენ, ამ შემთხვევებს განვიხილავთ“.

რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 15 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ „სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ ბავშვების სრულფასოვნად მკურნალობას. ხარჯებს წარმოადგენენ და სახელმწიფო მას სრულად დაფარავს“. მისივე მტკიცებით, „ქვეყანაში მედიკამენტის დეფიციტი არაა და, რა თქმა უნდა, ბავშვებს როდესაც ის დასჭირდებათ, შეეძლებათ მათი გამოყენება“.

თუმცა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამ განცხადებას აკეთებდა, რეალობა სხვაგვარი იყო. რადიო თავისუფლებამ ჯერ კიდევ 12 იანვარს, ყველა დიდ სააფთიაქო ქსელში მოიკითხა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტი. თბილისის მასშტაბით, ეს პრეპარატი მხოლოდ ერთ აფთიაქში და ერთი ფლაკონი აღმოჩნდა. პრეპარატის დეფიციტის შესახებ რადიო თავისუფლებას ელაპარაკებოდნენ თავად კლინიკების ექიმებიც და როგორც პრეპარატის მარაგის გაკეთების, ისე მისი დაფინანსების აუცილებლობაზე მიუთითებდნენ.

დავით ციბაძე გვეუბნება, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკას აქვს შესაძლებლობა თავად შეისყიდოს პრეპარატი.

რა წერია პროტოკოლში?

MIS-C სინდრომის მართვის პროტოკოლი საქართველოს რესპირაციულმა ასოციაციამ, საქართველოს პედიატრთა აკადემიამ და საქართველოს საერთაშორისო გადაუდებელი დახმარების ასოციაციამ რამდენიმე ხნის წინ წარუდგინა ჯანდაცვის სამინისტროს. პროტოკოლის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა ყველა ძირითადი მულტიპროფილური კლინიკა. მათ შორის, კლინიკები რეგიონებიდან. სწორედ ამ პროტოკოლის საფუძველზე უნდა მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება, მართვა და დიაგნოზის მკურნალობის საფასურის გაანგარიშება.

პროტოკოლში გაწერილია იმ ექიმების ჩამონათვალიც, რომლებიც დიაგნოზის დასმის პროცესში უნდა იღებდნენ მონაწილეობას და ესენი არიან: ბავშვთა კარდიოლოგი, ბავშვთა რევმატოლოგი, ბავშვთა ნეფროლოგი, ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ბავშვთა პულმონოლოგი, ბავშვთა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი.

პროტოკოლში მითითებულია ისიც, რომ დიაგნოსტიკა და მართვა უნდა მოხდეს მხოლოდ მულტიპროფილურ პედიატრიულ კლინიკებში.

ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ MIS-C სინდრომი არ არის ერთი პედიატრის დასასმელი დიაგნოზი. დიაგნოზი მულტიდისციპლინურმა გუნდმა უნდა დასვას.

იმ 65 ბავშვიდან, რომელთაც MIS-C სინდრომის დიაგნოზი დაესვათ, დაახლოებით 45 პაციენტი სწორედ იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. მათგან 9 პაციენტი ამჟამადაც კლინიკაში რჩება. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია და ის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობს. საქართველოში, პაციენტთა საშუალო ასაკი 6,5 წელია, საერთაშორისო მაჩვენებელზე ოდნავ ნაკლები. მსოფლიოში MIS-C სინდრომით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 8 წელია.

ივანე ჩხაიძის თქმით, ამ დიაგნოზით კლინიკებში პაციენტებს 7-10 დღის განმავლობაში მკურნალობენ, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი გაცილებით დიდხანს გრძელდება:

„გამოჯანმრთელების პროცესი 3-4 კვირას მოიცავს. ბინაზე გაწერის შემდეგ, პაციენტები აუცილებლად რჩებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება“.

დავით ციბაძე, ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, გვეუბნება, რომ ახალი პედიატრიული სინდრომის მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ინტენსიური თერაპიის დაფინანსებაზე გაცილებით მაღალია. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დიაგნოზის პროტოკოლის დროული დამტკიცება, რათა ზუსტად გაიწეროს, რა ჯდება დაავადების მკურნალობა და მოხდეს მისი დაფინანსება:

„დღეისათვის არსებული დაფინანსება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გამოყოფს, ამ დიაგნოზს ვერ გადაფარავს. აუცილებელია, რომ ამ პროტოკოლის დამტკიცება დაჩქარებული მეთოდით მოხდეს. იმ ტიპის მკურნალობა, რომელიც ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას ემყარება, ძალიან შედეგიანია, იძლევა სწრაფ შედეგს და ბავშვებისთვის აუცილებელია, ამ დოკუმენტმა ეროვნული პროტოკოლის სახე უნდა მიიღოს, რასაც შემდეგ უნდა მოყვეს შესაბამისი დაფინანსებაც“.

გადაუდებელი აუცილებლობა - პედიატრების ინფორმირებულობა ქვეყნის მასშტაბით

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც ექიმები მიუთითებენ, ეს არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ინფორმირება ქვეყნის მასშტაბით. ახალ სინდრომზე დროული ეჭვის მიტანა, ამ დიაგნოზის მკურნალობის პროცესში, უკიდურესად მნიშვნელოვანია. დავით ციბაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება. ნიუ ჰოსპიტალსში ბოლო 2 თვის განმავლობაში 20-მდე პაციენტმა იმკურნალა. ამჟამად კლინიკაში მკურნალობას გადის ერთი პაციენტი:

„ეს დაავადება ძალიან ახალია, თბილისში, ექიმებს უკვე აქვთ საშუალება, რომ დაავადებაზე ეჭვი მიიტანონ, შესაბამისად, ძალიან პრინციპულია, რომ რაიონებშიც, პედიატრიულ კლინიკებში, სადაც ხვდებიან ასეთი ბავშვები, დროულად მოხდეს დაავადებაზე ეჭვის მიტანა და არ იქნას ის არეული სხვა ბანალურ დიაგნოზში. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც იყო ეჭვი აპენდიციტზე, მაგრამ ქირურგებმა მაქსიმალურად შეიკავეს თავი სწრაფი ჩარევისგან, საბოლოოდ, აღმოჩნდა MIS-C სინდრომი. ბავშვს გულისა და ფილტვების საკმაოდ მძიმე დაზიანებები ჰქონდა და ექიმების გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არ მოხდა ბავშვის საოპერაციოში შეყვანა და მისი სიცოცხლე კიდევ უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე არ დადგა“.

ამასვე ეუბნება რადიო თავისუფლებას ივანე ჩხაიძე. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სექტორმა იზრუნოს პედიატრთა გადამზადებაზე. ეს პროცესი კი, მისი თქმით, პროტოკოლის დამტკიცებისთანავე უნდა დაიწყოს:

„ჩვენ ვამზადებთ ექიმების უწყვეტი განვითარების პროგრამას და მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრო პროტოკოლს გამოაქვეყნებს, ამ პროგრამით გათვალისწინებული გადამზადების კურსები საქართველოს ყველა რეგიონში უნდა ჩატარდეს. პროგრამა დაახლოებით ერთ კვირაში იქნება მზად. სავარაუდოდ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მივმართავთ, რათა დაგვეხმაროს პროექტის დანერგვაში. ექიმების გადამზადება ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ის ფაქტი, რომ სამინისტროს საიტზე პროტოკოლი გამოქვეყნდება, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ექიმი დღესვე წაიკითხავს მას და ან მხოლოდ წაკითხვა იქნება საკმარისი დაავადების მართვისთვის“.

ჯანდაცვის სამინისტრო: "ინდივიდუალური კომენტარებისთვის არ სცალია"

როდის დამტკიცდება MIS-C სინდრომის ეროვნული პროტოკოლი? განიხილა თუ არა პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურამ? როგორი იქნება დიაგნოზის დაფინანსების სისტემა? იქნება თუ არა ხელმისაწვდომი სინდრომის სამკურნალოდ აუცილებელი პრეპარატი? ამ კითხვებზე რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხი ვერც ამჯერად მიიღო. როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, „ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კლინიკებთან შეხვედრებს მართავს და ინდივიდუალური კომენტარებისთვის არ სცალია“.

დარგის სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ პროტოკოლი მიმდინარე კვირის ბოლოსთვის უნდა გამოქვეყნდეს.

შეგახსენებთ, პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზარდების გარკვეულ ნაწილს იშვიათი სინდრომი გამოუვლინდათ, უცხოურ მედიაში ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე გაჩნდა. ჟურნალისტები ექიმებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, მოგვიანებით კი საფრანგეთში, ამერიკასა და აშშ-ში, კოვიდით ინფიცირებულ ან უკვე კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ მოზარდებს გამოუვლინდათ ე.წ. მისტიკური სინდრომი - მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, შეშუპება, ამ სიმპტომებს თანდართული სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი, გულის ფუნქციონირების დასუსტება. მალევე დაფიქსირდა „მისტიკური სინდრომის“ პირველი მსხვერპლიც. ამ იშვიათი გართულების ნიშნები ძალიან ჰგავდა „კავასაკის სინდრომს“.

დარგის სპეციალისტებმა დაავადების შესწავლა დაიწყეს და მალევე „მისტიკურ სინდრომს“ კონკრეტული სახელი დაერქვა - ახალი პედიატრიული დაავადება, მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი ბავშვებში (MIS-C).

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 22 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში MIS-C სინდრომის 1659 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 26 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. პაციენტთა ასაკი 1-დან 14 წლამდეა. უმეტეს შემთხვევაში, სინდრომი კოვიდით ინფიცირებიდან 2-4 კვირაში გამოვლინდა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აქვეყნებს რჩევებს მშობლებისთვისაც, თუ რა შემთხვევაში უნდა მიიტანონ ეჭვი ახალ პედიატრიულ სინდრომზე და როდის უნდა მიმართონ ექიმს ან კლინიკას:

თუკი ბავშვს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • მაღალი სიცხე
  • მუცლის ტკივილი
  • პირღებინება
  • დიარეა
  • ყელის ტკივილი
  • გამონაყარი
  • თვალების სიწითლე
  • სისუსტე, ძილიანობა
  • სუნთქვის გაძნელება
  • სახის შესიება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG