Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვები ისევ დაბრუნდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 იანვარს


უქმე დღეები გამოცხადდა 3-დან 15 იანვრის ჩათვლით

გუშინ საქართველოში ისევ დაბრუნდა ის შეზღუდვები, რომლებიც 28 დეკემბრამდე მოქმედებდა. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 15 იანვრის პერიოდში არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები. ისევ ონლაინვაჭრობას დაუბრუნდა მაღაზიები და შოპინგცენტრები. გაჩერებული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

მუშაობას განაგრძობს ბანკები და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები. ასევე სურსათის მაღაზიები და აფთიაქები.

ვრცლად კვირას ამოქმედებული შეზღუდვების შესახებ წაიკითხე აქ.

პაატა იმნაძე: „კორონავირუსის ახალ შტამზე სამიდან ორი შემთხვევა არ დადასტურდა“

„საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ერთის კვლევა კი კვლავ მიმდინარეობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს უთხრა.

„საბედნიეროდ, ამ ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც უფრო გადამდებია. უკვე არსებული შტამებისგან სიმძიმით არ განსხვავდება“, - თქვა პაატა იმნაძემ.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს „პატრიოტთა ალიანსის“ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. თუმცა მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავე პარტიიდან სხვა სამ დეპუტატს უხსნის კარს საკანონმდებლო ორგანოსკენ. საუბარია პარტიული სიის სამ წევრზე - ფრიდონ ინჯიაზე, გელა ენუქიძესა და დავით ზილფიმიანზე, რომლებსაც, თავიანთი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, ცესკოსთვის სიიდან ჩახსნის თაობაზე არ მიუმართავთ.

ამ სამიდან გუშინ მხოლოდ დავით ზილფიმიანმა დაადასტურა, რომ აპირებს პარლამენტში შესვლას.

მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე დაიწყო. ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, რასაც მმართველი პარტია არ თანხმდება. ამჟამად პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ წარმოდგენილი.

წაიკითხე მეტი.

საქართველოს საგარეო უწყება: „საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრის დადგენის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება“

„მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. საზღვრის საკითხებზე, იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ.

სამინისტროს განმარტებით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და არ შეცვლის თავის უკანონო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

წაიკითხე მეტი.

2020 წლის კარგი ამბები - ასეთიც იყო

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილმა კრიზისმა ნაკლებად დატოვა კარგ ამბებზე ფიქრის დრო. სანამ განსაკუთრებით არ მოვინდომებთ, შეიძლება გაგვიჭირდეს იმის გახსენება, თუ რა მოხდა წელს კარგი საქართველოსა და მსოფლიოში. რადიო თავისუფლებამ რამდენიმე კარგი ამბავი მაინც გაიხსენა, რომლის პოზიტიური შედეგები ალბათ დიდხანს იქნება აქტუალური.

ჩვენი სია შეავსო შემდეგმა მოვლენებმა: კოვიდვაქცინის გამოგონებამ, ლოკდაუნის გამო უნებლიეთ ჰაერის დაბინძურების შემცირებამ, მწვანე ტრანსპორტის გაჩენამ, ონლაინსწავლების განვითარებამ და სხვა.

თვალი გადაავლე კარგი ამბების ჩამონათვალს ანი ბრუდულის სტატიაში.

ნოდარ ჯიქია კომპანია „პანდას“ დამფუძნებელი და პროფესიით სტომატოლოგია. ის ანიმატორებთან - მარიამ გურულთან, თორნიკე ჩხეიძესა და სალომე ტაბატაძესთან ერთად გლდანსა და მუხიანში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG