Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სტუდენტებო, პირველი დეკემბრიდან გაქრება...“ - ჯარიმა და პატიმრობა პროფესორ-მასწავლებლებს


პროფესორ-მასწავლებელი, რომელიც კანონს ერთი წელიწადში მეორეჯერაც დაარღვევს, დაისჯება - მას ან სამი წლით ჩამოართმევენ სწავლების უფლებას, ან ორი წლით დააპატიმრებენ.
პროფესორ-მასწავლებელი, რომელიც კანონს ერთი წელიწადში მეორეჯერაც დაარღვევს, დაისჯება - მას ან სამი წლით ჩამოართმევენ სწავლების უფლებას, ან ორი წლით დააპატიმრებენ.

ბოლო ორი დღეა, რაც სოციალურ ქსელში ლექტორები ერთმანეთის მიყოლებით წერენ მიმართვებს, რომ პირველი დეკემბრიდან აუდიტორიებში ვეღარ ისაუბრებენ ისეთი პოეტების, მწერლების, რეჟისორებისა თუ მხატვრების შემოქმედებაზე, როგორებიც არიან, მაგალითად, საფო, ლორკა, კავაფისი, ფრიდა კალო, ალმოდოვარი, ვარგასი...

პროფესორ-მასწავლებლები წერენ, რომ ამ ავტორებსა და მათ შემოქმედებაზე საუბარი, შესაძლოა, „გაუკუღმართებული სექსის“ პოპულარიზაციად ჩაითვალოს, რასაც ჯერ ჯარიმა, შემდეგ კი პატიმრობაც მოჰყვება.

ლექტორები პოსტებს თან ურთავენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მესამე პრიმა მუხლსაც, რომელიც ამ კანონს მას შემდეგ დაემატა, რაც პარლამენტმა 17 სექტემბერს, სამი მოსმენით მიიღო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და რომელიც ორ კვირაში, 2024 წლის პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში.

ამ კანონის მიღების შემდეგ, 19 კანონი შეიცვალა. მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონია, რომლის დარღვევაც უმაღლესი განათლების დაწესებულების თანამშრომელს, შესაძლოა, ორწლიან პატიმრობადაც დაუჯდეს.

რა წერია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მესამე პრიმა მუხლში?

„დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

რა მოხდება, თუკი ლექტორი კანონს დაარღვევს?

მაშინ მოქმედებაში მოდის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 172 (10)-ე მუხლი, რომელიც ასევე 2024 წლის პირველი დეკემბრიდან შედის ძალაში და რომლის თანახმადაც, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, ანუ უმაღლესი დაწესებულება - 4000 ლარით.

სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს და ჯარიმას განსაზღვრავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილი პირი - ვინ იქნება ეს ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, ჯერჯერობით, უცნობია.

რა მოხდება, თუკი ლექტორი კანონს ისევ არ დაემორჩილება?

თუკი პროფესორი კანონს ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში ისევ დაარღვევს, მაშინ საქმეში უკვე გამოძიება ერთვება (ჯერჯერობით, არ არის განსაზღვრული, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება თუ პროკურატურა) და იწყება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე პრიმა მუხლით, რომელიც ასევე 2024 წლის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.

კანონის მეორედ დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში, პროფესორ-მასწავლებელი დაისჯება კვლავ ჯარიმით, ან თანამდებობის დაკავების, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

"კანონის ავტორია პრემიერ-მინისტრი, რომლის ქვეყანაშიც, არასრულწლოვნები შიმშილობენ, ცეცხლში იწვიან"

ქეთევან ხუსკივაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მთარგმნელი, ერთ-ერთია, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:

„სტუდენტებო, პირველი დეკემბრიდან ესპანური ენისა და კულტურის ლექციებიდან გაქრება ფედერიკო გარსია ლორკა, პედრო ალმოდოვარი, ანტონიო გალა, ფრიდა კალო, გაბრიელა მისტრალი, ჩაველა ვარგასი... ან გავქრები მე, თქვენი ლექტორი ქეთი ხუსკივაძე“.

„რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას და განაგრძობს: „არ ვაპირებ ჩემს სასწავლო პროგრამაში რაიმე შევცვალო და სულ რომ მარტოს მომიწიოს ბრძოლა და მე ვიყო ერთადერთი მოსარჩელე, აუცილებლად გამოვიყენებ ყველა ბერკეტს და ამ კანონის ანტიკონსტიტუციურობის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავებ“.

ქეთევან ხუსკივაძე დარწმუნებულია, რომ კანონი არა „ბავშვების დასაცავად“ (ეს კანონის მიღების ერთ-ერთი მოტივია), არამედ უმაღლეს სასწავლებლებში რეპრესიების დასაწყებად, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების გასაჩუმებლად და დასაშინებლადაა მიღებული:

ქეთევან ხუსკივაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მთარგმნელი, ისპანისტი
ქეთევან ხუსკივაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მთარგმნელი, ისპანისტი

„ამ კანონის ავტორია პრემიერ-მინისტრი, რომლის ქვეყანაშიც, არასრულწლოვნები შიმშილობენ, ცეცხლში იწვიან, რადგან არ აქვთ მატერიალური პირობები და დასასვენებლად წასულებს მიწა ყლაპავთ.

როდესაც სტუდენტებს დემოკრატიის პრინციპებზე ველაპარაკები, აუცილებლად ვუყვები მათ, რომ, მაგალითად, ლორკა შეიწირა ფრანკოს დიქტატურამ, რეჟიმმა, რომელმაც მხოლოდ იმის გამო დახვრიტა, რომ ის ჰომოსექსუალი იყო. მის პირად საქმეში მხოლოდ ერთი ფრაზა წერია - „იმიტომ, რომ ის ჰომოსექსუალი იყო“.

როდესაც სტუდენტებს ველაპარაკები განათლების პრობლემებზე დიქტატურაში, ვთხოვ, რომ აუცილებლად ნახონ, მაგალითად, პედრო ალმოდოვარის „ცუდი აღზრდა“.

რა არის კანონში ცვლილებების მიზანი? მაგალითად, ის, რომ ქეთი ხუსკივაძე, რომელიც არ არის პარტიული, მაგრამ არის აქტივისტი, იტყვის თუ არა მსგავს რამეს, გამოჩნდება ვინმე „ობიექტური დამკვირვებელი“ და იტყვის, რომ ქეთევან ხუსკივაძემ აწარმოა ერთნაირსქესიან ადამიანებს შორის ურთიერთობების პოპულარიზაცია და შემდეგ ან დამაჯარიმებენ, ან დამაპატიმრებენ.

ეს იქნება დასმენებსა და ერთმანეთის გაშავებაზე აგებული პროცესი. ეს არის 30-იანი წლების სტანდარტი და ჩვენ ამას ველოდებით პირველი დეკემბრიდან“, - უთხრა ქეთევან ხუსკივაძემ რადიო თავისუფლებას და დაამატა: „ძალიან მინდა, რომ იურისტებმა ჩაატარონ ლექციის იმიტაცია, იქნებ, ასე მაინც დაგვანახონ, რა იკრძალება, რა უნდათ, როგორ აპირებენ ამ კანონის აღსრულებას“.

"აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს"...

"მე მხოლოდ სიკვდილს ვნატრობ გულწრფელად,

ოდეს მტოვებდა, მწუხარებით მოიცრემლოდა,

გზის გასაყართან მომიგო ასე:

"ოი, რა მძიმემ შეგვიპყრო სევდამ,

გშორდები, მაგრამ უხალისოდ მივდივარ, საფო"...

ეს არის ნაწყვეტი საფოს, პირველი ლესბოსელი პოეტი ქალის ლექსიდან. ლექსი მან შეყვარებულს მიუძღვნა, რომელიც მალე უნდა დაქორწინებულიყო.

სოფიო შამანიდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, ნეოგრეცისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პირველი დეკემბრიდან, როდესაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მესამე პრიმა მუხლი ძალაში შევა, შესაძლოა, ამ ლექსის აუდიტორიაში წაკითხვისა და მისი ავტორის შესახებ საუბრის გამო, ის კანონდამრღვევად გამოაცხადონ და ჯარიმა დააკისრონ.

„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს, რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა “გაუკუღმართებული სექსის” პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ, საერთოდაც მიიკეტება“, - დაწერა სოფიო შამანიდიმ სოციალურ ქსელში 13 ნოემბერს.

მართალია, პროფესორის პოსტი სიცილის აღმნიშვნელი სიმბოლოებით სრულდება, თუმცა, ამბობს, რომ კანონი კონკრეტული და უტყუარი ნიშანია იმისა, თუ „როგორ მიჰყავს ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ“ და როგორ აპირებს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების დაშინებას:

სოფიო შამანიდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, ნეოგრეცისტიკის კათედრის ხელმძღვანელი
სოფიო შამანიდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, ნეოგრეცისტიკის კათედრის ხელმძღვანელი

„ეს კანონი სჭრდებათ იმისთვის, რომ კონტროლის ქვეშ მოაქციონ და რეპრესია განახორციელონ იმ პედაგოგებზე, ვინც ანალიტიკურად და ლოგიკურად ფიქრობს და აზროვნებს.

ამ ხელისუფლებამ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მეტ-ნაკლებად გაწმინდა ნიადაგი. ახლა უკვე უნდათ, რომ ის პროფესორ-მასწავლებლები შებოჭონ, რომლებიც სტუდენტებს თავისუფალ აზროვნებას ასწავლიან.

ცხადია, მე არ შევეშვები და კვლავ ვასწავლი იმას, რასაც ვასწავლი, რადგან არ შემიძლია ისე წავიკითხო ლიტერატურის ისტორია, რომ არ ვასწავლო, მაგალითად, კონსტანტინოს კავაფისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტია ახალ ბერძნულ ლიტერატურაში და რომელიც არის ჰომოსექსუალი“, - ამბობს სოფიო შამანიდი.

„პოპულარიზაცია“ და „ობიექტური დამკვირვებელი“

სოფიო შამანიდიცა და ქეთევან ხუსკივაძეც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ სიტყვა „პოპულარიზაციაზე“, რომელსაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი აი, ასე განმარტავს:

„პოპულარიზაციად“ მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც „ობიექტური დამკვირვებლის“ აზრით, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობას ან ინცესტს დადებითად ან/და მისაბაძად წარმოაჩენს.

ვინ არის ეს „ობიექტური დამკვირვებელი“, ამ ეტაპზე, არავინ იცის:

„ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თუკი მაგალითად ვინმე კობახიძეს მოუნდა ჩემი შევიწროება, მას შეუძლია ჩემთან ლექციაზე შემოუშვას რომელიმე სტუდენტი „ობიექტური დამკვირვებლის“ მანდატით, რომელიც შემდეგ გავა და იტყვის, რომ ეს ქალი სტუდენტებს საფოს ლექსებს უკითხავს და ჰომოსექსუალიზმს ქადაგებსო?“, - ამბობს სოფიო შამანიდი და განაგრძობს:

„საფოზე რომ იწყებ ლაპარაკს, გამორიცხულია, არ თქვა, რომ ის დიდი პოეტია. გამორიცხულია, არ ილაპარაკო მის ბიოგრაფიაზე, არ თქვა, რომ მისი ლექსები ქალებისადმია მიძღვნილი, რომ ის ეტრფის ქალებს. და მე თუ ეს ლექსი, შემთხვევით, ცოტა გამოთქმით წავიკითხე, ეს „ობიექტურმა დამკვირვებელმა“ პოპულარიზაციად უნდა ჩამითვალოს?

ცხადია, მე პოპულარიზაციას ვახდენ, როდესაც სტუდენტებს ველაპარაკები ამა თუ იმ ავტორზე, ეს იქნება საფო, სოფოკლე თუ სხვა. როდესაც 20 წლის სრულწლოვანი კაცი მიზის აუდიტორიაში, რა უნდა ველაპარაკო მას ისეთი კავაფისზე, რომ სტუდენტმა გადაწყვიტოს, გახდეს გეი?

როგორ უნდა ვასწავლო ეს ავტორები სტუდენტებს? თან ვასწავლო და თან დავგმო მათი შემოქმედება, რომ არ დამაჯარიმონ?“, - კითხულობს პროფესორი.

მწერალი დავით გაბუნია ილიას უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე დრამის თეორიას ასწავლის.

ფიქრობს, რომ კანონი, რომელიც ორ კვირაში უნდა შევიდეს ძალაში, „სელექციურად აღსრულდება“:

„ანუ აღსრულდება მაშინ, როცა დასჭირდებათ და ვისთვისაც დასჭირდებათ“, - ამბობს ის და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში გაკეთებულ ჩანაწერს თავისუფალი ხმების ჩასახშობად შექმნილ „სადამსჯელო მექანიზმს“ უწოდებს:

დავით გაბუნია, მწერალი
დავით გაბუნია, მწერალი

„არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. როგორც აქამდე ვასწავლიდი მსოფლიოში აღიარებულ ლიტერატურულ ტექსტებს, ისევე გავაგრძელებ და თუ საჭირო გახდება, კანონში არსებული ეს ჩანაწერი გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოშიც. რომელსაც, დიდი ალბათობით, წავაგებთ, რადგან ამ ქვეყანაში მათი იმედი არავის აქვს, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს ბერკეტი გამოვიყენოთ... ეს იქნება გრძელი პრეცედენტული საქმე“, - ეუბნება დავით გაბუნია რადიო თავისუფლებას.

რა პერსპექტივა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას?

კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და ამ კანონის საფუძველზე, სხვა არაერთ კანონში შესული ცვლილებები, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, მის პრინციპებსა და ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებთან.

მაგალითად, მათ შორის, ეს კანონი ზღუდავს გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, განათლების უფლებას, აწესებს მხატვრული და დოკუმენტური ნაწარმოებების ცენზურას.

გარდა სამართლებრივი ასპექტებისა, კანონთან დაკავშირებით არსებობს პოლიტიკური კითხვის ნიშნებიც.

კანონის მიღებამდე და მას შემდეგაც, საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ იქცა დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის სამიზნედ, როდესაც ისინი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრობდნენ, აცხადებდნენ, რომ კანონი თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და პოპულისტური მოტივებით ზღუდავს ადამიანის უფლებებს.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ამბობს, რომ ჩანაწერი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და სამართლიანი სასამართლოს პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ჩანაწერი არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს:

კოტე ჩოკორაია, კონსტიტუციონალისტი
კოტე ჩოკორაია, კონსტიტუციონალისტი

„კანონის ამ ჩანაწერს აქვს სრული პერსპექტივა, რომ წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა, აქვე ვამბობ, რომ ეს საკითხი ისეთ პოლიტიკურ თემად იქცა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი ნაკლებად მაქვს.

კანონი ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში არ შეიძლება ისეთი მასალების შეტანა, რომელიც ახდენს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციას. თავად ტერმინი, „პოპულარიზაცია“ წარმოადგენს პრობლემას. ის იძლევა ძალიან ფართო ინტერპრეტაციების შესაძლებლობას და არ არის გამორიცხული, რომ გამოყენებული იყოს ცენზურის დასაწესებლად.

მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ უმაღლეს განათლებაზე, როცა ვლაპარაკობთ უმაღლეს განათლებაში ლიტერატურის, ხელოვნების, თეატრის, კინოს მიმართულებებზე, წარმოუდგენელია, რომ განხილვებისა და იმ ყოფის აღწერის გარეშე, ნორმალური განათლება მისცეს უნივერსიტეტმა ახალგაზრდას. კრიტიკული აზროვნება, სადაც მსჯელობა, დისკუსია უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს, როგორ შეიძლება ჩაითვალოს პოპულარიზაციად.

კანონში ისეთი ფორმის ჩანაწერის არსებობა ცენზურის დაწესებას უზრუნველყოფს და ის შეიძლება გამოყენებული იქნას ან უნივერსიტეტისთვის, ან კონკრეტული პროფესორ-მასწავლებლისთვის პრობლემის შესაქმნელად, მის აკადემიურ თავისუფლებაში ჩარევის მიზნით, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, განათლების თავისუფლების შესაზღუდად“, - ამბობს კოტე ჩოკორაია.

საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციამ და ჟურნალისტმა კანონი „აგენტების შესახებ“, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეს კანონი პირველი აგვისტოდან ძალაშიც შევიდა.

რამდენიმეკვირიანი განხილვის შემდეგ, 4 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა მისი მოქმედება არ შეაჩერა.

ამის შემდეგ, „აგენტების კანონი“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით.

13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროსასამართლომ დაარეგისტრირა ორგანიზაციის საჩივარი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG