Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გველოდება წიგნის ფესტივალზე


დაიწყო თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 2 ივნისამდე გაგრძელდება. ტრადიციულად, ეს არის დრო და ადგილი, სადაც წიგნების შედარებით იაფად შეძენა შეიძლება, მათ შორის - ახალი გამოცემების.

როგორც ყოველთვის, ძირითადი პავილიონი ისევ მეთერთმეტეა. აქ არის ყველა ქართული გამომცემლობა და ასევე უცხოურიც. აქვე იყიდება ბლოკნოტები, აქსესუარები. მუდმივად იმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები და ირევა ბევრი ხალხი.

მარი კორინთელის კომენტარი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00

მე-3 პავილიონში 31 მაისს საერთაშორისო კონფერენცია არის დაგეგმილი. ძირითადი თემებია საავტორო უფლებები და სახელმძღვანელოების გამოცემის სამომავლო პერსპექტივები. აქვეა დაგეგმილი ფინელი და ქართველი გამომცემლების შეხვედრაც. წელს ფესტივალის ფოკუსქვეყანა ფინეთია, ამიტომ ამ ქვეყნის შემოქმედებასთან დაკავშირებით ბევრი ღონისძიება ტარდება.

ზვიად კვარაცხელიას კომენტარი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:49 0:00

წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო სერია გამოუშვა. ამ ჯერზე დაბეჭდეს ფილოსოფია, სოციოლოგია, ლოგიკა, პოლიტიკა და ფსიქოლოგია. ამ სერიის იდეა ის არის, ზემოთ ჩამოთვლილი რთული დარგების შესახებ ინფორმაცია მარტივად და გასაგებად იყოს გადმოცემული.

რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, „სულაკაურმა“ გამოსცა ჯონათან ფრენზენის „შესწორებები“, რომელშიც ერთი ამერიკული ოჯახის საგაა აღწერილი. წიგნი 35-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და ახლა ქართულადაც ითარგმნა.

ბავშვებისთვის კი პირდაპირ შვედურიდან თარგმნეს „პეპი გრძელწინდა“ . ასევე გამოიცა „ავრორა Z კორპუსიდან“ და „მეამბოხე გოგონების დღიურის“ მეორე ნაწილი, ასი ქალის ისტორიით. წიგნი 60 ილუსტრატორი ქალის მიერ არის ილუსტრირებული.

„კიდევ გვაქვს „ექიმ დულიტლის თავგადასავალი“, რომელიც საბავშვო კლასიკაა, მაგრამ საქართველოში ცნობილი არ იყო. ძირითადად მულტფილმებიდან იციან ექიმი დულიტლი, მაგრამ სინამდვილეში ჯერ „ექიმი დულიტლი“ დაიწერა და შემდეგ იყო „აიბოლიტი“, რომელიც ჩუკოვსკიმ „დულიტლის“ მიხედვით შექმნა“, - ამბობს სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენელი ქეთევან ჯაყელი.

გამომცემლობა „ბაკმა“ კი უზარმაზარი ვეფხისტყაოსანი გამოსცა. ეს არის ბეგთაბეგის მიერ გადაწერილი წიგნი, რომელიც გიორგი მეთერთმეტემ დაამზადებინა.ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსანი“ ერთადერთია, რომლის ტექსტიც მთლიანად იკითხება. ამასთან, თითოეულ გვერდს განსხვავაებული მხატვრობა აქვს. ის პირველად გამოიცა.

კავკასიურ სახლს გივი მარგველაშვილის რომანები და სპეციფიკური ლიტერატურა აქვს წარმოდგენელი - მაგალითად, ზურაბ კიკნაძის სამი წიგნი.

„გვაქვს ასევე ვოიცეხ იაგიელსკის „ლარას ყველა ომი“. ეს არის წიგნი პანკისელ ქალზე, რომელსაც რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ოჯახის წევრები დაეღუპა“, - ამბობს კავკასიური სახლის წარმომადგენელი გიორგი ჯავახაძე.

მე-6 პავილიონი მთლიანად ბავშვებისთვის არის გამოყოფილი. 31 მაის-2 ივნისს აქგაიმართება ღონისძიებები (მასტერკლასები, სხვადასხვა თამაშები), რომლებშიც ბავშვებს შეეძლებათ ჩაერთონ.

ნინო მჭედლიშვილის კომენტარი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:33 0:00

XS
SM
MD
LG