Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით მირზა სუბელიანზე?


მედიის ობიექტივში

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის გარდა, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის (პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის უფროსის მოადგილე), მირზა სუბელიანის სახელი, პრესაში, 2013 წელს, გეგუთის კოლონიაში მოკლული პატიმრის, ლევან კორტავას საქმეშიც ამოტივტივდა.

27 წლის კორტავა, 2013 წლის მაისში, ცემის შედეგად, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. იმ დროს მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. სასჯელაღსრულების სამინისტროს სათავეში სოზარ სუბარი ედგა.

მედია მათ ნათესაურ კავშირზე მაშინ უკვე წერდა. თუმცა სუბარი სუბელიანთან ნათესაობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ის თანამდებობაზე მხოლოდ მისი პროფესიონალიზმის გამო დანიშნა.

„მირზა სუბელიანი იყო კარგი შემსრულებელი“, - ამბობს ჟურნალისტი ელისო კილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში, - ასეთი იყო ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, როდესაც მუშაობდა რუსთავის პროკურორად და მის ხელში გაიარა 26 მაისის აქციის დროს დაკავებული ყველა პირის საქმემ, და „ქართული ოცნების“ დროსაც, როცა სოზარ სუბარმა მირზა სუბელიანი, როგორც თავისი ნათესავი, გენინსპექციის უფროსად დანიშნა“.

იმ დღეების პრესაში (2013 წელი) მაშინ ექსპერტის, მომავალში კი სასჯელაღსრულების მინისტრის, კახა კახიშვილის კომენტარიც გამოჩნდა - კახიშვილი წერდა, რომ „გენინსპექციის უფროსად დაინიშნა „ნაცმოძრაობის“ წევრი სუბელიანი, რომლის სახელიც 26 მაისის აქციის დარბევას უკავშირდებოდა, რომელიც უმოწყალოდ ყრიდა ხალხს ციხეში და რომ სწორედ ის მართავდა რეალურად სასჯელაღსრულების სამინისტროს“.

სუბელიანის შესახებ იძებნება კიდევ ერთი ცნობა „ნეტგაზეთის“ არქივში, სადაც გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სწორედ მირზა სუბელიანი გახდა მიზეზი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაია ხასიას თანამდებობიდან წასვლისა. გამოცემის ინფორმაციით, ხასიას სასჯელაღსრულების გენერალური ინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი დაუპირისპირდა, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე რუსთავის რაიონული პროკურორისა და მარნეულის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კორტავას საქმის ხელახლა გამოძიება 2018 წლის ივლისში ისევ მოითხოვეს პარტია „თავისუფალი საქართველოს “ ლიდერმა კახა კუკავამ და ლევან კორტავას მამიდამ, ხათუნა კორტავამ. მსჯავრდებულის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ პასუხისგებაში უნდა მიცემულიყვნენ გენერალური ინსპექციის იმჟამინდელი უფროსი მირზა სუბელიანი და სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრი სოზარ სუბარი.

კახა კუკავა აცხადებდა, რომ კორტავას, სასიკვდილო ცემაში ციხის არცერთი თანამშრომელი არ ჩარეულა. და რომ „მას არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება“. მისივე სიტყვებით, იმისთვის, რომ სუბარს და სუბელიანს ამ საქმიდან თავი დაეძვრინათ, მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს პატიმრებმა - იმ პირობით, რომ ადრე დაკისრებული სასჯელები შეუმცირდებოდათ. კახა კუკავა აცხადებდა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იყო და კორტავას საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვდა. საქმე ბოლომდე გამოძიებული ამ დრომდე არ არის.

მოხსნეს თუ არ მოხსნეს მაშინ სუბელიანი?

მედიაში ატეხილი ხმაურის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი, შესაძლოა, თანამდებობიდან მოეხსნათ. მიზეზად სწორედ პატიმარ კორტავას გარდაცვალების ფაქტი სახელდებოდა. თუმცა მაშინ სამინისტრო სუბელიანის გათავისუფლების ფაქტს არ ადასტურებდა.

უწყება იმ დღეებში პატიმარ კორტავას გარდაცვალების შესახებ ორი სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობდა - პირველი ვერსიით, პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში კიბეზე დაგორდა, მეორე შემთხვევაში კი, სამინისტრო იუწყებოდა, რომ პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მიიღო დაზიანებები, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა

„ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე იხსენებს, რომ როდესაც 2017 წლის დეკემბერში, ხორავას საქმეში, სუბელიანი, როგორც პროკურატურის თანამშრომელი ისევ ამოტივტივდა, მას გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ ის ისევ მუშაობდა სისტემაში.

ელისო კილაძე მირზა სუბელიანის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:55 0:00

შემდეგ, მირზა სუბელიანის სახელი დაუკავშირდა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გამოყვანის ამბავს. გაზეთი „ქრონიკა +“ 2014 წელს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სწორედ მირზა სუბელიანის მეშვეობით მოხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ე.წ. ახალაიას ფირი. და რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გამოყვანის ფირიც სუბელიანთან ინახებოდა.

პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა კი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე 2017 წლის დეკემბერში, ხორავას საქმეში სუბელიანის სახელის გამოჩენის შემდეგ დაწერა:
„მირზა სუბელიანი არის სოზარ სუბარის ნათესავი, რომელიც ბაჩოს საქმეში კრიმინალურ ავტორიტეტებს აწერინებდა ჩვენებებს. მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი იყო და სწორედ მისი პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება კანონიერი ქურდების არაადამიანურ პირობებში ჩაყენების მუხლით, რაზეც ბაჩოს წაუყენეს ბრალიო“.

ვინ უნდა დაიცვას სუბელიანი დღეს?

16 ოქტომბერს მირზა სუბელიანმა ციხეში თავის მოკვლა სცადა. მას სახელმწიფომ საკანში 24 საათიანი მეთვალყურეობა დაუნიშნა. ვინ არის ახლა მისი სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტი? ადვოკატი ლია მუხაშავრია განმარტავს, რომ იმის მიუხედავად, ეს ნამდვილად სუიციდის მცდელობა იყო თუ საქმე გვაქვს მკვლელობის მცდელობასთან, პატიმრის დაკავების მომენტიდან, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხს აგებს სახელმწიფო:

გადმოწერა

ჟურნალისტ ელისო კილაძის ვერსიით კი, სუბელიანის სუიციდის მცდელობის ამბის გავრცელებით, ხელისუფლება ცდილობს მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაესვას ხაზი და ამით როგორმე გაამართლოს მედიაში მოხვედრილი პირველი სკანდალური აუდიოჩანაწერი.

რისი შეიძლება ეშინოდეს მირზა სუბელიანს?

„არ არის გამორიცხული მას ძალიან დიდი შიში ჰქონდეს საპყრობილის შიგნითაც“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლია მუხაშავრია. რატომ? ისევ და ისევ მის მიერ წარსულში დაკავებული თანამდებობების გამო:

„შესაძლოა, მას არა აქვს იმედი, რომ სისტემაში მომუშავე ადამიანები მის უსაფრთხოებას დაიცავენ. შესაძლოა ისიც ვივარაუდოთ, რომ მას გათავისუფლების შემდეგაც ეშინია იმის, რომ ვიღაცებს შურისძიება არ მოუნდეთ. მითუმეტეს, რომ ის საზარელი დანაშაულები, რომელთა შესახებაც გავრცელებულ ჩანაწერებში ვისმენთ, არც ერთი არ არის გამოძიებული, ხოლო ნამდვილი დამნაშავეები და ორგანიზატორები - ნაპოვნი“.

გადმოწერა

რა იცოდნენ მასზე ადვოკატებმა?

იცოდნენ, მაგალითად, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავში სუბელიანის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. ეს ამბავი ადვოკატებში მაშინვე გავრცელდა. იცოდნენ ის, რომ მას ჰქონდა სისტემის შიგნიდან მართვის ყველაზე დიდი უფლებამოსილება. იცოდნენ, რომ სუბელიანი იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს იცავდა პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის არსებულ დაუწერელ ეთიკურ წესებს:

„სუბელიანზე ჩემი კლიენტებისგან გამიგონია, რომ ის პატიმრების და კოლეგების მიმართ არც ერთ პირობას და შეთანხმებას არ იცავდა. ამიტომ არ მიკვირს, რომ დღეს იქ მისი უსაფრთხოება ძალიან მყიფეა და საპყრობილის შიგნით ამ უსაფრთხოების დაცვა ძალიან გაძნელდება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისივე ყოფილი თანამშრომლები სუბელიანით იმდენად დღემდე უკმაყოფილოები არიან, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს“.

ლია მუხაშავრია იხსენებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მირზა სუბელიანი ბოლომდე ხელშეუხებელი დარჩა. ხორავას საქმეზე კი გამოჩნდა, რომ მას მართლაც განუსაზღვრელი შესაძლებლობები ჰქონდა - რასაც ითხოვდა, უკმაყოფილებდნენ და დღესაც ასეა: „ის დღესაც პატიმრობაშია მხოლოდ იმიტომ, რომ მან დაფაროს ნამდვილი მკვლელები.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG