Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით შავ ზღვაში ჩამოვარდნილ ამერიკულ დრონზე?


MQ-9 Reaper ასაფრენ ბილიკზე, აშშ-ის საზღვაო ბაზაზე. კალიფორნია. 2015 წელი.
MQ-9 Reaper ასაფრენ ბილიკზე, აშშ-ის საზღვაო ბაზაზე. კალიფორნია. 2015 წელი.

14 მარტს ამერიკული დამრტყმელი სადაზვერვო თვითმფრინავი MQ-9 Reaper-ი, თავისი არსებობის განმავლობაში პირველად ჩამოვარდა შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუსულ გამანადგურებლებთან კონტაქტის შედეგად, რასაც  თეთრ სახლში „სახიფათო და უგუნური“ ნაბიჯი უწოდეს.

ინციდენტის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ვაშინგტონში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი გამოიძახეს. საგარეო-პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ნედ პრაისმა დასძინა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით შეერთებული შტატები მაღალ დონეზე პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს, დრონის ნამსხვრევები ვინმეს ჩაუვარდეს ხელში. კირბის თქმით, შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები თავისი ქონების დასაცავად. მაგრამ რა ზომები? მას დეტალები აღარ განუმარტავს.

„ძალიან ბევრი ინოვაციური გადაწყვეტილება“

ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი MQ-9 Reaper-ი, რომელიც რუსულ გამანადგურებელთან შეჯახების შემდეგ შავ ზღვაში ჩავარდა, რუმინეთში მდებარე ბაზიდან აფრინდა და გეგმურ დაზვერვას ასრულებდა.

ასეთი რეიდის დროს, როგორც რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი აგროვებს ისეთ მონაცემებს, რომლებსაც უკრაინის არმიაც იყენებს რუსეთთან ომში მოწინააღმდეგის პოზიციებზე იერიშების მისატანად.

„ერთმნიშვნელოვნად, ყველა მონაცემი, რომელსაც ეს დრონები, სატელიტები თუ „ავაქსები“ კრებენ, საბრძოლო მიზნით ჩვენი სისტემების მიერაც გამოიყენება უკრაინის ტერიტორიის დასაცავად “, - ამბობს სამხედრო ექსპერტი რომან სვიტანი. - „საქმე ის გახლავთ, რომ ეს დრონები ასევე ხედავენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებიდან განხორციელებული „კალიბრის“ რაკეტების სტარტს, ავრცელებენ გაფრთხილებას, რთავენ საჰაერო განგაშის რეჟიმს, რითაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს იცავენ. ასეთ უპილოტო საფრენ აპარატებს მრავალნაირი გამოყენება აქვთ“.

როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვიზუალური ინფორმაციის გავრცელების სამსახურის (DVIDS) შეტყობინებაშია ნათქვამი, 14 მარტს რუსეთის ორმა SU-27-მა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი „არაუსაფრთხოდ და არაპროფესიონალურად“ გადაიტაცა.

კერძოდ, ერთ-ერთი რუსული გამანადგურებელი გამოედო დრონის პროპელერს, რის შედეგადაც ამერიკის შეიარაღებულ ძალებს დრონის ჩამოგდება მოუწიათ, - იტყობინება აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა.

საფრთხის ქვეშ მყოფი უპილოტი თვითმფრინავის ჩამოგდება კი აუცილებელია, რათა ამერიკული დრონი სხვის ხელში არ ჩავარდეს.

ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ფრენებს ამ საჰაერო სივრცეში, უკვე ერთი წელია, და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას...
ჯონ კირბი

„ეს დაუშვებელია ასეთი აპარატების შემთხვევაში. დრონი მართლა საიდუმლოა, აქ არის ძალიან ბევრი ინოვაციური გადაწყვეტილება, რაც მტერს არ უნდა ჩაუვარდეს ხელთ. ამიტომ ასეთ აპარატებში არსებობს თვითგანადგურების სისტემა - 50 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც შეიძლება გააქტიურდეს შიდა აფეთქებით ან გარედან ზემოქმედებით. გამოყენებული საშუალებების გათვალისწინებით, მას ან რაკეტებით ანადგურებენ, ან ქვემეხებით“, - ამბობს რომან სვიტანი.

მაგრამ რაკი ინციდენტი შავ ზღვაში, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ახლოს მოხდა, ვაშინგტონს დრონის ნამსხვრევების პოვნა გაურთულდა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მიღებულია ზომები, რათა შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს. ტელეკომპანია CNN-ი იმეორებს კირბის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ინტერესში არ შედის, რომ დაზიანებული დრონი სხვამ ჩაიგდოს ხელში.

ეს სხვა კი, დიდი ალბათობით, შეიძლება იყოს რუსეთი, რომელსაც სამხედრო თვალსაზრისით შავ ზღვაზე ტრადიციულად გაბატონებული მდგომარეობა აქვს.

“სახიფათო, არაპროფესიონალური და უგუნური“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსეთის გამანადგურებლებს აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ იარაღი და მასთან კონტაქტში არ შესულან. რუსეთის თავდაცვით უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ამერიკული დრონი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრების დარღვევით“.

რუსეთი არ მიიჩნევს სარწმუნოდ ამერიკული ტელეარხების მიერ შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტის ციფრულ რეკონსტრუქციას, რომლითაც ჩანს, რომ რუსულმა სუ-27 ტიპის თვითმფრინავებმა გადაიტაცეს ამერიკული უპილოტო მფრინავი საშუალება და დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ MQ-9 Reaper-ი ჰაერში გატყორცნილი „საწვავის ღრუბელში“ მოექციათ. ასეთ მანევრს ექსპერტები „საბრძოლო განადგურებას“ უწოდებენ.

„გამანადგურებელი საშუალებები თითქოს არ გამოუყენებიათ, მაგრამ საწვავის გატყორცნა და ისეთი პირობების შექმნა, როდესაც უპილოტო თვითმფრინავს აღარ შეუძლია ფრენის გაგრძელება, - შეიძლება ითქვას, რომ ესეც არის განადგურება, თანაც პირდაპირი განადგურება, რადგან ასეთი ქმედება წინასწარ არის გათვლილი და ხდება განზრახ დაზიანება“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი, რომან სვიტანი.

რუსული გამოცემა MK.RU-ს თანახმად, რუსი სპეციალისტები შეიძლება იყვნენ დაინტერესებულნი ამერიკული უპილოტო თვითმფრინავ MQ-9 Reaper-ის ნამსხვრევების მოპოვებით.

გაზეთის ანონიმური წყაროს ცნობით, რუს სპეციალისტებს პირველ ყოვლისა იმის გაგება დააინტერესებთ, თუ რა ნივთიერებით არის დაფარული ამერიკული დრონი, რაც ამცირებს ოპტიკური, რადიოელექტრონული და ინფრაწითელი საშუალებებით მის ხილვადობას. როგორც წყარო ამბობს, ამის წყალობით შესაძლებელი გახდება შეფასდეს, თუ როგორ შეუძლია რუსეთს მის ხელთ არსებული რადიოელექტრონული ბრძოლისა და რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებებით ამერიკულ დრონზე ეფექტიანი ზემოქმედების მოხდენა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან თვითმფრინავებისა და დრონების გადატაცება არაა იშვიათობა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკული აპარატი შავ ზღვაში ჩავარდა. „ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ფრენებს ამ საჰაერო სივრცეში, უკვე ერთი წელია, და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“, - თქვა ჯონ კირბიმ.

შეერთებული შტატების და ალიანსის წევრი ქვეყნების თვითმფრინავები გააგრძელებენ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოქმედებას და ჩვენ მოვუწოდებთ რუსებს, პროფესიონალურად და უსაფრთხოდ მოიქცნენ...
ჯეიმს ჰეკერი

14 მარტს შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისმა თანაშემწეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ხოლო თეთრ სახლში რუსეთის ქმედებას უწოდეს „სახიფათო, არაპროფესიონალური და უგუნური“.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ამერიკული დამრტყმელი სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი რუსეთის გამანადგურებელთან შეტაკების შედეგად შავ ზღვაში ჩავარდა, მის ნაცვლად გეგმური სადაზვერვო ამოცანის შესრულება მყისიერად დაიწყო სხვა ამერიკულმა დრონმა.

„შეერთებული შტატების და ალიანსის წევრი ქვეყნების თვითმფრინავები გააგრძელებენ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოქმედებას და ჩვენ მოვუწოდებთ რუსებს, პროფესიონალურად და უსაფრთხოდ მოიქცნენ“, - აღნიშნა აშშ-ის საჰაერო ძალების სარდალმა ევროპასა და აფრიკაში, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ჯეიმს ჰეკერმა.

MQ-9 Reaper-ი ამჟამად აშშ-ის შეიარაღებაში არსებულ მთავარ მოიერიშე დრონად ითვლება. მას უნარი შესწევს, განავითაროს 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე და 24 საათამდე დაჰყოს ჰაერში.

ინტერნეტის ღია წყაროების ცნობით, 2011 წლიდან მოყოლებული, აშშ-ს შეიარაღებაში ამჟამად აქვს, დაახლოებით, MQ-9 Reaper-ის კლასის, 74 ერთეული დამრტყმელი სადაზვერვო დრონი. ამერიკის გარდა ამ კლასის დრონებს ვაშინგტონის ნატოელი მოკავშირეები დიდი ბრიტანეთი, იტალია და თურქეთიც იყენებენ.

აშშ-ის სამხედრო სარდლობა სადაზვერვო დრონს MQ-9 Reaper-ს იყენებდა სირიის, იემენის, ავღანეთისა და ერაყის სამხედრო კამპანიების დროს, როგორც სადაზვერვო, ისე შეტევითი ოპერაციების საწარმოებლად.

ამ კლასის უპილოტო თვითმფრინავს შეუძლია Hellfire-ის კლასის რაკეტების ტარება.

2020 წლის 3 იანვარს მაშინდელი პრეზიდენტის, ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად სწორედ ამ რაკეტებით მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ავტორიტეტიანი გენერლის მოკვლის პასუხად, ირანმა 8 იანვარს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას, რის შედეგადაც დაახლოებით 110-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო სხვადასხვა სახის ტრავმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG