Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იწერებოდა პრესაში ზვიად გამსახურდიას სიკვდილის პარალელურად


ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა. თუმცა ცნობა მისი სიკვდილის შესახებ მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ, 5 იანვარს, გავრცელდა და ისიც უცხოური მედიის მეშვეობით. რადიო თავისუფლებამ მოიკვლია, თუ რა იყო მთავარი თემები ქართულ პერიოდიკაში მაშინ, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ერთ-ერთ სოფელში მკვდარი ესვენა.

მოკლედ 31 დეკემბერზე

კარლო ღურწკაია, ვის სახლშიც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, ყვება, რომ მის ოჯახს პირველ სართულზე ეძინა, სტუმრებს მეორეზე. ღამის პირველ საათზე ცოლმა გააღვიძა - „ბრაგუნის ხმა“ შემომესმაო, რასაც მალევე მოჰყვა ხმაური და შეძახილები მეორე სართულიდან. „კარლო ბიძია, გვიშველეო“. მასპინძელი იხსენებს, რომ ზვიად გამსახურდიას თავი სისხლში ჰქონდა გასვრილი, ოდნავ წამოწიეს, ერთხელ ამოისუნთქა და გარდაიცვალა.

რა ხდება ამ დროს დანარჩენ საქართველოში?გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1994 წლის პირველი ნომერი 1 იანვარს გამოდის. მთავარი თემა ახალი წელია და გაზეთი მოსახლეობას შემდეგი სიტყვებით ულოცავს: „საქართველოს ოთხი კუთხე, ქრისტე ღმერთო, შენ აკურთხე“! იქვეა შოთა ნიშნიანიძის ლექსი. გამსახურდიაზე არაფერი წერია.

2 იანვარი: „ოღონდ დაგვაბრუნეთ აფხაზეთში“ - ითხოვს ერთ-ერთი დევნილი. მეორე გვერდზე საქართველოს სახელმწიფო გერბის 75 წლის იუბილეს აღნიშნავენ. იქვე ვრცელი სტატიაა - კანონი საგადასახადო სამსახურის შესახებ.

5 იანვარი: „1994 წელი სიკეთისკენ, მშვიდობისკენ და სულიერი აღმავლობისკენ შემობრუნების წელი იქნება“! კიდევ სხვა სტატია: „წელთაღრიცხვის ზოგიერთი პრობლემის შესახებ“.

6 იანვარი: გაზეთის მთელი გვერდი უჭირავს სტატიას სათაურით: „ევროპა და მთელი მსოფლიო შევარდნაძესთან ვალშია“, კუთხეში კი პატარა ინფორმაციაა დაბეჭდილი „ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის შესახებ“. ეს არის პირველი, რაც „საქართველოს რესპუბლიკაში“ ამ თემაზე დაიწერა და შეიძლება უკანასკნელიც, რადგან შემდეგ ნომრებში გამსახურდიას სახელი ისევ არ ჩანს.

„დაკრძალვა 15 თებერვალსაა, მაგრამ ცხედარი ჯერ არ უპოვიათ“

გაზეთ „ახალი თაობის“ პირველი ნომერი 1994 წელს 13 იანვარს გამოდის, ანუ გამსახურდიას სიკვდილიდან ორი კვირის შემდეგ: „ზვიად გამსახურდია ცოცხალია, ამბობს მისი მომხრეების ერთი ნაწილი - მათ იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტი თვითონ დაესწრება თავის დაკრძალვას“.

უფრო მოგვიანებთ კი: „ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა 15 თებერვალსაა, მაგრამ ცხედარი ჯერ არ უპოვიათ“.

21 იანვარს გამოვიდა გაზეთი „დრონი“, სახელწოდების ქვეშ უცნაური მინაწერით: „დღეს გაზეთის ფასია 2000 კუპონი“. პირველ ნომერში განმარტებულია, რომ გაზეთს ვალები ჰქონდა და ამიტომ შეფერხდნენ, რაც შეეხება გამსახურდიას გარდაცვალებას, ეს ფაქტი არც ამ და არც შემდეგ ნომრებში ნახსენები არ არის.

ზვიად გამსახურდიაზე არაფერია ნათქვამი „ლიტერატურული საქართველოს“ იანვრის გამოცემებშიც. გაზეთი ახალ წელს ტიციანის, გალაკტიონის, ანა კალანდაძის ლექსებით ხვდება, ძველით ახალ წელსკი თამაზ წივწივაძის მიმართვით: „ფირმებს, კონცერნებს, კორპორაციებს, საერთოდ ყველას, ვისაც ფული აქვს და იმისი სურვილიც - დაეხმაროს, ლიტერატურულ საქართველოს“... 21 იანვარს მთავარი თემა ასეთი სათაურის მქონე სტატიაა: „არ სჩვევიათ ქართველებს სინამდვილისთვის თვალის გასწორება“. სტატია ლიტერატორების შიდა დაპირისპირებებს ეხება.

ასავალ-დასავალ

„ასავალ-დასავალი“, რომელიც იმ პერიოდში რუსულადაც გამოდიოდა („ასავალ-დასავალ“) ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ლექსებს აქვეყნებს და თან ეკლესიასტეს ფრაზას ურთავს: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“. ამ ნომერში პირველი პრეზიდენტის მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის გამოძიება ამით სრულდება და იმავე ფურცელზე სხვა თემები შემოდის: „ხალხნო, ძაღლის წელი ჯერ არ დაწყებულა!“ „ერთი კითხვა თავისუფალ ენერგეტიკოსებს და არა მარტო მათ: და-ა-ბნე-ლეთ?!“, „გახდება თუ არა „ვეფხისტყაოსანი“ ელცინის სამაგიდო წიგნი“?...

გაზეთ „7 დღეში“ მთავრი თემები აფხაზეთი და ერთიანი ინფლაციის ზონაა. ზვიად გამსახურდიაზე იანვარში არაფერს წერენ. ისევე როგორც გაზეთი „მხედრიონი“. თუმცა, იანვრის ნომრებში მრავლად დაიბეჭდა გარდაცვლილი მხედრიონელების გამოსამშვიდობებელი სტატიები.

გაზეთი „სარანგი“ ამ თემას იანვრის დასაწყისშივე ეხმაურება, თუმცა ოფიციალურ სამძიმარს მხოლოდ მარტში აქვეყნებს. საერთოდ არ გამოსულა ამ თვეში გაზეთი „კოლხური კოშკი“ და კიდევ სხვა ბევრი გაზეთი.

არის კიდევ ორი სტატია, რომელიც აღნიშნულ თემას არ ეხება, მაგრამ კარგად ახასიათებს, როგორც იმ პერიოდის გაზეთებს, ზოგადად 90-იან წლებს, პირველი, რედაქციის წერილი: „მომავალ ნომერში შემოგთავაზებთ ყველაზე მტკივნეული პრობლემის, ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრის, ფულის „პარვის ემისიის“ შეწყვეტის და ამის მიუხედავად, სახელმწიფოს სტრუქტურების ეფექტური დაფინანსების გადაწყვეტის ერთ სერიოზულ ვარიანტს“.

და მეორე, სტატია სათაურით: „უკვე ოთხი თვე გავიდა, რაც ჩვენ აფხაზეთიდან გამოგვყარეს და დღემდე არაფერი გაკეთდა ჩვენი იქ დაბრუნებისთვის“.

XS
SM
MD
LG