Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანტა კლაუსი გამოძახებით - რა ღირს?


სანტა კლაუსი - საილუსტრაციო ფოტო
სანტა კლაუსი - საილუსტრაციო ფოტო

რა ღირს სანტა კლაუსის გამოძახება და რა შედის ამაში - მილოცვა? მილოცვა და ფოტოების გადაღება? მილოცვა, ფოტოების გადაღება და საჩუქრებიც?

რადიო თავისუფლებამ გაარკვია რა ღირს წელს სანტა კლაუსის გამოძახება და რას მიიღებთ გადახდილი საფასურის სანაცვლოდ.

  • „სანტა გამოძახებით”;
  • „გამოიძახეთ სანტა კლაუსი ნებისმიერ დროს”;
  • „35 ლარად, 60 ლარის ღირებულების სანტა კლაუსი”;
  • “სანტა, თოვლის ბაბუა გამოძახებით”;
  • „გამოიძახეთ სანტა-კლაუსი + ფიფქია”;

ასეთ, არც ისე მრავალფეროვან საახალწლო შეთავაზებებს ნახავთ ინტერნეტში, თუმცა ყველაზე დიდი არჩევანი მაინც აქაა. როგორც წესი, სანტა კლაუსის „შესაკვეთად“ მითითებულ ტელეფონზე უნდა დარეკოთ, ან შეიძლება პატარა ანკეტის შევსება დაგჭირდეთ. ამ შემთხვევაში კომპანიიდან თვითონ დაგიკავშირდებიან.

გამოძახების ფასები იმაზეა დამოკიდებული, რა უბანში, რომელ დღესა და რომელ საათზე ეპატიჟებით სანტას. ასევე მნიშვნელოვანია რამდენი ხნით.

მაგალითად ერთ-ერთი კომპანიას ფასდაკლება აქვს: „გთავაზობთ 35 ლარად, 60 ლარის ღირებულების სანტა კლაუსს გამოძახებით.თუ კი ფიფქიას გამოძახებაც გსურთ, ადგილზე დამატებით გადაიხდით 25 ლარს”.

ამ ფასად თბილისის ცენტრალურ ნაწილში: საბურთალოზე, ვაკეში, ვერაზე, აღმაშენებელის გამზირზე, დიდუბეში სანატა კლაუსის გამოძახება 31 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე; 1-დან 14 იანვრამდე - 10:00-დან 22:00-მდე შეიძლება.

“თუ მომხმარებელი გვყვავს, რაიონებშიც გავდივართ ხოლმე. წელს, შარშანდელთან შედარებით, შეკვეთები შემცირებულია. გასულ წლებში კორონავირუსის გამო უფრო მეტად სახლში იძახებდნენ, რადგან გასართობ ცენტრებში ღონისძიებები არ ტარდებოდა”, - ამბობს “მეჯიქ ლენდის” დირექტორი მაკა სულხანიშვილი.

31 დეკებერს საღამოს სანტას გამოძახება ყველაზე ძვირია - 150-400 ლარის ფარგლებში. ამ ფასში არ შედის საჩუქრები, ეს ცალკე ხარჯია. სანტა მხოლოდ ახალი წლის მოსალოცად მოვა და თქვენივე ნაყიდ საჩუქრებს დაგიტოვებთ.

თვის დასაწყისში სანტა კლაუსს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში იძახებენ - 40 წუთიანი სერვისი 200 ლარიდან 400 ლარამდე ჯდება. ფასი დამოკიდებულია ადგილზე, ბავშვების რაოდენობაზე და სერვისზე - საკმარისია ერთი პერსონაჟი თუ დამატებით წამყვანიც სჭირდებათ.

“თუ თითო სანტა კლაუსს 31 დეკემბერს 8 შეკვეთა მაინც აქვს, ეს ჩვენთვის კარგი შედეგია”, - ამბობენ “მეჯიქ ლენდში”.

სანტას გამოძახება ერთ-ერთი ფეისბუკგვერდით 120 ლარი ღირს. გვერდის მფლობელი ნათია წილოსანი ამბობს, რომ მასთან დასაქმებულ ორ სანტას ახალი წლის ღამეს თავისუფალი დრო ჯერ კიდევ აქვთ. ამ ფასად სანტა ბავშვებთან ფოტოებს გადაიღებს და ათამაშებს კიდეც.

“ყოფილა შემთხვევა, რომ ემიგრანტებს საჩუქრის ყიდვაშიც დავხმარებივართ და ბავშვისთვის მიგვიტანია”, - იხსენებს ნათია.

ახალი წლის ღამეს სანტას გამოაძახება მშობლებს თბილისის გარე უბნებში უფრო ძვირი უჯდებათ. “ჯოი სითი” ცენტრალურ ნაწილში 150 ლარად მიდის, ქალაქის განაპირა ნაწილებში კი 170-ად. სანტა თითოეულ ოჯახში 10-დან 20 წუთამდე ჩერდება, თუ რამდენიმე ბავშვია, მაშინ უფრო მეტ ხანს.

“წლებია ამ სფეროში ვართ და უკვე საკუთარი მომხმარებელი გვყვავს. ფასში შედის საჩუქარიც. ადგილზე მისული სანტა ბავშვებს მოაყოლებთ ლექსებს, ჰკითხავს საახალწლო მარტივ გამოცანებს და ფოტოებს გადაიღებს”, - ამბობენ კომპანიაში.

თანხის სანაცვლოდ სანტა ყველგან მიდის. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იძახებს - საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სამეგობრო წვეულებებზე თუ ბანკის თანამშროლები კორპორატიულ ღონისძიებაზე. იშვიათ შემთხვევაში ამ კომპანიებისგან თოვლის ბაბუსაც იძახებენ, თუმცა უფრო მეტს მაინც სანტა კლაუსი უნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG