Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ცვლილებებს უკავშირდება მაია სანდუს პრეზიდენტად არჩევა მოლდოვაში


არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაია სანდუმ განაცხადა, რომ უზრუნველყოფს რეალურ ბალანსს საგარეო პოლიტიკაში რუსეთსა და დასავლეთს შორის.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაია სანდუმ განაცხადა, რომ უზრუნველყოფს რეალურ ბალანსს საგარეო პოლიტიკაში რუსეთსა და დასავლეთს შორის.

მოსკოვის კრიტიკოსები ზეიმით შეხვდნენ პროევროპული ორიენტაციის პოლიტიკური ლიდერის, მაია სანდუს, გამარჯვებას მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც ბევრი განიხილავდა როგორც საგარეო კურსის განმსაზღვრელ ერთგვარ რეფერენდუმს უკრაინასა და რუმინეთს შორის მოქცეული ყოფილი საბჭოთა ქვეყნისათვის.

ცნობილია, რომ არჩევნებში დამარცხებული მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, იგორ დოდონი, საჯაროდ გამოხატავდა თავის აღფრთოვანებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით და საჭიროდ მიიჩნევდა მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირურთიერთობის დამყარებას. მისი მეტოქე, მაია სანდუ, ქების სიტყვებს არ იშურებს ევროკავშირისადმი და აქცენტს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და ევროპის უღარიბესი ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე აკეთებს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, პროევროპელი მაია სანდუ „პრაგმატულ დიალოგს“ ანიჭებს უპირატესობას.

15 ნოემბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაია სანდუმ განაცხადა, რომ უზრუნველყოფს რეალურ ბალანსს საგარეო პოლიტიკაში რუსეთსა და დასავლეთს შორის. „გვექნება პრაგმატული დიალოგი ყველა ქვეყანასთან, უკრაინის, რუმინეთის, ევროპის ქვეყნების, აშშ-ისა და რუსეთის ჩათვლით“, თქვა სანდუმ და დასძინა, ყველამ უნდა ნახოს გაუმჯობესება - მათაც, ვინც ჩემს ოპონენტს მისცა ხმაო. „აქ არ არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები“, - ფიქრობს მოლდოვის არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი.

მისმა მეტოქემ, იგორ დოდონმა, რომელიც იქადდა, რომ თავისი ხმების დასაცავად ხალხს გამოიყვანდა ქუჩებში, სწრაფად აღიარა დამარცხება და მომხრეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

სანდუს „მკაფიო მესიჯი“ და პუტინის პრაგმატიზმი

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი საბოლოო შედეგების თანახმად, არჩევნების მეორე ტურში ხმების 57,75 %-ით იმარჯვებს პროევროპული პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერი, მაია სანდუ. მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს მხარი დაუჭირა 42,25 %-მა.

მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მრავალი ქვეყნის ლიდერმა და მათ შორის რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც არ მალავდა თავის სიმპათიებს იგორ დოდონისადმი.

„არჩეულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, მსოფლიო საზოგადოებას და თავად რუსეთსაც გაუგზავნა ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ მოლდოვის რესპუბლიკისათვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ინტერესები გაითვალისწინოს ყველა ქვეყნამ, მათ შორის რუსეთის ფედერაციამ“, - ამბობს იულიან გროზა, კიშინიოვში მდებარე ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი.

ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ კრემლი კონსტრუქციულად არის განწყობილი მოლდოვის პირველი პროევროპელი ქალი პრეზიდენტის მიმართ.

„ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მეთაურის რანგში თქვენი მოღვაწეობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარებას. ეს, რა თქმა უნდა, წაადგებოდა რუსეთისა და მოლდოვის ხალხების ინტერესებს“, - ნათქვამია ვლადიმირ პუტინის დეპეშაში, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა მაია სანდუს გაუგზავნა პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით.

ყოფილ საბჭოთა სივრცის დიდ ნაწილში მღელვარების ფონზე, პრორუსულად განწყობილი მოლდოვის პრეზიდენტის დამარცხებასთან შეგუება შესაძლოა არ აღმოჩნდეს იოლი კრემლისათვის, რომელიც განაგრძობს ბრძოლას თავისი გავლენების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.

გარკვეული მუქარანარევი მინიშნებები მაია სანდუს მისამართით უკვე გაისმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი მიიჩნევს, რომ პრორუსული ორიენტაციის იგორ დოდონის დამარცხებით და მაია სანდუს გაპრეზიდენტებით ქვეყანას სერიოზული გამოწვევები ელის, რომელსაც მხოლოდ ევროპული ორიენტაციის მთავრობა ვერ გაუმკლავდება.

„მოლდოვა აგრარული ქვეყანაა, ხოლო სოფელმა მხარი დაუჭირა დოდონს. ეკონომიკური მიზეზების გამო, ქვეყნის შიგნით ბევრი ადამიანი რუსეთთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა კი მოლდოვას რუსეთთან მიმართებით სანქციების ჩიხში შეიყვანს, საიდანაც მოლდოველთა ბედნიერ ევრომომავალზე ზღაპრებით გამოსვლა შეუძლებელი იქნება“, - დაწერა კონსტანტინ კოსაჩევმა თავის ფეისბუკში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მაია სანდუ დამაჯერებლად ამარცხებდა თავის მეტოქეს, მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინი არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ლიდერს, რომელსაც რუსეთის პროპაგანდა და სახელმწიფო მედია ანტირუსულად განწყობილ პოლიტიკოსად წარმოაჩენს.

უელსის კარდიფის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, სერგეი რადჩენკო, ასეთი შინაარსის მილოცვებს „პუტინის პრაგმატიზმს“ უწოდებს და იხსენებს, რომ პრაგმატული მოსაზრებით კრემლი თანამშრომლობდა ნიკოლ ფაშინიანთანაც, რომელმაც 2018 წლის გაზაფხულზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი სომხეთის მთავრობა ჩამოაშორა ძალუფლებას.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერისაა კატა. მთავარია, ის მოსკოვის ინტერესებს ითვალისწინებდეს“, - წერს რადჩენკო.

ბრძოლა ვადამდელი საპრლამენტო არჩევნებისთვის?

ანალიტიკოსების თქმით, მაია სანდუს მთავარი გამოწვევა თვით მოლდოვაში ელის.

მოლდოვის მომავალ პირველ ქალ პრეზიდენტს თავისი წინასაარჩევნო დაპირებების განსახორციელებლად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საწარმოებლად და ინვესტიციების მოსაზიდად საპარლამენტო რესპუბლიკაში შეზღუდული ძალაუფლება ექნება, ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე.

აღმასრულებელ ძალაუფლებას მოლდოვაში ფლობს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კოალიციური მთავრობა და მისი პრემიერ-მინისტრი, იონ კიკუ, რომელმაც, სხვათა შორის, ამ პოსტზე ზუსტად შარშან, ნოემბერში, სწორედ მაია სანდუ შეცვალა გენერალური პროკურორის დანიშვნის თაობაზე მმართველ კოალიციაში შექმნილი კრიზისის შემდეგ.

დღესდღეობით სანდუს ლიდერობით მოქმედ პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას 2019 წლის თებერვალში არჩეულ ქვეყნის პარლამენტში საკუთარი 14 დეპუტატი ჰყავს და, ცხადია, ეს ძალა ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის გადაწყვეტილებებზე.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე კი მთელი სამი წელიწადია დარჩენილი.

მაგრამ მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებას უკვე მოჰყვა „ტექტონური ბიძგი“ მთავრობასა და პარლამენტში, - ამბობს რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ანალიტიკოსი ლინა გარუ.

„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კოალიციურ მთავრობაში შემავალი დემოკრატიული პარტიის 5-მა მინისტრმა დატოვა თანამდებობა. უფრო ზუსტად, მათი განწყობის შესახებ იცოდა მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ, რომელმაც ისინი სწრაფად ჩაანაცვლა სხვა კანდიდატებით. თუმცა მინისტრებთან ერთად კოალიციიდან წასვლის შესახებ განაცხადა დემოკრატიული პარტიის რამდენიმე დეპუტატმა, რომლებიც მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ დეპუტატებთან ერთად ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ“, - ამბობს ლინა გარუ.

განვლილი საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში ახალი საარჩევნო კანონით გაიმართა. 101-მანდატიან პარლამენტში 50 ადგილი ერგოთ პარტიებს, 51 ადგილი კი - ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატებს.

„ასეთი სისტემით დაკომპლექტებული პარლამენტი ვერ ასახავს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას და ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა მაია სანდუმ, რომელმაც დღევანდელ პარლამენტს დოდონ-პლაჰოტნიუკის სქემით დაკომპლექტებული არალეგიტიმური ორგანო უწოდა“, - აღნიშნავს ლინა გარუ.

აშკარაა, რომ მაია სანდუ, რომელსაც აქვს მოსახლეობის დიდი ნაწილისა და, განსაკუთრებით, ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების უპირობა მხარდაჭერა, შეეცდება ხელიდან არ გაუშვას მომენტი და მომავალში უკვე პრეზიდენტის ტრიბუნა და საზოგადოებაზე გავლენა აქტიურად გამოიყენოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეის გარშემო უფრო მეტი პოლიტიკური ძალების კონსოლიდირებისთვის.

თუმცა მანამდე წინ არის მოლდოვის ისტორიაში პირველად არჩეული ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელიც, სავარაუდოდ, 24 დეკემბერს გაიმართება.

მანამდე კი ფორმალურად თავის მოვალეობას კვლავ ასრულებს იგორ დოდონი, რომელსაც ზურგს უმაგრებს მმართველი სოციალისტური პარტია და მძლავრი მედიაჰოლდინგი.

„სხვათა შორის, ბატონი ჩაიკა, რუსეთის გენერალური პროკურორის შვილი, ამ მედიაჰოლდინგის მთავარი ინვესტორია. ეს მედიასაშუალება ნეგატიურ მესიჯებს უგზავნიდა მოქალაქეებს, საშინელ ისტორიებს უყვებოდა მათ. ვრცელდებოდა ძალიან ბევრი ფეიკი და ნეგატიური ვიდეომასალა მაია სანდუზე. მოქალაქეთა პასუხი იყო ძალიან მშვიდი და ერთმნიშვნელოვანი, რომ მოლდოვის მოქალაქეებს უკვე აღარ სჯერათ საშინელი ისტორიებისა. მოლდოვის მოქალაქეებს ბევრი პრობლემა აქვთ - ეკონომიკასთან, განათლებასთან, კორუფციასა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემები. აგებენ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც არ შეუძლიათ გვიჩვენონ ამ საკითხების გადაჭრის გზები და ხალხის გათიშვას ლამობენ. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გაკვეთილი, რომელიც არა მხოლოდ დოდონმა უნდა ისწავლოს, არამედ ყველა პოლიტიკოსმა. ვფიქრობ, კრემლს აქვს შესაძლებლობა, რომ გადასინჯოს თავისი ხედვა და დამოკიდებულება ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც მოლდოვის რესპუბლიკაა“, - ამბობს იულიან გროზა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG