Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისკენ თუ უკრაინისკენ - რა წერია და რა იკითხება პატრიარქის წერილში


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტო არქივიდან - 2019 წელი, 9 აპრილი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტო არქივიდან - 2019 წელი, 9 აპრილი.

ოთხი დღით ადრე, ვიდრე მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულმა უკრაინის ეკლესიამ - УПЦ-მ კიევ-პეჩორის ლავრა უნდა დატოვოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს სამშვიდობო მისიით ჩარევა სთხოვა კიევის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რაც УПЦ-სთვის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას უკავშირდება.

„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა“, - წერს ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს.

ქართველი თეოლოგების ნაწილის შეფასებით, ილია მეორის წერილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

კიევ-პეჩორის ლავრას რუსეთი თავის საკუთრებად თვლის.

კიევი УПЦ-ს იჯარის ხელშეკრულებას 29 მარტის შემდეგ აღარ უგრძელებს. მიტროპოლიტ ონოფრეს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, კიევ-პეჩორის ლავრის მონასტრებში შესვლის უფლება სრულად ჩამოერთმევა.

УПЦ დეკლარირებულად კი გაემიჯნა მოსკოვის საპატრიარქოს, თუმცა კანონიკურად კვლავ მისი ნაწილია. 2013 წელს მიტროპოლიტი ონოფრე პირადად ვლადიმირ პუტინს ჰყავს დაჯილდოებული.

თეოლოგების შეფასებით, საქართველოს პატრიაქის წერილი, თავისი შინაარსით, შეურაცხმყოფელიც არის მსოფლიო პატრიარქისთვის, რადგან პატრიარქი ბართლომე არ ცნობს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული ეკლესიის არსებობას. 2019 წელს, სწორედ მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა უკრაინის დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიას (ПЦУ), ავტოკეფალიის მოწმობა - ტომოსი და ამ ეკლესიას მიტროპოლიტი ეპიფანე ჩაუდგა სათავეში.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია დღემდე არა აქვს აღიარებული საქართველოს ეკლესიას.

  • რა წერია და რა იკითხება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში?
  • რატომ ართმევენ კიევ-პეჩორის ლავრას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ სასულიერო პირებს?

„პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც“, - ასე იწყებს საქართველოს პატრიარქი 25 მარტით დათარიღებულ წერილს, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტსა და ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული.

წუხილი ეხება იმ ფაქტს, რომ „ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს“ და „დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც“.

ვითარების აღწერისას, პატრიარქი წერს, რომ „უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის“, ხოლო „ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას“.

ილია მეორე ბართლომეს სთხოვს, ხელი შეუწყოს „დაძაბულობის განმუხტვას“, რაც „პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, - ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას“.

„პოლიტიკური ნიშნით მონასტრიდან ბერების გასახლება ეს არის ვანდალიზმი... ღვთის მდევნელები აკეთებდნენ ამას. პატრიარქი თავისი განცხადებით მხარს უჭერს უკრაინელებს ამით, რადგან თუ უკრაინაში ასეთი დიდი ცოდვა მოხდება, ასეთ დიდ ცოდვას ჩაიდენენ, ძალიან დაისჯება ეს ქვეყანა ამის გამო“, - უთხრა ტელეკომპანია „ფორმულას“ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, პროცესები, რაც დღეს უკრაინაში მიტროპოლიტ ონოფრეს „ფსევდოსაეკლესიო დაჯგუფების“ წინააღმდეგ მიმდინარეობს, გარკვეულწილად, დაგვიანებულიც არის, რადგან სწორედ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ხელშეწყობით ცვივა რუსული ბომბები უკრაინაში; ხოლო საქართველოს პატრიარქის წერილი არა უკრაინას, არამედ რუსეთის ღია მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

„საქართველოს პატრიარქის მხრიდან ეს [წერილი] არის ფარისევლობისა და სიყალბის დემონსტრირება - ღია, შიშველი დემონსტრირება - თუ ვის მხარეს დგას ამ ომში... ჩვენი ეკლესია, სამწუხაროდ, ყველა საერთაშორისო საკითხში მხარს უჭერდა რუსეთს და ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო საპატრიარქოს... ეს წერილი [ილია მეორესი] დაიწერა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა ამხილა რუსეთის ეკლესია, რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად... აბსოლუტურად გაუგებარია, რას ემსახურება პატრიარქის წერილი - კიევ-პეჩორის ლავრაში დამპყრობლები იყვნენ ჩასახლებული და მათ ჩამოართვეს“, - ამბობს მინდიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ „წერილის დაწერა რუსეთის ეკლესიის ან რუსეთის სპეცსამსახურების მოთხოვნა იყო“.

მინდიაშვილს შეურაცხმყოფლად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ილია მეორე წერილში საერთოდ არ ახსენებს უკრაინის დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიას (ПЦУ), რომელსაც მართლმადიდებლური სამყაროს სასულიერო ცენტრმა, მსოფლიო საპატრიარქომ ავტოკეფალური სტატუსი „უკლებლივ ყველა წესის დაცვით, სრულიად კანონიკურად მიანიჭა“, ხოლო ეკლესია, რომელზეც ილია მეორე წერს (УПЦ), - „ეს არის ჩვეულებრივად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, კირილეს ეკლესია - ოღონდ უკრაინაში“.

მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა (მსოფლიო პატრიარქმა) უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა, მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა როგორც მოსკოვის საპატრიარქომ, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფმა УПЦ-მაც.

„ფაქტობრივად, ეს არის ეკლესია (УПЦ), რომელმაც საეკლესიო ინტერვენცია განახორციელა უკრაინაში. ბართლომე პირველი საერთოდ არ აღიარებს ამ ეკლესიის არსებობის უფლებას უკრაინაში. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ, მათ [მიტროპოლიტ ონოფრეს ხელმძღვანელობით მოქმედ სასულიერო პირებს] ასეთი არჩევანი დარჩათ - ან უნდა შეუერთდნენ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ აღიარებულ ერთადერთ ეკლესიას, ანდა უნდა დაიხურონ ქუდი და წავიდნენ სახლში. ტერიტორიული პრინციპით, ერთ სახელმწიფოში მხოლოდ ერთი მართლმადიდებელი ეკლესია უნდა იყოს“, - ეუბნება ბექა მინდიაშვილი რადიო თავისუფლებას და განმარტავს, რომ რუსეთის ეკლესია უკრაინაში „რუსული სამყაროს“ „აგენტურის ბუდეს“ წარმოადგენს.

ლიეტუვის პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას, 21 მარტს, მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომე პირველმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება „ეკლესიას იყენებს იარაღად საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იყოფს პასუხისმგებლობას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისთვის და ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან ძალდატანებით გაყვანაში.

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა „საქართველოს პატრიარქს ასეთი წუხილითა და გულისტკივილით მიეწერა წერილი მსოფლიო პატრიარქისთვის, ვთქვათ, აფხაზეთში დანგრეულ ქართულ მონასტრებზე ან სხვა მსგავს თემებზე“.

„რა კუთხითაც უნდა შეხედოს ადამიანმა ამ წერილს - დამამცირებელია ქართველი ერისთვის, უკრაინელებისთვის და დამამცირებელია მსოფლიო პატრიარქისთვის... საქართველოს პატრიარქი წუხს უკრაინაში რუსეთის ეკლესიის ნარჩენებისთვის. არცერთ სხვა ეკლესიას ასეთი წერილი არ მიუწერია მსოფლიო პატრიარქისთვის, მარტო საქართველოდან გაიგზავნა. სამარცხვინოა ასეთი დამოკიდებულება. ეს არის რუსეთის ინტერესების შესაბამისი და აშკარად არის შეკვეთა რუსეთიდან. თავად რაში სჭირდებოდათ აბა, ასეთი წერილის დაწერა?!“, - გვეუბნება გოჩა ბარნოვი.

თეოლოგებისთვის სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ წერილი 25 მარტს, საქართველოს ეკლესიის რუსეთის მიერ წართმეული ავტოკეფალიის აღდგენის დღეს არის დაწერილი.

  • მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს (УПЦ МП) სახელით ცნობილმა ორგანიზაციამ თავისი სახელწოდებიდან „მოსკოვის საპატრიარქო“ 2022 წლის მაისში ამოიღო.
  • უკრაინის ხელისუფლება მას ჯერ ისევ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედად თვლის, რადგან, უკრაინელი თეოლოგების განმარტებით, УПЦ-ს არ გაუწყვეტია კანონიკური კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და არ მიუღია შესაბამისი ტომოსი.
  • УПЦ-მ, მაისში გამართულ საეკლესიო კრებაზე, არ დაამტკიცა მცირე ჯგუფის ინიციატივა - აღარ მოეხსენიებინათ ლოცვებში რუსეთის პატრიარქი კირილე, რომელიც უკრაინასთან ომს ღიად უჭერს მხარს.

წართმევა თუ დაბრუნება?

უკრაინის ხელისუფლებამ ბერებს 10 მარტს გამოუცხადა, რომ დატოვონ კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია და ვადა 29 მარტამდე მისცა. ეს ტერიტორია სახელმწიფოს კუთვნილი ნაკრძალია და სახელმწიფო არ აპირებს გაუგრძელოს იჯარის ვადა მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ УПЦ-ს. უკრაინის მთავრობა მიზეზად ხელშეკრულების პირობების დარღვევას ასახელებს. რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული სასულიერო პირები, თავიანთი მრევლის მხარდაჭერით, უარს ამბობენ ტერიტორიიდან გასვლაზე.

  • უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევ-პეჩორის ლავრიდან სასულიერო პირების გამოსახლება არ მოხდება ძალის გამოყენებით, თუმცა სახელმწიფო არ დაუშვებს მათ უკანონო დიქტატს.

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი კიევ-პეჩორის ლავრას რუსეთის საკუთრებად მოიხსენიებს სწორედ იმ განცხადებაში, რომელშიც თბილისს რაკეტების დაშენით ემუქრება.

რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ადრე თქვა, რომ რუსეთი არასოდეს დაბომბავდა კიევს, რადგან „იქ არის ჩვენი სალოცავები, მათ შორის კიევ-პეჩორის ლავრა“.

"რუსული სამყაროს" კვალი

2022 წლის ნოემბერში, როდესაც კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ არ დაუშვებენ ლავრის გამოყენებას „რუსული სამყაროს ცენტრად“. ითქვა, რომ საგამოძიებო ღონისძიებების დროს, იპოვეს „დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული მასალა“, ასევე დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის სტრუქტურების ხელმძღვანელებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევ-პეჩორის მონასტრის ერთ-ერთ ტაძარში სიმღერა „მატუშკა რუსი" სრულდებოდა და ღვთისმსახურებისას „რუსულ სამყაროს“ განადიდებდნენ.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედ ეკლესია-მონასტრებში რუსეთის „ძირგამომთხრელი საქმიანობის“ გამოსავლენად და აღსაკვეთად, უკრაინის ხელისუფლებამ ზომების გამკაცრება 2022 წლის მიწურულს დაიწყო.

ნოემბერ-დეკემბერში, სხვადასხვა ოლქის ასობით ეკლესიის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს „რუსული სამყაროს“ ზეგავლენის დამადასტურებელი სამხილები - დიდი ოდენობით რუსული ფული, რუსული პასპორტები და სხვა სახის დოკუმენტები, რუსული პროპაგანდისტული ლიტერატურა, იარაღი და რუსი სამხედროებისთვის განკუთვნილი მშრალი საკვების შეკვრები.

გახმაურდა ასევე ეკლესიების ტერიტორიაზე საეჭვო პირების ყოფნის ფაქტები და ზოგიერთი სასულიერო პირი უკრაინაში არალეგალურად მყოფი რუსეთის მოქალაქეც აღმოჩნდა. გამოძიება დაიწყო არაერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ. 2022 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირობა დადო, რომ გაგრძელდება ბრძოლა უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობისთვის“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG