საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ 6 მაისს განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად გაფართოებული საერთო კრება მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული კამპანიისა და ისევ "უცხოური ინტერესების" ზეგავლენის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი. ფეისბუკკომენტარებით მთავარეპისკოპოს ზენონის დასჯას ითხოვენ.
რა თქვა მთავარეპისკოპოსმა?
„მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. ამ ადამიანმა მე დამანახა, რომ არის უსამართლო, მსჯავრი არა აქვს სამართლით უამრავ რაღაცაში“, - განაცხადა “TV პირველის” ეთერში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა [იარაჯული] საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს [მუჯირი] შესახებ.
ის მან კვლავ მოიხსენია რუსეთისთვის სასურველ კანდიდატად, რომლის პატრიარქობასაც, „ციანიდის საქმის“ გახმაურების შემდეგ, აქტიურად ლობირებდა „ქართული ოცნების“ მთავრობა და “იბარებდა მღვდელმთავრებს ცალ-ცალკე”.
საეკლესიო ცხოვრებაში ჩარევას უარყოფს საქართველოს ხელისუფლება.
მთავარეპისკოპოსის მონათხრობით, მოსაყდრე შიო შედიოდა „უკანონო ჯგუფში“, რომელიც სინოდზე ზეგავლენით სარგებლობდა, პატრიარქის სახელს იყენებდა „რაღაცის წინააღმდეგ ან ვიღაცის წინააღმდეგ“ და, მისი თქმით, ახლაც „ძირითადად ეს ჯგუფია, რომელიც ატარებს არჩევნებს“.
"ვიდრე ჩვენთან ყველაფერი ნათელი არ გახდება ერთმანეთში, არავითარ არჩევნებზე, ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ე.ი. ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კითხვები”, - მეუფე ზენონი ამავე ინტერვიუში განმარტავს, რომ მოსაყდრის მიმართ ბევრი შეკითხვა არსებობს და რადგან 28 აპრილს სინოდის “დამღლელ” სხდომაზე ამ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ იყო, ახალი სხდომა სწორედ ამიტომ უნდა ჩატარდეს; აღნიშნავს, რომ მღვდელმთავრების მხარდაჭერის იმედიც აქვს:
“ჩვენ თუ ერთმანეთში არ გავერკვიეთ, იქნებ ცილს ვწამებთ ამ ადამიანს [მოსაყდრე შიოს]".
მეუფე ზენონის ამ ინიციატივას მთავარეპისკოპოსები ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან. რადიო თავისუფლებამ ვერც თავად მასთან ვერ მოახერხა დაკავშირება. გვაინტერესებდა, ტექნიკურად როგორ აპირებს სინოდის ახალი სხდომის მოწვევის მიზნის მიღწევას.
ამასობაში, 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული წირვის შემდეგ, ქადაგებისას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ თქვა, რომ პატრიარქის არჩევნები ახლოვდება.
„მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მე მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს საეკლესიო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გააძლიერონ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება აღსრულდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისა და ერისთვის სასარგებლო არჩევანი და გადაწყვეტილება“, - თქვა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.
28 აპრილს სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს - მოსაყდრე შიოს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:
- შიო მუჯირი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი - 20 ხმა;
- გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი - 7 ხმა;
- იობ აქიაშვილი, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი - 7 ხმა.
სინოდში სულ 39 წევრია.
1995 წელს დამტკიცებული მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ახალი კათოლიკოს-პატრიარქი სინოდის მიერ წინასწარ შერჩეული სამი კანდიდატიდან უნდა გამოარჩიონ საერთო [გაფართოებულ] კრებაზე. დამსწრეებს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა უშუალოდ კენჭისყრაში მხოლოდ სინოდის წევრები მონაწილეობენ.
გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.
მთავარეპისკოპოსი ზენონი ამბობს, რომ პატრიარქის არჩევისას, კენჭისყრის შედეგები შესაძლოა განსხვავებული აღმოჩნდეს და ხმები სულ სხვანაირად გადანაწილდეს, ვიდრე ეს 28 აპრილს [კანდიდატების შერჩევისას] ჩატარებული კენჭისყრის შედეგმა აჩვენა.
"უცხოური ძალების ინტერესი"
მთავარეპისკოპოსის მწვავე განცხადებებზე რეაგირება არ მოუხდენია საქართველოს საპატრიარქოს. უპასუხოდ დარჩა განმარტებებთან დაკავშირებული ჩვენი თხოვნაც - რომლითაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს, მივმართეთ.
სანქცირებულმა ტელეკომპანია “იმედმა” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მთავარეპისკოპოსი ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან ერთად არის გადაღებული. პოსტის ქვეშ კომენტატორები მეუფე ზენონს ეკლესიის შემარცხვენელს უწოდებენ და მის დასჯას ითხოვენ. ამ და სხვა მსგავს პოსტებზე თვალშისაცემია ე.წ. ტროლების სიმრავლე.
ელჩი პაველ ჰერჩინსკი უკვე დიდი ხანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიტორიკული თავდასხმების სამიზნეა - დემოკრატიის უკუსვლასთან თუ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებული განცხადებების გამო. 27 აპრილს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.
მეუფე ზენონის განცხადებების კვალდაკვალ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, მოკავშირეებმა და მხარდამჭერებმა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული კამპანიის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი.
- „ქართული ოცნების“ განაყოფიდან შექმნილი პარტიის, ანტიდასავლური პოზიციით გამორჩეული „ხალხის ძალის“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, „უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას [ეკლესიას], სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი“.
- „საუკუნეების განმავლობაში ეკლესია ინარჩუნებდა როგორც ჩვენი ერის ერთობას, ასევე ჩვენი ერის იდენტობას და სწორედ ეს არის მიზეზი და მიზანი იმ მავნებლებისა, რომლებიც თავს ესხმიან არა მხოლოდ ეკლესიას, კონკრეტულ კანდიდატს, არამედ თავს ესხმიან, პირველ რიგში, ერის იდენტობას“, - უთხრა „იმედს“ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა მარიამ ლაშხმა.
არჩევნებში ჩარევაზე
მეუფე ზენონის თქმით, არჩევნების პროცესში ცნობილი ბიზნესმენი ჩაერია - ის ხვდებოდა მღვდელმთავრებს მეუფე შიოსთვის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
“მე არ ვიტყვი [ვინ არის]... დაე, მათ თქვან, ვისთანაც მივიდა. მე გეუბნებით ფაქტს, ერთ-ერთ შემადგენელს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა”, - წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ, მთავარეპისკოპოსმა უარყო, რომ შესაძლოა ეს ბიზნესმენი ლევან ვასაძე ყოფილიყო, მოსაყდრე შიოს დიდი ხნის მეგობარი; მაგრამ მომდევნო შეკითხვის შემდეგ, არც უარყო და არც დაადასტურა, რომ შესაძლოა ლაპარაკი იყოს ვანო ჩხარტიშვილზე, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ ბიზნესმენზე.
თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჩარევის შესახებ მთავარეპისკოპოსი ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთი ინფორმაცია მას არა აქვს.
“პირდაპირ ჩემ მიმართ არასდროს ყოფილა მცდელობა, რომ გარედან ვიღაცები ჩაერიონ ან მიმითითოს რაღაცა და ა.შ. ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის მსგავსი არავის უთხოვია. ბიზნესმენი რას ნიშნავს, სანაცვლოდ ფული შესთავაზა თუ რა?!” - უთხრა “პალიტრანიუსს” 6 მაისს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და ისიც დააზუსტა, რომ თხოვნა სულაც არ ნიშნავს ჩარევას.
არჩევნებში ჩარევას გამორიცხავს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი.
“ვემზადებით, შიგნით სიმშვიდეა, არავინ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს ჩარევას, რომც უნდოდეს. შიგნითაც, ჩვენს წევრს რომ უნდოდეს ჩარევა, ის ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმემ გაგვიბედოს, ეგ კარგად იცოდეთ, ქვეყანაში იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ასეთი რამ არ ხდება, თორემ გამოვიდოდნენ და იტყოდნენ… სამი კანდიდატი დარჩა და რომელიმე მაინც იტყოდა… მერწმუნეთ, რაღაც უძლურები არ გეგონოთ. უწმინდესმა თავისი სიცოცხლეშივე გვასწავლა, როგორ უნდა იმართოს ეკლესია”, - განაცხადა მან 6 მაისს, ქადაგებისას.
პატრიარქობის კანდიდატმა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ეკლესიის საქმეებში შესაძლო გარე ჩარევასთან დაკავშირებით.
„ფაქტობრივად ყველამ ვიცით, რომ არის ეს ჩარევები და ხდება კიდეც, ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება”, - განაცხადა მიტროპოლიტმა, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
დიპლომები მოიპარეს?
მიტროპოლიტმა იობმა 6 მაისს მედიასთან განმარტა, თუ როგორ მოჰპარეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი სწორედ იმ დროს, როცა მას, როგორც პატრიარქობის კანდიდატს, ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
„მოპარულია დიპლომი… საერო დიპლომიც დაკარგულია და სასულიეროც. დამირეკეს საპატრიარქოდან, მეუფე თეოდორემ მითხრა, აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ თქვენი დიპლომიო, სასულიერო სასწავლებლის დამთავრების დიპლომიო და როდესაც მე წავედი, სადაც იყო და სადაც ვიცოდი რომ იყო, იქ აღარ იყო“, - თქვა მიტროპოლიტმა იობმა მედიასთან.
დიპლომის საკითხი უკვე მოგვარებულია. 5 მაისს საპატრიარქომ გამოაცხადა, რომ, მათ შორის - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ არქივში მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელმა კომისიამ “აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი”.
მიტროპოლიტი იობი ცვლილებების საჭიროებაზე ლაპარაკობს. თვლის, რომ უნდა აღდგეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების პრაქტიკა და უნდა შეიცვალოს წესები, რომლებიც პატრიარქობის კანდიდატებს უმაღლეს განათლებასთან და ასაკთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უწესებს:
“მე მინდოდა, რომ მიეღოთ მონაწილეობა მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაიასაც”.
მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლის. პატრიარქობისთვის აუცილებელია უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება. ამ შეზღუდვების გამო, პატრიარქობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს ეპისკოპოსებმა დანიელ დათუაშვილმა და ისაია ჭანტურიამ. მიტროპოლიტ ისაიას არ აქვს სასულიერო განათლება, ხოლო მიტროპოლიტი დანიელი უკვე 70 წლის არის.
“დაამცირეს ფაქტიურად”
მეუფე ზენონი თვლის, რომ სინოდი უსამართლოდ მოექცა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაია ჭანტურიას, რომელიც, მისი შეფასებით, პატრიარქობის ღირსეული კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ უმაღლესი სასულიერო განათლების არქონის გამო დაიწუნეს.
“დაამცირეს ფაქტიურად, მოდით, ვთქვათ რა, სინოდზე ვთქვი - თქვენ ამცირებთ ამ ადამიანს, ეს არის შეურაცხყოფა”, - ამბობს მეუფე ზენონი და იქვე განმარტავს, რომ მიტროპოლიტ ისაიას სახელის ხსენებამ “რაღაცნაირად დააფრთხო ეს ნაწილი, რომლებსაც ვთქვათ, საზოგადოებაში მეუფე შიოსადმი განსაკუთრებული სიმპათიები აქვს გამოვლენილი და მას უჭერდნენ მხარს”.
მიტროპოლიტ ისაიას არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა და ამის შესახებ სინოდის წევრებს სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, 24 აპრილს, წერილობითაც აცნობა.
„როდესაც 1995 წელს წმინდა სინოდის თანხმობით ხელი დამასხეს ეპისკოპოსად, ეკლესიამ ამით დაადასტურა ჩემი მზაობა მღვდელმთავრობისათვის. ეპისკოპოსი, თავისი არსით, არის ეკლესიის მასწავლებელი. თუ მღვდელმთავარი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ეპარქიის სამართავად და სინოდის წევრობისთვის, ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქოს არჩევნებში“, - მიტროპოლიტის არგუმენტები სინოდმა არ გაითვალისწინა.
ფორუმი