Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიური კონფესიები დისკრიმინაციულს უწოდებენ ცვლილებებს კანონში სამხედრო სამსახურის შესახებ


„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტის წინააღმდეგ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა კონსულტაციები დაიწყეს.

„არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში ისეთ ქვეყნებში, როგორიც ვართ ჩვენ“- ასე გამოეხმაურა “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე კანონპროექტს, რომელსაც ავტორი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, 19 მარტს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.

კანონპროექტის თანახმად, მღვდელმსახურება აღარ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი. კანონის შესაბამის, 30-ე მუხლში გაუქმდება ის ნორმა, რომელიც წვევამდელ მღვდელმსახურებს აძლევდა ამ უფლებას. გამონაკლის მდგომარეობაში აღმოჩნდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წარმომადგენლებიც, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ძალით შეინარჩუნებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლების უფლებას.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, კანონპროექტი დისკრიმინაციულია. შესაბამისად, ისინი მიმართავენ ყველა სამართლებრივ გზას, რომ კანონი ამ ფორმით არ შევიდეს ძალაში.

„მუსლიმ თემს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ უჭირს და არც გაქცეულა არასოდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან, თუმცა, მთავარია ის მიდგომა, რომელიც პარლამენტს ექნება. ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ვალდებული ვართ დავიცვათ ამ ქვეყნის დემოკრატია, სეკულარიზმი და თანასწორუფლებიანობა“ - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საბჭოში მიმდინარეობს რელიგიურ კონფესიებთან ერთად საკითხის განხილვა და ერთობლივ განცხადებას რამდენიმე დღეში გაავრცელებს.

ჯარში დადიან უპატრონო ბავშვები, რომლებსაც 2000 ლარი არ ჰქონდათ

კანონპროექტს ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, რომელიც მიმდინარე პროცესს ამორალურს უწოდებს და ამბობს, რომ ჩანაწერები, რომელსაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გაუქმებას უპირებს, თავის დროზე კანონში სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით რელიგიური გაერთიანებების მიმართ დაშვებული დისკრიმინაცია აღმოფხვრილიყო.

„ჩვენ ვიცით, რომ ცოტა ხნის წინ ადამიანებს აწამებდნენ და ფულს ძალავდნენ ჯარში. ასეთ ჯარში მივერეკებით უპატრონოთა შვილებს, იმიტომ რომ პატრონიანთა შვილები - დეპუტატების შვილები, პოლიტიკოსების შვილები, პოლიციის უფროსის შვილები, რაიონების გამგებლების შვილებიც კი ჯარში არ დადიან. ჯარში დადიან უპატრონო ბავშვები, რომლებსაც 2000 ლარი არ ჰქონდათ და რომელთა მშობლებსაც არ ჰყავთ თანამდებობის პირი მეგობრები“- ამბობს იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ პარლამენტარებზე „საზოგადოებრივ - მორალურ ზეწოლას“ აპირებს.

„გირჩის“ რელიგიურმა ორგანიზაციამ „ბიბლიური თავისუფლება“, ორი წლის განმავლობაში, სასულიერო პირად "კურთხევისა" და შესაბამისი საბუთის გაცემის საფუძველზე 15 000-მდე ადამიანს გადაუვადა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, მისი ინიციატივის მიზეზი გახდა სწორედ ის, რომ ბოლო დროს, ტენდენციური ხასიათი მიიღო ე.წ. სასულიერო ორგანიზაციების შექმნამ, რათა წვევამდელებმა თავი აარიდონ სავალდებულო სამხედრო სამსახურს, რაც პრობლემებს ქმნის მთლიანად სისტემისთვის. მისი ინიციატივის მიხედვით, რელიგიური მოტივებით ჯარში მსახურების სურვილის არქონის შემთხვევაში, წვევამდელებს ალტერნატიული შრომითი სამსახურით სარგებლობა შეეძლებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG