Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისგან, რატომ და როგორ (არ) იცავს დეპუტატს იმუნიტეტი


პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას.

საქართველოს პროკურორმა პარლამენტს მიმართა წერილით, რომლითაც ითხოვს საკანონმდებლო ორგანოს თანხმობას იმისათვის, რომ დეპუტატის დაპატიმრებით სასამართლოს მიმართოს.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა იმ საკანონმდებლო პროცედურით, რომელიც პარლამენტის დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითვალისწინებს.

საქართველოს კონსტიტუციაში, და შემდეგ უკვე პარლამენტის რეგლამენტში განსაზღვრულია პარლამენტის წევრის დაკავების და დაპატიმრების წესები;

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით საქართველოს "პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.

გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს."

გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ:

"პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს.

დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება ან ამოღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც."

კონსტიტუცია განსაზღვრავს როდის არ შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პარლამენტის წევრისადმი:

"პარლამენტის წევრს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის."

კონსტიტუციით "უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები.

სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას. პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით".

დამატებითი დეტალები გაწერილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლში, რომელიც პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპებს ეხება.

კერძოდ, მე-11 მუხლში საუბარია:

"საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლიან და წინადადებას განიხილავენ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომლებიც წერილობით დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით."

დეპუტატ ნიკა მელიას საქმეზე პარლამენტში სწორედ ეს პროცესები განვითარდა, თუმცა 5 დღის ვადას პარლამენტი არ დაელოდა და პროკურორის მიმართვიდან მეორე დღესვე შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

დადგენილებას, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა სჭირდება, და ამავე დროს არანაკლებ 50 დეპუტატის ხმას გულისხმობს.

რეგლამენტში ასევე საუბარია, რა ხდება, თუკი სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა:

"პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების ან დაპატიმრების დროის შესაბამისი კომპენსაცია."

XS
SM
MD
LG