Accessibility links

როგორ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები შენობებში?


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციები სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არაეფექტურია - ასეთია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში გამოკვეთილი ძირითადი ტენდენცია. აღმოჩნდა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში 226 ობიექტიდან სრულყოფილად მხოლოდ ერთი ობიექტი აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს, ინსპექტორების მიერ გაცემული რეკომენდაციები კი სრულად ობიექტების მხოლოდ 14 %-მა შეასრულა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა 2016 წელს დაიწყო და ის 2018 წლის პირველ ნახევრამდე გაგრძელდა. ეს სწორედ ის პერიოდია, სანამ სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის რეფორმა განხორციელდებოდა. რეფორმის შემდეგ, ახალი რეგულაციების ფარგლებში, გაიზარდა ჯარიმები უსაფრთხოების წესების დარღვევაზე და სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სია თითქმის გაორმაგდა.

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ ობიექტების 50%, რომლებსაც შემოწმების დროს დარღვევები აღმოაჩნდა, საერთოდ არ დაჯარიმებულა, 21%-ს კი დაკისრებული ჯარიმები არ გადაუხდია, „რაც უკავშირდება იმას, რომ სამსახურს არ აქვს დანერგილი ჯარიმების გადახდის კონტროლის მექანიზმები“, - წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის მონაცემებიდან ასევე ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოწმებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი არასრულყოფილად სრულდებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პასუხი

საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესმდივანი მიშა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ის, რაც აუდიტის სამსახურმა 2016-2018 წლებში აღწერა, არ არის სრული და საბოლოო სურათი:

“როდესაც ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ობიექტმა არ შეასრულა ჩვენ მიერ გაცემული ვალდებულება, ეს მხოლოდ 2017 წლის სტატისტიკაა. ეს არ ნიშნავს, რომ 2019 წელს იმ ობიექტებს შესრულებული არ ჰქონდათ მითითებები. იმ მომენტში, როცა მან არ შეასრულა, ავამოქმედეთ სანქციები და გამოვუწერეთ ჯარიმა. ჩვენ შეგვიძლია ჯარიმა გამოვწეროთ რამდენჯერმე“, - ამბობს მიშა ფეიქრიშვილი. მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ვინმე დააჯარიმოს ან ბიზნესსაქმიანობა შეაწყვეტინოს.

პრეცედენტი, როცა სამსახურმა რადიკალური ზომები გამოიყენა, 2017- 2018 წლებში, მხოლოდ ერთხელ ფიქსირდება. გასულ წელს, ბათუმში მდებარე სასტუმრო “ველმონდს” (ყოფილ “ლეოგრანდს”) სასამართლომ ექსპლუატაცია შეუჩერა, რადგან მან საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეკომენდაციები არ შეასრულა. "ველმონდში" ერთი წლით ადრე გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა ახალმა რეგულაციებმა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის შემოწმებას ყველა სასტუმრო დაუქვემდებარა, მათ შორის საოჯახო ტიპისაც.

ბოლო ხანძარი ერთ-ერთ ასეთ სასტუმროში 22 მარტს, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ისიც, იყო თუ არა სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოების სისტემა უკვე შემოწმებული.

ხანძარი კოსტავას ქუჩაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:05 0:00

რომელი ობიექტები მოწმდება და რომელი - არა

სასტუმროების ჩათვლით, დღეს ზედამხედველობას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა შენობა, ასევე სკოლები, ბაღები, სავაჭრო ცენტრები, კლუბები, კვების ობიექტები და სხვა. სია საკმაოდ გრძელია, მაგრამ მასში არ შედის საცხოვრებელი სახლები, არადა 2016-2018 წლებში მომხდარი ხანძრების სტატისტიკის მიხედვით, შენობა-ნაგებობებში მომხდარი ხანძრების 70% სწორედ საცხოვრებელ სახლებზე მოდის.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საბერძნეთში, იტალიასა და პორტუგალიაში, საცხოვრებელ სახლებსაც უტარდება სახანძრო შემოწმებები. მაგალითად, ბელგიაში ყველა ბინის მესაკუთრე ვალდებულია ჰქონდეს ელექტროობის ინსპექტირების მოქმედი სერტიფიკატი. ფინეთსა და დანიაში ბინის მესაკუთრეები ვალდებულები არიან გარკვეული პერიოდულობით უზრუნველყონ საკვამურების წმენდა. ევროპის უმეტეს ქვეყანაში, ბინებში დამონტაჟებულია კვამლის დეტექტორები, რაც ხანძრის შემთხვევაში, დროულ შეტყობინებას უზრუნველყოფს.

რა უჯდებათ ობიექტებს რეკომენდაციების შეუსრულებლობა

იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი არ ასრულებს სახანძრო უსაფრთხოების რეკომენდაციებს, მას 300-დან 10 000 ლარამდე ჯარიმა ეკისრება. სამსახურს რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქვს შემდგომი რეაგირების ორი მექანიზმი:

ობიექტის დაჯარიმება ან სასამართლოს განჩინებით მუშაობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება.

მოქმედი ნორმატივებით სახანძრო უსაფრთხოების სისტემები გულისხმობს სახანძრო კიბეების, უსაფრთხო გასასვლელების, ჩამქრობი და შემატყობინებელი სისტემების არსებობას, ვენტილაციის გამართულობასა და გამწოვების არსებობას შენობაში. მნიშვნელობა აქვს, რამდენად აალებადია სამშენებლო მასალები და ასე შემდეგ.

არქიტექტორი ნიკოლოზ აბაშიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი მშენებელს სრული სამშენებლო ხარჯის დაახლოებით 15% უჯდება. იმ ფაქტს, რომ რეკომენდაციებს ობიექტები ხშირად არ ასრულებენ, ის ასე ხსნის:

„წლების განმავლობაში, სამშენებლო სისტემა მთლიანად მოშლილი იყო ქვეყანაში. ქალაქგეგმარებასა და არქიტექტურაზე კოდექსი შარშან მივიღეთ, მანამდე ამის კანონმდებლობაც კი არ გვქონდა. ობიექტს როცა აჯარიმებენ, ჯარიმით არაფერი შეიცვლება, თუ შემდეგ მან არ შეასრულა ეს ვალდებულებები“.

აუდიტის სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რეკომენდაციებს აძლევს:

  • დაქვემდებარებული ობიექტების სიმრავლის განსაზღვრისას, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო უწყებებთან;
  • ინსპექტირებისთვის საჭირო რესურსები გაანაწილოს პროდუქტიულად;
  • იმუშაოს ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და შეიმუშაოს მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის მექანიზმი.
  • შეიმუშაოს დარღვევების მქონე ობიექტების დაჯარიმებისა და ამ ჯარიმების ამოღების კონტროლის სისტემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG