ახალი წლის დღეები გუდაურისთვის ყოველ წელს ყველაზე დატვირთული პერიოდია, რაც ყველამ წინასწარ იცის და წესით, ზამთრის სეზონს კურორტი მომზადებული უნდა ხვდებოდეს, თუმცა ის, რასაც ჩვენი რესპონდენტები ჰყვებიან, საპირისპიროზე მეტყველებს.
“თუ რამეს არ შევცვლით, თებერვალში უარესი იქნება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მირანდა ესაკია, მთის კურორტების ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელი.
მირანდა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გუდაურის გადავსებული ნაგვის ბუნკერების და პირდაპირ გზაზე დაწყობილი ნარჩენების ფუთების ვიდეო და ახალ გუდაურამდე მისასვლელი, ჩახერგილი გზის ფოტოები გამოაქვეყნა.
ახალი წლის დღეებში, სტუმრებით გადავსებული კურორტიდან ნარჩენები რამდენიმე დღე ვერ გატანეს - გაჩერებული მანქანებით ჩახერგილი გზის გამო ნაგვის მანქანებმა ურნებამდე უბრალოდ ვერ მიაღწიეს.
იმ დღეებში, ვინმეს სასწრაფო დახმარების ან სახანძროს მანქანა რომ დასჭირვებოდა, ისინიც ისევე გაიჭედებოდნენ, როგორც ნაგვის მანქანები.
“საბედნიეროდ, არცერთი არავის დასჭირვებია”, - გვეუბნება „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე.
მირანდა ესაკია აღწერს (და ეს მის გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებშიც ჩანდა), რომ გუდაურში დაგროვილი ნაგვის მთები იდგა, ოღონდ ეს, მისი აზრით, უფრო დიდი და კომპლექსური პრობლემის ერთი პატარა ნაწილია, რომელიც ახალი წლის დღეებში ყველას თვალში მოხვდა - ყოველ წელს, კურორტის პრობლემებს ახალი, გადაუჭრელი სირთულეები ემატება.
წელს ასეთ თავის ტკივილად ე.წ. ახალ გუდაურამდე მისასვლელი, ახალდაგებული, კილომეტრნახევრიანი გზის მონაკვეთი იქცა.
ამ გზის დაგებას წლების განმავლობაში მოითხოვდნენ. როგორც მირანდაც იხსენებს, საბაგიროებამდე მისასვლელი ეს გზა დიდხანს დანგრეული იყო.
წინასაარჩევნოდ გზა კი დააგეს, თუმცა მისი ერთ ნაწილი ქვეითებს დაუთმეს და ტროტუარი მოაწყვეს.
"არასწორი გადაწყვეტილება იყო და თავიდანვე გავაპროტესტეთ. იმ გზაზე, ისედაც ძლივს უქცევდა ერთმანეთს გვერდს ორი მანქანა... გარდა ამისა, პარკირების სისტემის არარსებობის გამო, ამავე გზაზე აჩერებდნენ და ტოვებდნენ მანქანებს ჩამოსული ტურისტები, რამაც გამოიწვია კოლაფსი - ხუთი-ექვსი საათი განმავლობაში საცობი უბრალოდ არ იძვროდა. არც საპარკინგე ნიშნული იყო სადმე და არც არავინ აჯარიმებდა ვინმეს არასწორად გაჩერებული მანქანის გამო. მართლა ვნატრობდით, რომ სასწრაფო არავის დასჭირვებოდა”.
ჩახერგილი გზის გამო დანიშნულების ადგილამდე ვერც ნაგვის მანქანა მიდიოდა და ვერც მძიმე ტექნიკა - თოვლი რომ გაეწმინდა.
ახალი წლის პირველივე შაბათ-კვირას დამსვენებლების დიდმა ნაწილმა სრიალის ნაცვლად სწორედ ამ ექვსსაათიან საცობში გაატარა დღე.
„ტურისტები ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ ისეთი ამბავი იყო“, - გვიყვება გიდი თამთა ჟვანია, რომელსაც ასევე ახალი წლის პერიოდში მოუწია გუდაურში ჩასვლა.
“არ ვიცი, წელს რატომ ხდებოდა ეს, მაგრამ ყველა, მძღოლებიც ამბობდნენ, რომ ასეთი რამ გუდაურში კარგა ხანია არ გვინახავსო - ხალხიც ბევრი იყო, მაგრამ არც საკმარისი ტრაქტორები ჰყავდათ, როგორც ჩანს”.
პრობლემის მოგვარება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში გუდაურის ფოტოები გამოჩნდა - კურორტზე უცებ გაჩნდა პოლიცია, რომელმაც გზის სავალ ნაწილზე გაჩერებული ავტომობილები ევაკუატორებით გაიტანა და გზაც გაიხსნა, თუმცა ამან პრობლემა მხოლოდ დროებით გადაჭრა.
“დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდება - მთელი თებერვალი და მარტი დაჯავშნილია. თუ პარკინგის პრობლემა არ მოგვარდა, უარესი მოხდება. შესაბამის უწყებებს 20 დღეზე ნაკლები აქვთ", - ამბობს მირანდა ესაკია. და ამატებს: საპარკინგე ნიშნულების გაკეთებაა საჭირო, რომ გზა ისევ არ ჩაიხერგოს. - „ვინც აკრძალულ ადგილას მანქანას მაინც დატოვებს, ის პოლიციამ უნდა დააჯარიმოს”.
„ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გვიყვება, რომ ტურისტებს, პრობლემები თბილისშივე ექმნებათ. თბილისიდან გუდაურისკენ ტრანსპორტის მოწესრიგებული, რეგულარული რეისები არ არსებობს. წამსვლელმა ან კერძო მანქანა უნდა დაიქირაოს ან დიდუბის ავტოსადგურიდან გაჰყვეს “მარშრუტკას”, რომელიც არასოდეს ერთსა და იმავე დროს არ გადის.
“ტრაილერებით დატვირთულ გზაზე, სადაც ისინი ერთმანეთს უსწრებენ, ტურისტს ცალკე თავგადასავალი ელის. გუდაურში რომ ჩავლენ, სადაც პარკინგის არარსებობის გამო სულ ქაოსია და პოლიციას ახალი გუდაურისკენ გზა აქვს ჩაკეტილი, სხვა თავსატეხი ჩნდება - მათ იმ თოვლსა და ტალახში ჩემოდნები სასტუმრომდე ფეხით უნდა ათრიონ”.
ცოტნე ჯაფარიძე იხსენებს, როცა წლების წინ ახალი გუდაური აშენდა, იქ რამდენიმე დიდი პარკინგი უნდა მოწყობილიყო, მაგრამ 2012 წლის შემდეგ იმ ადგილზე კორპუსები ჩადგეს. ახლა, ცოტნეს თქმით, გუდაურში ორი უფასო პარკინგია, რომელიც არ არის საკმარისი. არის ფასიანი პარკინგიც ერთ-ერთ კომპლექსში, თუმცა ის ძირითადად ამავე კომპლექსის დამსვენებლების ავტომობილებით ივსება.
“ამიტომ, [მძღოლები] სადაც ადგილს იპოვიან, იქ აჩერებენ და წელსაც მთავარი გზის ერთი ნაწილი გადაიქცა ასეთ თვითნებურ პარკინგად… ყველა ნორმალურ სამთო კურორტზე არსებობს უზარმაზარი საპარკინგე ადგილი, განათებული, დახაზული და მოწესრიგებული. რადგან მთის კურორტი ზოგადად ძვირი სიამოვნებაა და იქ ჩასული ადამიანი საკმაო ფულს ხარჯავს, პარკინგში ფულს არ ახდევინებენ. ესაა წესი”.
ცოტნე ჯაფარიძე გუდაურის სხვა პრობლემებზეც ლაპარაკობს - გაუმართავად მუშაობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, წინასწარ არასოდეს იციან, როდის გაიხსნება სეზონი - ამის გამო უამრავი ჯავშანი უქმდება.
„ამ გათოვლიანებისთვის ხელოვნური ტბაც გაკეთდა, რომლის წყალი უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც ეგ სისტემა აამუშავეს გამართულად“.
არ მუშაობს ყველა საბაგირო, მაგალითად, ექსტრემალური სრიალის მსურველებისთვის მიმზიდველი "სნოუ პარკის" ტრასის საბაგირო. მიზეზი კი, როგორც ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, ის არის, რომ საბაგიროს ტურნიკეტები მოხსნეს და სხვა, უფრო მოთხოვნად ხაზზე დააყენეს. თუმცა ზოგიერთი ტურნიკეტი არც იქ მუშაობს და სულ რიგი დგას.
“დღემდე პრობლემაა თავად ტრასების მოვლაც. ე.წ. “კუდები” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრასაა, რომლის წინა მხარე წელს ქვებით იყო სავსე. ეგ ქვები მოთხილამურისთვის ლოდების ტოლფასია. კარგ შემთხვევაში - თხილამურს აფუჭებ, უარესში კი, სერიოზულად შეიძლება დაიმტვრე. ეს ნიშნავს იმას, რომ მთა სათანადოდ არ გაწმინდეს, არ მოამზადეს… და ეს მაშინ, როცა ყველამ კარგად ვიცით, რომ 30 დეკემბრიდან 14 იანვრამდე გუდაური არის სავსე”, - უთხრა ცოტნე ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას.
ცალკე ამბავია უსაფრთხოება და როგორც მირანდა ესაკიამაც გვითხრა, დღემდე ითხოვენ სათხილამურო ტრასებზე თოვლმავალი მანქანების - ბურანების - უწესრიგო მოძრაობის გაკონტროლებას:
“წელს, როგორც იქნა, გამოჩნდა “სქი პატრული”, მაგრამ ბურანები ისეც აწყვეტილები დარბიან მთაზე, რას ვშვრებით, იქ მოსრიალე ბავშვს რომ დაეჯახონ? მაინცდამაინც ფატალური შედეგით უნდა დასრულდეს ყველაფერი?”
გუდაურში ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე პასუხისმგებელი ორი მუნიციპალიტეტია - ყაზბეგის და დუშეთის და ამ ორ მუნიციპალიტეტთან მუდმივად უწევთ ბრძოლა უმნიშვნელო პრობლემების მოგვარების მიზნითაც კი.
რაც შეეხება სათხილამურო ტრასებს, მათ მდგომარეობას - გუდაურშიც და საქართველოს სხვა სამთო კურორტებზეც, მათი მოვლა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) კომპეტენციაა.
2025-26 წლის ზამთრის სეზონის წინ, ამ სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე, “იმედისა” და “რუსთავი 2-ის” ეთერში აცხადებდა, რომ კურორტები მზად იყო.
მთის ტრასების სააგენტოს გუდაურის პრობლემებზე კითხვებით რადიო თავისუფლებამაც მიმართა, თუმცა პასუხებს ამ დრომდე ველით. ისინი მასალაში მიღებისთანავე აისახება.
ფორუმი