Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მართავს პატიმარი სააკაშვილი პარტიას და ფეისბუკს


მიხეილ სააკაშვილისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება შეხვედრები და კორესპონდენციაა.
მიხეილ სააკაშვილისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება შეხვედრები და კორესპონდენციაა.

პატიმრობის მესამე წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მართვისა და ლიდერობის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ამ სტატიაში ვარკვევთ, როგორ მართავს სააკაშვილი ფეისბუკის გვერდს და პარტიას კლინიკის ოთახიდან.

დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, კლინიკა "ვივამედის" ეზოში, ცენტრალურ შესასვლელთან, ლურჯ მსუბუქ ავტომობილს საპროტესტო ბანერები აკრავს წარწერებით: "თავისუფლება და შეწყალება მიშას!", "თავისუფლება პუტინის პირად ტყვეობაში მყოფ სააკაშვილს", "ძალა ერთობაშია", "ერთად ევროპისკენ". დროშებიც ფრიალებს - საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის. მანქანაში საბანს, პლედებს, ტანსაცმელსაც შენიშნავთ. აქ ღამეს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ათევენ.

1 წელი და 7 თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" მეხუთე სართულზე იმყოფება. კლინიკაში ის შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.

ასე გამოიყურება კლინიკა "ვივამედის" ეზო, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას.
ასე გამოიყურება კლინიკა "ვივამედის" ეზო, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას.

საავადმყოფოს ფანჯრების ნაწილს გისოსები აქვს აკრული. ეს ნიშნავს, რომ იმ პალატაშიც პატიმარს მკურნალობენ.

"ვივამედთან" სპეციალური პენიტენციური სამსახური წლებია თანამშრომლობს. კლინიკის ეზოში თითქმის ყოველთვის დგას პენიტენციური სამსახურის მიკროავტობუსები და პოლიციის ეკიპაჟი. შესასვლელში დაცვა მორიგეობს.

"მჩხრეკენ, საკვებსაც ამოწმებენ, ყოველ შესვლაზე რუტინულად ერთი და იგივე. ყოველ მესამე დღეს კოვიდის ტესტს მიკეთებენ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა, რომელიც შვილის სანახავად კლინიკაში ყოველდღე დადის - იქ დღეში ორჯერ - დილით და საღამოს საკვები მიაქვს. გაჩხრეკის შემდეგ "შეიძლება ერთი საათი იცადო და მხოლოდ 15 წუთი დაგიშვან, კანონზომიერება არ არის, ყოველი დღე განსხვავდება", - ამბობს ის. ერთადერთი, რაც არ იცვლება, ისაა, რომ კლინიკა საღამოს ექვს საათამდე უნდა დატოვოს.

ერთი წელია, რაც ყოფილი პრეზიდენტის მონახულების უფლება, მხოლოდ სააკაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატებს აქვთ.

პარლამენტის წევრებს, რომლებსაც პატიმართან შესვლა ადრე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანხმობით შეეძლოთ, ეს შესაძლებლობა შალვა პაპუაშვილის 2022 წლის დეკემბრის განკარგულებით შეეზღუდათ.

უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით საუბრის უფლება პროკურატურამ 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებისას შეუზღუდა. ადვოკატებმა რამდენჯერმე უშედეგოდ მოითხოვეს ამ გადაწყვეტილების გაუქმება.

"ვივამედში" პაციენტ პატიმარს აქვს ტელევიზორი, ქართული და უკრაინული არხებით. გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება მისთვის შეხვედრები და კორესპონდენციაა.

"ზეპირსიტყვიერად ინფორმაციის გაცვლა მანიპულაციისა და დეზინფორმაციის რისკებს ზრდის. ტექსტი, ამ მხრივ, უფრო სანდოა", - ამბობს სააკაშვილის დედა და ამატებს, რომ მისი შვილის "პალატა ფურცლებითაა სავსე".

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, კლინიკა "ვივამედში" შვილთან ვიზიტის დაწყებამდე.
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, კლინიკა "ვივამედში" შვილთან ვიზიტის დაწყებამდე.

მას წერილების გადაცემისა და წამოღების უფლება არ აქვს, მაგრამ შვილის დავალებითა და თხოვნით სიტყვიერი გზავნილები ბევრჯერ გადაუცია, არ აზუსტებს ვისთან.

პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან წერილების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მის 6 ადვოკატს. სულ მცირე, კვირაში ორჯერ მიხეილ სააკაშვილთან ერთი მათგანი მაინც შედის. მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებისას ვიზიტებიც უფრო ხშირია.

შოთა თუთბერიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
შოთა თუთბერიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

"მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მე და მიშას კორესპონდენციის გაცვლა-გამოცვლა გვაქვს. დეტალებს ვერ გავამჟღავნებ, ისედაც სულ პრობლემებია შესვლასა და შეტანა-გამოტანაზეც", - ადვოკატი, შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას იმასაც ეუბნება, რომ ყველაზე ხშირად წერილების მიღება-გაგზავნაში ის ეხმარება.

ორ კვირაში ერთხელ ნახულობს მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე: "წერილი არასდროს შემიტანია, მხოლოდ სააკაშვილს თუ გამოუტანებია ჩემთვის რაიმე, თუმცა ჩემი საქმე და ხაზი სააკაშვილის საქმეში წერილების მიმოცვლას არ ითვალისწინებს, მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობით ვინტერესდები".

ყოფილ პრეზიდენტთან დეპუტატების შესვლის აკრძალვამდე ადვოკატების გარდა შუამავლის ფუნქციას პარტიის დამფუძნებელთან, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძეც ითავსებდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე ტოვებს რუსთავის ციხეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი "ვივამედში" გადაყვანამდე იხდიდა სასჯელს, ფოტო გადაღებულია 2021 წლის 11 ოქტომბერს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე ტოვებს რუსთავის ციხეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი "ვივამედში" გადაყვანამდე იხდიდა სასჯელს, ფოტო გადაღებულია 2021 წლის 11 ოქტომბერს.

"მე ვიყავი ადამიანი, ვინც მის [მიხეილ სააკაშვილის - რ.თ.] თხოვნას ასრულებდა. ვუკავშირდებოდი იმ ადამიანებს, ვისთანაც ინფორმაციის გაცვლა სურდა. მისთვის საინტერესო ადამიანები არ იყვნენ მხოლოდ ქვეყნის შიგნით… ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მედია, მეგობრები… ეს იყო როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაცია. იყო საკითხები, რაზეც წერილი ვერ იმუშავებდა, ანუ საჯაროობა გამორიცხული უნდა ყოფილიყო", - ამბობს ეკა ხერხეულიძე.

ყველაზე ბოლოს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების გუნდს ვახტანგ ბარამაშვილი და დავით ჯუღელი შეუერთდნენ. დავით ჯუღელი ყოფილი მოსამართლეა, მან განიხილა 2015 წელს "კაბელების საქმე" საქალაქო სასამართლოში და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას დაკავებული თანაგუნდელები წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ჯუღელი სააკაშვილის ადვოკატი მას შემდეგ გახდა, რაც ექსპრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სოფო ჯაფარიძე საზოგადოებასთან ურთიერთობაში თავის წარმომადგენლად დაასახელა.

დავით ჯუღელი და სოფო ჯაფარიძე ამბობენ, რომ მეგობრები არიან.

სოფო ჯაფარიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი
სოფო ჯაფარიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი

"ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს ბევრ სხვა სასარგებლო საქმესთან ერთად, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ… სოფოს მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს", - სააკაშვილის სახელით მის ფეისბუკის გვერდზე ეს სტატუსი ზაფხულში გამოქვეყნდა.

წერილებს სოფო ჯაფარიძეს ან პირადად აძლევენ, ან სოციალურ ქსელში უგზავნიან. ის გზავნილებს დავით ჯუღელს გადასცემს. ადვოკატი კი - მიხეილ სააკაშვილს.

11 ოქტომბერს, სააკაძის დაღმართის მეორე ჩიხში, "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ოფისის, მეექვსე სართულზე სოფო ჯაფარიძემ "მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები" გახსნა.

დეკემბრის დასაწყისში, რადიო თავისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მისაღები დღის 4 საათზე დაკეტილი დახვდა. 15 წუთში კარი პარტიის წარმომადგენელმა გააღო და განმარტა, რომ ბოლო დროს ოფისი მხოლოდ შეხვედრებისთვის იღება.

საზოგადოებრივი ცენტრის მისაღებში გამჭვირვალე ყუთი დგას, სადაც წერილებია ჩაყრილი, ზოგს ავტორის სახელი და გვარი აწერია, ზოგს ადრესატი - მიხეილ სააკაშვილი.

სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ უკვე ასობით წერილი გაუგზავნა ექსპრეზიდენტს. რეგიონებში ერთ წერილს რამდენიმე ადამიანიც აწერს ხოლმე ხელს.

ასე გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები
ასე გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები
ეს არის ყუთი, სადაც მოქალაქეები სააკაშვილისთვის წერილებს ტოვებენ.
ეს არის ყუთი, სადაც მოქალაქეები სააკაშვილისთვის წერილებს ტოვებენ.
ოთახი მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში
ოთახი მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ენმ-ში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ მიხეილ სააკაშვილამდე მათი პოზიცია ვეღარ აღწევდა.

2023 წლის იანვარში, რიგგარეშე შიდაპარტიული არჩევნები მელიას ხაბეიშვილმა მოუგო. თავმჯდომარის ცვლილებას პოლიტსაბჭოს ცვლილება მოჰყვა. მის შემადგენლობაში ახალმა მენეჯმენტმა არც ნიკა მელია შეიყვანა და არც რომელიმე მისი მხარდამჭერი, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ნიკა მელიამ მომხრეებთან ერთად პარტიის ძველი ლიდერები ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი არაფორმალურ მმართველობაში დაადანაშაულა. ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნისას, ვანო მერაბიშვილი ჯერ შს მინისტრი იყო, შემდეგ პრემიერ-მინისტრი, კეზერაშვილი - თავდაცვის მინისტრი.

“სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩემამდე მოსული არც ერთი წერილი არ დაბლოკილა. არ აქვს მნიშვნელობა, კრიტიკული პოზიცია იყო იქ გამოხატული თუ მხარდამჭერი... შინაარსს ნაკლებად ვკითხულობთ ხოლმე, ინფორმაციის გაფილტვრას არ ვემხრობი", - ეუბნება სოფო ჯაფარიძე რადიო თავისუფლებას.

ჯაფარიძე განმარტავს, რომ სააკაშვილმა მასზე არჩევანი იმიტომაც გააკეთა, პარტიაში დაპირისპირებულ ფლანგებს ლიდერთან თანაბარი კომუნიკაციის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ. "ყოველთვის ერთობის მომხრე ვიყავი", - ამბობს ის.

"როგორც ჩანს, არც სოფო ჯაფარიძეს ენდობა ყველა", - ასე ხსნის ვითარებას "ნაციონალური მოძრაობის" საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე დავით ლაგვილავა. ახენდება რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პარტიის წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, თითქოს მათი გაგზავნილი წერილები მიხეილ სააკაშვილამდე არ მივიდა, ვინაიდან ლიდერისგან პასუხი არ მიეღოთ.

წერილი ექსპრეზიდენტს ჯაფარიძის შუამავლობით დავით ლაგვილავამაც მისწერა:

"პარტიაში არსებულ კრიზისზე და ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე წერილობითად მივაწოდე ინფორმაცია, ერთგვერდიანი დოკუმენტი იყო. დაახლოებით ერთი თვის წინ, პარასკევ დღეს მივწერე და ორშაბათს ველოდი პასუხს, იმის შემდეგ ბევრი ორშაბათი გავიდა. შესაძლოა სოფო ჯაფარიძემ მიიტანა და თავად პრეზიდენტს არ ჰქონდა პასუხის გაცემის სურვილი, არ ვიცი".

ლაგვილავამ პარტია 2023 წლის 10 დეკემბერს დატოვა. იმ დროს, როდესაც რადიო თავისუფლებას ესაუბრა, ის ჯერ კიდევ პარტიის წევრი იყო.

8 დეკემბერს პარტია დატოვა ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამაც. ის და მისი მომხრეები 2024 წლის არჩევნებში ახალი პარტიით აპირებენ მონაწილეობას.

"სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან [სოფო ჯაფარიძე - რ.თ.] გაავრცელოს", - დაიწერა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკანგარიშზე.

ნიშნავს ეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდს სოფო ჯაფარიძე მართავს ან აკონტროლებს?

"ექსპრეზიდენტის ფეისბუკგვერდთან არაფერი მაკავშირებს, თუმცა ვადასტურებ, რომ მისი პოზიციები სიტყვიერად ხშირად გამივრცელებია", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საჯარო განცხადებებისთვის ორ სხვადასხვა შესაძლებლობას იყენებს:

სასამართლო სხდომებს, სადაც პირდაპირ ეთერში ერთვება;

ფეისბუკის ოფიციალურ გვერდს.

მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა "ვივამედის" პალატიდან სასამართლო პროცესზე - 2023 წლის 20 ნოემბერი.
მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა "ვივამედის" პალატიდან სასამართლო პროცესზე - 2023 წლის 20 ნოემბერი.

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, მისი ფეისბუკანგარიშის აქტიურობა არ შეუფერხებია - მესამე პრეზიდენტის განცხადებები თითქმის ისეთივე სიხშირით ქვეყნდება, რაც მის საქართველოში დაბრუნებამდე.

მაგალითად, ბოლო სამ თვეში, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან 15 დეკემბრის შუალედში სააკაშვილის ფეისბუკზე 225 პოსტი გამოქვეყნდა.

აქედან ყველა ექსპრეზიდენტის წერილი არ არის.

ამ გვერდზე ქვეყნდება სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებული ვიდეო- და ფოტომასალა, ასევე პარტიის აქტივობები, მათ შორის, სოფო ჯაფარიძის შეხვედრები და სატელევიზიო ჩართვები.

მხოლოდ დეკემბრის პირველ კვირაში სააკაშვილის გვერდზე პოსტი ყოველდღე ქვეყნდებოდა, ზოგჯერ დღეში სამჯერაც კი.

ანგარიში სწრაფად ეხმაურება საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მიუხედავად იმისა, რომ მისი ზეპირი თუ წერილობითი გზავნილების პატიმრობიდან გამოტანა სპეციალურ პროცედურასა და დროს მოითხოვს.

მაგალითად, თამაზ გინტურის მკვლელობაზე განცხადება მის გვერდზე, მომხდარიდან მეორე დღეს, 7 ნოემბერს განთავსდა.

მამუკა ხაზარაძის ფეისბუკპოსტს ე.წ. შუას შეკრებაზე, ორ დღეში 24 ნოემბერს გამოეხმაურა.

რადიო თავისუფლება ანონიმურად ესაუბრა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გვერდის ერთ-ერთი ადმინისტრატორი იყო მისი საქართველოში ჩამოსვლის დღიდან - 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით. მას მაშინ სააკაშვილის ხელნაწერი გზავნილები გადაჰქონდა სტატუსებად სოციალურ ქსელში.

ის ამტკიცებს, რომ არასდროს არავის მისი ადმინისტრატორად მუშაობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად წერილი არ დაუწერია და არ გამოუქვეყნებია. მიმდინარე მოვლენებზე პრეზიდენტის სწრაფი გამოხმაურება კი ადვოკატების დამსახურებაა.

"ეს აწყობილი ლოჯისტიკა იყო, ადვოკატები ძალიან ხშირად შედიან, მუდმივად არის კომუნიკაციის შესაძლებლობა", - ამბობს წყარო.

მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური გვერდი ფეისბუკზე
მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური გვერდი ფეისბუკზე

მასთან ერთად გვერდს კიდევ რამდენიმე ადამიანი მართავდა. "ზუსტად არ მახსოვს, ასე 4 ქართველი და ერთი უკრაინელი", - ამბობს და განმარტავს, რომ უკრაინელი ადმინისტრატორის ვალდებულებაა, მიხეილ სააკაშვილის მიერ სპეციალურად უკრაინული აუდიტორიისთვის დაწერილი წერილები გაავრცელოს.

"წერილი გამოდიოდა და ზემოდან ეწერა “ფეისბუკზე განსათავსებლად”, ან ეს სურათი შეცვალეთ და ეს დადეთ, ამა და ამ დროს მაქვს ნათქვამი, მოძებნეთ და ატვირთეთ. ძალიან რთული ხელნაწერი აქვს, ბევრი გადახაზული, ჩამატებული სიტყვები (თავისივე ხელით).... მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა ყველა ფურცელს თან ახლდა", - ჰყვება სააკაშვილის გვერდის ადმინისტრატორი.

დეპუტატების ექსპრეზიდენტ პატიმართან ვიზიტების აკრძალვამდე, ანუ 2023 წლის იანვრამდე, ფეისბუკის პოსტებისთვის ტექსტები ადვოკატების გარდა, პოლიტიკოსებსაც გამოჰქონდათ. ყველაზე ხშირად ეკა ხერხეულიძეს, თუმცა როგორც განმარტავს, თავად არასდროს უმართია სააკაშვილის ფეისბუკი.

წყაროს თქმით, ფეისბუკგვერდს ისეთი ადმინისტრატორებიც ჰყავდა, რომლებიც კონკრეტულ ადვოკატებს ექვემდებარებოდნენ. მაგალითად ნიკა გვარამიას ასახელებს.

"მეც ადვოკატის სტატუსით შევდიოდი და გამომქონდა წერილები. მათი ნაწილი კონფიდენციალური იყო, ფეისბუკისთვის განკუთვნილი წერილების შინაარსი კი საჯაროა. კონკრეტულ ე.წ. ადმინს არ ვიცნობ, ბევრნი არიან და იცვლებიან ხოლმე", - ეუბნება ნიკა გვარამია რადიო თავისუფლებას.

ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელი, რომელიც 2022 წლის მაისიდან 2023 წლის ივნისამდე, სანამ პრეზიდენტმა არ შეიწყალა, თავად იყო პატიმარი, ამბობს, რომ მაშინ, როდესაც სააკაშვილისგან გზავნილები გამოჰქონდა, არ ჰყოლია ე.წ. ნდობით აღჭურვილი პირი, არამედ წერილებს იმას აწვდიდა, "ვისაც უნდა გამოერთმია".

სააკაშვილის ოფიციალური გვერდის ყოფილი ადმინისტრატორი, რომელიც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გვერდის მმართველები შეიცვალნენ.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე აქციაზე სახელწოდებით "თავისუფლება მიშას"
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე აქციაზე სახელწოდებით "თავისუფლება მიშას"

"ვინც ნიკა მელიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა და ვისაც მე ვიცნობდი, ამ გვერდის ე.წ. ადმინები აღარ არიან, არ მაქვს ინფორმაცია, რა ფორმით ჩამოაცილეს მართვას", - ამბობს ის და ეჭვობს, რომ ახალი მენეჯმენტი განცხადებების შინაარსსაც ცვლიდა.

მაგალითად, პარტიაში კრიზისის დროს სააკაშვილის ფეისბუკგვერდიდან ნიკა მელიაზე დაწერილი პოზიტიური განცხადების გაქრობა მოჰყავს.

"გვერდზე სააკაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ არც შემთხვევით განთავსდებოდა რაიმე და არც შემთხვევით წაიშლებოდა. თუ ვინმე იტყვის, რომ შემთხვევით წაეშალათ, ეს ტყუილია, ყველა პოსტს აქვს აღდგენის ფუნქცია", - ამბობს წყარო.

პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის გვერდის მართვა მათი ფუნქცია არ არის, და არც გვერდის ადმინისტრატორების ვინაობაა საჯარო, რაც "სტრატეგიული კომუნიკაციისა და უსაფრთხოების საკითხიაო".

და მაინც, ვინ მართავს სააკაშვილის ფეისბუკგვერდს?

გვერდის ყოფილი ადმინისტრატორი ორ ადამიანს ასახელებს: ივერი ბალახაშვილსა და ნიკოლოზ გაბელაიას. მისი ინფორმაციით, სწორედ ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის გვერდის ამჟამინდელი ადმინისტრატორები. მენეჯერის ფუნქციას, ანუ მართვას კი გიორგი ჩალაძე ითავსებსო.

მართალია, იმავეს გვიდასტურებენ "ნაციონალური მოძრაობის" ახლანდელი და ყოფილი წევრების ნაწილი, მაგრამ ივერი ბალახაშვილიცა და ნიკოლოზ გაბელაიაც უარყოფენ ამ ინფორმაციას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ივერი ბალახაშვილი ვანო მერაბიშვილის ნათესავია.

ერთ-ერთი იმ პარტიულ აქტივისტებს შორის, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გათავისუფლებულ მერაბიშვილს დახვდა.

ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინიტრი ვანო მერაბიშვილი 2020 წლის 20 თებერვალს 6 წლისა და 9 თვის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის სასჯელს უფლებამოსილების გადამეტების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის იხდიდა.

ივერი ბალახაშვილი რადიო თავისუფლებასთან უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდს მართავს და განმარტავს, რომ მხოლოდ პარტიის ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელია.

ივერი ბალახაშვილი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად
ივერი ბალახაშვილი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად

ნიკოლოზ გაბელაია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია. აქტიურად არის ჩართული კამპანიაში "თავისუფლება მიშას". ამბობს, რომ ფეისბუკზე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ჯგუფების მმართველია და ექსპრეზიდენტის ფეისბუკზე წვდომა არასდროს ჰქონია.

ნიკოლოზ გაბელაია მიხეილ სააკაშვილთან ერთად - ფოტო გადაღებულია უკრაინაში, სააკაშვილის საქართველოში დაკავებამდე
ნიკოლოზ გაბელაია მიხეილ სააკაშვილთან ერთად - ფოტო გადაღებულია უკრაინაში, სააკაშვილის საქართველოში დაკავებამდე

გიორგი ჩალაძე გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორია. ის მედიის ყურადღების ცენტრში კოვიდპანდემიის დროს აღმოჩნდა - მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას პანდემიის მართვისას. მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდა. მას პარტიის თავმჯდომარის არჩევნებშიც სურდა მონაწილეობა, თუმცა სურვილის საჯაროდ გამოხატვიდან ერთ კვირაში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

გიორგი ჩალაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი
გიორგი ჩალაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი

გიორგი ჩალაძე რადიო თავისუფლებას ინტერვიუზე დათანხმდა, თუმცა დათქმული ვადიდან ორ კვირის შემდეგაც აღარ პასუხობს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს.

გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში მისვლის მიუხედავად, ის არც რადიო თავისუფლების ჟურნალისტს შეხვდა: ტყუილად არ დამელოდოთო.

თავდაპირველად, შეხვედრაზე შეთანხმებისას ჩალაძემ თქვა: "დავილაპარაკოთ და ყველაფერს აგიხსნით, ეს მარტივი Shuttle Diplomacy-ია".

საერთაშორისო ურთიერთობებში Shuttle Diplomacy (შუამავლის დიპლომატია) პოლიტიკური კომუნიკაციის მეთოდია, სადაც შუამავალი მხარეებს შორის აზრებსა და პოზიციებს ცვლის. ამ დროს მათ, როგორც წესი, ან არ უნდათ ერთმანეთთან შეხვედრა, ან არ შეუძლიათ.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ მომენტში 2 დასრულებული და 3 მიმდინარე საქმეა. ის გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე.
მიმდინარე საქმეებს შორისაა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, რომელსაც ე.წ. პიჯაკების საქმის სახელით იცნობენ. ექსპრეზიდენტს ბრალი წაუყენეს ტელეკომპანია "იმედის" დარბევის, 7 ნოემბრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმეზე. სულ ბოლოს კი, მას უკრაინიდან საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე წაუყენეს ბრალი.

XS
SM
MD
LG