უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები ომის შეჩერებისა და მშვიდობის დამყარების შემდეგ. თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკვე მოითხოვს არა მხოლოდ არჩევნების ჩატარებას უკრაინაში, არამედ მასში რუსეთში მცხოვრები უკრაინელების მონაწილეობასაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო ამის შესაძლებლობა.
პოლიტიკის ექსპერტების თქმით, რუსეთის ცდილობს ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას: თანხმობის შემთხვევაში, მასობრივი გაყალბებით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, უარის შემთხვევაში კი მოითხოვოს არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება.
ვლადიმირ პუტინმა რუსეთში მყოფი უკრაინელების უკრაინის არჩევნებში მონაწილეობის იდეა ჯერ კიდევ 2025 წლის 19 დეკემბერს გაახმოვანა.
„არის ერთი საკითხი, რომლის იგნორირებაც არ შეგვიძლია. რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს მილიონობით უკრაინის მოქალაქე, - სხვადასხვა შეფასებით, ხუთიდან ათ მილიონამდე, - რომლებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება. და თუ არჩევნები ჩატარდება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ, რომ მათმა ორგანიზატორებმა მიანიჭონ რუსეთში ამჟამად მცხოვრებ უკრაინელებს რუსეთის ფედერაციაში ხმის მიცემის უფლება“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმესაათიან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.
2025 წლის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც მსგავსი განცხადება გააკეთა.
„ხელმძღვანელობამ კიევში უნდა მიიღოს მანდატი სამშვიდობო შეთანხმებების ხელმოწერისთვის. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ არჩევნების, გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო კამპანიის გზით, რომელშიც ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას. ბოლოს და ბოლოს უნდა მიეცეს უკრაინელ ხალხს, მათ შორის, რუსეთში მცხოვრებ უამრავ წარმომადგენელს, საკუთარი ბედის განსაზღვრის შესაძლებლობა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა 2025 წლის 30 დეკემბერს „Russia Today“-თვის მიცემულ (RT) ინტერვიუში.
მოსკოვის მოტივაცია
ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ მოსკოვმა თავის „არსენალში" მიიღო იდეა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ფედერაციის ფარგლებში მცხოვრები უკრაინელების უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
„რატომ აკეთებენ ისინი ამას? მათი ამოცანაა, ამტკიცონ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში ცხოვრობს დიდი რაოდენობით ადამიანი და, რომ მათ აქვთ ხმის მიცემის უფლება, რათა შემდეგ თქვან, რომ რუსეთი არ ცნობს ამ არჩევნებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 დეკემბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„როგორც ხედავთ, რუსეთი მაინც შეეცდება როგორღაც გაავრცელოს გზავნილი უკრაინის მთავრობის არალეგიტიმურობის შესახებ“, - დასძინა მან.
რა პრობლემას შეუქმნის უკრაინას რუსეთში ხმის მიცემა?
პირველ რიგში, რუსეთი აგრესორია უკრაინასთან მიმართებით. მეორეც, როგორც პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რუსეთში შეუძლებელია საარჩევნო კამპანიის ჩატარება, რადგან იქ ვითარება სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, ხოლო საზოგადოება პროპაგანდის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება.
„როგორ შეძლებს უკრაინა, რომელიც რუსეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება, საარჩევნო უბნების ორგანიზება რუსეთის ტერიტორიაზე? როგორც წესი, ხმის მიცემა ხდება საელჩოებსა და საკონსულოებში. თეორიულად, რა თქმა უნდა, ნეიტრალურ სახელმწიფოს, მაგალითად, თურქეთს შეუძლია შესთავაზოს საარჩევნო უბნების გახსნა თავის საკონსულოებში. მაგრამ არსებობს უამრავი ტექნიკური პრობლემა, რომელთა გადაჭრის გზები გაურკვეველია“, - განაცხადა პოლიტოლოგმა აბას გალიამოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.
„უკრაინული არჩევნების ორგანიზება რუსეთში შეუძლებელია. ცხადია, უკრაინა დაჟინებით დაიცავს ამ პოზიციას, პუტინისთვის კი ეს იქნება საბაბი იმისათვის, რომ არჩევნები არასამართლიანად და არალეგიტიმურად გამოაცხადეს. ასე გამოდის, რომ პუტინის მოთხოვნა [საარჩევნო უბნები გაიხსნას რუსეთში] სინამდვილეში მეტ-ნაკლებად ლეგიტიმური გზაა უკრაინაში არჩევნების ჩაშლისთვის“, - ამბობს აბას გალიამოვი.
რამდენი უკრაინელია რუსეთში?
ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთში „ხუთიდან ათ მილიონამდე“ უკრაინელი ცხოვრობს. როგორც ჩანს, საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ხმის მიცემას შეძლებდნენ.
1989 წლის საბჭოთა აღწერის მონაცემებით, რუსეთში თითქმის 4,4 მილიონი უკრაინელი ცხოვრობდა. უკრაინული დიასპორის ნახევარზე მეტი მოდიოდა მოსკოვზე, მოსკოვის ოლქზე, კრასნოდარის მხარეზე, როსტოვის ოლქზე, ტიუმენსა და პრიმორსკის მხარეზე. უკრაინული თემი - თათრებთან ერთად - რუსეთის ფედერაციაში ორი უდიდესი ეთნიკური უმცირესობიდან ერთ-ერთი იყო.
თუმცა დროთა განმავლობაში უკრაინელთა რაოდენობა შემცირდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სრულმასშტაბიან შეჭრამდე მოყვანილი ოფიციალური მაჩვენებლით, რუსეთში 1,93 მლნ უკრაინელი ცხოვრობდა: ძირითადად ეთნიკური უკრაინელები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და უკრაინის არჩევნებში არ მონაწილეობდნენ.
რუსეთში სისტემატურად ირღვეოდა უკრაინული თემის უფლებები. ბევრ აქტივისტზე ზეწოლა ხორციელდებოდა; დაიხურა არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, საკვირაო სკოლა და კულტურული გაერთიანება. ზოგიერთი აქტივისტი დააპატიმრეს კიდეც. 2012 წელს დახურეს ყველაზე დიდი ორგანიზაცია - რუსეთში უკრაინელთა გაერთიანება. მისი ლიდერები ფაქტობრივად იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ რუსეთის ფედერაცია - ნაწილი უკრაინაში წავიდა, ნაწილი კანადასა თუ სხვა ქვეყანაში, ნაწილი კი იძულებული გახდა ყველანაირ საზოგადოებრივ საქმიანობაზე ეთქვა უარი.
რუსეთში ასევე დიდი რაოდენობით იყვნენ უკრაინელი შრომითი მიგრანტები - ე.წ. „ზარობიჩანი“. 2014 წელს დონბასში კონფლიქტის დაწყებისთანავე, უკრაინის ზოგიერთმა მოქალაქემ დატოვა ომისგან განადგურებული რეგიონი და რუსეთში გადავიდა. იგივე მოხდა 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც: ვიღაცას ნათესავები ჰყავდა რუსეთში, ვიღაცისთვის ლოგისტიკურად უფრო იოლი აღმოჩნდა რუსეთში გამგზავრება, ვიღაცამ კი ასეთი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა.
„ჩვენი მხრიდან მათზე ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ მათი ადამიანური არჩევანი - სად წასულიყვნენ ოჯახებთან ერთად - იმთავითვე ნიშნავს მათ მომავალ [პოლიტიკურ] არჩევანს“, - უთხრა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ.
თუმცა პუტინის მიერ მოტანილ რიცხვებს უკრაინაში ეჭვის ქვეშ აყენებენ.
„ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს. რუსეთში ამ რიცხვის, 5-10 მილიონის, მეათედი და თუნდაც მეასედიც კი არ ცხოვრობს. თანაც, სად უნდა მისცენ ხმა? ეს ყველაფერი არის აბსოლუტური ბოდვა. ამჟამად რუსეთში აქტიური უკრაინული თემი არ არსებობს. ორგანიზაციები ან თავისით ტოვებენ რუსეთს, ან მათი ლიკვიდაცია ხდება. იურიდიულად რეგისტრირებული რამდენიმე ორგანიზაცია თუ დარჩა. ყველა ჩაჩუმებულია“, - ამბობს ვალერი სემენენკომ, 2012 წლიდან აკრძალული ორგანიზაციის, რუსეთში უკრაინელთა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი. თვითონ სემენენკომ რუსეთი 2023 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც რუსმა სამართალდამცავებმა მისი ბინის ჩხრეკა მოაწყვეს. ის ახლა უკრაინაში, დნიპროს რაიონში ცხოვრობს.
„პირველ რიგში, ეს რიცხვი - 10 მილიონი - ფანტასტიკური რიცხვია. ცხადია, სულ ცოტა ათჯერ მაინც არის გაზვიადებული. მაგრამ მას ასახელებენ, რათა მოამზადონ სცენარი, რომლის მიხედვითაც რუსეთი უკრაინის არჩევნებს არალეგიტიმურად აღიარებს“, - უთხრა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი კოშელმა.
რუსეთი, შესაძლოა, ახლა შესაძლებლად მიიჩნევდეს საარჩევნო პროცესებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების ჩართვასაც, თუმცა ცოტა ხნის წინ მოსკოვმა ისინი აიძულა მონაწილეობა მიეღოთ რუსეთის არჩევნებში, კიევის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დემოკრატიული ქვეყნების მიერ ამ არჩევნების არაღიარების მიუხედავად.
პირველად არ ხდება
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ცდილობს გამოიყენოს უკრაინის მოქალაქეების გარკვეული რაოდენობის ყოფნა თავის ტერიტორიაზე, რათა გავლენა მოახდინოს უკრაინის არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, 2004 წლის შემოდგომაზე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტობისთვის ვიქტორ იუშჩენკო და ვიქტორ იანუკოვიჩი იბრძოდნენ, ცხადი იყო, რომ კანდიდატებს დაახლოებით თანაბარი შანსები ჰქონდათ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების სწორედ გაყალბების მცდელობის შემდეგ დაიწყო უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუცია“. განმეორებითი კენჭისყრის შედეგად კი გაიმარჯვა პროდასავლურმა კანდიდატმა, ვიქტორ იუშჩენკომ.
მაგრამ პრორუსი კანდიდატის, ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდასაჭერად, მოსკოვმა მოულოდნელად მოითხოვა რუსეთში ათობით საარჩევნო უბნის გახსნა უკრაინის მოქალაქეებისთვის. უკრაინამ მაშინვე გააცნობიერეს კრემლის განზრახვა: არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა, „საკუთარი“ კანდიდატის მხარდაჭერის მიზნით.
შედარებისთვის, 2004 წელს 68 ქვეყანაში მხოლოდ 228 საარჩევნო უბანი გაიხსნა. რუსეთის მთავრობას კი მხოლოდ თავის ქვეყანაში ათობით და ასობით საარჩევნო უბნის გახსნა სურდა. საბოლოო ჯამში, უკრაინამ საარჩევნო უბნები გახსნა მოსკოვში მდებარე საელჩოში, ასევე საკონსულოებში სანქტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, ვლადივოსტოკსა და რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქში.
„ამის შემდეგ კი, როგორც გახსოვთ, იანუკოვიჩმა, რომელსაც არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლა სურდა, რუსეთში ათობით საარჩევნო უბნის გახსნა სცადა. თუმცა არაფერი გამოუვიდა და არჩევნების შედეგებიც არ შეცვლილა“, - იხსენებს ვადიმ პრისტაიკო 20 წლის წინანდელ მოვლენებს.
მსგავსი რამ ხდება ახლაც. არსებითი განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ფართომასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. დაიტოვა მხოლოდ რამდენიმე საკონსულო თავისი მოქალაქეების მხარდასაჭერად.
სხვა პრობლემები
ნებისმიერ შემთხვევაში, კიევს მაინც მოუწევს ამომრჩეველთა რამდენიმე ე.წ. პრობლემური კატეგორიისათვის ხმის მიცემის საკითხის მოგვარება. პირველ რიგში, იგულისხმებიან სამხედროები - განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე, სადაც საჭიროა უსაფრთხოებისა და რუსეთის მხრიდან თავდაუსხმელობის მტკიცე გარანტიები. მეორე - არსებობს იძულებით გადაადგილებულ პირთა მნიშვნელოვანი კატეგორია. გარდა ამისა, არსებობს უკრაინის მოქალაქეების ძალიან დიდი კატეგორია, რომლებიც ლტოლვილებად იქცნენ და ძირითადად ევროპის ქვეყნებში იმყოფებიან.
„აუცილებელია შეიქმნას სათანადო პირობები საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელებისთვის ხმის მისაცემად, რადგან უკრაინას იქ ძალიან შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნები აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანების 95% უბრალოდ ვერ შეძლებს ფიზიკურად ან ტექნიკურად ხმის მიცემას. ამიტომ, გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან ეს არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მკაფიო ნიშანი იქნება და მნიშვნელოვანია, რომ ისინი უნაკლოდ ჩატარდეს“, - ამბობს ოლექსი კოშელი უკრაინელი ლტოლვილების ხმის მიცემის საკითხთან დაკავშირებით.
უკრაინის ვიცე-პრემიერი, მიხაილო ფედოროვი გამოვიდა ხმის მიცემის ელექტრონული მეთოდის ინიციატივით. დასახელდა აპლიკაცია "Дія". ექსპერტთა თქმით, არსებობს სხვა ვარიანტებიც, რომლებიც ამჟამად განხილვის პროცესშია.
ჯერ კიდევ ნაადრევია ამის განხილვა, რადგან ომი ჯერ კიდევ ცხელ ფაზაშია და ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივაც ბუნდოვანია. თუმცა უკრაინის პარლამენტში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის კანონმდებლობის შეცვლის გზებს, რათა შესაძლებელი გახდეს საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არჩევნების ჩატარება მშვიდობის მიღწევიდან ოთხ-ექვს თვეში იქნება შესაძლებელი.
„უკრაინაში ახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, პრორუსი კანდიდატის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია. ან თავად ზელენსკი გაიმარჯვებს და ახალი მანდატის მოპოვებით თავის ლეგიტიმაციას გააძლიერებს, ან სხვა რომელიმე ანტირუსული, ანტიპუტინისტური ორიენტაციის პოლიტიკოსი, ისეთი როგორიცაა მაგალითად [ვალერი] ზალუჟნი“, - ამბობს პოლიტოლოგი აბას გალიამოვი, რომლის თქმითაც, არჩევნების შემდეგ უკრაინას ეყოლება ახალი ლიდერი, რომელსაც ვერანაირ პრეტენზიას ვერ წარუდგენენ.
„რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ უნდა პუტინს და ამიტომ ცდილობს უამრავი პრობლემის შექმნას, რათა ამ არჩევნებიდან არაფერი არ გამოვიდეს. არგუმენტი, რომ რუსეთში ბევრი უკრაინელია, ამიტომ მათაც მიეცით საშუალება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ძალიან ჰგავს შარის მოდებას, ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებიო“, - ამბობს აბას გალიამოვი.
ფორუმი