Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის და როგორ დაბრუნდებიან ევროპის ქვეყნებში ჩარჩენილი ქართველები?


მიგრანტთა ჰოსტელი ბერლინში
მიგრანტთა ჰოსტელი ბერლინში

კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო არაერთი დიდი თუ მწირე მეწარმე იძულებული გახდა დაეხურა თავისი ობიექტი და დაეთხოვა მუშახელი. უმუშევართა შორის აღმოჩნდა საქართველოს მრავალი მოქალაქე, რომელიც უცხოეთში შრომით ინახავდა საკუთარ თავს და სამშობლოში დარჩენილ ოჯახს.

ქართველი შრომითი მიგრანტების ნაწილმა მოახერხა სამშობლოში დაბრუნება. ნაწილი დაბრუნების მოლოდინში რჩება ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ზოგ ადგილას საკონსულოებისა თუ სათვისტომოების დახმარებით ორგანიზებულ დროებით თავშესაფრებში. იქვე იმყოფებიან ევროპის ქვეყნებში ტურისტული, საქმიანი თუ სხვა მიზნით მყოფი ჯგუფები, რომელთაც კარანტინმა დროებით მოუჭრა საქართველოში დასაბრუნებელი გზა

რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა გერმანიასა და პოლონეთში, თავშესაფრებში მყოფ ორ განსხვავებული ბედის ქართველს, რათა გაგვეგო, თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ, როდის აპირებენ სამშობლოში დაბრუნებას და როგორია მათი მოლოდინი?

ხვიჩა მეყანწიშვილი
ხვიჩა მეყანწიშვილი

ხვიჩა მეყანწიშვილი, პოლონეთში, ვროცლავში ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა მშენებლობაზე. „ძალიან ბევრი დარჩა უმუშევარი, ბინების გარეშე, სახლების გარეშე და ქუჩაში“... გვითხრა ხვიჩამ, რომელიც ამჟამად უმუშევრად დარჩენილ 15 ქართველთან ერთად შვიდნიცაში იმყოფება დროებით თავშესაფარში და ელოდება საქართველოში დაბრუნებას 3 აპრილისთვის დანიშნულ ვარშავა-თბილისის რეისით.

ინტერვიუ ხვიჩა მეყანწიშვილთან
please wait

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00
გადმოწერა


რუსიკო ავალიშვილი პოლონეთში ოთხი დღით იმყოფებოდა თავის საქმეებზე, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებულმა კარანტინმა გზები გადაუკეტა. მატარებლით შეძლო ბერლინში ჩასვლა, სადაც სხვა ქართველებთან ერთად, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ დროებით თავშესაფარში იმყოფება. „ძალიან ბევრია, ვისაც [ბილეთის შესაძენი] თანხა არა აქვს. უნდათ წასვლა, მაგრამ არანაირი საშუალება არ აქვთ წამოსვლის“, - გვითხრა რუსიკო ავალიშვილმა.

რუსიკო ავალიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:38 0:00
გადმოწერა

რუსიკო ავალიშვილმა და ხვიჩა მეყანწიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ როგორც პოლონეთში, ისე გერმანიაში მრავალი ქართველი იმყოფება სამშობლოში დაბრუნების მოლოდინში ამგვარ დროებით თავშესაფრებში.

რამდენი მიგრანტი თუ საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქე აპირებს სამშობლოში დაბრუნებას, ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ ზუსტი სტატისტიკის მოძიება ვერ შეძლო.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე 10 აპრილის ჩათვლით განისაზღვრა ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები. ბევრ რეისზე ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა.

ამას გარდა, ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შინ დაბრუნების მსურველთა შესახებ, საქართველოს დიპლომატიური მისიები ცხელ ხაზებზე აგროვებენ.

ოპოზიციურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი მონაცემები აქვს: იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, დაახლოებით 3000-ია, - ამბობენ მოძრაობაში. 27 მარტს გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი უკრაინული ავიაკომპანია მზად იყო, 31 მარტიდან შეესრულებინა ოთხი რეისი შემდეგი მიმართულებებით: 31 მარტი: ვარშავა-კიევი-თბილისი; 1 აპრილი: ბერლინი-თბილისი, რომი-თბილისი; 2 აპრილი: ბარსელონა-თბილისი, თუმცა, ვაშიძის თქმით, ეს რეისები ვერ განხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის თანხმობისა და შემხვედრი ნაბიჯების გარეშე.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ემიგრანტების დასაბრუნებლად დახმარება არ სჭირდება.

„საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას, სამშობლოში უფასო ჩარტერული რეისებით დააბრუნოს საქართველოს ათასზე მეტი მოქალაქე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG