Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის შევიტყობთ, ვინ მოიგო აშშ-ის შუალედური არჩევნები?


ხმის მიცემის პროცესი ამერიკაში.
ხმის მიცემის პროცესი ამერიკაში.

8 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება. აშშ-ის ამომრჩევლები გადაწყვეტენ, ვინ გააკონტროლებს საკანონმდებლო ორგანოს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორ წელს.

წინასაარჩევნო გამოკითხვებით, კენჭისყრის შედეგად რესპუბლიკელები თითქმის უეჭველად გააკონტროლებენ კონგრესის ქვედა პალატას. ზედა პალატაში, სენატში, შანსებს თანაბრად აფასებენ. ეს ვარაუდებია. კენჭისყრის დღე გრძელი იქნება და შემდგომაც, შეიძლება დღეებმა გაიაროს, სანამ საბოლოო შედეგს შევიტყობდეთ.

8 ნოემბერს უნდა გაირკვეს აშშ-ის 118-ე კონგრესის, წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 ადგილის და ზედა პალატის, სენატის, 35 მანდატის მფლობელი, და გამოვლინდეს 36 გუბერნატორის ვინაობაც. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს უმრავლესობა ჰქონდათ 2019 წლის 3 იანვრიდან, 2018 წლის არჩევნების შედეგად, როცა მათ დაისაკუთრეს 235 ადგილი. 2020 წლის არჩევნების დროს მათი უმრავლესობა 222-მდე შემცირდა.

როგორც ითქვა, პროგნოზებით მიხედვით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ალბათ მოიპოვებენ უმრავლესობას, მაგრამ სენატის კონტროლისთვის უფრო მძაფრი ბრძოლა იქნება.

რესპუბლიკელებმა შეიძლება საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე გამოაცხადონ გამარჯვების შესახებ, მაგრამ, იმის გამო, რომ ბევრ რეგიონში ორი პარტიის შედეგები ძალიან ახლოს შეიძლება იყოს, საკვანძო შტატებმა, როგორიცაა პენსილვანია, უკვე გამოთქვა გაფრთხილება, რომ ხმების დათვლას შესაძლოა დღეები დასჭირდეს. ამის გამო, შესაძლებელია, რომ 8 ნოემბერს ამერიკამ ისე დაიძინოს, ვერ გაიგოს ზუსტად, ვინ გაიმარჯვა შუალედურ არჩევნებში.

აშშ-ის კონგრესი
აშშ-ის კონგრესი

დამოუკიდებელი გამოცემის, Inside Elections-ის ხელმძღვანელის, ნათან გონსალესის სიტყვებით: „როცა იმაზეა ლაპარაკი, რომ შევიტყოთ შედეგები, თავი უნდა ვანებოთ საუბარს არჩევნების დღეზე და ვიფიქროთ არჩევნების კვირაზე“.

ლურჯი მირაჟი და წითელი მირაჟი

ხმების დათვლის პროცესში, თავიდან, პირველი ცდომილებები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სისწრაფით დათვლიან შტატები ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებს.

რადგან დემოკრატები უფრო ხშირად აძლევენ ხმას საფოსტო გზით, ვიდრე რესპუბლიკური პარტიის წევრები, ის შტატები, რომლებიც მოხელეებს ნებას რთავენ, კენჭისყრის დღემდე გახსნან ბიულეტენები, თავიდან დემოკრატების უპირატესობის შესახებ გამოაცხადებენ, მაგრამ ეს მალევე შეიცვლება, როცა ხმების მთვლელები დაიწყებენ რესპუბლიკელების იმ ბიულეტენების დამუშავებას, რომლებიც კენჭისყრის დღეს ჩაბარდა საარჩევნო უბანს.

„ლურჯი მირაჟის“ ამ შტატებში, რომლებსაც მიეკუთვნება ფლორიდა და ჩრდილოეთი კაროლინა, საარჩევნო კომისიის წევრებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღემდე გახსნან კონვერტები და ბიულეტენების მონაცემები დამთვლელ სისტემაში შეიტანონ, რაც იძლევა ხმების დათვლის პროცესის დაჩქარების შესაძლებლობას.

არაერთ შტატში, მათ შორის პენსილვანიასა და ვისკონსინში, მოხელეებს არ აქვთ ბიულეტენების ნახვის უფლება არჩევნებამდე, რაც გამოიწვევს „წითელ მირაჟს“, რადგან ჯერ რესპუბლიკელების მიერ საარჩევნო ყუთში არჩევნების დღეს ჩაგდებული ბიულეტენების მონაცემებს შეიტანენ დამთვლელ სისტემაში და მხოლოდ მას მერე - დემოკრატების მიერ საფოსტო გზით გაგზავნილი ბიულეტენების მონაცემებს.

Reuters/Ipsos-ის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის საქმიანობა მოსწონს ამერიკელთა 40%-ს.

კომპანია Edison Research-ი 8 ნოემბერს საარჩევნო პროცესს მიადევნებს თვალყურს. მისი დამაარსებელი, ჯო ლენსკი პირველ მონაცემებს მიაწვდის მედიას და საინფორმაციო საშუალებებს, თვალყურს მიადევნებს სხვადასხვა სახის ბიულეტენის შესაბამისობას, რომლებსაც შტატები დაითვლიან კენჭისყრის შემდგომი ღამის განმავლობაში.

ლენსკი ამბობს, რომ „ლურჯი მირაჟი“ „წითელ მირაჟს“ ჩაენაცვლება ხოლმე. იმისათვის, რომ მიხვდეთ, რომელ შტატში რა ვითარებაა, საკმარისი იქნება გაიგოთ, ბიულეტენების რომელი ტიპის მონაცემები შეაქვთ იმ მომენტისთვის სისტემაში, - ამბობს ექსპერტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებამ შესაძლოა აშშ-ში დემოკრატია შეასუსტოს. ადრე რესპუბლიკელების მიტინგზე გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ქვეყანას „კომუნისტები მართავენ“.

თუკი რესპუბლიკელები ერთ-ერთ პალატაში კონტროლს მოიპოვებენ, ეს მათ საშუალებას მისცემს, არ მიემხრონ ბაიდენის საკანონმდებლო ინიციატივებს. ეს, თავის მხრივ, მათ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაეხმარება.

Reuters/Ipsos-ის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის საქმიანობა მოსწონს ამერიკელთა 40%-ს. ეს თანამედროვე ისტორიაში შუალედური არჩევნების წინ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

როდის გვეცოდინება, რომელმა პარტიამ გაიმარჯვა?

ხმების დათვლის პირველი ტალღა მოსალოდნელია აღმოსავლეთ სანაპიროზე საღამოს 7-დან 8 საათამდე აღმოსავლეთის დროით (ET), რაც თბილისის დროით 9 ნოემბრის დილის 3-4 საათს შეესაბამება.

თუ წარმომადგენელთა პალატის ადგილებისთვის ბრძოლის შედეგები ახლოს იქნება ერთმანეთთან დასავლეთ სანაპიროს რეგიონებში დათვლილი ხმების მიხედვით, დღეები დასჭირდება იმის საბოლოოდ დადგენას, თუ ვინ გააკონტროლებს პალატას.

რესპუბლიკელების წარმატების პირველი მაჩვენებელი შესაძლოა გამოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგები ერთმანეთთან ახლოს იქნება - მაგალითად, კონგრესის მე-7 ოლქში, ვირჯინიაში, ან აშშ-ის სენატში ჩრდილოეთ კაროლინის ადგილს დემოკრატი კანდიდატი დაისაკუთრებს.

აშშ-ის აღმოსავლეთის დროით (ET) დაახლოებით საღამოს 10 ან 11 საათისთვის, როცა საარჩევნო ოლქები შუა დასავლეთში დახურული იქნება ერთი საათით ან მეტით, შესაძლოა, რესპუბლიკელებს ჰქონდეთ საკმარისი უპირატესობა იმისთვის, რომ აშშ-ის მედიის ექსპერტები წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების უპირატესობაზე ალაპარაკდნენ, ამბობს კაილ კონდიკი, ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკის ცენტრის პოლიტიკური ანალიტიკოსი.

ექსპერტების თანახმად, თუ წარმომადგენელთა პალატის ადგილებისთვის ბრძოლის შედეგები ახლოს იქნება ერთმანეთთან დასავლეთ სანაპიროს რეგიონებში დათვლილი ხმების მიხედვით, დღეები დასჭირდება იმის საბოლოოდ დადგენას, თუ ვინ გააკონტროლებს პალატას.

ჩვეულებრივ, კალიფორნიას კვირები სჭირდება თავისი ყველა ბიულეტენის დასათვლელად. იქ მოქმედია ის ბიულეტენებიც, რომელთაც საფოსტო ბეჭედი არჩევნების დღეს აქვთ დასმული და შეიძლება ისინი რამდენიმე დღის შემდეგ შევიდეს კომისიაში. ნევადასა და ვაშინგტონის შტატში ასევე ნებადართულია დაგვიანებული კენჭისყრა, თუ ბიულეტენები 8 ნოემბრამდეა გაგზავნილი. ხმების დათვლას და საბოლოო შედეგის დადგენას ესეც ანელებს.

შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, შესაძლოა, კვირებიც კი, იმის გაგებას, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს სენატს, თუ შედეგები ძალიან ახლოს იქნა პენსილვანიაში, არიზონასა და ჯორჯიაში. შეიძლება ამ შტატებში გადაწყდეს საბოლოოო შედეგები.

თუ ჯორჯიის შტატში სენატში არჩევნების შედეგები ისე ახლოს იქნება, როგორც მოსალოდნელი იყო და ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება 6 დეკემბრისთვის, რაც, სავარაუდოდ, გაურკვეველს დატოვებს, თუ ვინ გააკონტროლებს პალატას.

8 ნოემბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრსა და 100-მანდატიანი სენატის 35 ადგილის მფლობელებთან ერთად, გაირკვევა 36 შტატში გუბერნატორების ვინაობა. გარდა ამისა, კენჭს უყრიან 46 შტატში ადგილობრივი პარლამენტების 88 პალატის შემადგენლობას.

XS
SM
MD
LG