Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ეკლესიებში ვიდეოკამერებს დგამენ „მთავრობის განკარგულებით“


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე.

მოსკოვის საპატრიარქოს სამართლებრივი სამმართველოს ხელმძღვანელმა, იღუმენია ქსენიამ (ჩერნეგამ) დაადასტურა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ტაძრებში სათვალთვალო ვიდეოკამერებს ამონტაჟებს. მისი სიტყვებით, ეს კეთდება რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

დედა ქსენია (ჩერნეგა)
დედა ქსენია (ჩერნეგა)

კამერების დაყენება, განაცხადა ჩერნეგამ, მოხდება მხოლოდ 500-ზე მეტი ადამიანის ტევადობის ობიექტებში: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის თქმით, პატარა ტაძრებში კამერებს ჯერჯერობით არ დაამონტაჟებენ. ისინი არ იქნება არც იმ ტაძრებში, რომლებშიც არ ტარდება რეგულარული ღვთისმსახურება (უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ) და სადაც არ დადიან მომლოცველები; ასევე მონასტრებში და სხვა შენობებში, რომლებზე წვდომაც შეზღუდულია ეკლესიის წესებით. იქ ვიდეოკამერების შეცვლა შეიძლება პერიოდული შემოვლებით, დასძინა ჩერნეგამ.

მან ასევე თქვა, რომ კამერები განთავსდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის „შიდა განაწესის“ გათვალისწინებით. კერძოდ, ისინი არ მოთავსდება საკურთხეველში და აღსარების ადგილებზე.

„ბევრ ტაძარში უკვე დიდი ხანია დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, მათ შორის, ქურდობის თავიდან ასაცილებლად - როგორც ეკლესიის ქონების, ისე მრევლის კერძო ნივთებისა“, - აღნიშნა მან.

ასევე, როგორც იურისტმა თქვა, წინამძღვრის გადაწყვეტილებით, კამერები შეიძლება გაითიშოს ნათლობის, ჯვრისწერისა და პანაშვიდის დროს, ანუ „ინდივიდუალური რიტუალების“ მსვლელობისას, ვინაიდან მთავრობის დადგენილება „ეხება მხოლოდ საჯარო ღვთისმსახურებასა და რიტუალებს“.

2019 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ მუსლიმთა სასულიერო სამმართველოსგან მოითხოვენ კამერების დაყენებას რუსეთის მეჩეთებში - ასევე „ინფორმატიზაციისა და კავშირის სამინისტროს შეკვეთით“. მრავალი იმამი შეეწინააღმდეგა ამას და განაცხადა, რომ მეჩეთების უმრავლესობაში ისედაც დგას ვიდეომეთვალყურეობის შიდა კამერები. გამოითქმოდა ასევე ვარაუდები, რომ ახალი სისტემის შემკვეთები არიან სპეცსამსახურები, რომლებიც სამწყსოს თვალთვალის მეშვეობით ცდილობენ ექსტრემისტების გამოვლენას.

XS
SM
MD
LG