Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამა პეტრე ბაშკირეთიდან: რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში თავისუფლება ისჯება


მამა პეტრე
მამა პეტრე

იერომონაზონმა პეტრემ ბაშკირეთიდან (ერში დენის სტეპანოვი), 9 თებერვალს ღია წერილით განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირს წყვეტს.

მიზეზებს შორის მან გამოძალვა და ეკლესიის მიერ ომის მხარდაჭერა დაასახელა.

10 თებერვალს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რელიგიური სტრუქტურის ბრძანებები გააკრიტიკა და კორუფციულ სქემებზეც ილაპარაკა.

მეორე დღეს უფის ეპარქიაში განაცხადეს, რომ ამ მონაზონს არ იცნობენ, მაგრამ, როგორც „ასპეკტამს“ ეპარქიის პრესმდივანმა განუცხადა, ვიდეოზე გადაღებული ადამინი ნამდვილად მღვდელია.

Idel.Реалии-მ“ ბაშკირეთის სამიტროპოლოში წერილი გაგზავნა და მომხდარის კომენტირება ითხოვა, თუმცა, წერილისთვის არ უპასუხიათ. სანაცვლოდ "რადიო თავისუფლებას" თავად იორომონაზონი პეტრე გამოეხმაურა.

- აგვიხსნით, რატომ გაწყვიტეთ ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (რმე)?

- ჩემი პოსტის მერე ხშირად მწერენ, როგორც ჩანს, ეკლწესიის მმართველებმა ყელში ამოუყვანეს კაცსო, როგორც ჩანს, მიტროპოლიტთან ვერ დამეგობრდაო ან სხვა სასულიერო პირებს ხასიათით ვერ შეეწყოო. სხვა რამეა.

როდესაც ეკლესიაში მივედი, სულ სხვა რამეს ველოდი და სხვა რამ დამხვდა.

მივედი, ვუყურე ამ ყველაფერს, გავაანალიზე, გადავხარშე, შევეგუე იმ სიტუაციას - იმ, ასე ვთქვათ, კონსტრუქციას, რომელსაც ეკლესია წარმოადგენს.

მგონია, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს არც ღმერთთან და არც ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენია, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს აგვარებს.

ეს ყველაფერი გავისიგრძეგანე და მივხვდი, რომ ამ ორგანიზაციას და მე ერთი გზა არ გვაქვს.

- თქვენს ვიდეოში ამბობთ, ეკლესია სპონსორებს ატყუებსო - თითოეულს ეუბნება, რომ ერთადერთია და ამ გზით ერთ პროექტზე ათობით სპონსორს იზიდავენ, რომლებმაც დანარჩენების შესახებ არაფერი იციან. გამოდის, პროექტს ერთი სპონსორის თანხით აკეთებენ. დანარჩენი ფული სად მიდის?

- ხალხი ფიქრობს, რომ ეს რუსეთის ერთ, პატარა კუთხეში ხდება, სინამდვილეში ეს კონცეფცია მთელი ეკლესიისთვის საერთოა. ეს ორგანიზაცია პრინციპულად ასე არის მოწყობილი.

ფულის მიღება ამ სისტემის მთავარი პრინციპია. თითქმის ყველა მდიდარი სამრევლო ასე ცხოვრობს.

ნებისმიერი მღვდლის ოცნება ესაა - რამდენიმე სპონსორის მოზიდვა, რომ ერთის ხარჯზე ააშენოს, მეორის თანხა კი ჩაიჯიბოს.

არ მინდა ყველა გავლანძღო, პატიოსანი მღვდლებიც არიან რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ისინი ამას არ აკეთებენ. მაგრამ ოქროს გუმბათებს, ლანდშაფტის დიზაინებსა და ლამაზ ტაძრებს რაც შეეხება - თუ ხედავთ, რომ დიდი ფულია დახარჯული, იქ სიტუაცია დაახლოებით ასეთი იქნება. 30% მშენებლობაზე მიდის, 60-70% - ჯიბეში. სადაც რმე-ს ფული აქვს, იქ ქურდობაცაა.

- იმასაც ამბობთ, რომ არ ეთანხმებით რმე-ს პოზიციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ამას ჟღლეტას უწოდებთ. მაგრამ ომი თითქმის მესამე წელია მიდის, მაინცდამაინც ახლა გამოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- ეკლესიაში ხშირად ამბობენ: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, არც ღმერთია მამა“. ახლა მღვდელი - პირადად მე - ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც დედასა და მამას შორის უნდა აირჩიოს.

უფალი წმინდა წერილში პირდაპირ ამბობს: „არა კაც კლა“. არადა, ეკლესია ამას მოგვიწოდებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ლოცვა „სიტყვა გამარჯვებაზე“. რა თქმა უნდა, ისე არ გაგიჟებულან, განადგურებისკენ მოუწოდონ, მაგრამ პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ლოცვით „სიტყვა გამარჯვებაზე“.

ეს რმე-ის საერთო მსოფლმხედველობაა, სისტემური ზემოქმედება. უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას უწევენ მღვდლებს, რომლებიც ომს ემხრობიან, რომლებიც ბიჭებს საბრძოლველად წასვლისკენ მოუწოდებენ. მათ ადმინისტრაციული რესურსიც აქვთ და კარგი ადგილებიც. ის მღვდლები, რომლებიც ამაზე უარს აცხადებენ, ზეწოლის ქვეშ ჰყავთ.

საქმე სულაც არ არის ლოცვაში. საქმე ისაა, რომ მთელი საეკლესიო მანქანა აქეთკენ არის მიმართული.

აი, მე აღმოვჩნდი იმ სიტუაციაში, როცა უნდა აირჩიო ან მამა, რომელიც სიყვარულისკენ მოუწოდებს, ან დედა, რომელიც მოუწოდებს სიკვდილისკენ.

ადვილად არ გადამიწყვეტია. დიდხანს ვფიქრობდი, დიდხანს ვეჭვოდი, რადგან ახლა, ჩემი განცხადებიდან სამი დღის შემდეგ - უკვე დაიწყეს ჩემთვის ჩინის ჩამორთმევა. რა თქმა უნდა, ამაში ცოტა რამ არის სასიამოვნო, ვდარდობ. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ათჯერ გავზომე.

ეკლესიიდან წამოსვლამდე, როდესაც მიტროპოლიტს ვესაუბრე და ჩემი პოზიცია გავუზიარე, მითხრეს, ერთი მღვდელი გვყავდა, არ მოუსმინა იერარქს, მასთან კონფლიქტი ჰქონდა, შემდეგ კი მოვიდა, დაჩოქილმა ითხოვა პატიება და იერარქმა მას არა მხოლოდ ტაძარი მისცა, არამედ ტაძარი სასაფლაოსთანო. რომ იცოდეთ, ეს ფულის უსასრულო წყაროა, რადგან ზოგი ორმოცის გადასახდელად მიდის, ზოგი - პანაშვიდის, ზოგი - სანთლის დასანთებად. ეს თვეში მინიმუმ 3 მილიონია. მილიონი ეპისკოპოსს, 500 ათასი - თანამშრომლების ხელფასებისა და გადასახადებისთვის. ანუ შემეძლო ეკლესიაში დავრჩენილიყავი, თვეში მილიონ-ნახევარი რუბლი შემომივიდოდა და მშვენივრად ვიქნებოდი.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ეპარქიას ჩემისთანები არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ფულითაც მქრთამავდნენ, ჩინის ჩამორთმევითაც მემუქრებოდნენ, მონაზვნობიდან განკვეთითაც - მათრახითაც და თაფლაკვერითაც. ამიტომ ადვილად არ გადამიწყვეტია, დრო დამჭირდა. ვნანობ, რომ ეს მანამდე არ გავაკეთე, ადრე უნდა მექნა.

- რმე რუს ჯარისკაცებს აკურთხებს, უკრაინაში მათივე მართლმადიდებელი ძმები დახოცონ. განგვიმარტეთ როგორ აიხსნება ეს პოზიცია მართლმადიდებლობიდან გამომდინარე?

- იცით, არც არავინ ამართლებს. ყველას მშვენივრად ესმის. ყველას, განსაკუთრებით მღვდლებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვს. ისინი მთელი ცხოვრება ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან.

თუ სახელმწიფოს აქვს პოლიცია, სასამართლო და ციხე, მღვდლის მართვა სამრევლოთი შეიძლება.

იქაც არიან რთული ადამიანები, ამიტომ ეკლესიაში ბრიყვი არავინაა. ყველა ყველაფერს მშვენივრად ხვდება.

თითოეულ მღდელს მშვენივრად ესმის, რომ მის სიტყვას ხალხი გაიგებს, ამ იდეებით გაიჟღინთებიან, ომში წავლენ, თავადაც დაიღუპებიან, სიკვდილამდე კი სულს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვით დაიმძიმებენ. ეს თითოეულ მღვდელს მშვენივრად ესმის.

მაგრამ ეკლესია, დისციპლინის მხრივ, ძალიან მკაცრი ორგანიზაციაა.

აი, თავიდანვე რა მდგომარეობაშია ადამიანი. მე-9 კლასის შემდეგ ის სასწავლებელში გადადის, შემდეგ - სემინარიაში. შემდეგ მსახურება იწყება.

მღვდლების უმეტესობას მეორე განათლება არ აქვს. თუ ისინი თავიანთ პოზიციას გამოხატავენ, ეკლესიიდან შერცხვენილებს გაყრიან, ტალახში ამოთხვრიან და შესაძლებლობა აღარ დარჩებათ შემოსავალი ჰქონდეს.

მე ერთი ვარ, დედა მყავს, მაგრამ თუ ადამიანი სამი შვილითაა? სად იმუშავებს? ტაქსის მძღოლად? ახლა ტაქსისტი სამ შვილს გამოკვებავს? და კიდევ საკუთარ თავსაც?

- ეს მხოლოდ ფინანსური საკითხია თუ შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან რამე სანქციებიც იყოს?

- პირველი საკითხი ფინანსურია. ხალხს სიღატაკის ეშინია, არადა, შესაძლოა სწორედ ეს ელოდეს. მეორე საკითხი - რა თქმა უნდა, ხელისუფლების სანქციებია.

გაიხსენეთ მამა იოანე კურმოიაროვის შემთხვევა (აგვისტოში მას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ომის „ფეიკების“ საქმეზე - „Idel.Реалии“), რომელიც პატრიარქის ქადაგებას გამოეხმაურა.

პატრიარქმა თქვა, რომ ვინც ამ ომში დაიღუპება, მაშინვე სამოთხეში აღმოჩნდება. ის ამ სიტყვების გამო შეეკამათა და მღდელს სამი წელი მიუსაჯეს. რა სასიამოვნოა სამი წელი ციხეში იჯდე?! თან რის გამო? არა იმის, რომ მაღაზიაში ქათამი მოიპარე, არამედ - სიტყვების.

- ვოლგისპირეთის ფედერალურ ოკრუგში უკრაინაში დაღუპულების რაოდენობით ბაშკირელები ლიდერობენ. ბაშკირეთის სამიტროპოლოში ეს იციან?

- მისმინეთ, მიტროპოლიტს არ ენაღლება, იქ რამდენი კაცი მოკვდება. როდესაც ეს ომი დაიწყო, მიტროპოლიტი ნიკონი თანხების მოკრეფას შეუდგა ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ამ ფულით ჯიპები იყიდეს, რომლითაც ვაჟკაცი რუსი ჯარისკაცები უკრაინელ მებრძოლებზე ავტომატებით ნადირობენ. ესეც შენი ჰუმანიტარული დახმარება. სამხედრო ჯიპი ჰუმანიტარული დახმარებაა? ბარემ კალაშნიკოვის ავტომატები შეეძინათ სადმე სხვა ქვეყანაში და ჰუმანიტარული ტვირთის სახით გადაეცათ.

როდესაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები ღმერთზე, მორალსა და სიყვარულზე იწყებენ საუბარს, ეს მხოლოდ ხარხარს იწვევს, რადგან ასეა, რადგან მიუფურთხებიათ ამ ყველაფრისთვის.

- თქვენ თავად ხედავდით, როგორ იკრიბებოდა ფული ჰუმანიტარული მიზნებისთვის და შემდეგ ეს მიზანი არცთუ ჰუმანიტარული აღმოჩნდა?

- მიტროპოლიტმა ეპარქიის საიტზე სიამაყით გამოდო, როგორ მიდიან ჯიპების გადასაცემად. მთელი კოლონა წავიდა დონბასში, სამხედროებისთვის რომ გადაეცათ. არც არავის რცხვენია და მალავს.

როდესაც ეს ომი დაიწყო, მებრძოლებთან მოლა და მღვდელი გაგზავნეს მორალური მხარდაჭერისთვის.

ჟურნალისტები სიუჟეტს იღებენ. მოლა დგას, რცხვენია, მე ასე მომეჩვენა. ჩუმად დგას განზე. მღვდელმა კი გაილაღა - მხრებში გამართული ახალგაზრდა ჯარისკაცებს ეუბნება: „ბიჭებო, ახლა თქვენი ამოცანაა მიზანში სროლა ისწავლოთ, მიზანში სროლა“. ბარემ ეთქვა, „ხალხის დახოცვა“, უფრო ნათელი იქნებოდა.

აი, ეს არის დღევანდელი ეკლესია. მღვდელი ავტომატით ხელში ბიჭებს ეუბნება, თქვენი მიზანი მიზანში მოხვედრააო, მიზანი კი უკრაინელი ჯარისკაცია.

- თან მართლმადიდებელი.

- თუნდაც ათეისტი და სატანისტი იყოს, რა განსხვავებაა? ისწავლო ადამიანს მოარტყა, ცოცხალ ადამიანს! მღვდელი დგას და ჰყვება, რა ამოცანა უდგათ ახალგაზრდა მებრძოლებს.

- მოდით, ეს თემაც განვიხილოთ, უფის ეპარქია ცდილობს ტაძარი იმ ადგილას ააშენოს, სადაც, როგორც ადგილობრივი აქტივისტები ამტკიცებენ, ძველი ბაშკირული სიმაგრეებია. რატომ არ უნდა ეკლესიას, დაუთმოს?

- ეს პრინციული საკითხია. თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინება მაშინათვე უნდა ჩაიხშოს, გაიგეთ? ეკლესიაში პირველად ამას გასწავლიან. სიტუაციას უნდა ფლობდე. ასე ეუბნებოდნენ: მაშინვე უნდა ჩაახშოო. ანუ, როდესაც სამრევლოში მრევლს რაღაც პრეტენზია აქვს, მაშინვე ძალისმიერი, აგრესიული პასუხი უნდა გასცე. რა თქმა უნდა, ვერავის დავარტყამთ, მაგრამ ეს ფსიქოლოგიურად კეთდება.

ავტორიტეტით ზეწოლა, გამოძახება, სხვა ადამიანებისთვის თხოვნა, ზეწოლა მოახდინონ. იმიტომ რომ, თუ მაშინვე არ ჩაახშე, მერე უარესი იქნება. ეს ადამიანი თანამზრახველებს მოძებნის, ისინი შეიკვრებიან და შემდეგ მათ წინააღმდეგ მოგიწევს ბრძოლა. ეს საერთო პროსახელისუფლებო კონცეფციაა. ხელისუფლებაც ასე იქცევა. ნებისმიერი ქმედება მაშინვე და მკაცრად უნდა დაისაჯოს - ეს მათი მსოფლმხედველობაა.

- რელიგია, კონსტიტუციით მაინც, რუსეთის სახელმწიფოსგან განცალკევებულია. მიუხედავად ამისა, მედია წერს, რომ რმე ხელისუფლებასთან მჭიდროდაა შეკრული. ამაზე თქვენც მიუთითებდით. როგორ ფიქრობთ, რუსეთში ხელისუფლება აკონტროლებს ეკლესიას თუ ეკლესიას აქვს გავლენა ხელისუფლებაზე?

- ასე გეტყვით, როდესაც პუტინი ახლად არჩეული პრეზიდენტი იყო, მას ალექსი მეორესთან ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ის საერთოდ საკმაოდ გულისხმიერი ადამინი გახლდათ. მეგობარი, რომელიც მაშინ ლავრაში მსახურობდა, მიყვებოდა, რომ პუტინი თავის გოგონებთან (მაშინ პატარები იყვნენ) ერთად მოდიოდა. იქ მათ სუფრას უშლიდნენ და სამოვარს უდგამდნენ. ლაპარაკობდნენ. და ეს ყველაფერი არ იყო კამერებისთვის, სადემონსტრაციოდ, რომ აი, ჩვენ ეკლესიას ვემეგობრებით. თქვენ ოჯახით ხომ არ ესტუმრებით იმას, ვინც არ მოგწონთ. ასე მეგობრებთან მიდიან.

მაგრამ კირილთან, რამდენადაც ვიცი, მას ფორმალური დამოკიდებულება აქვს. ის აღიარებს, რომ არსებობს რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ქვეყანაში წამყვანი რელიგიაა, რომ ეკლესიამ აირჩია პატრიაქი - კირილი და მას ანგარიში უნდა გაუწიო, რადგან ეკლესიის თავია. მგონია, რომ ისინი ერთმანეთისგან სარგებელს ნახულობენ.

პატრიარქს თავისი მიზნები აქვს, იქ ფულს სთხოვს, რომელიმე ლავრის შესაკეთებლად. პრეზიდენტიც ეკლესიის მეშვეობით ცდილობს, ხალხამდე თავისი შეხედულებები მიიტანოს.

- რუსეთში მალე არჩევნებია, ყოველ შემთხვევაში მას ასე ეწოდება. ემხრობით იმას, რომ ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთხელ იყრის კენჭს?

- სწორად თქვით, არჩევნები ჰქვიაო. მგონია, რომ მოვლენები ასე განვითარდება. კანდიდატებიდან ზოგი არჩევნებამდე ერთი კვირით, ზოგი ოთხი დღით ადრე განაცხადებს, ჩემი აზრით, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ სიტუაციაში შეძლებს რუსეთს წინ გაუძღვეს, ვლადიმირ პუტინიაო. და ის ერთადერთ კანდიდატად დარჩება. მერე იქნება არჩევნები თუ არ იქნება, ესეც საკითხავია. შესაძლოა ფორმალურად ჩაატარონ, როგორც ჩრდილოეთ კორეაში.

ახლა წინასაარჩევნო კამპანიაა - ამას პუტინის ღირებულების ასამაღლებლად გამოიყენებენ. მთავარი ამოცანა ახლა ესაა, რადგან მისი რეპუტაცია ცოტათი შეირყა.

რა თქმა უნდა, ბებიებს სოფლებში ის ისევ ძალიან უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ კვერცხი 200 რუბლი ღირს, მაგრამ მოსახლეობის თვალში მისი ავტორიტეტი, რა თქმა უნდა, მაინც დაზარალდა ომისა და მობილიზაციის გამო. ახლა ეს ავტორიტეტი უნდა გაიმყაროს. არჩევნებსაც ამისთვის გამოიყენებს. ამიტომაც მგონია, რომ ყველა კანდიდატი პუტინის სასარგებლოდ გამოვა.

- თქვენ აკრიტიკებთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხელისუფლების პოლიტიკას. არ გეშინიათ? ჩინის ჩამორთმევას არ ვგულისხმობ, ფიზიკურად რომ გაგისწორდნენ?

- რა თქმა უნდა, მეშინია, რომ შესაძლოა ძალისმიერი ზეწოლაც იყოს. ღამეები არ მძინავს, მადა დავკარგე, მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია.

უკვე ბევრი რამ ვნახე ეკლესიაში. მგონია, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, ეს ორგანიზაცია რას წარმოადგენს, საით წაიყვანს ადამიანს, თუ ის მისი წესებით იცხოვრებს - რომ მისი სულისთვის იქ არაფერი კარგი არ იქნება.

XS
SM
MD
LG