Accessibility links

რუსეთი: ბიტკოინების ფაბრიკის გამო ვალებში აღმოჩენილი მოსახლეობა


კვირაში სამჯერ მოსკოვის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში მოსახლეებს საველე სამზარეულოში, შენობის წინ უწევთ საჭმლის მომზადება. ამის მიზეზი ისაა, რომ შუადღით ოთხი საათის განმავლობაში წყდება ელექტროდენით მომარაგება.

მაცივრებში ყინული დნება, საკვები ფუჭდება, ლიფტები ჩერდება, წყდება ცხელი წყლის მიწოდება.

ელექტროენერგიის ადგილობრივი მიმწოდებელი, „მოსენერგოსბიტი“ აცხადებს, რომ ბალაშიხაში, „ედელვაის კომფორტის“ დასახლებაში მცხოვრებთ 35 მილიონი რუბლის დავალიანება დაუგროვდათ.

მაგრამ რეალური ვითარება ასე მარტივად არ გამოიყურება.

გზა, რომლის ქვეშაც აღმოაჩინეს კრიპტოფერმა.
გზა, რომლის ქვეშაც აღმოაჩინეს კრიპტოფერმა.

ნოემბერში დასახლების მცხოვრებლებმა შენობების წინ გამავალი გზის ქვეშ მდებარე პარკინგში აღმოაჩინეს უზარმაზარი ბიტკოინების ფერმა. რიგებად ჩალაგებული მოზუზუნე კომპიუტერები, რომლებიც უზარმაზარი მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, კრიპტოგრაფიულ ამოცანებს ხსნიდნენ და ძვირად ღირებულ ციფრულ ვალუტას გამოიმუშავებდნენ.

როცა კომპლექსის მცხოვრებლებმა პოლიციას წარუდგინეს ფოტოგრაფიული მტკიცებულება, რომ საქმე ჰქონდათ „მაინინგთან“, ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავებასთან, სამართალდამცველებმა ობიექტში ჩაატარეს რეიდი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. ფედერალურმა ტელეარხებმა ბრალი დასდეს კონსტანტინ ზოლოტუხინს, ბიზნესმენს, რომლის სამშენებლო კომპანიამ ააგო „ედელვაის კომფორტი“, და რომელმაც მოგვიანებით თავი გამოაცხადა ამ საცხოვრებელი კომპლექსის ბინათმფლობელთა კავშირის თავმჯდომარედ.

კრიპტოფერმის აღჭურვილობა
კრიპტოფერმის აღჭურვილობა

ზოლოტუხინი, მას მერე, რაც 2000-იანი წლების შუაში წარმოუდგენელი სიმაღლეებიდან ჩამოვარდა, კვლავ ფეხზე წამოდგა. 2005 წელს ის კრემლში გამართულ ცერემონიაზე წლის ადამიანად დაასახელეს ბიზნესში მიღწევებისთვის. შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში აღმოჩნდა თაღლითობასთან დაკავშირებული ფართოდ გახმაურებული გამოძიების ფარგლებში.

ზოლოტუხინი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები ნაწილი იყო სამშენებლო ბიზნესში მისი კონკურენტების მიერ წარმოებული კამპანიისა. 2019 წლის მარტში ის თავს იწონებდა, რომ მის სახელთანაა დაკავშირებული 40 სხვადასხვა სამშენებლო კომპანია. რაც შეეხება „ედელვაის კომფორტის“ მოსახლეთა დავალიანებას, მისი თქმით, ეს თავად მათი ბრალია. კომუნალური გადასახადების გადახდა არ სურთო, ამბობს ის.

კონსტანტინ ზოლოტუხინი. კადრი სატელევიზიო სიუჟეტიდან.
კონსტანტინ ზოლოტუხინი. კადრი სატელევიზიო სიუჟეტიდან.

ჯერჯერობით საქმე ისე გამოიყურება, რომ „ედელვაის კომფორტის“ ვალებთან დაკავშირებულმა დავამ მას ბევრი ვერ დააკლო. მხოლოდ 21 მისს, პარკინგის ტერიტორიაზე ჩატარებული და ტელევიზიით გაშუქებული რეიდიდან ექვსი თვის შემდეგ, გამოაცხადა ხელისუფლებამ საცხოვრებელი კომპლექსის კომუნალური გადასახადების თაობაზე გამოძიების დაწყების თაობაზე.

ამასობაში მოსახლეები აცხადებენ, რომ გაყინეს ბინათმფლობელთა ასოციაციასთან დაკავშირებული საბანკო ანგარიშები. ერთ-ერთი მოსახლის, ანტონ ჟურავკინის თქმით, ფული, რომელსაც ისინი კომუნალური გადასახადებისთვის იხდიან, გამოიყენება ელექტროდენის მიმწოდებლის მიმართ დავალიანების დასაფარად, რომელმაც სასამართლოში მოიგო საქმე. ფული არ აღწევს იმ კომპანიებამდე, რომლებიც წყალმომარაგებისა და ნაგვის გატანის სერვისს სთავაზობენ საცხოვრებელ კომპლექსს. ამიტომ დავალიანება სულ უფრო მეტად იზრდება.

„ვიხდით სინათლის, წყლის, ლიფტის მომსახურების გადასახადს, მაგრამ არცერთი ამ სერვისით სარგებლობა არ შეგვიძლია“, ამბობს „ედელვაის კომფორტში“ მცხოვრები ირაკლი ფაჩულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG