Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იწყებს და არ ამთავრებს


რუსეთისა და ბელორუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები. 2022 წლის 9 თებერვალი
რუსეთისა და ბელორუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები. 2022 წლის 9 თებერვალი

10 თებერვალს ბელარუსის ტერიტორიაზე სტარტი აიღო რუსეთ-ბელარუსის სამხედრო ძალების ერთობლივმა წვრთნამ „საკავშირო სიმტკიცე 2022“, რომელიც მაქსიმალურად გასაიდუმლოებულ ვითარებაში 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

წვრთნის ნამდვილი ჩანაფიქრის გარდა, ბუნდოვანია ისიც, თუ როდის დატოვებენ რუსეთიდან გადასროლილი სამხედრო ძალები ბელარუსს და ხომ არ არის ერთობლივი წვრთნა ერთგვარი სარჩული რუსეთის სამხედრო ყოფნის დაკანონებისა ევროპასთან საერთო საზღვრის მქონე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ოფიციალურად, ალიაქსანდრ ლუკაშენკა და კრემლი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის პირით, შეეცადნენ საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას, რომ წვრთნის დასრულების შემდეგ რუსეთის სამხედრო დანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან.

მაგრამ დამოუკიდებელ ექსპერტებს ამ განცხადებებში ეჭვის შეტანის საფუძველი თავად რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გაუჩინა. გასულ კვირაში სამხედრო სწავლების პირველი, მოსამზადებელი ფაზის გასაცნობად ბელარუსში ჩასულმა შოიგუმ განაცხადა, რომ წელს დაგეგმილია რუსეთ-ბელარუსის 20 ერთობლივი სამხედრო ღონისძიება.

ვალერი კარბალევიჩი
ვალერი კარბალევიჩი

„ამგვარად, ეს („საკავშირო სიმტკიცე 2022“), არ არის ბოლო ვარჯიში, ისინი შემდეგშიც იქნება, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბის. ანუ, რუსეთის სამხედრო ყოფნა ბელარუსში იზრდება და მუდმივი ხდება. ზოგიერთი სამხედრო ძალა გადის, ახლები შემოდიან და ასე გრძელდება დაუსრულებლად“, - ამბობს ვალერი კარბალევიჩი, რადიო თავისუფლების პოლიტიკური მიმომხილველი.

რა არის ცნობილი „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ის შესახებ

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნის თაობაზე საუბრის დროს, მთავარი ყურადღება მახვილდება თავად მანევრების მასშტაბურობასა და მის საიდუმლო ხასიათზე.

საერთო შეფასებით, მანამდე რუსეთსა და ბელარუსს არ ჩაუტარებიათ ასეთი მასშტაბის სამხედრო მანევრები ბელარუსის ტერიტორიაზე.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, რუსეთმა 300 ტანკი, საჰაერო თავდაცვის ანტისარაკეტო კომპლექსები და ავიაგამანადგურებელი ავიაციის ესკადრონი გადაისროლა.

„საკავშირო სიმტკიცე -2022“ წვრთნის ჩატარების გეოგრაფიული მოცულობითაც გამოირჩევა. თუ წინა ერთობლივი მანევრები ძირითადად ბრესტისა და გროდნოს ოლქებში ტარდებოდა, ამჟამინდელი წვრთნები ბელარუსის უმრავლეს რეგიონს მოიცავს. სამხედრო წვრთნების მეორე ეტაპი, რომელიც 20 თებერვლამდე უნდა გაგრძელდეს, ბელარუსის ხუთ პოლიგონზე მიმდინარეობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ღონისძიების გასაიდუმლოებულობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბელარუსი და რუსეთი გულმოდგინედ ასაიდუმლოებენ წვრთნის ლამის ყველა გარემოებას.

კერძოდ, გამოცანას წარმოადგენს სამხედრო მანევრებში მონაწილე რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობა. ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ის იყო აღნიშნული, რომ წვრთნა არ გასცდება 2011 წლის ვენის შეთანხმებით დადგენილ ფარგლებს, ანუ 13 ათას კაცს.

მაგრამ სხვადასხვა, მათ შორის დასავლეთის დაზვერვის სამსახურებთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, რუსეთმა ბელარუსში გაგზავნა 30 ათასამდე სამხედრო.

3 თებერვალს იგივე რიცხვი დაასახელა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც ბელარუსის ტერიტორიაზე მანევრებს უწოდა ცივი ომის შემდეგ რუსეთის მიერ ძალთა ყველაზე დიდი გაშლა და გაიმეორა, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია.

„ბოლო დღეებში ჩვენ მოწმენი გავხდით რუსეთის მნიშვნელოვანი ძალების გადაადგილებისა ბელარუსში. ცივი ომის შემდეგ ეს არის რუსეთის ძალების უდიდესი გაშლა (ბელარუსში). მოსალოდნელია, რომ ეს იქნება 30 ათასი რუსი მებრძოლი, სპეცდანიშნულების ძალების დანაყოფი, სპეცრაზმი. მათ შორის, СУ-35 ტიპის გამანადგურებელი, ორმაგი დანიშნულების „ისკანდერის“ რაკეტა და საჰაერო თავდაცვის სისტემა С400. ასე რომ, ჩვენ ვლაპარაკობთ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობების ფართო სპექტრზე, რასაც ემატება რუსეთის ბირთვული ძალების ყოველწლიური მეცადინეობა, რომელიც ამ თვეში გაიმართება“, - განაცხადა 3 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დასავლეთისთვის რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი მანევრების კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია რუსეთის შთამბეჭდავი სამხედრო ძალის კონცენტრაცია ბელარუს-უკრაინის საზღვრის მახლობლად. „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ში მიზიდული სამხედრო ძალები საწვრთნელ ამოცანებს ჩაატარებენ ლელჩიცკის, იელსკის, ნაროულიას და, შესაძლოა, გომელის ოლქის, ლოესკის რაიონში. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე თავის ტერიტორიაზე გასული წლის შემოდგომიდან მოუყარა თავი 100 000-ზე მეტ ჯარისკაცს, პარალელურად ასეთი მასშტაბური და თანაც გასაიდუმლოებული წვრთნების დაწყება უკრაინის მოსაზღვრე ბელარუსის ლამის მთელ ტერიტორიაზე საკმაოდ ავბედითად გამოიყურება.

იური დრაკახრუსტი
იური დრაკახრუსტი

„სწავლება, ეს არის, ჩემი აზრით, პუტინის პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შენარჩუნებას დასავლეთსა და უკრაინასთან. ეს არ ნიშნავს აუცილებლად ომის პროლოგს, რადგან ომი ძალიან სახიფათოა და მას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. ხოლო დაძაბულობის შენარჩუნება პუტინს, სავარაუდოდ, უფრო მეტად ეფექტიან ტაქტიკადაც კი შეიძლება მიაჩნდეს. როგორც ამ შემთხვევაში, იგი ქმნის გაურკვევლობას. ვიცით, რომ რუსეთის ჯარები მოდიან [ბელარუსში], მაგრამ არ ვიცით, ისინი უკრაინას შეუტევენ თუ არა. თუ დარჩებიან აქ და გამოყენებული იქნებიან სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი, იური დრაკახრუსტი.

„არავითარი ცხელი ომი არ იქნება“

გავა თუ დარჩება რუსეთის ჯარი ბელარუსის ტერიტორიაზე, ეს „საკავშირო სიმტკიცე 2022“-თან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი კითხვაა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ვარაუდით კვლავაც მაღალია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესიის განმეორების საფრთხე.

მაგრამ ერთი რამ ცხადია, სამხედრო წვრთნაში ჩაბმული თანამედროვე სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობა ნამდვილად ბელარუსში დაიდებს ბინას.

„ჩვენ დიდი რაოდენობით ტექნიკა გადმოვისროლეთ რუსეთიდან ბელარუსში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვგეგმავთ თქვენგან პრაქტიკულად მთელი ამ ტექნიკის შეძენას... ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი საკავშირო სახელმწიფოსათვის დღეს, იმის გამო, თუ როგორ იქცევიან ნატო და უკრაინა, რომელიც ალიანსისკენ ისწრაფვის“, - ასე მიმართა ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, 3 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ბელარუსში ჩავიდა და ერთობლივი მანევრების საბოლოო ფაზის დაწყებამდე იქ დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნას გაეცნო.

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამჟამად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 110 ათასამდე ჯარისკაცია თავმოყრილი და მომავალი თვის შუა რიცხვებისთვის მათი რიცხვი 150 ათასამდე გაიზრდება, რაც საკმარისი იქნება სრულმასშტაბიანი ინტერვენციისთვის.

რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციას უკრაინის გარშემო „ევროპის უსაფრთხოებისთვის სახიფათო მომენტი“ უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ბორის ჯონსონი (მარცხნივ) და იენს სტოლტენბერგი
ბორის ჯონსონი (მარცხნივ) და იენს სტოლტენბერგი

„რუსეთის ჯარების რაოდენობა იზრდება. შესაძლო იერიშის თაობაზე გაფრთხილების დრო მცირდება... ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, მაგრამ ყველაზე უარესისთვის უნდა ვიყოთ მზად და, ამავე დროს, ძალზე უნდა ვეცადოთ პოლიტიკური გზით პრობლემის გადაჭრას“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა 10 თებერვალს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაგალითისთვის, ვაშინგტონსა და ბელარუსის მეზობელ ლიეტუვაში უკვე გამოითქვა შეშფოთება, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა შესაძლოა მოხდეს სწორედ ბელარუსიდან, სადაც ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა რუსეთის ლიდერის დახმარებით ინარჩუნებს ძალაუფლებას 27 წლის განმავლობაში.

დასავლეთის შეშფოთების პასუხად, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 10 თებერვალს განაცხადა, არავითარი „ცხელი ომი“ არ იქნება, თუ უკრაინაში მავანი „ნაციკები“ პროვოკაციას არ მოაწყობენო, - მოჰყავს ლუკაშენკას სიტყვები სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“.

ანუ ლუკაშენკამ გაიმეორა ის, რასაც უკრაინის წინააღმდეგ მთელი ჰიბრიდული ომის განმავლობაში ამტკიცებს რუსეთის პროპაგანდა, რომ ესკალაციას დონბასში სწორედ უკრაინა გეგმავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „ადეკვატური პასუხით“ დაემუქრა უკრაინას დონბასში „შესაძლო პროვოკაციების“ შემთხვევაში. ამასთან, რუსმა მინისტრმა უკრაინის „ხელისუფლების მილიტარისტული განწყობების მხარდაჭერაში“ დასავლეთი დაადანაშაულა და მისგან, ულტიმატუმის ფორმით, დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.

„რა, ნატოს ბლოკს ვეომოთ?“

17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა შეთანხმებების პროექტები, რომელშიც მოსკოვი აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებასა და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული ნატოს ინფრასტრუქტურა უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას.

იანვრის დამდეგს ევროპაში მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა აშშ-ის, ნატოსა და ეუთოს წარმომადგენლებთან, მაგრამ ისინი უშედეგოდ დასრულდა. ამასთან დაკავშირებით მოსკოვმა თავის წინადადებებზე წერილობითი პასუხი მოითხოვა.

კრემლის მოთხოვნის პასუხად, რომ ალიანსმა უარი თქვას ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაზე აღმოსავლეთ ევროპაში (მათ შორის, უკრაინაში), ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ბრიუსელმა მოსკოვს მოუწოდა, „გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან“.

აშშ-სა და ნატოს არ სურთ კონფრონტაცია და მზად არიან განიხილონ რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტი, მაგრამ არ წავლენ კომპრომისზე მათთვის პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა: ნატოს გაფართოებაზე უარის თქმა და მოთხოვნა, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლამდე არსებულ საზღვრებს, - ამის შესახებ საუბარია ესპანურ გამოცემა „ელ-პაისის“ მიერ გამოქვეყნებულ კონფიდენციალურ დოკუმენტაციაში, რომელიც წარმოადგენს აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურ პოზიციას რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე.

გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი აშშ-ისა და ნატოს პასუხზე უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.

„ამბობენ, რომ უკრაინა ნატოში უნდა მიიღონ. უკრაინის დოქტრინულ დოკუმენტებში წერია, რომ მათ სურთ ყირიმი სამხედრო გზით დაიბრუნონ. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა, ნატოს წევრი, იწყებს ოპერაციას ყირიმში (დონბასზე არ ვლაპარაკობ). ეს სუვერენული რუსეთია. რა, ნატოს ბლოკს ვეომოთ? ვინმემ იფიქრა ამაზე? როგორც ჩანს, არა“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა კრემლში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამჟამად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 110 ათასამდე ჯარისკაცია თავმოყრილი და მომავალი თვის შუა რიცხვებისთვის მათი რიცხვი 150 ათასამდე გაიზრდება, რაც საკმარისი იქნება სრულმასშტაბიანი ინტერვენციისთვის. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გადაადგილება და ბელარუსში ერთობლივი წვრთნა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

მაგრამ დასავლეთთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, შეშფოთება იზრდება თავად რუსეთის შიგნით.

თებერვლის დასაწყისში რუსეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობაში „ომის პარტიის“ წინააღმდეგ.

„რუსეთის მოქალაქეები, ფაქტობრივად, ხდებიან მძევლები დამნაშავეობრივი ავანტიურისა, როგორადაც ყალიბდება რუსეთის საგარეო-პოლიტიკური მიმართულება. ისინი არა მხოლოდ გაურკვევლობაში ცხოვრობენ - დაიწყება თუ არა დიდი ომი, - არამედ შეინიშნება ფასების მკვეთრი ზრდა და ეროვნული ვალუტის ვარდნა“, - ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტის ავტორები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ხელისუფლების შიგნით ჩამოყალიბდა „ომის პარტია“, რომელსაც სურს საზოგადოებას თავს მოახვიოს „დასავლეთთან წმინდა ომის იდეა“.

უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე რუსეთის ხელისუფლება 10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააფრთხილა.

ლიზ ტრასი და სერგეი ლავროვი
ლიზ ტრასი და სერგეი ლავროვი

„არსებითად უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები მოჰყვება როგორც უკრაინელი და რუსი ხალხებისთვის, ისე ევროპული უსაფრთხოებისათვის და ევროკავშირმა ნატოსთან ერთად განაცხადა, რომ უკრაინის ინტერვენციას მოჰყვება სერიოზული შედეგები და რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოსკოვში 10 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარმა იმდენად გააღიზიანა სერგეი ლავროვი, რომ რუსეთის პირველი დიპლომატი არადიპლომატიურ გამოთქმასაც არ მოერიდა და ლიზ ტრასთან მოლაპარაკება „მუნჯისა და ყრუს ლაპარაკს“შეადარა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG