Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს „წესი აუგეს“ - მოსკოვი ნავალნის გამოეთხოვა


რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 1 მარტს მოსკოვში დაასაფლავეს.
რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 1 მარტს მოსკოვში დაასაფლავეს.

ტოტალური დაშინებისა და მასობრივი რეპრესიების მიუხედავად, ალექსეი ნავალნისთან დამშვიდობება ათასობით რუსმა გაბედა.

პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე, ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, ნავალნისთან დასამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა.

სასაფლაოსკენ მიმავალი ხალხი სკანდირებდა: „რუსეთი პუტინის გარეშე“, „არა ომს“ და „რუსეთი თავისუფალი იქნება“.

არადა, რუსეთში ამ სიტყვების საჯაროდ წარმოთქმა, როგორც წესი, პატიმრობით სრულდება ხოლმე.

იქამდე, ტაძართან, სადაც პოლიტიკოსს წესს უგებდნენ, ადამიანების კილომეტრიანი რიგი იდგა.

„ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რუსეთს უგებენ წესს“, - დააწერა ჟურნალისტმა ანდრეი ლოშაკმა ეკლესიაში გადაღებულ ფოტოს.

გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, ნავალნის წესი „ძალიან სწრაფად“ (20 წუთზე ნაკლებ დროში) აუგეს და ტაძარში შესვლის ნება მაქსიმუმ სამას ადამიანს დართეს.

რუსი რელიგიათმცოდნე სერგეი ჩაპნინის ინფორმაციით, რუსეთის საპატრიარქომ ეკლესიას „უბრძანა“, წესის აგება „მაქსიმალურად“ შეემოკლებინა.

კრემლი დაკრძალვის წინააღმდეგ

კრემლი ნავალნის დაკრძალვისთვის საგულდაგულოდ მოემზადა.

დილიდან, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „არაფერი აქვს სათქმელი“ ნავალნის ახლობლებისთვის.

მან ასევე გააფრთხილა რუსები, რომ „არასანქცირებული აქციების“ მოწყობისთვის, „კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს“.

ეკლესიასთან მრავლად იყო პოლიციის მანქანები. მათ შორის, ე.წ. ავტოზაკებიც, ანუ მანქანები, რომლითაც აქციებზე დაკავებულები პოლიციის განყოფილებებში გადაჰყავთ.

გამოცემა „მედიაზონა“ წერდა, რომ ტაძრისა და სასაფლაოს მიდამოებში პოლიცია გამვლელებს საბუთებს დილიდანვე უმოწმებდა.

პოლიცია აჩერებდა სასაფლაოზე მისულ ადამიანებსაც და მისვლის მიზეზს ეკითხებოდა, წერდა ერთი ოპოზიციური ტელეგრამარხი.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური ინტერნეტიც შეფერხებით მუშაობდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნეტის დაცვის საზოგადოების“ დირექტორმა, მიხაილ კლიმარიოვმა დაწერა, რომ ხელისუფლებამ განგებ შეანელა მობილური კავშირი.

ამის გამო, ფოტო-ვიდეომასალა დასაფლავებიდან დაგვიანებით ვრცელდებოდა.

ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებულმა „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ მაინც შეძლო საკუთარ იუტუბარხზე პირდაპირი ეთერის გაშვება.

„ალექსეის იდეები ძალიან მარტივი იყო. ამბობდა… რომ აღარ გვჭირდება ეს იმპერიული სირობები… სჯეროდა, რომ შეიძლება ავაშენოთ რუსეთი ისეთ პრინციპებზე, რა პრინციპებზეც ცივილიზებული დასავლური საზოგადოებები დგას“, - თქვა ეთერის დროს მისმა თანაგუნდელმა, ლეონიდ ვოლკოვმა.

გლოვის დღე

პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე და „სინდისის პატიმრად“ აღიარებული ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირის კოლონიაში გარდაიცვალა.

ოფიციალური მიზეზი უცნობია.

ოჯახს და ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნის სეირნობის მერე მოულოდნელად გული გაუჩერდა.

კრემლის მოწინააღმდეგეებისთვის ცალსახაა, რომ ნავალნი ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებამ მოკლა. ან კოლონიაში არსებულმა არაადამიანურმა პირობებმა შეიწირა, ან რუსეთის პრეზიდენტმა მთავარი ოპონენტის მოკვლა უკვე მეორედ სცადა და ამჯერად წარმატებულად.

ცხედარი ნავალნის დედას 8 დღის დაგვიანებით გადასცეს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს მისი მკვლელობის შესახებ.

24 თებერვალს ნავალნის დედა ამბობდა, რომ მას ულტიმატუმი წაუყენეს - ან შვილს საიდუმლოდ დაასაფლავებდა, ან მას პირდაპირ კოლონიაში დაკრძალავდნენ.

მომდევნო დღეებში ნავალნის თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ვერცერთი კატაფალკი ვერ დაითანხმეს იმაზე, რომ ცხედარი ეკლესიაში გადაესვენებინათ. ნავალნისთან დასამშვიდობებლად არც დარბაზი მიაქირავათ ვინმემ.

1 მარტსაც ცხედარი მორგმა ოჯახს მხოლოდ მაშინ გადასცა, როცა წესის აგებამდე საათზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ოვედე ინფოს“ ცნობით, ნავალნის სამგლოვიარო აქციებზე ასეულობით ადამიანი დააკავეს მთელი რუსეთის მასშტაბით.

ამდენი დაშინების მიუხედავად, ნავალნისთან გამომშვიდობება 1 მარტს მაინც ათასობით ადამიანმა გაბედა.

ამიტომ, იმ გლოვისა და უიმედობის მიუხედავად, რომელიც დღეს ვლადიმირ პუტინისა და მისი ომის მოწინააღმდეგეებს დაეუფლათ, ზოგი რუსი მაინც ცდილობს ოპტიმისტური სიტყვების პოვნას.

„დღეს გლოვის დღეა. მაგრამ თან იმას ვხედავთ, როგორი მასობრივია ეს გლოვა, ანუ რამდენ ხალხს უნდა რუსეთში ცვლილებები“, - უთხრა ტელეკომპანია „დოჟდს“ ჟურნალისტმა ვიქტორ შენდეროვიჩმა.

ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო. მის მიერ შექმნილი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წლების მანძილზე ამხელდა ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის კორუფციულ გარიგებებს. ნავალნის იუტუბარხსა და ჟურნალისტურ გამოძიებებს მილიონობით ადამიანი უყურებდა.
2021 წელს, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ, ნავალნი საკუთარი ნებით დაბრუნდა რუსეთში, იმისდა მიუხედავად, რომ იქ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ელოდა. საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ის სინდისის პატიმრად აღიარა.
ნავალნის დარჩა ცოლი და ორი შვილი. მისმა ცოლმა, იულია ნავალნაიამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.
XS
SM
MD
LG