Accessibility links

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წარმოებას ზღუდავს და თანამშრომლებს შვებულებაში უშვებს


რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ორი ღუმელიდან ერთ-ერთს აჩერებს იმის გამო, რომ სამშენებლო არმატურის ადგილობრივ ბაზარზე საწარმოსთვის არაკონკურენტული გარემოა.

„შეიძლება სულ გავჩერდეთ, თუ ხელისუფლებამ არ მიიღო ანტიდემპინგური კანონი“, უთხრა რადიო თავისუფლებას მეტალურგიული ქარხნის კომერციულმა დირექტორმა ირაკლი აბაზაძემ.

ირანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცოცხალი დოლარი, ამიტომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქციის გაყიდვა ნებისმიერ შემთხვევაში მათთვის მომგებიანია...
დავით ებრალიძე

მისივე განმარტებით, ძირითად პრობლემას ქმნის ირანიდან დემპინგურ ფასში დიდი რაოდენობით სამშენებლო არმატურის იმპორტი.

„ირანული პროდუქციის ფასი საქართველოს ბაზარზე, ჩვენ მიერ წარმოებულ არმატურასთან შედარებით, 5-10 დოლარით იაფია, თუმცა ირანელებს არმატურის ფასის დაგდების დიდი პოტენციალი აქვთ“, დასძინა ირაკლი აბაზაძემ.

თავის მხრივ, მეტალურგიული ქარხნის იურისტმა დავით ებრალიძემ განაცხადა, რომ ირანული არმატურის დემპინგური ფასები გამოწვეულია არა მისი დაბალი თვითღირებულებით, არამედ იმით, რომ ირანს დაუწესეს სანქციები -არც ერთი ქვეყანა აღარ იღებს მის პროდუქტს, საქართველოს გარდა.

„ირანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცოცხალი დოლარი, ამიტომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქციის გაყიდვა ნებისმიერ შემთხვევაში მათთვის მომგებიანია. ეს არ არის ჯანსაღი თამაშის წესები“, თქვა დავით ებრალიძემ, რომელმაც დასძინა, რომ, ანტიდემპინგური კანონის გარდა, მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლის გამკაცრება.

ჯართზე მომუშავე ფოლადსადნობი ღუმელი, რომლის გაჩერებასაც მეტალურგიულ ქარხანაში აპირებენ, წელიწადში 70 ათას ტონა ფოლადს ადნობს. მისგან წელიწადში 6 ათას ტონა ყველანაირი პროფილის სამშენებლო არმატურას აწარმოებენ.

მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე
მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე

უშუალოდ ღუმელს 5-6 მეფოლადე ამუშავებს, თუმცა დნობის შემდგომ სრულ საწარმოო პროცესში, დაახლოებით, 400-მდე ადამიანია ჩართული. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებს ნავთობისა და გაზის მილებს, რომელთაც ექსპორტზე - მათ შორის აშშ-ში - გზავნის.
რადიო თავისუფლებას ქარხნის მუშებმა უთხრეს, რომ ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო თანამშრომლების ანაზღაურებად შვებულებაში გაშვება, მათ შორის იმათი, ვისაც დასვენება 4-5 თვის შემდეგ უწევს. ღუმელის გაჩერების შემთხვევაში მოსალოდნელია სხვა თანამშრომლების იძულებით უფასო შვებულებაში გაშვებაც.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი ვითარების გამო, 7 დეკემბერს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც ანტიდემპინგურ რეგულაციებზე იმსჯელეს.

ქარხანა გადავსებულია არარეალიზებული პროდუქციით, ჩვენ წარმოების განახევრება მოგვიწევს.
ირაკლი აბაზაძე

ანტიდემპინგური კანონპროექტი ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროშია გაჩერებული. პარლამენტი სწორედ ამ უწყების პასუხს ელოდება. კანონპროექტი იმპორტიორ კომპანიებს უკრძალავს პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესებას, რადგანაც, კანონპროექტის ავტორთა აზრით, დემპინგური ფასები ადგილობრივ კომპანიებს აკოტრებს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, რომელსაც მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, კომიტეტის თავმჯდომარე რომან რურუამ განაცხადა, რომ ანტიდემპინგური კანონპროექტის პარლამენტში შემოტანას ეკონომიკის სამინისტროსგან 15 იანვრისთვის ელოდებიან.

მან ჰკითხა ქარხნის წარმომადგენლებს, საპარლამენტო განხილვებამდე შეძლებდა თუ არა საწარმო ძველ რეჟიმში მუშაობას, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.

რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია ადგილობრივი წარმოების განვითარება, მაგრამ გასათვალისწინებელია იმპორტიორთა წუხილიც. ამიტომ მცირე ხნით გადაიწია ანტიდემპინგიური კანონმდებლობის მიღებამ...
მიხეილ დუნდუა

„ქარხანა გადავსებულია არარეალიზებული პროდუქციით, ჩვენ წარმოების განახევრება მოგვიწევს“, უპასუხა ქარხნის კომერციულმა დირექტორმა ირაკლი აბაზაძემ.

მან კომიტეტის წევრებს მოუწოდა ანტიდემპინგური კანონპროექტი დეკემბერშივე განიხილონ და მიიღონ, რაზეც ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებთან იმსჯელეს.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდა ფინასთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუაც, რომელმაც თქვა, რომ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ირანის მიმართულებით ოპერირებენ, მნიშვნელოვანია წლის დასრულება, რათა რეგულაციის გამკაცრებამ კომპანიების ფინანსური დანაკარგები არ გამოიწვიოს.

„რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია ადგილობრივი წარმოების განვითარება, მაგრამ გასათვალისწინებელია იმპორტიორთა წუხილიც. ამიტომ მცირე ხნით გადაიწია ანტიდემპინგიური კანონმდებლობის მიღებამ და არმატურის ხარისხთან დაკავშირებით რეგულაციებმა“, თქვა მიხეილ დუნდუამ. მან კომიტეტის წევრებს შეახსენა, რომ ხარისხის კონტროლის ამაღლების თაობაზე მთავრობას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, თუმცა მისი ამოქმედება მცირე ხნით გადავადდა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზევე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ კომიტეტი და მისი თავმჯდომარე რომან რურუა მეტალურგიული ქარხნისა და მისი მფლობელების ლობირებაში დაადანაშაულა, რადგან, მისი თქმით, ანტიდემპინგური კანონის მიღებით ბევრი სხვა საწარმოც ისარგებლებს და „საქართველოში მოკვდება კონკურენცია“. მან განაცხადა ასევე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ირაკლი რუხაძეს ლობირებს, რომელსაც მეტალურგიული ქარხანა ეკუთვნის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ.

რომან გოცირიძის ამ განცხადების პასუხად, კომიტეტის თავმჯდომარე რომან რურუამ თქვა, გასაანალიზებელია რისკები და მოსალოდნელი დადებითი ეფექტი, რომელიც შეიძლება ანტიდემპინგური კანონის მიღებას მოჰყვეს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია, მეტალურგიული ქარხანა არ გაჩერდეს და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობააო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG