Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავის ფოლადი" გაფიცულ მეფოლადეებს ხელფასს გაუზრდის


მეტალურგების გაფიცვა
მეტალურგების გაფიცვა

"რუსთავის ფოლადის" ხელმძღვანელობა ფოლადსადნობი საამქროს გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნას ნაწილობრივ დასთანხმდა და მათ ხელფასებს გაუზრდის.

"რუსთავის ფოლადის" დირექტორის მოადგილემ არჩილ მელიქიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საამქროს თანამშრომლების ხელფასები 15-დან 30 პროცენტამდე გაიზრდება. თანხა არსებული სახელფასო განაკვეთის შესაბამისად მოემატებათ.

„ვისაც ხელლფასი 720 ლარს ქვემოთა აქვს, ემატებათ 30 პროცენტით, ვისაც 720-1000-ლარამდე, - 20 პროცენტით, ვისაც 1000 ლარს ზემოთ, -10 პროცენტით. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რადგან ქარხანა წამგებიანია“, - განაცხადა არჩილ მელიქიძემ.

არჩილ მელიქიძე
არჩილ მელიქიძე

მისივე ინფორმაციით, საამქროს უფროსსა და სხვა ხელმძღვანელებს ხელფასები არ გაეზრდებათ.

არჩილ მელიქიძისავე განცხადებით, გასულ კვირაში სორტული გლინვის საამქროს თანამშრომლებთან მოლაპარაკება შედგა სამუშაო გრაფიკის 12-დან 8-საათამდე შემცირების შესახებ, თუმცა ანაზღაურების გაზრდის გარეშე. ადმინისტრაცია დღესვე ეტაპობრივად სხვა საამქროების თანამშრომლებსაც შეხვდება და თავის პირობებს გააცნობს.

"რუსთავის ფოლადის" დაახლოებით ოთხასამდე თანამშრომელი, მეხუთე დღეა, გაფიცულია. ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

მეფოლადის თანაშემწე ვილენ გელაშვილმა რადიო თავისუფლებას გაფიცულების სახელით უთხრა, რომ მათი კომპრომისული მოთხოვნაა, ფოლადსაამქროს ყველა თანამშრომელს ხელფასი 30 პროცენტით გაეზარდოს.

ვილენ გელაშვილი
ვილენ გელაშვილი

„მათ შორის არ შედიან საამქროს ხელმძღვანელები, რომლებსაც გაფიცულებისთვის სოლიდარობა არ გამოუცხადებიათ “, - თქვა ვილენ გელაშვილმა.

მოთხოვნებს 230 მეტალურგი აწერს ხელს. გაფიცვა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

მეფოლადეები ადმინისტრაციასთან განმეორებით შეხვედრასაც გეგმავენ. სორტული გლინვის საამქროს თანამშრომლებმა, რომლებმაც ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწიეს, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამუშაოს დაუბრუნდებიან, თუმცა მანამდე გაფიცულებთან ერთად დგანან იმის გასარკვევად, თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები ქარხნის ხელმძღვანელობასა და სხვა საამქროს თანამშრომლებს შორის.

მეტალურგებს სოლიდარობა გამოუცხადეს ექვსი დარგის პროფკავშირებმა. ისინი გაფიცულებს შეხვდნენ.

"რუსთავის ფოლადში" 1500-მდე ადამიანია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასი 570 ლარია.

ამჟამად გაჩერებულია ფოლადსადნობი საამქრო. ნაწილობრივ მუშაობს სორტული გლინვის საამქრო. ქარხნის დირექტორის მოადგილის, არჩილ მელიქიძის თქმით, ფოლადსადნობი საამქროს გაჩერებას გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ისედაც აპირებდნენ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG