Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსკი კლუბი“: დიახ, ფონდი „ქართუ“, წლებია, გვეხმარება


"რუსული კლუბი" საქართველოში - ეს არის ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანა საქართველოში რუსული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაა და რომელსაც ფონდი "ქართუ" და პუტინის მიერ შექმნილი ფონდი "რუსული სამყარო" აფინანსებენ. - ამ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელი „აი, ფაქტი“ ავრცელებს.

რუსული კულტურისა და ლიტერატურის პროპაგანდით ნამდვილად ვართ დაკავებული, თუმცა ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია, ჩვენ ასევე ქარული კულტურისა და ლიტერატურის პროპაგანდას ვეწევით...
ნიკოლაი სვენტიცკი

„რუსკი კლუბის“ ვებსაიტზე იძებნება ორი ღონისძიება, რომელიც „ქართუ“ ფონდმა დააფინანსა. ერთია წელს, იანვარში, გრიბოედოვის თეატრში დადგმული საახალწლო სპექტაკლი „ფრთები ნამცეცასთვის“ („«Крылья для Дюймовочки» и специальная подарочная акция в театре им. А. С. Грибоедова), რომელსაც თან საჩუქრების აქცია ახლდა, და მეორე - „საბავშვო წიგნის“ სერიის მორიგი ტომის გამოცემა. ეს რუსული საბავშვო მოთხრობების კრებულია.

ფონდის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალში ვხვდებით მიმდინარე წლის დეკემბერსა და მომავალი წლის იანვარში დაგეგმილ ღონისძიებებსაც.

ფონდი „ქართუ“, წლებია, აფინანსებს „რუსკი კლუბს“, რომელიც 2003 წელს დაფუძნდა და ამას თავად კლუბის პრეზიდენტი ნიკოლაი სვენტიცკიც ადასტურებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, თუმცა ამბობს, რომ „რუსკი კლუბი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაა და პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

„რუსული კულტურისა და ლიტერატურის პროპაგანდით ნამდვილად ვართ დაკავებული, თუმცა ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია, ჩვენ ასევე ქარული კულტურისა და ლიტერატურის პროპაგანდას ვეწევით. დიახ, ფონდი „ქართუ“ ნამდვილად გვეხმარება და ჩვენ ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ . „ქართუს“ მხარდაჭერით 7-ჯერ ჩავატარეთ რუსულ-ქართული პოეზიის დღეები. ჩვენ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, საქართველოს სიყვარულით ვაკეთებთ. „ქართუს“ დაფინანსებას 2003 წლიდან ვიღებთ. „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა რესტავრაცია საბჭოთა კავშირის გმირის, [მელიტონ] ქანთარიას, ძეგლს და, სხვათა შორის, ეს ძეგლი გახსნა და წითელი ლენტი გაჭრა მიხეილ სააკაშვილმა“.

თუ არსებობს შესაბამისი საინფორმაციო უზრუნველყოფა და შესაბამისი საზოგადოებრივი აზრი, ტანკების ამოქოქვა საჭირო აღარ არის ხოლმე. ამდენად, „ქართუს“ მიერ „რუსკი კლუბის“ დაფინანსება, რბილად რომ ვთქვათ, მასზე კარგ შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს...
გიორგი მოლოდინი

ფონდ „ქართუს“ გარდა, „რუსკი კლუბს“, ასევე აფინანსებს ფონდი „რუსკი მირ“ (რუსული სამყარო). რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, განკარგულებით 2007 წლის 21 ივნისს შექმნილი ეს ფონდი, წესდების თანახმად, რუსული ენის პოპულარიზაციას, რუსული ენის შემსწავლელ პროგრამებს აფინანსებს რუსეთის ფედერაციასა და მის საზღვრებს გარეთ. ფონდს რუსეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტრო კურირებს.

ნიკოლაი სვენტიცკი „რუსულ სამყაროსთან“ კავშირზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ ის ყველა ფონდს მიმართავს დაფინასებისთვის, მათ შორის „რუსულ სამყაროსაც“, რომლის დახმარებითაც 4-ჯერ ჩატარდა თბილისში ბარდი შემსრულებლების ფესტივალი. „მოსკოვის მთავრობა გვეხმარებოდა 5 წლის წინ წიგნების სერიის „რუსები საქართველოში“ გამოცემაში. ქუთაისში ჩვენი სპექტაკლი „მაკდონალდსმა“ დააფინანსა და რუსული რბილი ძალაა „მაკდონალდსი“? სპექტაკლ „მაუგლის“ 2 სეანსი უფასოდ ჩავატარეთ ქუთაისში , ესეც რუსული ძალაა?!“.

ამგვარი ფონდების დაფინანსებით აღწევს “რუსული რბილი ძალა” თავის სტრატეგიულ მიზნებს, ამბობს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრ „საქართველოს“ ხელმძღვანელი. გიორგი მოლოდინის სიტყვებით, გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად რუსეთი ცდილობს შექმნას იდეოლოგიური პლაცდარმები, რუსული კულტურისა და ენის პოპულარიზაციით გააღვიძოს პოლიტიკური იდენტობა, რომლისთვისაც „რუსკი“ უფრო ახლობელი იქნება, ვიდრე დასავლელი.

„თუ არსებობს შესაბამისი საინფორმაციო უზრუნველყოფა და შესაბამისი საზოგადოებრივი აზრი, ტანკების ამოქოქვა საჭირო აღარ არის ხოლმე. ამდენად, „ქართუს“ მიერ „რუსკი კლუბის“ დაფინანსება, რბილად რომ ვთქვათ, მასზე კარგ შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს. კლუბის ერთ-ერთი დამფინანსებლის საქმიანობა რუსეთში საქართველოს პოლიტიკის ძირგამომთხრელი საქმიანობაა“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის, განცხადებით, „ქართუ“ „გრიბოედოვის თეატრს“ ისევე აფინანსებს, როგორც სხვა მრავალ სახელმწიფო თეატრს და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

„რუსკი კლუბი“, წესდების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს, ხშირად მიმართავს ფონდ „რუსულ სამყაროს“, რომელსაც, თავის მხრივ ,რუსეთის ფედერაციის საგერო საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს.

2012 წლიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სხვადასხვა მიზნით აფუძნებენ ან მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს უკავშირდება. “აი, ფაქტმა” საჯარო რეესტრიდან მოპოვებული მონაცემები გააანალიზა და საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მიზნით შექმნილი ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა: ფონდების საქმიანობა ძირითადად კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდება.

ქართულ მედიასა და სამოქალაქო სექტორზე რუსული გავლენების შესახებაა საუბარი 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. ანგარიშში ვკითხულობთ, რონ რუსეთის ხელისუფლება მთავარ იარაღად ადგილობრივ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს.

რადიო თავისუფლება, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ვერ დაუკავშირდა „ქართუ“ ფონდის წარმომადგენელს, რათა „რუსკი კლუბის“ დაფინანსების მიზნობრიობის საკითხი გაგვერკვია.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის, განცხადებით, „ქართუ“ „გრიბოედოვის თეატრს“ ისევე აფინანსებს, როგორც სხვა მრავალ სახელმწიფო თეატრს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მართლაც, „რუსკი კლუბი“ გრიბოედოვის თეატრის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა მას “ქართუ” თეატრისგან დამოუკიდებლად აფინანსებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG